გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13722-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №2/13722-15

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2025 წლის  24 დეკემბერი 

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ საბაძე

განმცხადებელი – შპს „გლინულა“ (ს/ნ 404899687)

გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – სალომე ამნიაშვილი

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გლინულას“ დირექტორმა გელა ჯავაშვილმა და მოითხოვა შპს „გლინულას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „გლინულას“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს „გლინულას“ (საიდენტიფიკაციო ნომრით: 4048996873) დირექტორს გელა ჯავაშვილს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2015 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კრედიტორმა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „გლინულას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს „გლინულას“ (ს/ნ 404899687) გადახდისუუნარობის საქმეზე დამტკიცდა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება, ამავე განჩინებით შეწყდა შპს „გლინულას“ (ს/ნ 404899687) საქმეზე ქონების მოძიება და სამეურვეო მასიდან ამოირიცხა 25 ფიზიკური/იურიდიული პირების მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით აღიარებულ იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შპს „გლინულას“ მიმართ 1200 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში ასახული იქნა მე-2 რიგის მოთხოვნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით აღიარებულ იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა მეურვის ფუნქციის განხორციელებისას – 5 000 ლარის, ხოლო გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – 5000 ლარის ოდენობით, (ჯამში 10 000 ლარის ოდენობით) და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა პირველი რიგის მოთხოვნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება 2025 წლის 24 დეკემბერს შპს „გლინულას“ გადახდისუუნარობის საქმეზე საბოლოო ანგარიშის მოსმენის, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით.

2025 წლის 24 დეკემბერს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს გლინულას გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმადაც: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას მოვალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „გლინულას“ (ს/კ 404899687) კრედიტორული დავალიანება ჯამში შეადგენდა 605 584.97 ლარს. მოვალე საწარმო ფლობდა 67 დასახელების მოძრავ ქონებას და გააჩნდა დებიტორული მოთხოვნა, რომელიც საერთო ჯამში შეადგენდა 190 568.45 ლარს. ასევე მოვალე საწარმოს წარმომადგენლის განცხადებით 2015 წლის თებერვალ-მარტის თვეში შპს „გლინულამ“ (ს/კ 404899687) მოახდინა მოძრავი ქონებების რეალიზება შპს „იბერია სთილზე“ (ს/კ 416316285). მეურვემ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და საბანკო დაწესებულებებიდან. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია კომპანიის ანგარიშების შესახებ, საბანკო დაწესებულებდან მიღებული პასუხის მიხედვით მოვალეს დადებითი ნაშთი არ გააჩნდა საწარმოს კუთვნილ ანაგარიშებზე. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რის მიხედვითაც მოვალე საწარმო არ იყო რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. 2016 წელს გაკოტრების მმართველმა დავალიანების დაფარვის მიზნით ასევე მიმართა საწარმოს 28 დებიტორს. იმავე წელს განხორციელდა მოძრავი ქონების შეფასება, 67 დასახელების მოძრავი ნივთის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2016 წლის 16 მაისის (N 49128) შეფასების დასკვნის მიხედვით შეადგინა 29 159 ლარი. 2016 წლის 8 იანვრის განცხადების მიხედვით საწარმოს ყოფილმა დირექტორმა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს მომართა წერილობით და მოითხოვა საწარმოს ტერიტორიაზე არსებული მოვალე კომპანიის კუთვნილი ქონების, კერძოდ, რკინის ხენჯის ადგილმდებარეობის ცვლილება, რაზეც დაეთანხმა გაკოტრების მმართველი და გასცა ნებართვა ზემოთ ხსენებული ქონების ადგილმდებარეობის ცვლილებაზე. 2023 წელს გაკოტრების მმართველმა განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან, საბანკო დაწესებულებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან. ასევე განმეორებით გაეგზავნათ მიმართვები დებიტორული დავალიანების მქონე 24 ფიზიკურ და იურდიულ პირს. თუმცა მიმართვების უმეტესი ნაწილი ადრესატებს არ ჩაბარებია. დებიტორული დავალიანების დაფარვა მოხდა მხოლოდ ორი პირის მიერ, კერძოდ, შპს „აბსოლუტპლიუსის" (ს/ნ 205060299) მიერ განხორცილდა 1506.58 ლარის ოდენობით თანხის გადარიცხვა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2016 წელს. ასევე, შპს „RMG GOLD“-მა (ს/ნ: 225359947) განახორციელა 3.55 ლარის ოდენობით თანხის გადარიცხვა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2024 წელს. ხოლო ერთი სავარაუდო დებიტორული მოთხოვნის მქონე ფიზიკური პირის განცხადებით, მას არ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება მოვალე საწარმოსადმი. იმავე წელს, ასევე განხორციელდა მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონების განმეორებითი ინსპექტირება. 2023 წლის 16 ნოემბრის შეფასების დასკვნის მიხედვით კომპანიის მოძრავი ქონება (კერძოდ 66 დასახელების მოძრავი ნივთი) შეფასებულ იქნა 11 912 ლარად და სრულად გადმოტანილ იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს საწყობში. სამეურვეო მასის გადატანის პროცესში ქონების წონისა და მოცულობიდან გამომდინარე საჭირო გახდა სპეციალური მძიმე ტექნიკის გამოყენება, კერძოდ დაქირავებულ იქნა სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დახმარებითაც მოხდა ქონების ტრანსპორტირება განთავსების ადგილიდან (ქ.რუსთავიდან) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს საწყობში (ქ. თბილისში). განმეორებითი ინსპექტირებისას ვერ იქნა მოძიებული ერთი დასახელების მოძრავი ქონება, კერძოდ, რკინის ხენჯი (97.48 ტონა) ჯამურად 14 622 ლარის ღირებულების 2016 წლის 16 მაისის №49128 დასკვნის მიხედვით. ადგილზე გაკეთდა სიტყვიერი განმარტება საწარმოს ყოფილი დირექტორის მიერ, მისი განმარტებით, ზემოთ ხსენებული ნივთი გადატანილი იქნა საწარმოს მიმდებარე ყოფილ ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ, ვინაიდან რკინის ხენჯი წარმოადგენდა ფხვიერ მასას იგი წლების განმავლობაში გაიფანტა ჰაერზე, ქარზე და შეერია მიწის მასებს, რომლისგან გამოცალკევებაც შეუძლებელი იყო. იმავე ადგილზე არსებობდა სხვა საწარმო, რომლის მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ ხელი შეუწყო რკინის ხენჯის გაფანტვას და მის მიწასთან შერევას. აღნიშნული ინფორმაცია ასევე წერილობით დაადასტურა საწარმოს ყოფილმა დირექტორმა და მოაწოდა გაკოტრების მმართველს. 2024 წლის 6 დეკემბერს გამართულ კრებაზე, გაკოტრების მმართველი წარსდგა მოხსნებით კრედიტორთა კრების წინაშე და მიმართა კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტის მფლობელ კრედიტორს გადაწყვეტილების მიღებისათვის ზემოთხსენებული ქონების მოძიების შეწყვეტის და სამეურვეო მასიდან ამორიცხვის თაობაზე. განსახილველი საკითხის თაობაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოძიების გაგრძელებას. გაკოტრების მმართველი მოვალე საწარმოს დირექტორთან ერთად განმეორებით გამოცხადდა საწარმოს ყოფილ ტერიტორიაზე მოძრავი ქონების, კერძოდ რკინის ხენჯის მოძიების მიზნით. განმეორებითი ინსპექტირებისას კი დადგინდა, რომ მოძრავი ქონება, კერძოდ, რკინის ხენჯი არ იმყოფებოდა მოცემულ ტერიტორიაზე, საწარმოს დირექტორის განმარტებით რკინის ხენჯი იმდროინდელი მდგომარეობით აღარ არსებობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე შედგა ოქმი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველმა შეწყვიტა ქონების მოძიება მოვალე საწარმოს საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე, კერძოდ რკინის ხენჯზე. 2025 წლის 18 მარტს გაკოტრების მმართველმა განმეორებით მიმართა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტს მოძრავი ქონების გადაფასების მიზნით, ამავე წლის 18 აპრილის შეფასების №27010 დასკვნის მიხედვით საწარმოს სამეურვეო მასის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 13 046 ლარი. 2024 წლის 3 ივლისს გაკოტრების მმართველმა მიმართა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტს არამატერიალური ქონებრივი აქტივების (დებიტორული მოთხოვნების) შეფასების მიზნით. 2024 წლის 22 ივლისის № 50887 პასუხის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტები არ იყო საკმარისი და საჭირო იყო დებიტორული მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუმცა 2023 წლის 20 ნოემბრის მოვალე საწარმოს ყოფილი დირექტორის გელა ჯავაშვილის (პ/ნ 35001044807) განცხადების მიხედვით იგი არ ფლობდა ინფორმაციას დებიტორული მოთხოვნების დამადასტურებელი მტკიცებულებების განთავსების ადგილის თაობაზე. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საწარმოს წარმომადგენლის განცხადებით მათ არ გააჩნდათ დამატებით რაიმე – სახის ვალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება და ამავდროულად ვერ ხორციელდებოდა სავარაუდო დებიტორული მოთხოვნის მქონე პირებთან კომუნიკაცია, ვერ დგინდებოდა ზემოთხსენებული ქონების საბაზრო ღირებულება, გაკოტრების მმართველმა მიმართა კრედიტორთა კრებას, რათა მიეღო გადაწყვეტილება 26 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის სამეურვეო მასიდან ამორიცხვის თაობაზე. განსახილველი საკითხის თაობაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოძიების გაგრძელებას. გაკოტრების მმართველმა 2025 წლის 3 აპრილს განმეორებით მიმართა 20 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა ზემოთხსენებული პირებიდან მხოლოდ ერთი პირის მიერ განხორციელდა უკუკავშირი, შპს „აღმშენებლობა ს.მ.ბ-ის“ (ს/ნ 245433829) უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას არ გააჩნდა დავალიანება მოვალე საწარმოს მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველმა შეწყვიტა ქონების მოძიება მოვალე საწარმოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, კერძოდ 26 დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „სამეურვეო ქონება იყიდება აუქციონის გზით და მის რეალიზაციას ახდენს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.“ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „გლინულას” (ს/კ 404899687) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, 2025 წლის 8 მაისს საჯარო აუქციონზე განათავსა შპს „გლინულას” (ს/კ 404899687) ქონება (ლოტი:#72993). აუქციონის ხანგრძლივობა განისაზღვრა 8 დღით და დასრულდა უშედეგოდ. კანონის დანაწესის თანახმად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ტარდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. შესაბამისად გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „გლინულას“ (ს/კ 404899687) სამეურვეო ქონების პირველ განმეორებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მიმართა სსიპ – შემოსავლების სამსახურს როგორც ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელ კრედიტორს პოზიციის დაფიქსირების თაობაზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიმართვაზე პასუხად გამოგზავნილ წერილში არ იყო მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია რეალიზაციის ფორმის და ლოტის საწყისი ფასის შესახებ, შესაბამისად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: „აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს“.

პირველი განმეორებითი აუქციონი განთავსდა 2025 წლის 12 ივნისს 17:00 საათზე ერთიან ლოტად (ლოტი:#73784) და საწყის ფასად განისაზღვრა 3261.5 ლარი და დასრულდა 2025 წლის 20 ივნისს უშედეგოდ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-111 მიხედვით:“ თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მეორე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მეორე აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ – ნაწილ რეალიზაცი ის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.“ მეორე განმეორებითი აუქციონი დაიწყო 2025 წლის 01 ივლისს 17:00 საათზე ერთიან ლოტად (ლოტი:#74228). აუქციონის ხანგრძლივობა განისაზღვრა 08 დღით და დასრულდა მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით 2025 წლის 08 ივლისს 17:00 საათზე. სამეურვეო მასა რეალიზდა 1304.60 ლარად, შემძენმა სრულად გადაიხადა შეძენილი ქონების საფასური, აღნიშნული თანხიდან, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში გადაირიცხა დამატებითი ღირებულების გადასახადი 199.01 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დარჩენილი თანხის ოდენობამ შეადგინა 1105.59 ლარი. საბოლოოდ, გაკოტრების საქმის წარმოების შედეგად გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებული და კრედიტორებისათვის გადასაცემი/გასანაწილებელი თანხა ჯამში შეადგენს 2 615.71 ლარს. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. თუმცა ვინადაინ, სამეურვეო მასის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ არის საკმარისი კრედიტორთა რეესტრის პირველ რიგში მდგომი კრედიტორის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის სრულად დასაფარად კრედიტორთა რეესტრის შემდგომი რიგები რჩება დაუკმაყოფილებელი, ხოლო თანხა 2 615.71 ლარი სრულად ირიცხება სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 13 პუნქტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. აუქციონზე რეალიზებული სამეურვეო ქონების ერთიან ლოტად შემძენმა უარი განაცხადა ამ შესაძლებლობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელება, სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების გეგმის შედგენა კრედიტორებს შორის უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება შპს „გლინულას (ს/კ 404899687) საბოლოო ანგარიშის დამტკიცების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

2025 წლის 24 დეკემბერს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი თამარ რობაქიძე არ დაეთანხმა გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, შესაბამისად არ დაეთანხმა შპს „გლინულას“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების მოთხოვნას. მისი განმარტებით, მოცემულ საქმეზე ასევე მიმდინარეობს ზიანის ანაზღაურების დავა, შესაბამისად აღნიშნული დავა შპს „გლინულას“ გადახდისუუნარობის საქმესთან უშუალო კავშირშია.

გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სალომე ამნიაშვილის განმარტებით, თუ ზიანის ანაზღაურების დავაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თუ დაეკისრებათ გარკვეულ პირებს თანხის გადახდის ვალდებულებები შპს „გლინულას“ მიმართ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული თანხა ჩათვლილი იქნეს სამეურვეო მასაში, ისე როგორც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ აღმოჩენილი ქონება და ისე განაწილდეს კრედიტორებზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სალომე ამნიშვილის პოზიცია.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა 2 615.71 ლარი სრულად უნდა განაწილდეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს შპს „გლინულას“ (ს/ნ 404899687) გაკოტრების საქმის წარმოება.

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „გლინულას“ (ს/ნ 404899687) რეგისტრაცია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე და განხორციელდეს სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა.

3. შპს „გლინულას“ (ს/ნ 404899687) დაეკისროს 2 615.71 ლარის გადახდა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ.

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge).

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 მოსამართლე                                                                             თამარ ბურჯანაძე