დანართი №4
სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო
პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და
შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები
| სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ნორთვუდის (დიდი ბრიტანეთი)
საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბში |
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი |
5 100 |
შენიშვნა:
1. სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ამ დანართით განსაზღვრული
ყოველთვიური ანაზღაურების ნორმიდან უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევის,
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის, განთავსებისა და შენახვის ხარჯების
დაფინანსებას.
2. სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის
ვალდებულება
სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ვალდებულია ადგილსამყოფელ
სახელმწიფოში უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევა და მათზე მიმაგრებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა. აღნიშნული ხარჯები ანაზღაურდება
სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის მიერ ამ დანართით განსაზღვრული
ყოველთვიური ანაზღაურების ნორმიდან, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის
ვალდებულების გარეშე.
3. განთავსების ხარჯები
ა) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში
განთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ამ დანართით განსაზღვრული ყოველთვიური
ანაზღაურების ნორმიდან, შესაბამისი საბუთის წარმოდგენის ვალდებულების
გარეშე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით
განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის
შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად
ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი
განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო), შესაბამისი
დოკუმენტაციის (ბინის ქირავნობის ხელშეკრულების) წარდგენის საფუძველზე,
ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი
ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ
თანხების გადახდის წინაპირობები;
გ) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერსა და მისი აპარატების
თანამდებობის პირებს, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე
შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო
მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო
გამოწვევის შემთხვევაში, „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი
აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით დამტკიცებული
წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 20 კალენდარული დღის
ვადიდან, კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აუნაზღაურდება
10 კალენდარული დღის ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯები, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
4. შენახვის ხარჯები
სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ოფისის მოწყობისათვის საჭირო
ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის
ხარჯებს ანაზღაურებს ამ დანართით განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურების
ნორმიდან.
5. მოკლევადიანი მივლინება
მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის
ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ
ერთეულს. სასაზღვრო პოლიციის უფროსის შესაბამისი ბრძანების გამოცემის
შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს აუნაზღაურდება
მგზავრობის ხარჯი (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი),
განთავსების ხარჯი და დღიური სარგო. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება
ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის
საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი და დღიური სარგო ანაზღაურდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. მგზავრობის ხარჯი
ა) წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს
(ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი
დოკუმენტაციის შესაბამისად) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს
სასაზღვრო პოლიცია აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან
ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ხოლო სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის
მოთხოვნის საფუძველზე, მათი ოჯახის წევრებს – ასევე წელიწადში ერთხელ,
ნებისმიერ დროს;
ბ) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის მეუღლის (მათ შორის,
განქორწინებული), შვილის, გერის, მშობლის, მშვილებლის, მინდობით
აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის გარდაცვალების
შემთხვევაში, შესაბამის სარიტუალო პროცესებზე დასასწრებად, შესაბამისი
დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო აუნაზღაურებს მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო
ბილეთი ან საწვავის ხარჯი).
7. ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განათლების
ხარჯი
ა) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის
საფუძველზე, აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადრეული და
სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
აღნიშნული ანაზღაურება მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში
რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა (საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო
დაწესებულებამდე და სასწავლო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე) და
სასწავლო დაწესებულებაში კვების საფასურს;
ბ) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის ოჯახის არასრულწლოვანი
წევრების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯები, დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან/და სწავლის
ღირებულების გადახდის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც
წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულების
გადახდის დადგენილი პერიოდულობით, ანაზღაურდება სასწავლო წლის დაწყებიდან
მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგ ფარგლებში: თითოეული არასრულწლოვანი
წევრისთვის თვეში არაუმეტეს 590 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი;
გ) თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული
ხარჯები აღემატება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას,
კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით, ასევე, ანაზღაურდება
განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის
სხვაობის 50%;
დ) არდადეგების პერიოდში (ზამთრის და ზაფხულის) ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებასთან/სკოლასთან დამატებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებას არ
ექვემდებარება;
ე) ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სასაზღვრო
პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამსახურებრივი ოფისი, უფასო ქართულენოვანი
სასწავლო დაწესებულების არსებობის შემთხვევაში, რაც უნდა დადასტურდეს
კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით, როტაციის წესით სამუშაო
მივლინებაში წარგზავნილ პირს არ აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი
წევრების ფასიან ქართულენოვან სასწავლებელში განათლების მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯები;
ვ) ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სასაზღვრო
პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამსახურებრივი ოფისი, სახელმწიფო ენაზე უფასო
სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, მას არ აუნაზღაურდება ოჯახის
არასრულწლოვანი წევრების ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების
მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი;
ზ) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის ოჯახის არასრულწლოვან წევრში
აგრეთვე მოიაზრება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღების
დასრულებამდე – სრულწლოვანი შვილი/გერი, სრულწლოვანების მიღწევიდან
არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.
8. დამატებითი ხარჯი
ა) დასაბუთებული მოთხოვნებისა და კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის
შუამდგომლობით დამატებითი თანხის გამოყოფა ხორციელდება:
ა.ა) საოფისე ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების
შესაძენად ან ჩასანაცვლებლად, ასევე სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერზე
მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საბურავების შესაძენად და იმ
ხარჯების დასაფარად, რომელიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების
ექსპლუატაციასთან;
ა.ბ) საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში დამატებით გაუთვალისწინებელი
ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების
დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის წარდგენით;
გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 850 დიდი ბრიტანეთის გირვანქა
სტერლინგს, ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით
განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის
ოდენობა არ აღემატება 850 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგს – სასაზღვრო
პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის
შესაბამისად;
დ) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამუშაო მივლინების ვადაზე
ადრე შეწყვეტის, სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის ან მათ
მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იმავე ქვეყანაში
მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის დროებით გადაცემული
ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვა-უსაფრთხოების ხარჯების (პარკირება,
დაზღვევა და სხვა შესაბამისი ხარჯები) ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს/საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში, შესაბამისი
დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
9. როტაცია
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას, სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე
ოფიცერს უნაზღაურდება შემდეგი სახის პირველადი მოწყობის ხარჯები:
ა.ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევი ხარჯები (სასტუმრო და სხვა ხარჯები,
არაუმეტეს 15 დღისა) – ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
ა.ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული:
ა.ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომლებიც როტაციის წესით
სამუშაო მივლინების ვადის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში
ანაზღაურდება არაუმეტეს ორჯერ, ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების
დამადასტურებელი ორიგინალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ –
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ
ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენის
შემდეგ, ხოლო ანაზღაურების შემდგომ პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი
ვალდებული არიან, წარადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი
ან საბანკო ამონაწერი);
ა.ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის
თანხა – ანაზღაურდება ხელშეკრულების დამადასტურებელი ორიგინალი საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და
ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, ხოლო
ანაზღაურების შემდგომ პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ვალდებული
არიან, წარადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო
ამონაწერი);
ბ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული
პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი
ხარჯი) ანაზღაურდება სასაზღვრო პოლიციის მიერ წინასწარ, რომლის
ანგარიშგებასაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის პოლიციის ატაშე ან/და
მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს საჭირო შესყიდული საქონლის შეძენის
დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენით;
გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 850 დიდი ბრიტანეთის გირვანქა
სტერლინგს, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები
ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით
განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის
ოდენობა არ აღემატება 850 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგს – სასაზღვრო
პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის
შესაბამისად.
10. მივლინებული სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრისთვის
ასევე მათი ოჯახის თითოეული წევრისთვის მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის
ხარჯის ანაზღაურება
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო
ძალების სარდლობის შტაბში მივლინებულ სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე
ოფიცერს, ასევე მისი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება:
ა) როტაციის წესით, როგორც სამუშაო მივლინების, ასევე სამუშაო
მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან
დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო
მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და
მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის სამგზავრო
ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე
სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის
ხარჯები);
ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ის ოდენობით,
საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის
(ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240
კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო
ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.
11. თანხის დაბრუნება
ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო
ძალების სარდლობის შტაბში როტაციის წესით მივლინებული სასაზღვრო პოლიციის
მეკავშირე ოფიცერი ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში ვალდებულია,
გამოწვევის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 20 სამუშაო
დღის განმავლობაში უზრუნველყოს ზედმეტად ჩარიცხული თანხის (ანაზღაურების
ნორმა) დაბრუნება ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების გამოკლებით. თანხა
დაბრუნებული უნდა იქნეს იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ჩარიცხვა;
ბ) როტაციის წესით მივლინებული სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის
ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან
გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან
შეუსაბამობის გამო), ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების (სამედიცინო
დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა) ვადაზე ადრე
შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხა,
ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის
შემდგომ ანაზღაურდება: 850 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგზე მეტი
ოდენობით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით
განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო 850 დიდი
ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგზე ნაკლები ოდენობით – სასაზღვრო პოლიციის
უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,
ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.
12. წინასწარი ანაზღაურება
ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ხარჯების ანაზღაურება
ხორციელდება წინასწარ, საქართველოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ
საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.
13. ოფიციალურად თარგმნისა და დამოწმების ხარჯების
ანაზღაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ამ დანართით
გათვალისწინებული თარგმნისა და ოფიციალურად დამოწმების ხარჯების
ანაზღაურებას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიცია.