ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №52/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016980 94
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/03/2026
6,910 სიტყვა · ~35 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
სტაბილური ვირტუალური აქტივი
კონვერიტირებადი ვირტუალური აქტივი, რომელიც გამოხატული ან დენომინირებულია ერთეულებში, ხოლო მისი ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ან სხვა რომელიმე ფიატური უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო ან სხვა) ან სხვა აქტივის ღირებულებაზე და მისი ღირებულების შენარჩუნება შესაძლებელია ლიკვიდური აქტივებით ან/და ეროვნულ ბანკთან  შეთანხმებული სხვა აქტივებით, რომლის მეშვეობით ხორციელდება ფასის სტაბილურობის შენარჩუნება და მიწოდების კონტროლი. სტაბილური ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას
მუხლი 2
ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივი
სტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად
მუხლი 2
უცხოური ვალუტის სტაბილური ვირტუალური აქტივი
სტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულებაც მიბმულია რომელიმე ერთი ფიატური უცხოური ვალუტის ღირებულებაზე (მაგ., აშშ დოლარი, ევრო ან სხვა), როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად
მუხლი 2
სხვა აქტივით უზრუნველყოფილი სტაბილური ვირტუალური აქტივი
სტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულებაც მიბმულია რომელიმე სხვა აქტივის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად
მუხლი 2
სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტი (შემდგომში
ემიტენტი) – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს სტაბილურ ვირტუალურ აქტივს და პასუხისმგებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის სქემის მართვაზე, ადეკვატური სარეზერვო აქტივების შენარჩუნებაზე და მფლობელების მოთხოვნის შემთხვევაში სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულებით გამოსყიდვაზე
მუხლი 2
პირველადი შეთავაზება
სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვება და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა შეძენის, გაყიდვის ან/და გაცვლის მიზნით
მუხლი 2
ლიკვიდური აქტივი
ფიატური ვალუტა ან/და როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სამთავრობო ფასიანი ქაღალდები
მუხლი 2
სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივი
ლიკვიდური აქტივი ან/და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა აქტივი, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფას და რომელთა ჯამური ღირებულება ნებისმიერ დროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს
მუხლი 2
გამოსყიდვა
სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა ემიტენტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის აქტივში
მუხლი 2
ემიტენტის კლიენტი
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის ემიტენტის მიერ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული და ემიტენტის მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად კლიენტად დარეგისტრირებული
მუხლი 2
ემიტენტის არაკლიენტი
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც  არ არის ემიტენტის კლიენტი
მუხლი 2
სტაბილური ვირტუალური აქტივის რეზერვების სეგრეგაცია
სარეზერვო აქტივების სამართლებრივად და ოპერაციულად განცალკევება ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან
მუხლი 2
ნომინალური ღირებულება
სტაბილური ვირტუალური აქტივის ფიქსირებული ან სხვაგვარად დადგენილი ღირებულება, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აქტივით ან აქტივების ერთობლიობით (მათ შორის, ფიატური ვალუტა, ფასიანი ქაღალდი და სხვა) და გულისხმობს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის უფლებას მისი გამოსყიდვისას მიიღოს შესაბამისი ღირებულება
მუხლი 2
შეთავაზების დოკუმენტი
დოკუმენტი, რომელიც სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ იძლევა დეტალურ, გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციას, მოიცავს ტექნიკურ, ფინანსურ, სამართლებრივ და ოპერაციულ ასპექტებს და განკუთვნილია დაინტერესებული მხარეებისა და ინვესტორებისთვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 2
ფიატური ვალუტა
სახელმწიფოს მიერ გამოცემული ოფიციალური ვალუტა,  რომელსაც აქვს იურიდიული ძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ვალდებულებების გასტუმრებისთვის, გადასახადების გადასახდელად და სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულებისთვის
მუხლი 2
საზედამხედველო კაპიტალი
კაპიტალის სახეობა, რომელსაც ემიტენტი  ქმნის  თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად
მუხლი 2
სუბორდინირებული ვალი
ვალი, რომელსაც სხვა მოზიდულ სახსრებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი – ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ემიტენტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ/არაპარტნიორ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ
მუხლი 2
კონვერტირებადი ვალი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ემიტენტის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი
მუხლი 2
სხვა სრული შემოსავალი
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით“ (ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რეგისტრაციის წესითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 13.06.2023 აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 22.09.2020 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 01.05.2023 სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 29.03.2024 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 09.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №52/04 2026 წლის 6 მარტი ქ. თბილისი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52​5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების, მათ შორის, გამოშვების და მის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებულ წესებსა და მოთხოვნებს, მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. 2. წესის მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული უსაფრთხო და გამჭვირვალე ჩარჩოს ჩამოყალიბება. 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ განახორციელონ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება. 4. დაუშვებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის  გარეშე. 5. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად ეროვნული ბანკის მიერ და  სურვილი აქვს საქართველოში განახორციელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ (შემდგომში – რეგისტრაციის წესი) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 6. ამ წესის მიზნებისთვის, სტაბილური ვირტუალური აქტივი არის ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვირტუალური აქტივი, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილური ღირებულების შენარჩუნებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაბილური ვირტუალური აქტივი – კონვერიტირებადი ვირტუალური აქტივი, რომელიც გამოხატული ან დენომინირებულია ერთეულებში, ხოლო მისი ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ან სხვა რომელიმე ფიატური უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო ან სხვა) ან სხვა აქტივის ღირებულებაზე და მისი ღირებულების შენარჩუნება შესაძლებელია ლიკვიდური აქტივებით ან/და ეროვნულ ბანკთან  შეთანხმებული სხვა აქტივებით, რომლის მეშვეობით ხორციელდება ფასის სტაბილურობის შენარჩუნება და მიწოდების კონტროლი. სტაბილური ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას; ბ) ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივისტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად; გ) უცხოური ვალუტის სტაბილური ვირტუალური აქტივისტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულებაც მიბმულია რომელიმე ერთი ფიატური უცხოური ვალუტის ღირებულებაზე (მაგ., აშშ დოლარი, ევრო ან სხვა), როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად; დ) სხვა აქტივით უზრუნველყოფილი სტაბილური ვირტუალური აქტივისტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულებაც მიბმულია რომელიმე სხვა აქტივის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად; ე) სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტი (შემდგომში – ემიტენტი) – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს სტაბილურ ვირტუალურ აქტივს და პასუხისმგებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის სქემის მართვაზე, ადეკვატური სარეზერვო აქტივების შენარჩუნებაზე და მფლობელების მოთხოვნის შემთხვევაში სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულებით გამოსყიდვაზე; ვ) პირველადი შეთავაზება – სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვება და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა შეძენის, გაყიდვის ან/და გაცვლის მიზნით; ზ) ლიკვიდური აქტივიფიატური ვალუტა ან/და როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სამთავრობო ფასიანი ქაღალდები; თ) სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივილიკვიდური აქტივი ან/და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა აქტივი, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფას და რომელთა ჯამური ღირებულება ნებისმიერ დროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;   ი) გამოსყიდვა – სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა ემიტენტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის აქტივში; კ) ემიტენტის კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის ემიტენტის მიერ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული და ემიტენტის მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად კლიენტად დარეგისტრირებული; ლ) ემიტენტის არაკლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც  არ არის ემიტენტის კლიენტი; მ) სტაბილური ვირტუალური აქტივის რეზერვების სეგრეგაცია  – სარეზერვო აქტივების სამართლებრივად და ოპერაციულად განცალკევება ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან; ნ) ნომინალური ღირებულება – სტაბილური ვირტუალური აქტივის ფიქსირებული ან სხვაგვარად დადგენილი ღირებულება, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აქტივით ან აქტივების ერთობლიობით (მათ შორის, ფიატური ვალუტა, ფასიანი ქაღალდი და სხვა) და გულისხმობს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის უფლებას მისი გამოსყიდვისას მიიღოს შესაბამისი ღირებულება; ო) შეთავაზების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ იძლევა დეტალურ, გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციას, მოიცავს ტექნიკურ, ფინანსურ, სამართლებრივ და ოპერაციულ ასპექტებს და განკუთვნილია დაინტერესებული მხარეებისა და ინვესტორებისთვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება; პ) ფიატური ვალუტა – სახელმწიფოს მიერ გამოცემული ოფიციალური ვალუტა,  რომელსაც აქვს იურიდიული ძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ვალდებულებების გასტუმრებისთვის, გადასახადების გადასახდელად და სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულებისთვის; ჟ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც ემიტენტი  ქმნის  თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად; რ) სუბორდინირებული ვალი – ვალი, რომელსაც სხვა მოზიდულ სახსრებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი – ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ემიტენტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ/არაპარტნიორ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ; ს) კონვერტირებადი ვალი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ემიტენტის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი; ტ) სხვა სრული შემოსავალი – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით“ (ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რეგისტრაციის წესითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. კორპორაციული მართვა 1. ემიტენტი ვალდებულია, ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირების, მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებს, ადეკვატურ შიდა კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის, ჯანსაღ სააღრიცხვო და ადმინისტრირების პროცედურებს. 2. ემიტენტის მმართველობის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს მისი საქმიანობის ბუნებას, მასშტაბებსა და კომპლექსურობას. 3. თუ ემიტენტის სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს (უცხოურ ვალუტაში განთავსებული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში), მაშინ ემიტენტი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-4-მე-14  პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. ემიტენტის უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება (შემდგომში – საერთო კრება), რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ემიტენტის წესდების შესაბამისად. 5. ემიტენტი ვალდებულია წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ეროვნულ ბანკს. ემიტენტი ასევე ვალდებულია, ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია საერთო კრების ჩატარების შესახებ (ჩატარების ადგილის, თარიღის, დროის, დღის წესრიგისა და სხვა მონაცემების მითითებით) კრების ოქმებთან ერთად ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. 6. ემიტენტის კორპორაციულ მართვაზე პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭო. საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით და მისი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას, ასევე, ემიტენტის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია და უნარები უნდა უზრუნველყოფდეს ემიტენტის საქმიანობისა და რისკების მართვის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას. 7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს. 8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სხვა ფუნქციებთან ერთად როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად პასუხისმგებელი არიან: ა) განსაზღვრონ ემიტენტის მისია, ხედვა, გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და მონიტორინგი გაუწიონ მის შესრულებას; ბ) უზრუნველყონ ემიტენტის ორგანიზაციის მართვა სამართლიანობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პრინციპების დაცვით, მათ შორის, ამ მიზნით ხელი შეუწყონ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) განსაზღვრონ ემიტენტის ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, როლები და პასუხისმგებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოსა და ადმინისტრატორის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დირექტორების ერთობლივ და დირექტორების ინდივიდუალურ როლებსა და პასუხისმგებლობებს სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალური დოკუმენტით განსაზღვრავს; დ) მონიტორინგი გაუწიონ დირექტორის/დირექტორატის საქმიანობას და შეაფასონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შეფასების შედეგების გათვალისწინებით დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები, რაც, მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს დირექტორის/დირექტორატის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას; ე) დაამტკიცონ ბიუჯეტი და ზედამხედველობა გაუწიონ მის შესრულებას; ვ) შექმნან აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულარულად გაუწიონ ზედამხედველობა მის საქმიანობას და არანაკლებ კვარტალში ერთხელ განიხილონ მის მიერ მომზადებული ანგარიშები; ზ) ყოველწლიურად მოიწვიონ გარე აუდიტი და მის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიში საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგინონ; თ) დაამტკიცონ ორგანიზაციის საქმიანობასა და რისკების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები მოქმედი კანონმდებლობისა და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შესრულებას. 9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან აირჩევა თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტურ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ნდობისა და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, დირექტორს/დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ურთიერთობის კოორდინაციაზე, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურ თანამშრომლობაზე. 10. ემიტენტი ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმები სამეთვალყურეო საბჭოს კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. სხდომის ოქმი, სულ მცირე, უნდა ასახავდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებულ პოზიციებსა და არგუმენტებს. 11. სამეთვალყურეო საბჭო, მისი წევრი არ არის უფლებამოსილი, საერთო კრების თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი უფლებების სხვისთვის დელეგირება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე შექმნილ კომიტეტ(ებ)ზე დელეგირებისა, რომლებიც უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს. 12. ემიტენტს, მისი ზომის, კომპლექსურობისა და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა ჰყავდეს დირექტორი ან დირექტორატი, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. ემიტენტის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალება მის დირექტორს/დირექტორატს. 13. დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორატში შესაძლოა ასევე შედიოდნენ რამდენიმე მიმართულების, მათ შორის, ფინანსური, საოპერაციო, რისკების და სხვა მიმართულების დირექტორები. 14. დირექტორი/დირექტორატი პასუხისმგებელია: ა) ემიტენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დირექტორი/დირექტორატი აწვდის სამეთვალყურეო საბჭოს მისი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციას, სულ მცირე, იმ ფორმატითა და სიხშირით, რასაც დაადგენს სამეთვალყურეო საბჭო და მასთან არსებული კომიტეტ(ებ)ი; ბ) ემიტენტის სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელებაზე, ოპერაციებზე, აქტივების ხარისხზე და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაზე; გ) რისკების მართვისა და მათი ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით ჯანსაღი შიდა კონტროლის სისტემების შექმნაზე; დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებასა და კომპანიის შიგნით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. 15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ემიტენტს მოსთხოვოს კორპორაციული მართვის სისტემაში ცვლილების შეტანა, ისევე როგორც რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბების, მფლობელობის სტრუქტურისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, დაუდგინოს კორპორაციული მართვის დამატებითი ინდივიდუალური მოთხოვნები. მუხლი 4🔗. ემიტენტის კაპიტალის ადეკვატურობა 1. ემიტენტის კაპიტალი არის მისი საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, მისი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო. 2. ემიტენტის კაპიტალის მიზანია: ა) უზრუნველყოფილ იქნეს ინვესტორთა ფულადი სახსრების საიმედოობა, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ემიტენტის საქმიანობის რისკებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები, რათა ემიტენტის ფინანსური დანაკარგების, ზარალისა და გადახდისუუნარობის შედეგებით გამოწვეული პროცესები არ გავრცელდეს სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე და სექტორის სხვა წარმომადგენლებზე, არ მიიღოს სისტემური ხასიათი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისტემური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა; ბ) მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის განეიტრალების უზრუნველყოფა; გ) უზრუნველყოფილ იქნეს ემიტენტის ფინანსური  სიძლიერე, გადახდისუნარიანობა, საიმედოობა და მდგრადობა. 3. ემიტენტის  ფინანსური სიძლიერის, გადახდისუნარიანობის, საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების ძირითადი კომპონენტია კაპიტალის ადეკვატურობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ემიტენტის კაპიტალის არსსა და მიზნებს. მუხლი 5🔗. საზედამხედველო კაპიტალი 1. ემიტენტი ვალდებულია ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი, რომელიც არ უნდა იყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები. 2. საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამისგან, სადაც სულ მცირე 75% უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტები, ხოლო მეორადი კაპიტალის ელემენტები ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტების 1/3-ის. 3. პირველადი კაპიტალის ელემენტებია: ა) კაპიტალის ინსტრუმენტები ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიასთან; გ) გაუნაწილებელი მოგება;  დ) კონვერტირებადი ვალი; ე) სხვა რეზერვები; ვ) აკუმულირებული სხვა სრული შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელემენტების აღიარება პირველადი კაპიტალის ელემენტებად დასაშვებია, თუ მათი გამოყენება შესაძლებელია ზარალის უპირობოდ დასაფარად მისი წარმოქმნისთანავე, ისე რომ ემიტენტმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. 5. პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას: ა) ინსტრუმენტი გამოშვებულია უშუალოდ ემიტენტის მიერ მისი აქციონერთა/პარტნიორთა კრების ან წესდებით განსაზღვრული და უფლებამოსილი მმართველობითი ორგანოს თანხმობით; ბ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და მისი შეძენა არ არის დაფინანსებული პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ემიტენტის მიერ; გ) ინსტრუმენტი კლასიფიცირებულია, როგორც საკუთარი კაპიტალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) მიხედვით; დ) ინსტრუმენტი არის გარკვევით და ცალკე ასახული  ემიტენტის საბალანსო უწყისში; ე) ინსტრუმენტი არის უვადო და ძირი თანხის შემცირება ან გადახდა დაუშვებელია, გარდა ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევისა ან როდესაც ხორციელდება ნებაყოფლობითი გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) ინსტრუმენტების გამოშვებისას ემიტენტის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს; ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი. ასევე, არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება ვალდებულების შეუსრულებლობად ან არაჯეროვნად შესრულებად; თ) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ემიტენტი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემენტების დონეზე); ი) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად; კ) ემიტენტის გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის  შემთხვევაში ინსტრუმენტი სხვა ყველა მოთხოვნასთან შედარებით ბოლო ადგილს იკავებს; ლ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად; მ) ინსტრუმენტი არ არის უზრუნველყოფილი, ან მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს; ნ) ინსტრუმენტი არ არის რაიმე მოლაპარაკების, ხელშეკრულების ან სხვა ტიპის შეთანხმების საგანი, რომელიც აღნიშნულ ინსტრუმენტზე მოთხოვნის უპირატესობას ანიჭებს გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში.   6. პირველად კაპიტალში ჩართული კონვერტირებადი ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. ემიტენტს ეკრძალება კონვერტირებადი ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა ემიტენტის პარტნიორისა/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა. 7. მეორად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) არის გამოშვებული და განაღდებული ან მიღებული სუბორდინირებული ვალი; ბ) ემიტენტს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც ემიტენტს აქვს კონტროლი ან მნიშვნელოვანი გავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტი ან არ უნდა იყოს მიღებული სუბორდინირებული ვალი აღნიშნული პირისგან, ასევე პირდაპირ ან/და არაპირდაპირ, ემიტენტს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ყიდვის ან სუბორდინირებული ვალის მიღების ოპერაცია; გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის გამომშვების/სუბორდინირებული ვალის მიმღების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს ემიტენტის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში; დ) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს სულ მცირე 5 (ხუთი) წელი; ე) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია; ვ) სუბორდინირებული ვალი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ან წინასწარ დაიფაროს სულ მცირე 5 (ხუთი) წლის შემდეგ მხოლოდ გამომშვების მიერ: ვ.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვისთვის ემიტენტმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისგან; ვ.ბ) ემიტენტმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის მოლოდინი; ვ.