„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) ვებსაიტი − ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვებტექნოლოგიებით შექმნილი (მის მფლობელობაში არსებული), ურთიერთდაკავშირებული ვებგვერდების, ციფრული შინაარსისა და ფუნქციების ორგანიზებული ერთობლიობა, რომელსაც აქვს კონკრეტული ვებმისამართი და რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის, ინტრანეტის ან ექსტრანეტის მეშვეობით, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, მათ შორის, ვებბრაუზერით;
ნ) აპლიკაცია − ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან კერძო სამართლის სუბიექტისთვის შექმნილი (მის მფლობელობაში არსებული) პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული მოწყობილობით და პირს აძლევს ინფორმაციის მიღების, მომსახურებით ან ციფრული ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობას, გარდა კომპიუტერული მოწყობილობის ოპერაციული სისტემისა და იმ პროგრამული უზრუნველყოფისა, რომლითაც უშუალოდ ფუნქციონირებს ეს მოწყობილობა.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:
„მუხლი 361. ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტის ვალდებულებები თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
1. ადმინისტრაციული ორგანო და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი ვალდებული არიან უზრუნველყონ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა. ამ მუხლით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ ვებსაიტზე, რომელიც ექსკლუზიურად პირთა შეზღუდული წრისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომია ინტრანეტის ან ექსტრანეტის მეშვეობით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება:
ა) იმ კერძო სამართლის სუბიექტის ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს:
ა.ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მომსახურებას;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებას (სამედიცინო დაწესებულება) ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილ სოციალური დაცვის პროგრამას;
ა.გ) სადაზღვევო მომსახურებას (მზღვეველი);
ა.დ) საბანკო საქმიანობას (კომერციული ბანკი, მიკრობანკი) ან მიკროსაფინანსო საქმიანობას (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია);
ა.ე) კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით, წყალმომარაგებით) ან ინტერნეტქსელით მომსახურების საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას (ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია);
ა.ვ) ავტოსატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანას;
ბ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელთა საშუალებითაც იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს:
ბ.ა) სურსათის საცალო რეალიზაციას (ბიზნესოპერატორი);
ბ.ბ) ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას (ავტორიზებული აფთიაქი, აფთიაქი, საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი);
ბ.გ) საფოსტო/საკურიერო მომსახურებას;
ბ.დ) მესამე პირის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც გამოქვეყნდა (ხელმისაწვდომი გახდა) 2027 წლის 1 სექტემბრამდე და რომელთა ინფორმაციული განახლება 2027 წლის 1 სექტემბრის შემდეგ არ ხორციელდება. ვებსაიტის ან აპლიკაციის ინფორმაციული განახლების განხორციელებად არ ჩაითვლება მასზე/მასში განთავსებული მასალის ტექნიკური რედაქტირება.
5. ამ მუხლით დადგენილი წესი არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებას, ჰქონდეთ ვებსაიტები და აპლიკაციები.
6. ამ მუხლის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ის კერძო სამართლის სუბიექტი, რომელიც ამ მუხლში მითითებული არ არის, თავისუფლდება თავისი პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამის ან/და მომსახურების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად შექმნის ან/და ადაპტირების ამ კანონით განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებისგან.
7. ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის მიერ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციად ჩაითვლება. შესაბამისი პირი უფლებამოსილია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებები.
8. საქართველოს მთავრობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ვებსაიტისა და აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს, აგრეთვე განსაზღვრავს ვებსაიტისა და აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ გავრცელდება.
9. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტისთვის პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპი.“.
1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით 2027 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ვებსაიტისა და აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, აგრეთვე განსაზღვროს ვებსაიტისა და აპლიკაციის ის მასალები, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ გავრცელდება.
2. ადმინისტრაციულმა ორგანომ და ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის სუბიექტებმა უზრუნველყონ 2027 წლის 1 სექტემბრიდან გამოქვეყნებული (ხელმისაწვდომი) თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ვებსაიტისა და აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა.
3. ადმინისტრაციულმა ორგანომ და ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის სუბიექტებმა 2031 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ 2027 წლის 1 სექტემბრამდე გამოქვეყნებული (ხელმისაწვდომი) თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ვებსაიტისა და აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.
| საქართველოს პრეზიდენტი | მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი, 31 მარტი 2026 წ. N1426-Vმს-XIმპ |