„დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის №05/63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/44
2026 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა, რომელიც გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და მტკიცდება საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ.“;
ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას გასცემს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – ეროვნული სააგენტო).“;
გ) მე-2 მუხლის მე-7–მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს კულტურული ფასეულობა ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით დარგის სპეციალისტებისგან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის (შემდგომ – საკონსულტაციო ჯგუფი) სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასატანად/დროებით გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ:
ა) კულტურულ ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი;
ბ) კულტურული ფასეულობა წარმოადგენს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კულტურულ ფასეულობას;
გ) კულტურული ფასეულობა წარმოადგენს საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
8. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე კულტურული ფასეულობის წარდგენის ვალდებულების შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
9. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე წარსადგენად არ წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას, ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს.
10. საკონსულტაციო ჯგუფი ვიზუალური შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული კულტურული ფასეულობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისა ან დროებით გატანის მიზანშეწონილობის შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის მიერ რეკომენდაციის მიღების წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
11. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაცია ოქმის სახით გადაეცემა ეროვნული სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს.
12. თუ საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის თანახმად წარდგენილი კულტურული ფასეულობა საჭიროებს სპეციალურ შესწავლას, რეკომენდაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო მოწმობის გაცემის ვადის არაუმეტეს 3 თვით გახანგრძლივების შესახებ.
13. საკონსულტაციო ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ.“;
დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლში მითითებული დროებით გასატანი კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის საკითხს იხილავს საკონსულტაციო ჯგუფი, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“;
ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, რომელთა გატანისა და დროებით გატანის საკითხს იხილავს საკონსულტაციო ჯგუფი
1. კულტურული ფასეულობები, რომლებიც ექვემდებარება საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე განხილვას:
ა) არქიტექტურული, ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლების შემადგენელი ნაწილები და მათი ფრაგმენტები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება;
ბ) მხატვრული მნიშვნელობის მქონე ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება;
გ) გამოჩენილი გარდაცვლილი ხელოვანების მხატვრული მნიშვნელობის მქონე ნაწარმოებები;
დ) ხატები და საკულტო დანიშნულების ნივთები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება;
ე) ხელით შესრულებული მოზაიკა, ნახატები, ორიგინალური გრავიურები, ოფორტები, ანაბეჭდები, მათი შესაბამისი ლითოგრაფიული მატრიცები და ორიგინალური პლაკატები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება;
ვ) ქანდაკებების ორიგინალები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება;
ზ) ნებისმიერი პერიოდის არქივები და საარქივო დოკუმენტები, ნებისმიერი სახის, ნებისმიერ მატარებელზე;
თ) ფოტო, ფონო, კინომასალები და მათი ნეგატივები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება;
ი) ინკუნაბულები, ხელნაწერები, სიგელები, გუჯრები, სანოტო მასალა, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება და აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება;
კ) წიგნები და სხვა ბეჭდური გამოცემები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება ან გამოცემულია მცირე ტირაჟით;
ლ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები და მათი ფრაგმენტები;
მ) სამეცნიერო ინტერესის მქონე კოლექციები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება;
ნ) სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება;
ო) ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები;
პ) საბრძოლო და საპატიო ჯილდოები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება ან რაოდენობა შეზღუდულია;
ჟ) მხატვრულად გაფორმებული ცივი იარაღის ნიმუშები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება;
რ) მხატვრულად გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღის ნიმუშები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება;
ს) ხელით ნაქსოვი სახალიჩო ნაწარმი და გობელენები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება;
ტ) ხელით დამზადებული ხემიანი მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება;
უ) კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება;
ფ) მხატვრულად გაფორმებული ხალხური საკრავები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება;
ქ) 100 წელზე მეტი ხნის წარწერა, ბეჭედი, იშვიათი მონეტები, საბანკო ბილეთები და ბანკნოტები;
ღ) მიმოქცევიდან ამოღებული იშვიათი საფოსტო ნიშნები;
ყ) სხვა მოძრავი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება;
შ) სხვა ნებისმიერი ანტიკვარული ნივთი, მათ შორის, ეთნოგრაფიული მასალა, თუ მისი ასაკი 100 წელს აღემატება (გარდა სერიული ნაწარმისა):
შ.ა) სათამაშოები;
შ.ბ) საიუველირო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან;
შ.გ) ავეჯი და ინტერიერის სხვა საგნები;
შ.დ) ოპტიკური ხელსაწყოები, ფოტოგრაფიული ან კინემატოგრაფიული აპარატები;
შ.ე) ნებისმიერი სახის საათები;
შ.ვ) ხის ნაკეთობები;
შ.ზ) კერამიკა;
შ.თ) დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
2. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკითხი განიხილება საკონსულტაციო ჯგუფის მიერ, რომელიც შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს. გადაწყვეტილება მიიღება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე.“.
| საქართველოს კულტურის მინისტრი | თინათინ რუხაძე |