გ) ემიტენტმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება ან წინსწრებით არ უნდა დაფაროს სუბორდინირებული ვალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება იმავე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით ან სუბორდინირებული ვალით და აღნიშნული კაპიტალის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება ემიტენტის შემოსავლის მასშტაბებს ან  ემიტენტს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში ემიტენტის კაპიტალი საკმარისად აღემატება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს; ზ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (პროცენტი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემთხვევების გარდა; თ) მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა ან სუბორდინირებულ ვალზე პროცენტის გადახდა არ უნდა იყოს  ემიტენტის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/პროცენტის ცვლილებას ემიტენტის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით; ი) სუბორდინირებულია ემიტენტის მომხმარებლების და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ. 8. მეორად კაპიტალში ჩართული ინსტრუმენტის ან/და სუბორდინირებული ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. 9. ემიტენტს ეკრძალება სუბორდინირებული ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა ემიტენტის პარტნიორისა/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა. 10. დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სუბორდინირებული ვალის აღიარება საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად. 11. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე. 12. ნებისმიერი ახლად გამოშვებული კაპიტალის ინსტრუმენტის, კონვერტირებადი ან სუბორდინირებული ვალის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე ემიტენტმა უნდა მიიღოს ეროვნული ბანკის თანხმობა. 13. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს ემიტენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ მუხლში მითითებულ კრიტერიუმებთან. მუხლი 6🔗. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა 1. თუ ემიტენტი განეკუთვნება ჯგუფს, რომელშიც შედის სხვა ფინანსური ინსტიტუტი/ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, დაუშვებელია საზედამხედველო კაპიტალის გამოანგარიშებისას იმ ელემენტების მრავალჯერადი გამოყენება, რომელიც მონაწილეობს ჯგუფში შემავალი სხვა ფინანსური ინსტიტუტის/ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალის დათვლაში. 2. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, ემიტენტმა დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს კაპიტალის შევსების გეგმა. ცალკეულ შემთხვევებში, ემიტენტის მიმართვის საფუძველზე, მისი საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს თავისი შეხედულებისამებრ.   3. კაპიტალის შევსების გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) ფინანსური მაჩვენებლების შეფასებასა და პროგნოზს; ბ) საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვის გეგმებსა და ვადებს; გ) დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს კაპიტალის შევსების გეგმის შესაფასებლად. 4. ეროვნული ბანკი აფასებს ემიტენტის მიერ წარდგენილ კაპიტალის შევსების გეგმას და მას მისაღებად მიიჩნევს, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, კაპიტალის შევსების გეგმის განხორციელება უზრუნველყოფს კაპიტალის იმგვარად შენარჩუნებას ან ზრდას, რომ ემიტენტი შეძლებს დააკმაყოფილოს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმის მისაღებად მიჩნევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თანხმობას იძლევა და აღნიშნულის თაობაზე ემიტენტს აცნობებს. 5. თუ ემიტენტმა არ წარადგინა კაპიტალის შევსების გეგმა ან ეროვნული ბანკის შეფასების შედეგად, წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს ემიტენტს მითითებულ ვადაში კაპიტალის შევსება განსაზღვრულ დონემდე, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს; ბ) გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. 6. ემიტენტის მიერ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკრძალება კაპიტალის განაწილება, კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და  ეროვნული ბანკის მითითებით განსაზღვრული სხვა ისეთი ტრანზაქციების განხორციელება, რომელიც იწვევს ემიტენტისაგან ფულადი სახსრების გადინებას იმ პერიოდში, როდესაც ემიტენტი ვერ აკმაყოფილებს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს. 7. საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების განაწილებამდე, ემიტენტმა უნდა შეაფასოს აღნიშნული განაწილების გავლენა მისი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელზე და უზრუნველყოს მისი განაწილება იმგვარად, რომ არ დაირღვეს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები. მუხლი 7🔗. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდი 1. თუ ემიტენტის სარეზერვო აქტივის ჯამური ღირებულება მეტია ან ტოლი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე, მაშინ მისი საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნას დამატებული, ემიტენტის სარეზერვო აქტივების ბოლო 6 (ექვსი) თვის საშუალო დღიური  ღირებულების არანაკლებ 2%, მაგრამ არაუმეტეს 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი. 2. უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში. 3. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ელემენტებიდან უნდა დაიქვითოს: ა) აქტივების გადაფასების რეზერვი; ბ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება. მუხლი 8🔗. მოთხოვნა სარეზერვო აქტივების მიმართ 1. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლით დადგენილი სარეზერვო აქტივებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება. 2. ემიტენტი ვალდებულია ნებისმიერ დროს ფლობდეს და ინარჩუნებდეს ისეთი მოცულობის სარეზერვო აქტივებს, რომელიც წარმოადგენს გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულების სულ მცირე სრულ (100%-იან) უზრუნველყოფას. 3. ემიტენტი ვალდებულია გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობის ნებისმიერი ზრდის პარალელურად დაიცვას ამ მუხლით განსაზღვრული სარეზერვო მოთხოვნები. 4. ემიტენტის სარეზერვო აქტივები დენომინირებული უნდა იყოს მხოლოდ მის მიერ გამოშვებულ სტაბილურ ვირტუალურ აქტივზე მიბმულ შესაბამის ვალუტაში. 5. ემიტენტის სარეზერვო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში, ემიტენტი უფლებამოსილია, წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სარეზერვო აქტივების გარდა, რეზერვებად ასევე გამოიყენოს სხვა აქტივები.  7. 1 000 000 000 (ერთი მილიარდი) ლარზე მეტი სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულების განთავსების შემთხვევაში (უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში) ემიტენტი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემთხვევაში, ფლობდეს წესის დანართი №1-ით განსაზღვრულისგან განსხვავებული წილობრივი თანაფარდობის მქონე სარეზერვო  აქტივებს. 8. ემიტენტი ვალდებულია ეფექტურად და გონივრულად მართოს სარეზერვო აქტივები, სულ მცირე, შემდეგი გზით: ა) სარეზერვო აქტივების კონკრეტული ტიპის შენახვისთვის გამოიყენოს შესაბამისი და ვალიდური უფლებამოსილების და ლიცენზიის მქონე პირი. საქართველოში სარეზერვო აქტივების განთავსების შემთხვევაში ასეთ პირად განიხილება ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი; ბ)  სარეზერვო აქტივები სეგრეგირებული უნდა იყოს ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმების მეშვეობით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადახდისუუნარობის შემთხვევებში სარეზერვო აქტივები იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი და დაცული კრედიტორების მოთხოვნებისაგან, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტს ჰყავს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების გარდა სხვა კრედიტორები; გ) სარეზერვო აქტივები შენარჩუნებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების სასარგებლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია დაუფარავი ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად. ემიტენტმა უნდა დანერგოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ეფექტიან იზოლირებას გადახდისუუნარობის საქმისწარმოებისგან; დ) ემიტენტი ვალდებულია დანერგოს შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურები გამოსყიდვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, რის მიხედვითაც მას ნებისმიერ დროს უნდა  შეეძლოს სარეზერვო აქტივებზე წვდომა. სარეზერვო აქტივები არ უნდა იყოს იპოთეკით დატვირთული და არ უნდა ექვემდებარებოდეს რაიმე სახის გირაოს, ჩათვლის ან ვალის მოთხოვნას ან  კრედიტორების, სარეზერვო აქტივის მეურვის ან სხვა მესამე პირის მხრიდან რაიმე სახის რეგრესს; ე) ემიტენტი ყოველდღიურად უნდა ახორციელებდეს სარეზერვო აქტივების შემადგენლობის შეფასებას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით. 9. ემიტენტი ვალდებულია ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს ის ფინანსური ინსტიტუტი, სადაც გეგმავს თავისი სარეზერვო აქტივების განთავსებას. 10. ემიტენტი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილოს და ნებისმიერ შემთხვევაში გამოავლინოს, მართოს და საჯაროდ გაამჟღავნოს სარეზერვო აქტივების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტი. 11. სარეზერვო აქტივებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი ემიტენტმა უნდა მართოს და გამოიყენოს ისე, რომ არ შემცირდეს რეზერვების საჭირო მოცულობა ან/და სტრუქტურა, ასევე არ შეიზღუდოს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საკუთარი სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა ნომინალურ ღირებულებაში. 12. ემიტენტს ეკრძალება ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს სარეზერვო აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნებისმიერი ნაწილის გაზიარებას სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელებისთვის ან ნებისმიერი მესამე მხარისთვის. დამატებით, ემიტენტმა არ უნდა შესთავაზოს, წაახალისოს ან გაასაჯაროოს მოგების განაწილების, დივიდენდის, ანაზღაურების ან მსგავსი სქემა, რომელიც სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელებს ან სხვა პირებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სარგებელი სარეზერვო აქტივების შემოსავლიდან, დაკავშირებული იურიდიული პირის საშუალებით ან ნებისმიერი ირიბი მეთოდით. 13. ემიტენტი ვალდებულია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდეს თავისი რეზერვების შესახებ უახლესი ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს: ა) რეზერვების კომპოზიციას და მოცულობას; ბ) თითოეული რეზერვის კატეგორიის საშუალო ვადიანობას; გ) ემიტენტის მიერ გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის საერთო მოცულობას. მუხლი 9🔗. გამოსყიდვის უფლებები და ვადები 1. ემიტენტი ვალდებულია დროულად და შეუფერხებლად უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის (ემიტენტის კლიენტის და ემიტენტის არაკლიენტის) უფლება, ნებისმიერ დროს გამოისყიდოს სტაბილური ვირტუალური აქტივი. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი (ემიტენტის კლიენტი და ემიტენტის არაკლიენტი) უფლებამოსილია გადაცვალოს სტაბილური ვირტუალური აქტივი შესაბამის აქტივში. 3. ემიტენტი, როგორც ანგარიშვალდებული პირი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოსყიდვა მისი არაკლიენტი პირებისთვის, მხოლოდ მას შემდეგ, რაც განახორციელებს გაძლიერებულ პრევენციულ ღონისძიებებს და სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი დააკმაყოფილებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანხმობას განაცხადებს მომსახურების პირობებზე. 4. სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულებით გამოსყიდვის  დეტალური პირობები და წესები, მათ შორის, გამოსყიდვის პერიოდი, საკომისიო, ასევე შეძენის და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში), უნდა იყოს წინასწარ გაცხადებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი. 5. ემიტენტი ვალდებულია სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა  ნომინალური ღირებულებით მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს  3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით,  ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი ერთი კლიენტის ჯამური მოთხოვნა აღემატება 300 000 (სამასი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ემიტენტი უფლებამოსილია გამოსყიდვა უზრუნველყოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 6. თუ ემიტენტი ვერ ახერხებს რეზერვების მართვას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების, მათ შორის, ფორსმაჟორის გამო, გამოსყიდვა უნდა შესრულდეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში იმ თარიღიდან, როდესაც აღნიშნული გარემოებები აღმოიფხვრება. 7. ფიატურ ვალუტაში სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლის შემთხვევაში გამოსყიდვა ითვლება შესრულებულად „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციის შესრულების მომენტიდან. 8. სხვა აქტივში გადაცვლის შემთხვევაში, გამოსყიდვა ითვლება შესრულებულად ემიტენტის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელისთვის შესაბამისი აქტივის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის მოთხოვნა მიღებულად ითვლება სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი კლიენტის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესაბამის აქტივში გადაცვლის დავალების გაცემის მომენტიდან. 10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადები მოქმედებს ემიტენტის არაკლიენტი პირების შემთხვევაშიც. ამ ვადების ათვლა ემიტენტის არაკლიენტი პირის შემთხვევაში იწყება მას შემდეგ, რაც შესრულდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, ემიტენტის არაკლიენტი პირის შემთხვევაშიც დაცული უნდა იყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები. 11. ემიტენტი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული და პროპორციული საკომისიო სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოსყიდვაზე და სტაბილური ვირტუალური აქტივის შეძენისა და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობები. სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოსყიდვის საკომისიო, ასევე სტაბილური ვირტუალური აქტივის შეძენისა და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობები უნდა იყოს მომხმარებლისთვის წინასწარ და მკაფიოდ გამჟღავნებული.    მუხლი 10🔗. ბუღალტრული აღრიცხვა 1. ემიტენტი ვალდებულია, აწარმოოს სანდო, სრული, შეუფერხებელი და რეგულარული ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც ასახავს ემიტენტის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ყველა ფინანსურ ოპერაციას, მათ შორის, სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვებასა და რეზერვების მართვას. 2. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება უნდა განხორციელდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების  საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) შესაბამისად. 3. ემიტენტი ვალდებულია: ა) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში; ბ) ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისას დაიცვას საოპერაციო რისკების მართვის მოთხოვნები, მათ შორის, ოთხი თვალის პრინციპი; გ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც ოპერაციის შინაარსი და დრო, ისე შემსრულებელი; დ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე (ხელშეკრულება, ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა); ე) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა. 4. ემიტენტი ვალდებულია ბუღალტრული და ფინანსური ჩანაწერების შენახვა უზრუნველყოს არანაკლებ 10 (ათი) წლის ვადით და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. მუხლი 11🔗. შემოწმება და აუდიტი 1. ემიტენტი ვალდებულია, უზრუნველყოს სარეზერვო აქტივების რეგულარული კვარტალური შემოწმება დამოუკიდებელი კვალიფიციური გარე აუდიტორის მეშვეობით. შემოწმების შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო აქტივების შემადგენლობის და საბაზრო ღირებულების შესახებ, ასევე, ინფორმაციას გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივების ნომინალური ღირებულების და სარეზერვო აქტივების მოცულობის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ემიტენტის მიერ ყოველკვარტალურად, მის ვებგვერდზე. ანგარიშში ნებისმიერი არსებითი შეუსაბამობა ან ხარვეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს და გამოსწორდეს ემიტენტის მიერ. 3. ემიტენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, ანგარიშგება ეროვნულ ბანკს წარუდგინოს. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიში უნდა ასახავდეს რეზერვების მდგომარეობას  საანგარიშო პერიოდის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით. 5. ემიტენტი ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს დამოუკიდებელი კვალიფიციური გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივლისამდე ეროვნულ ბანკს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს. 6. სარეზერვო აქტივების და წლიური ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) მიხედვით და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. 