აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/62
2026 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
დეპარტამენტმა განახორციელა E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი (შემდგომში – პროექტი), რომელიც დაფინანსდა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №2505-რს დადგენილებით).
E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის საწყისი წერტილია სოფელი არგვეთა (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). შემდგომ გზა კვეთს სოფელ არგვეთას, სიქთარვას, ბარდუბანს, ქვემო სიმონეთს, რომლებიც მდებარეობს ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. საავტომობილო გზის მონაკვეთი მთავრდება სოფელ ნახშირღელეს შესასვლელთან, ქუთაისის შემოვლითი გზის დასაწყისთან. გზა კვეთს მდინარე ჩოლაბურს, ჩხარას, ძირულას, ასევე, რამდენიმე ღელესა და ხეობას. მარშრუტი მთლიანად ექცევა იმერეთის რეგიონში. საწყისი მონაკვეთი კვეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, შემდეგ მიუყვება ტერიტორიას, რომელიც სრულად მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ მონაკვეთზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციები, რომლებიც ასევე მოექცა ხსენებული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებით მცირე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოქალაქეების – ბესიკ უკლებას (პ/ნ 21001007402), დარეჯან უკლებას (პ/ნ 18001042602), მარინა უკლებასა (პ/ნ 21001018321) და ჯემალ ჯონის ძე უკლებას თანასაკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N 33.07.36.436) ნაწილის – 34 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N33.07.36.436) თანამესაკუთრეები არიან: ბესიკ უკლება (პ/ნ 21001007402), დარეჯან უკლება (პ/ნ 18001042602), მარინა უკლება (პ/ნ 21001018321) და ჯემალ ჯონის ძე უკლება.
დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ბესიკ უკლებას, დარეჯან უკლებას, მარინა უკლებასა და ჯემალ ჯონის ძე უკლებას თანასაკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N 33.07.36.436) ნაწილი – 34 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ: ბესიკ უკლებას (პ/ნ 21001007402), დარეჯან უკლებას (პ/ნ 18001042602), მარინა უკლებასა (პ/ნ 21001018321) და ჯემალ ჯონის ძე უკლებას თანასაკუთრებაში არსებულ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N33.07.36.436) ნაწილზე – 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი