„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 21.07.2025
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №56-126
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016846 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/03/2026
3,812 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2025 მიღება
01.03.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) __________________________ 96% 07.10.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით 96% 11.11.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით                               (ხელმოწერილია) 95% 06.10.2014 „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 94% 26.01.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 23.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,  გამოთქვამენ რა მზადყოფნას, გააძლიერონ თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით, სურთ რა წინამდებარე შეთანხმების საშუალებით და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე შეიმუშაონ სწრაფი და ეფექტური პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და ორგანიზებული, მოწესრიგებული დაბრუნების მიზნით, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოსა ან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, და ხელი შეუწყონ ასეთ პირთა ტრანზიტს თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის, 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის, 1951 წლის 28 ივლისის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციისა და 1967 წლის 31 იანვრის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ოქმის, 1984 წლის 10 დეკემბრის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის, ისევე როგორც ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიზნებისა და პრინციპების მიმართ, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის: (a) „რეადმისია“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ იმ პირების (მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები, მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები), რომლებიც უკანონოდ შევიდნენ, იმყოფებიან ან ცხოვრობენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში, გადაცემასა და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ მათ მიღებას; (b) „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქართველოს მოქალაქეობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; (c)  „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად; (d) „მესამე სახელმწიფოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოსა ან სომხეთის რესპუბლიკის გარდა ფლობს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეობას; (e)  „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც არ ითვლება არცერთი სახელმწიფოს მოქალაქედ მისი კანონმდებლობის მიხედვით; (f)  „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს ანიჭებს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. აღნიშნული არ მოიცავს თავშესაფრის განცხადების ან ბინადრობის ნებართვაზე განცხადების განხილვისას ქვეყნის ტერიტორიაზე პირის დარჩენასთან დაკავშირებით გაცემულ დროებით ნებართვებს; (g) „ვიზა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ გაცემულ პირობით ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად, დასარჩენად ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გასავლელად. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს; (h) „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად; (i)  „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც წარედგინება რეადმისიის განაცხადი წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად ან ტრანზიტთან დაკავშირებული განაცხადი წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად; (j)  „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ვალდებულება; (k) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიიდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით; (l)  „პერსონალური მონაცემი“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ საშუალებას იძლევა დადგინდეს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკურ პირის ვინაობა. მუხლი 2🔗 ძირითადი პრინციპები 1. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ, სახელდობრ, უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე რეადმისირებული პირების უფლებების დაცვა წინამდებარე შეთანხმებისა და იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულებებიდან, რომელთა წევრია ორივე ხელშემკვრელი მხარე. 2. მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს პირის ნებაყოფლობით დაბრუნებას იძულებით დაბრუნებასთან მიმართებით, როდესაც აღნიშნული ეჭვქვეშ არ აყენებს პირის დაბრუნებას მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში. მუხლი 3🔗 ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეთა რეადმისია 1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების თაობაზე დადგენილ მოთხოვნებს იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან თუ შესაძლებელია, რომ წარდგენილი prima facie მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებულად ივარაუდებოდეს, რომ ეს პირები არიან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები. 2.  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას: - წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში დამოუკიდებლად მიღებული ბინადრობის უფლება; -   ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან არიან მოქალაქეობის არმქონე პირები და აქვთ ძალაში მყოფი სამგზავრო დოკუმენტი, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, ან აქვთ საფუძველი მოიპოვონ ასეთი უფლება მოგვიანებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება. 3. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ასევე განახორციელებს იმ პირის რეადმისიას, რომელმაც ამ უკანასკნელის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უარი თქვა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობაზე მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ამ პირებს დაპირდა ნატურალიზაციას. 4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს ოთხმოცდაათ (90) დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში მისაღებად ჩაითვლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ქვეყნიდან გაძევების მიზნით გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენება. 5.  თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში მისაღებად ჩაითვლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ქვეყნიდან გაძევების მიზნით გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენება. 6.  წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით გაცვლიან ქვეყნის დატოვებისთვის საჭირო სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტების ნიმუშებს. მუხლი 4🔗 მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის  არმქონე პირთა რეადმისია 1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო მოთხოვნის წარმდგენი სახელწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ნებისმიერი იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან თუ შესაძლებელია, რომ წარდგენილი prima facie მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებულად ივარაუდებოდეს, რომ ეს პირები: (a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობენ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან (b) მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან ტრანზიტით გავლის შემდგომ უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ: (a) მესამე სახელმწიფოს მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო სატრანზიტო ზონა მოთხოვნის მიმღები სახელწიფოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; (b) მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობდა მოთხოვნის წარმდგენი სახელწიფოს ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებით; (c) მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ ამ უკანასკნელმა მესამე სახელმწიფოს მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირს აქვს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს; (d)   მოთხოვნის მიმღებმა სახელწიფომ მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი მისი წარმომავლობის ქვეყანასა ან მესამე სახელმწიფოში გააძევა. 3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულია თანხმობა, გასცემს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მისი დაბრუნებისათვის. მუხლი 5🔗 პრინციპები 1. გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, წინამდებარე შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემისათვის საჭიროა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის რეადმისიის განაცხადის წარდგენა. 2. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს, რეადმისიის განაცხადის წარდგენა საჭირო არ არის. მუხლი 6🔗 რეადმისიის განაცხადი 1. შესაძლებლობის ფარგლებში რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგალითად, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და, როცა შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილების ან/და მეუღლეების შესახებ; (b) საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება მოქალაქეობის დამადასტურებელ საშუალებებზე ან prima facie მტკიცებულებებზე, როგორც ეს მითითებულია შესაბამისად პირველ და მე-2 დანართებში; (c) მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მითითება, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის პირობების დამადასტურებელ საშუალებებზე ან prima facie მტკიცებულებებზე, როგორც ეს მითითებულია შესაბამისად მე-3 და მე-4 დანართებში; (d)   რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი; (e)   თითის ანაბეჭდები. 2. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი, ასევე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (a) განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე თანხმობა მკაფიოდ გამოხატა; (b)   სხვა ნებისმიერი სახის დაცვისა და უსაფრთხოების ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში. 3. რეადმისიის განაცხადის საერთო ფორმა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით. 4. რეადმისიისა და ტრანზიტის განაცხადები, მათი პასუხები და სხვა შესაბამისი შეტყობინებები შეიძლება წარდგენილი იყოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, რეადმისიის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით (შემდგომში „RCMES“). მუხლი 7🔗 მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულები 1. მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პირველ დანართში ჩამოთვლილი დოკუმენტების სახით, მაშინაც კი როცა მოქმედების ვადა 6 თვემდე არის გასული. მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტებით. 2. მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტიცებულებებს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. თუ აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილია, ხელშემკვრელი მხარეების მიერ პირის მოქალაქეობა დადგენილად მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცდება საწინააღმდეგო. Prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია. 3. თუ ვერ ხერხდება შეთანხმების პირველ და მე-2 დანართებში მოცემული ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა, ან ისინი არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, ან კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გამოთხოვილი, რეადმისიის განაცხადის ფორმაში შესატანი გასაუბრების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით გასაუბრებას უსაფუძვლო შეფერხების გარეშე, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. -  გასაუბრება უნდა ჩატარდეს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში; -  ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გასაუბრების სხვა ადგილას ჩატარებაზე; -  თუ გასაუბრება ჩატარდება კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის გარეთ, მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მგზავრობასთან და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება; - მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ, გასაუბრების დროს, უნდა უზრუნველყოს იმ დიპლომატიური თანამდებობის პირის უსაფრთხოება, რომელიც ატარებს გასაუბრებას. 4. წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეადმისიის განაცხადზე პასუხის გასაცემად დრო აითვლება გასაუბრების ჩატარების თარიღიდან. მუხლი 8🔗 მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები 1. წინამდებარე შეთანხმების მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტაცია. 2. წინამდებარე შეთანხმების მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს უნდა წარმოადგენდეს მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება იყოს წარმოადგენილი ყალბი დოკუმენტებით. ასეთი prima facie მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა გარემოებები უნდა მიიჩნიონ დადგენილად, თუ არ შეუძლიათ მათი სხვაგვარად დამტკიცება. 3. ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიისათვის აუცილებელი მოქმედი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას. მუხლი 9🔗 ვადები 1. რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ამ სახელმწიფოში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლებები, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე. 2. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება რეადმისიის მოთხოვნის წერილობითი მიღების დადასტურების თარიღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად. 3.  რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით. 4. თანხმობის მიცემის შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პირის გადაცემა განხორციელდება 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. 5. რეადმისიის მოთხოვნის მიღების შესახებ დასტური და პასუხი რეადმისიის განაცხადზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციების, მათ შორის – RCMES-ის საშუალებით. მუხლი 10🔗 დამატებითი დოკუმენტები 1. თუ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ სხვა ისეთ დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტებს, რომელიც არ არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში, შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, ასეთი ინფორმაცია ან დოკუმენტები შესაძლოა წარდგენილ იქნეს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსათვის რეადმისიის განაცხადთან ერთად. 2. რეადმისიის განაცხადის დამუშავების პროცესში წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მხედველობაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო. მუხლი 11🔗 გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები 1. პირის დაბრუნებამდე მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით (დანართი 7), არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე, აცნობებენ გადაცემის დროის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ. 2. ტრანსპორტირება ძირითადად უნდა განხორციელდეს სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით. დაბრუნება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით იმ პირობით, რომ ისინი უნდა იყვნენ ხელშემკვრელი მხარეების მიერ უფლებამოსილი პირები. მუხლი 12🔗 შეცდომით განხორციელებული რეადმისია 1.  მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ რეადმისირებულ ნებისმიერ პირს, თუ პირის გადაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში და მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში თორმეტი თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლებში წარმოდგენილი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული. 2.  ასეთ შემთხვევებში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილი იქნება დაბრუნებას დაქვემდებარებული პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა არსებული ინფორმაცია. მუხლი 13🔗 სატრანზიტო პრინციპები 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გაამკაცრონ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში. 2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო გასცემს ნებართვას მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე, თუ გარანტირებულია შემდგომი მგზავრობა სხვა შესაძლო სატრანზიტო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ. 3. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ შესაძლოა უარი განაცხადონ ტრანზიტზე შემდეგ შემთხვევებში: (a)   თუ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასის, რელიგიის, ეროვნების, კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილებისა ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის რეალური საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოსა ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან (b)   თუ მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს დანიშნულების სახელმწიფოსა ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან (c)   საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგისა ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. 4. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომელიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოების გავლით ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე. მუხლი 14🔗 სატრანზიტო პროცედურა 1. ტრანზიტის განაცხადი და მისი პასუხი წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მათ შორის RCMES სისტემით, და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფო და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო; (b)  პირის მონაცემები (მაგ.: სახელი, გვარი, ქორწინებამდელი გვარი, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი); (c)   სავარაუდო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო გამოყენება; (d) ოფიციალური განცხადება, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია წინამდებარე შეთანხმების მე-13(2) მუხლის პირობები და წინამდებარე შეთანხმების მე-13(3) მუხლის შესაბამისად არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. ტრანზიტის განაცხადების საერთო ფორმა მოცემულია მე-6 დანართში. 2. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ განაცხადის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა მიღებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს სასაზღვრო გამტარი პუნქტი და მიღების სავარაუდო დრო, ან განუცხადოს უარი და აცნობოს უარის მიზეზები. თუ პასუხი გაცემულ არ იქნება ათი სამუშაო დღის განმავლობაში, ჩაითვლება რომ ტრანზიტი შეთანხმებულია. 3. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით, რეადმისიას დაქვემდებარებული პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან. 4. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, ტრანზიტს დაქვემდებარებული პირების ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით. 5. ტრანზიტს დაქვემდებარებულ პირთა ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მოთხოვნაზე თანხმობის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული. მუხლი 15🔗 პირთა ესკორტირება რეადმისიის და ტრანზიტის დროს 1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე წერილობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს იმ პირთა დაბრუნების შესახებ, რომლებიც რეადმისიის ან ტრანზიტის დროს საჭიროებენ ოფიციალურ ესკორტს. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელი, გვარი, რანგი, პოზიცია, ასევე სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათი, პასპორტის ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, ესკორტირებას დაქვემდებარებული პირის მისიის ბრძანება. 2. ესკორტი პასუხისმგებელია ესკორტირებას დაქვემდებარებული პირის გადაცემაზე, დანიშნულების სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლისათვის მის ჩაბარებაზე, ასევე გადაცემას დაქვემდებარებული პირის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების, მათ შორის – პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების გადაცემაზე დანიშნულების სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლისათვის. ესკორტმა არ უნდა დატოვოს გადაცემის წინასწარ შეთანხმებული ადგილი იქამდე, ვიდრე გადაცემა არ დასრულდება. 3.  ესკორტი ვალდებულია იმოქმედოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. რეადმისიის პროცესში ესკორტის მიერ ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის მიზნით. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში, რომელსაც დაევალებოდა ესკორტის დახმარება ან სხვა აუცილებელი ზომების მიღება, ესკორტს მყისიერი და სერიოზული რისკის არსებობის შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს გონივრული და შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოს გადაცემას დაქვემდებარებული პირის გაქცევა, თავისა და მესამე პირების დაზიანება, ასევე ქონების დაზიანება. 4. ესკორტმა თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს შეუიარაღებლად, სამოქალაქო ტანსაცმელში, ასევე უნდა იქონიოს მოქმედი პასპორტი, სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათი, მისიის ბრძანება და რეადმისიის ან ტრანზიტის დასტურის დოკუმენტი. მუხლი 16🔗 ხარჯები 1. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა სახის სატრანსპორტო და ადმინისტრაციული ხარჯები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის საზღვრამდე დაიფარება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ. 2. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ფაქტურის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დაფარავს ხარჯებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. მუხლი 17🔗 მონაცემთა დაცვა 1. პერსონალურ მონაცემთა გადაცემა უნდა განხორციელედეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აუცილებელია ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განსახორციელებლად. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ამ შეთანხმების საფუძველზე გადაცემული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მონაცემთა გადაცემის კონკრეტული მიზნების შესრულების ვადას. დამატებით, შეთანხმების ფარგლებში გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: (a)   პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად; (b)   პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნებისათვის. პერსონალური მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნისათვის, გარდა იმ მიზნისა, რომლისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. (c)   მიღებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მონაწილეობს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაში. სხვა უწყებებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. მიღებული მონაცემები არის კონფიდენციალური. (d)   პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით და პროპორციით, რომელიც აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად. კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს: - გადასაცემი პირის მონაცემები (მაგალითად, სახელი, გვარი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა), მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; - გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები; - სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმების მიზნით. (e) გადამცემმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, გადამცემმა მხარემ ამის შესახებ უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს. (f) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი ან უნდა გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ გადამცემ მხარეს. (g) გადაცემული პერსონალური მონაცემები მიმღები მხარის მიერ უნდა განადგურდეს მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მათი შემდგომი შენახვის კანონიერი მიზანი. გადამცემ მხარეს ეცნობება მონაცემთა განადგურების შესახებ. (h) მოთხოვნის საფუძველზე მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს გადამცემ მხარეს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ. (i)  მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემების გაცნობა არაუფლებამოსილი პირის მიერ, მათი შეცვლა, განადგურება, რედაქტირება ან გამჟღავნება. მიმღებმა მხარემ უნდა აწარმოოს მიღებული უსაფრთხოების ზომების, ასევე მონაცემების მიღებისა და მესამე მხარისათვის გადაცემის ფაქტების აღრიცხვა. (j) გადამცემმა და მიმღებმა მხარეებმა უნდა აღრიცხონ ელექტრონული საშუალებებით დამუშავებული მონაცემების მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედება, ხოლო არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას უნდა აღირიცხოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებები. ამასთანავე, რეგისტრაციის ჩანაწერში უნდა აღინიშნოს მონაცემთა გადაცემის მიზანი, მონაცემთა შინაარსი და კატეგორია, გადაცემაში ჩართული ორგანოები და მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების (მათ შორის, განადგურების) მიზეზები. (k)   მიმღებმა მხარემ უნდა მოახდინოს მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი მასალის პერიოდული გადახედვა და, თუ აღმოჩნდება, რომ აღარ არსებობს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და ლეგიტიმური მიზანი, უზრუნველყოს მათი წაშლა/განადგურება. (l)  ამ შეთანხმების მე-17 მუხლის 1(c) პუნქტის შესაბამისად, როდესაც გადაცემული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემს, ამ მონაცემების შემდგომ სხვა ორგანოსთვის გადაცემის ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ შეთანხმებით გარანტირებული მონაცემთა დაცვის სტანდარტი. (m) წინამდებარე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს. მუხლი 18🔗 მიმართება სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც განსაზღვრულია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარეც არის საქართველო ან სომხეთის რესპუბლიკა. მუხლი 19🔗 რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი 1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ამ მიზნით მათ უნდა შექმნან რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში წოდებული, როგორც „კომიტეტი“), რომელიც, სახელდობრ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს: (a)   მონიტორინგს გაუწევს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას; (b) გადაწყვეტს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების ან გამოყენებისას წარმოშობილ საკითხებს; (c)   მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე შეთანხმების ერთგვაროვანი გამოყენებისათვის საჭირო ზომების განმარტების შესახებ; (d) წარმოადგენს რეკომენდაციებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. 2. კომიტეტის გადაწყვეტილებები ხელშემკვრელი მხარეებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. 3. კომიტეტი შედგება ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლებისაგან.  4.  კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე. 5. კომიტეტი განსაზღვრავს მის პროცედურულ წესებს. დავები, რომელიც ვერ გადაწყდება კომიტეტის მიერ, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 20🔗 განხორციელების თაობაზე დებულებები 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების განსახორციელებლად გამოყოფილი  კომპეტენტური ორგანოები, მათი საკონტაქტო მონაცემები და სასაზღვრო გამტარი პუნქტები. 2. ხელშემკვრელმა მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს დიპლომატიური არხების მეშვეობით წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოების, მათი საკონტაქტო მონაცემებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 21🔗 საკომუნიკაციო ენა წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა კომუნიკაცია ხელშემკვრელ მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე. მუხლი 22🔗 დროებითი შეჩერება თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების გზითა და მე-19 მუხლში წარმოდგენილ კომიტეტთან წინასწარი კონსულტაციის გავლის შემდგომ, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზეზის გამო დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელება სრულად ან ნაწილობრივ. შეჩერება ძალაში შევა ამგვარი შეტყობინების მიღებიდან მეორე დღეს. იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს შეჩერების საფუძვლები, ხელშემკვრელმა მხარემ, რომელმაც შეაჩერა წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 23🔗 დანართები 1-7 წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 24🔗 დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. 3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია ქ. თბილისში, 2025 წლის 21 ივლისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)