7. ემიტენტი ვალდებულია შეთავაზების დოკუმენტთან ერთად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვალიფიციური, დამოუკიდებელი უახლესი აუდიტორული დასკვნა, აგრეთვე, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ან/და შეღწევადობის ტესტირების ანგარიშში დაფიქსირებული იქნება კრიტიკული ან/და მაღალი რისკის შემცველი სისუსტე, ეროვნული ბანკი არ გასცემს თანხმობას, აგრეთვე უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ამ წესის შესაბამისად გაცემული თანხმობა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე. 8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტს მოთხოვოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა რისკზე დაფუძნებული მიდგომით. 9. 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარზე მეტი სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულების განთავსების შემთხვევაში (უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში), ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აუდიტორული შეფასებები, წესის დანართი №2-ით განსაზღვრული აუდიტორული ფირმების მეშვეობით განახორციელოს. მუხლი 12🔗. სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. პირი უფლებამოსილია განახორციელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება, თუ იგი რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის წესის შესაბამისად. 2. ემიტენტი ვალდებულია იმოქმედოს სამართლიანად და კეთილსინდისიერად, რათა არ შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი, ემსახუროს მის ინტერესებს და შეინარჩუნოს ბაზრის მთლიანობა. ემიტენტმა უნდა გამოიყენოს მკაფიო და გამჭვირვალე ფორმულირება ყველა კომუნიკაციასა და საჯარო განცხადებებში, სამართლიანად მოეპყროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ყველა მფლობელს და დაიცვას საბაზრო პრაქტიკის ეთიკა. 3. ემიტენტს უნდა გააჩნდეს სათანადო უნარები, შესაძლებლობები და რესურსები სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების გამართული, ეფექტური და ეფექტიანი პროცესებისთვის. 4. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა კომუნიკაცია და განცხადება იყოს მკაფიო, ლაკონური, ეფექტური და შეიცავდეს ყველა ინფორმაციას, რაც აუცილებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების ან/და პოტენციური მფლობელებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. 5. ემიტენტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული და სხვა შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან. 6. ემიტენტს უნდა გააჩნდეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, მათ შორის, სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით. 7. სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განთავსებული სარეზერვო აქტივები შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და სრულად ფარავს გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივების ნომინალურ ღირებულებას (100%-იანი უზრუნველყოფა). მუხლი 13🔗. შეთავაზების დოკუმენტი 1. პირველადი შეთავაზების განხორციელებამდე ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს შეთავაზების დოკუმენტი და შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან რეგისტრაციის წესით განსაზღვრული პროცესების შესაბამისად. შეთავაზების დოკუმენტს უნდა დაერთოს წესის დანართი №3-ის შესაბამისად შევსებული საოპერაციო რისკების ფორმა. 2. შეთავაზების დოკუმენტი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას  ემიტენტის შესახებ: ა.ა) დასახელება, კომერციული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, სათავო ოფისის მისამართი (საკონტაქტო მისამართი), საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ვებგვერდის მისამართი/მისამართები; ა.ბ) ეროვნული ბანკის მიერ ემიტენტის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის განკარგულების ნომერი და თარიღი; ა.გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელის/მფლობელების შესახებ ინფორმაცია; ა.დ) ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების ვინაობა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები და ფუნქციები; ა.ე) ბოლო 3 (სამი) წლის ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლები. თუ ემიტენტი 3 (სამი) წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას, მაშინ იგი უფლებამოსილია, წარადგინოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის ფინანსური მაჩვენებლები; ა.ვ) მმართველობითი სტრუქტურის დეტალური აღწერა; ა.ზ) ინფორმაცია სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების გარდა იმ ვირტუალური აქტივის მომსახურებ(ებ)ის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ემიტენტი, მათ შორის, სხვა ტიპის ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ა.თ) დეტალური ინფორმაცია (მათ შორის, დასახელება, მისამართები, ვებგვერდი, საკონტაქტო ინფორმაცია, და ასე შემდეგ) იმ პირების შესახებ,  რომლებიც ჩართული არიან სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაში. აღნიშნული მათ შორის მოიცავს, სავაჭრო პლატფორმებს, შუამავლებს, გარე აუდიტორებს,  იურიდიული კუთხით მრჩეველ/კონსულტანტებს და სხვა;   ა.ი) დეტალური ინფორმაცია ყველა იმ განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიაზე (DLT) დაფუძნებული პლატფორმების შესახებ, რომელზეც მოხდება სტაბილური ვირტუალური აქტივის  პირველადი შეთავაზება. ამასთან, ინფორმაცია ემიტენტის კავშირზე ყველა ზემოაღნიშნულ სუბიექტთან; ა.კ) ვებგვერდის მისამართი, სადაც შეთავაზების დოკუმენტი საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი; ა.ლ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ. ბ) ინფორმაციას სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ: ბ.ა) სტაბილური ვირტუალური აქტივის დასახელება, აღმნიშვნელი სიმბოლო/აბრევიატურა, კოდი ან/და სხვა მსგავსი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება; ბ.ბ) სტაბილური ვირტუალური აქტივის მახასიათებლების აღწერა, მათ შორის ვალუტა, რომელზეც იქნება მიბმული სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულება; ბ.გ) სტაბილური ვირტუალური აქტივის სამიზნე ბაზრის აღწერა, მათ შორის, მფლობელების ტიპებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა; ბ.დ) ინფორმაცია ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, რომელიც აუცილებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის ფლობისთვის ან/და შესანახად, მათ შორის, ინფორმაცია საფულეების შესახებ, რომლებთანაც სტაბილური ვირტუალური აქტივი იქნება თავსებადი; ბ.ე) სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა, გამოშვების გრაფიკი და ხელმისაწვდომობა, ასევე, ინფორმაცია სტაბილური ვირტუალური აქტივის შეძენისა და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.ვ) ინფორმაცია სტაბილურ ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის გამოსყიდვის პირობები. გ) უსაფრთხოების ზომებს:  განაცხადი, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივი სულ მცირე 100%-ით სარეზერვო აქტივებით არის უზრუნველყოფილი;  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარეზერვო აქტივები სეგრეგირებულია ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან; ასევე, ინფორმაცია სარეზერვო აქტივების შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ; დ) გაცხადებულ რისკებს: ძირითადი რისკების (საბაზრო, ლიკვიდობის, საოპერაციო, კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიური და რეგულატორული) მკაფიო აღწერა და გამაფრთხილებელი განცხადებები, რისკების დოკუმენტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) შესაბამისობას და რისკის მართვას: სტაბილურ ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული რისკების ტიპების და მათი მართვის მექანიზმების, რეზერვების მართვის და ლიკვიდურობის კონტროლის სისტემის, ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით  განსაზღვრული მოთხოვნების, კიბერუსაფრთხოების, მიმდინარე ტრანზაქციების მონიტორინგის მიმოხილვას და რისკების მართვის სხვა საკითხებს; ვ) ტექნოლოგიურ არქიტექტურას: პროტოკოლის და პლატფორმების აღწერა, „სასიცოცხლო ციკლის ნაკადები“ (lifecycle flow), „ცხელი” (software) და „ცივი“  საფულეების გამოყენება, კოდირების და მონაცემთა უსაფრთხოების ზომები; ზ) დავების განხილვას: საჩივრების წარდგენის და დამუშავების პროცედურების აღწერა და ნებისმიერი დავის გადაწყვეტის მექანიზმი ან სამართლებრივი დაცვის პროცედურა, რომელიც დადგენილია ემიტენტის მიერ; თ) გამაფრთხილებელ განცხადებებს და განმარტებებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: თ.ა) ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზების დოკუმენტის შეთანხმება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული ეროვნული ბანკის რეკომენდაციად. შეთავაზების დოკუმენტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზების დოკუმენტის შეთანხმება შეეხება შეთავაზების დოკუმენტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის შესახებ; თ.ბ) ემიტენტი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, თუმცა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სტაბილური ვირტუალური აქტივის ხარისხის ან ემიტენტის გადახდისუნარიანობის დადასტურებას; თ.გ) მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს შეთავაზების დოკუმენტის სრულ ტექსტს გადაწყვეტილების მიღებამდე; თ.დ) გამოშვება ეხება მხოლოდ ამ დოკუმენტში აღნიშნულ სტაბილურ ვირტუალურ აქტივს და არ წარმოადგენს სხვა სტაბილური ვირტუალური აქტივის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებას. ი) სხვა საკითხებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  3. შეთავაზების დოკუმენტში ინფორმაცია უნდა იყოს მიუკერძოებელი, ნათელი და გასაგები ფორმით ჩამოყალიბებული. დოკუმენტის ჩანაწერმა არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში.  4. შეთავაზების დოკუმენტი უნდა გამოქვეყნდეს ემიტენტის ვებგვერდზე, ადვილად წასაკითხი შრიფტით, ქართულ ენაზე. შეთავაზების დოკუმენტის ქართულ ენაზე გამოქვეყნების მოთხოვნა არ ზღუდავს შეთავაზების დოკუმენტის სხვა ენებზე გამოქვეყნებას. თუ ქართულ და სხვა ენებზე გამოქვეყნებულ შეთავაზების დოკუმენტებს შორის არის შეუსაბამობა ან მათი ინტერპრეტაცია შესაძლებელია სხვადასხვა მნიშვნელობით, მაშინ უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს. 5. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს შეთავაზების დოკუმენტის სიზუსტე და სისრულე ნებისმიერ დროს. ემიტენტმა, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს შეთავაზების დოკუმენტში ნებისმიერი საჭირო ცვლილების შეტანა ან განახლებული დოკუმენტის გამოქვეყნება რაიმე ცვლილების შემთხვევაში. 6. შეთავაზების დოკუმენტის ნებისმიერი განახლების შემთხვევაში ემიტენტმა ნათლად უნდა მიუთითოს შეთავაზების დოკუმენტის განახლების თარიღი და უზრუნველყოს, რომ ყველა წინა ვერსია ადვილად ხელმისაწვდომი იყოს იმავე ფორმატით და ადგილას, სადაც ისინი თავდაპირველად გამოქვეყნდა. შეთავაზების დოკუმენტის ყველა ვერსიის ჩანაწერები უნდა ინახებოდეს სულ მცირე 8 (რვა) წლის განმავლობაში, სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმოქცევიდან ამოღების დღიდან. მუხლი 14🔗. რეკლამა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ემიტენტი უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია წერილობით ან/და ზეპირად, მათ შორის, სხვადასხვა სახის საინფორმაციო საშუალებებით, სარეკლამო მიზნებისთვის. რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 2. რეკლამის ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს შეთავაზების დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას. 3. რეკლამა არ უნდა გასაჯაროვდეს შეთავაზების დოკუმენტის გამოქვეყნებამდე. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს რეკლამისთვის გამოყენებული ნებისმიერი დოკუმენტის ან განცხადების წარდგენა, ამ წესითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დააწესოს სხვა მოთხოვნები სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული რეკლამის შესახებ. მუხლი 15🔗. რისკების მართვის ჩარჩო 1. ემიტენტს უნდა გააჩნდეს ადეკვატური რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რათა ეფექტურად გამოავლინოს, შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს, ანგარიშგება აწარმოოს, გააკონტროლოს და შეამციროს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან და მის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკები. 2. ემიტენტმა უნდა უზრუნველყონ რისკების მართვის ჩარჩოს ეფექტიანობა და სისრულე ნებისმიერ დროს. ემიტენტმა, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უნდა უზრუნველყოს რისკების მართვის ჩარჩოს განახლება. 3. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ რისკების მართვის ჩარჩოს ყველა ვერსიის ჩანაწერები ინახებოდეს სულ მცირე 8 (რვა) წლის განმავლობაში, სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმოქცევიდან ამოღების თარიღიდან. 4. რისკების მართვის ჩარჩო უნდა შეესაბამებოდეს ემიტენტის საქმიანობის მასშტაბსა და კომპლექსურობას და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნებისმიერ დამატებით სტანდარტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ემიტენტს შემუშავებული, დამტკიცებული და დანერგილი უნდა ჰქონდეს რისკების მართვის ჩარჩო, რომელიც სულ მცირე, უნდა მოიცავდეს საოპერაციო რისკების მართვის პოლიტიკა-პროცედურებს და ითვალისწინებდეს შემდეგს: ა) საოპერაციო რისკების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის/პირის პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობასა და უფლება-მოვალეობებს; ბ) საოპერაციო რისკების  იდენტიფიცირების, აღრიცხვის, ანალიზის, შეფასებისა და მიტიგაციის ინსტრუმენტებს; გ) შიდა კონტროლისა და მონიტორინგის პრევენციულ და  დეტექციურ პროცედურებს და მექანიზმებს; დ) თაღლითობის რისკის მართვის პოლიტიკა-პროცედურას; ე) რისკის ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრას, მონიტორინგს და რეაგირებას; ვ) ბიზნესუწყვეტობის მართვას, რომელიც უნდა მოიცავდეს საოპერაციო მდგრადობისა და ბიზნესუწყვეტობის გეგმას, რეაგირების მექანიზმებს და დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ შორის, კრიტიკული ფუნქციების, კრიტიკული შიდა/გარე მხარეების, ბიზნესზემოქმედების ანალიზის, კრიტიკული სცენარების, შეფერხების/წყვეტის დასაშვები ზღვრებისა და ლიმიტების განსაზღვრასა და მართვას; ზ) სიზუსტის რისკის მართვას, რაც მოიცავს პროცესთან დაკავშირებული მონაცემთა რეგისტრაციის, დამუშავებისა და მართვის საინფორმაციო სისტემების გამართულობას მონაცემთა სიზუსტის, მთლიანობისა და ოპერატიულობის უზრუნველსაყოფად; თ) ხელით შესრულებული პროცესების აღრიცხვას, მათი ზეგავლენის შეფასებას საოპერაციო რისკზე; ი) მსხვილი საოპერაციო რისკების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების პროცედურას; კ) აუთსორსინგული პროცესების რისკის მართვას და მონიტორინგს; ლ) საოპერაციო რისკების შესახებ ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდული ღონისძიებების გეგმას; მ) საოპერაციო რისკების პოლიტიკა-პროცედურების რეგულარულ გადახედვის და განახლების პროცედურებს. 6. საოპერაციო პროცესის მართვისას  ემიტენტმა სულ მცირე უნდა უზრუნველყოს: ა) საოპერაციო პროცესისთვის საჭირო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ქონა და მათი საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება; ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება; გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა, მათ შორის, მომხმარებლის ავთენტიფიკაციის მონაცემების (მომხმარებლის სახელი, პაროლი და ავთენტიფიკაციის ნებისმიერი საიდუმლო კოდი) კონფიდენციალურობა და სათანადო გამოყენება. ავტენტიფიკაციის მონაცემები მინიჭებული უნდა იყოს უნიკალურად, ინახებოდეს და გადაიცემოდეს უსაფრთხოდ და დაცული იყოს არაავტორიზებული გამჟღავნების ან ბოროტად გამოყენებისგან; დ) აუთსორსინგული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება; ე) ბიზნესუწყვეტობის პროცესების უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელთა განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მათი ხელმისაწვდომობა; ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების (შესაბამისი თანამშრომლების)  აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და სამოქმედო სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი უფლება-მოვალეობები; ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად შენახვა; თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული პირების წვდომისგან; ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები); კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში. 7. ემიტენტის საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს: ა) დროის რეალურ რეჟიმში ჩანაწერების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა; ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით; გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში/ბაზებში ცენტრალიზებულად შენახვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადით; დ) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ე) ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა. 8. ემიტენტის მიერ შემუშავებული ბიზნესუწყვეტობის გეგმა (BCP) უნდა მოიცავდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმასაც (DRP). აღნიშნული გეგმა უნდა ასახავდეს ბიზნესის უწყვეტობის ღონისძიებების აღწერას, მათ შორის, კრიტიკული ოპერაციების მკაფიო იდენტიფიკაციას, ეფექტურ საგანგებო/სათადარიგო გეგმებს. ბიზნესუწყვეტობის გეგმის ტესტირება მიზანშეწონილია, განხორციელდეს რეგულარულად (სულ მცირე წელიწადში ერთხელ), მათი ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასების მიზნით. მუხლი 16🔗. კიბერუსაფრთხოება 1. ემიტენტს უნდა გააჩნდეს ეფექტური ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან და მის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისების მხარდამჭერი ყველა სისტემის კონფიდენციალურობას, ხელმისაწვდომობას და მთლიანობას. 2. ემიტენტს უნდა ჰქონდეს შემუშავებული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველი პოლიტიკა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ფორმალიზებულ პროცესებს და ეფექტური კონტროლის მექანიზმებს,  კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ფორმალიზებული პროცესები უნდა ემსახურებოდეს ინფორმაციის დაცვას შენახვის (data-at-rest), მიმოცვლის (data-in-transit), დამუშავებისა (data-in-use) და განადგურების პროცესებში; ბ) კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის პოლიტიკა-პროცედურებს, რომლებიიც დამტკიცებული უნდა იყოს ხელმძღვანელობის მიერ; გ) კიბერუსაფრთხოების რისკების უახლეს რეესტრს მოქმედი კონტროლის მექანიზმების მითითებით, რაც დამტკიცებული უნდა იყოს ხელმძღვანელობის მიერ; დ) თანამშრომლებისთვის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ტრენინგების და სიმულაციების ჩატარების ვალდებულებას სულ მცირე წელიწადში ერთხელ; ე) ქსელისა და სისტემების უსაფრთხოების ეფექტური კონტროლის მექანიზმებს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების კონფიგურაციების მართვას, ასევე შეღწევის დეტექციისა და პრევენციის მექანიზმების არსებობას; ვ) ინფორმაციის, მათ შორის, მომხმარებლების პერსონალური მონაცემებისა და  ტრანზაქციების ამსახველი ინფორმაციის, კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვის ეფექტური კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის მონაცემთა შიფრაციას; ზ) სისტემების განვითარების სასიცოცხლო ციკლის ეფექტური მართვის ჩარჩოს; თ) სისტემებსა და ინფორმაციაზე წვდომის მონიტორინგის ამსახველ სააღრიცხვო ჩანაწერებს (ე.წ. ლოგები). 3. ემიტენტი ვალდებულია: ა) სულ მცირე, წელიწადში ერთხელ განახორციელოს ქსელში ჩართულ ყველა სისტემაზე შეღწევადობის ტესტირება. აღნიშნული უნდა განახორციელოს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში; ბ) ქსელის სისუსტეებზე სკანირება განახორციელოს არანაკლებ წელიწადში ორჯერ; გ) ჰქონდეს სისტემების შეფერხებებსა და კიბერშეტევებზე რეაგირების გეგმები და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების მართვის პოლიტიკა-პროცედურა, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დადასტურებული კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ეროვნულ ბანკთან დაუყოვნებლივ გაზიარებას. მუხლი 17🔗. მომხმარებელთა უფლებების დაცვა 1. ემიტენტი ვალდებულია: ა) იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიონალურად – მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) მომსახურების დაწყებამდე გაუზიაროს მომხმარებელს სტაბილური ვირტუალური აქტივით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები; გ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება გამოქვეყნებას ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებით; დ) აწარმოოს მომხმარებელთა საჩივრების აღრიცხვა ეროვნული ბანკის  სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. 2. ემიტენტს უნდა გააჩნდეს ვებგვერდი, სადაც უნდა გამოაქვეყნოს გაწეული მომსახურების ტარიფები, შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშგებები და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 3. ემიტენტის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის, სარეკლამო მიზნებისთვის) უნდა იყოს დამაჯერებელი, ნათელი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი. 4. ემიტენტი ვალდებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) გასაწევი მომსახურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა; ბ) მომხმარებლის მიერ წარსადგენი რეკვიზიტების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა მომხმარებლის დავალების სათანადოდ შესასრულებლად; გ) საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მაქსიმალური დრო; დ) მომხმარებლის მიერ ემიტენტისთვის გადასახდელი ყველა სახის საკომისიო და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი; ე) ემიტენტის მიერ დადგენილი დავალების მიღების დროის შუალედი და დროის ის მომენტი, რომლის შემდეგაც ემიტენტი წყვეტს მომხმარებლისგან დავალების მიღებას, თუ ემიტენტის მიერ ასეთი დრო დადგენილია. ასევე დროის ის მომენტი, რის შემდგომაც მიღებული დავალება ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად; ვ) ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ; ზ) მომხმარებლისა და ემიტენტის უფლება/მოვალეობები მომსახურების მიღების/გაწევის პროცესში, ასევე ორივე მხარის ვალდებულება საეჭვო ან თაღლითური ოპერაციების გამოვლენის შემთხვევაში; თ) ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და არასანქცირებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ; ი) ემიტენტის მიერ განსაზღვრული სხვა საკითხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. თუ მომხმარებლის დავალების შესრულებაში მონაწილეობს მესამე პირი, ემიტენტი ასევე ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია აღნიშნული პირის მიერ საკომისიოს შესაძლო დაკავების შესახებ. მუხლი 18🔗. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობა ემიტენტი ვალდებულია დაიცვას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის: ა) დაიცვას რეგისტრაციის წესით, მათ შორის, მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) დანერგოს ისეთი ტექნიკური ან/და ოპერაციული მექანიზმები და პოლიტიკა/პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს  კანონმდებლობით, მათ შორის „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ემიტენტის  მიერ მომსახურების შეჩერებას და სხვა სააღსრულებო ღონისძიებების საკუთარი სქემის ფარგლებში შესრულებას. მუხლი 19🔗. სანქციები 1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები (მათ შორის, ფულად ჯარიმა). 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ამ წესის შესაბამისად გაცემული თანხმობა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ: ა) დარღვეულია ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები სარეზერვო აქტივების ან/და კაპიტალის მიმართ; ბ) პირველადი შეთავაზება განხორციელდა ამ წესის დარღვევით; გ) ეროვნულ ბანკში წარდგენილია ცრუ ან/და არასრული ინფორმაცია; დ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტს მოსთხოვოს ოპერაციების როგორც სრული შეჩერება/შეზღუდვა, ასევე მხოლოდ კონკრეტულ აქტივ(ებ)თან ან/და პირ(ებ)თან მიმართებით დაუწესოს აღნიშნული შეზღუდვა. მუხლი 20🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს ამ წესის ამოქმედების შემდგომ განხორციელებულ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებაზე. (მათ შორის, გამოშვებაზე). 2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე ახორციელებდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებას ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ამ წესის ამოქმედებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, გააგრძელოს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება (მათ შორის, გამოშვება) კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი გეგმავს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების (მათ შორის, გამოშვების) შეწყვეტას, იგი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, ამ წესის ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, მიაწოდოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს აღნიშნულ პირს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების (მათ შორის, გამოშვების) შეწყვეტამდე, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა.