საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2026
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №19/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016023 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.05.2025
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება
№19/ნ
2026 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 11 ივნისის №11/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში − დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებაც ვრცელდება სამინისტროზე, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (შემდგომში − სამინისტროს სისტემა).
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრინციპების, ასევე, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციების საფუძველზე.
5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ფუნქციურად დამოუკიდებელია, მათ შორის, შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან − ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
6. დაუშვებელია დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
შიდა აუდიტის მიზანი და ამოცანა არის დაეხმაროს დაწესებულებას მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს სისტემის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. აგრეთვე, დეპარტამენტის მიზანი და ამოცანაა უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დაცვას და დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით განახორციელოს შესაბამისი რეაგირება და ამგვარი გადაცდომების პრევენცია.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები
დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს:
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;
ვ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ზ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
თ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ი) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, ასევე ხარვეზების ანალიზი და პრევენცია;
კ) აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ლ) სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებში კანონიერების დაცვის კონტროლთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
მ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ნ) მინისტრთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;
ო) სხვა საქმიანობების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება/მარწმუნებელი საქმიანობა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის შესაბამისად;
ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა, რაც გულისხმობს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და ემსახურება შესაბამისი დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას;
გ) მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები, მათ შორის, კანონიერების დაცვის კონტროლთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, ამავე მიზნით განახორცილოს სამსახურებრივი შემოწმება და შემოწმების შედეგები წარუდგინოს მინისტრს ან/და სამინისტროს სისტემაში არსებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს;
დ) შემოწმების ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტებისგან მიიღოს უფლებამოსილების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტი და ამავე ფარგლებში, მოითხოვოს დაშვება მონაცემთა ბაზებზე ან/და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია/განმარტება საჯარო მოსამსახურისგან/თანამშრომლისგან;
ე) განახორციელოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების, მონიტორინგისა და ინსპექტირების, ასევე რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;
ზ) მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტის, აგრეთვე შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტის ან/და ექსპერტ(ებ)ის მოწვევა, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს რეკომენდაცია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს და სამინისტროს სისტემაში არსებულ სხვა სუბიექტებს დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ი) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს წინადადება მინისტრს ან/და სამინისტროს სისტემაში არსებულ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს;
კ) შეიმუშავოს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ვალდებულებები
დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;
დ) დადგენილი წესით გასცეს რეკომენდაციები შიდა აუდიტის ობიექტისათვის და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;
ე) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტორულ ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით;
ვ) საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარდგენილი მოსაზრება;
ზ) საბოლოო სახით ჩამოყალიბებული შიდა აუდიტორული ანგარიში, აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, გაუგზავნოს მინისტრს;
თ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტისგან მიღებული, აგრეთვე სამსახურის მიერ მოძიებული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ი) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს;
ლ) შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მინისტრთან შეთანხმებით მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის, სამართალდარღვევის ფაქტის ან/და სამსახურებრივი გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისთვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებასა და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
ე) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ვ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
თ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დეპარტამენტის მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო) შეიმუშავებს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
პ) თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა;
ჟ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოყენებაზე;
რ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე;
ს) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, რა მიზნითაც წარუდგენს შუამდგომლობას მინისტრს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
უ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ფ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ქ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
ღ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის წინადადებით, რისკების შეფასების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე
1. დეპარტამენტის მოსამსახურეები:
ა) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებულ შიდა აუდიტორულ ანგარიშებში ან შესაბამის დასკვნებში, აგრეთვე მონიტორინგისა და ინსპექტირების საფუძველზე შედგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემების სიზუსტეზე, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და წარმოდგენილი სარეკომენდაციო წინადადებების ადეკვატურობაზე;
ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული კონკრეტული შიდა აუდიტორული ანგარიშის მასალების, მონიტორინგისა და ინსპექტირების დანართი მასალების სისრულესა და დაცულობაზე;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის დასრულებისთანავე ახდენენ მოპოვებული მასალების პირველად არქივაციას და მათ შენახვას;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული არიან დაიცვან „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები და საქართველოს კანონმდებლობა.
2. შემოწმების ფარგლებში, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს სათანადო განმარტება ან/და წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის მოსამსახურე ანგარიშვალდებულია შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 10🔗. აცილების საფუძვლები
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების განხორციელების პროცესში, თუ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს − მინისტრი.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი ამ დებულებით მისთვის განსაზღვრულ მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების სამმართველო;
გ) მონიტორინგის სამმართველო.
მუხლი 12🔗. შიდა აუდიტის სამმართველო
შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) სამინისტროს სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
გ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობის, ეკონომიურობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ვ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს სისტემაში ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
თ) სამინისტროს სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ი) შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი;
კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური გეგმისთვის წინადადებების შემუშავება, სამმართველოს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა.
მუხლი 13🔗. შიდა აუდიტის ჩატარების ზოგადი წესი, აუდიტის ანგარიში
1. შიდა აუდიტი ტარდება დამტკიცებული წლიური გეგმისა და/ან მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება აუდიტის ობიექტის დასახელება, აუდიტის საგანი, საფუძველი, პერიოდი, აუდიტის სახე, ჩატარების ვადები და აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობა.
2. აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფი აუდიტს ატარებს ინდივიდუალური გეგმით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი და რომელიც წარედგინება აუდიტის ობიექტს აუდიტის განხორციელებამდე.
3. შიდა აუდიტის ობიექტის საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და შემოწმების ფარგლებში უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
4. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
5. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
7. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სამმართველო ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
8. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით, დეპარტამენტის უფროსის მიერ ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
9. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები შეთანხმებულად.
10. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
11. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
12. დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.
13. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მუხლი 14🔗. შიდა აუდიტის სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგება
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
5. შიდა აუდიტის სამმართველო ამზადებს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, რომლებშიც აისახება:
ა) ინფორმაცია განხორციელებული გეგმური და არაგეგმური შიდა აუდიტის შესახებ;
ბ) სამმართველოს მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
დ) დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) გამოვლენილი დარღვევების, მათი აღმოფხვრის მიზნით გაცემული რეკომენდაციებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას სამმართველოს მოსამსახურეთა საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა;
ზ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
6. დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო კვარტალური ანგარიშები – მინისტრს.
მუხლი 15🔗. ინსპექტირების სამმართველო:
ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლა საჩივარ-განცხადებების საფუძველზე, ამავე მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების წარდგენა;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებებისა და წერილების განხილვა, მათ შორის, კანონიერების დაცვის კონტროლთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, ამავე მიზნით სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება და შემოწმების შედეგების წარდგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია. აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
დ) სათანადო ინფორმაციის/შეტყობინების საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების შესწავლა და წარდგენა;
ე) სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ინსპექტირება;
ვ) სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესებისა და დისციპლინის დაცვის, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
ზ) სამმართველოს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
თ) დეპარტამენტის უფროსის დავალებების და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 16🔗. ინსპექტირების ჩატარების წესი
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველია:
ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის განცხადება ან მოხსენებითი ბარათი;
ბ) მოქალაქის საჩივარი/განცხადება;
გ) საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაცია;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ტელევიზია, ინტერნეტი, პრესა და ა.შ.) გავრცელებული ინფორმაცია;
ე) „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინება;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ინსპექტირების სამმართველო უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლისგან წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) შეუფერხებლად შევიდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში, ობიექტებსა და ქვედანაყოფებში;
გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურისგან/თანამშრომლისგან ან ნებისმიერი სხვა პირისგან მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ.
3. სამსახურებრივი შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით შესაძლებელია მომზადდეს შესაბამისი დასკვნა.
4. სამსახურებრივი შემოწმების შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს დისციპლინური წარმოების დაწყებას.
5. დასკვნაში აისახება მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია, გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების ანალიზი, წინადადებები, რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
6. დეპარტამენტის უფროსის მიერ დასკვნა/ინფორმაცია/მოხსენებითი ბარათი წარედგინება მინისტრს ან/და რეაგირებისთვის ეგზავნება სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ხელმძღვანელს, აგრეთვე შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელს და/ან მის ზემდგომს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. სამინისტროს საჯარო მოსამსახურის მიმართ სამმართველო დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით დადგენილი წესით, ხოლო შემოწმების ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მიმართ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე შემოწმების შედეგები დეპარტამენტის უფროსის მიერ შემდგომი რეაგირებისთვის ეგზავნება სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.
8. სამინისტროს საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოებისას სამმართველო ხელმძღვანელობს „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დისციპლინური საქმისწარმოებისას კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 17🔗. მონიტორინგის სამმართველო
მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის შესაძლო ფაქტების გამოვლენა;
გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
დ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, მინისტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი დასკვნის შედგენა;
ვ) სამმართველოს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
ზ) მონიტორინგის განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამისი ორგანოსთვის გადაგზავნა;
თ) დეპარტამენტის უფროსის დავალებების და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 18🔗. მონიტორინგის განხორციელების წესი
1. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს შემუშავებული გეგმის და/ან დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე. მონიტორინგის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს დეპარტამენტში წერილობით ან სხვა ფორმით შემოსული შეტყობინება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები.
2. მონიტორინგის შედეგებზე შესაძლებელია შედგეს დასკვნა. მასში აისახება მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია, გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების ანალიზი, წინადადებები და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები.