„სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
310010010.10.003.025681
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2026 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2024, 310010010.10.003.024789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება − სარკინიგზო ხაზებზე თვლებით გადაადგილებადი სატრანსპორტო საშუალება, წევით ან მის გარეშე, რომელიც შედგება ერთი ან მეტი სტრუქტურული და ფუნქციური ქვესისტემისგან;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი − იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტები – სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სხვა სუბიექტები, რომელთაც პოტენციური გავლენა აქვთ რკინიგზის სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, მათ შორის, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, მწარმოებელი, მფლობელი, დამკვეთი საწარმო, გადამზიდველი, ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები, დამტვირთავი, გადმომტვირთავი, შემვსები და დამცლელი.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს, უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში, დამატებით, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება არ  გააჩნია. აღნიშნული საქმიანობა უნდა აისახოს უსაფრთხოების სერტიფიკატის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში და რეგულირდებოდეს სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემით.“.

3. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფრასტრუქტურის მენეჯერს/სარკინიგზო საწარმოს მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ან ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვს მხოლოდ იმ სარკინიგზო საწარმოსთან/მისასვლელი ლიანდაგის მფლობელთან, რომელსაც გააჩნია მოქმედი უსაფრთხოების  სერტიფიკატი/ავტორიზაცია.“.

4.  VII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:

 

თავი VII1

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი

მუხლი 181. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ამ წესის X დანართის მოთხოვნებთან შესაბამისობას, სავალდებულოა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ სარკინიგზო საწარმოზე ან ინფრასტრუქტურის მენეჯერზე, რომელიც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს მხოლოდ საკუთარი საოპერაციო საქმიანობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი ახორციელებს სატვირთო ვაგონების მოვლა-შენახვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს სარკინიგზო ქსელში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება:

ა) არ არის განკუთვნილი ევროკავშირის სარკინიგზო ქსელში გამოსაყენებლად;

ბ) დაპროექტებულია ან/და განკუთვნილია 1520 მმ ზომის ლიანდის მქონე სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გამოსაყენებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ ან სხვა ქვეყნის რკინიგზის მფლობელობაში არსებულ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ შესაბამისი ხელშეკრულებების/შეთანხმებების საფუძველზე გამოიყენება საქართველოს სარკინიგზო ქსელში და რომელთა მოვლა-შენახვა და ტექნიკური მომსახურება ხორციელდება იმ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც რეგისტრირებულია აღნიშნული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება.

4. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებას, პასუხისმგებელია მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე აღნიშნული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სარკინიგზო ქსელში ყოფნის პერიოდში.

5. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო 5 წლის ვადით. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, განაახლოს, შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი.

6. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც ახორციელებს, არის ექსპლუატაციისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში. ამ მიზნით ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა შექმნას ტექნიკური მომსახურების სისტემა.

7. ტექნიკური მომსახურების სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ ფუნქციებს:

ა) მართვის ფუნქცია − ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ამ პუნქტის „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების ფუნქციების შესრულებას, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისთვის უსაფრთხო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, განსაზღვრავს ტექნიკური მომსახურების პოლიტიკასა და პასუხისმგებლობებს, ახორციელებს რისკების მართვასა და აუდიტს;

ბ) ტექნიკური მომსახურების განვითარების ფუნქცია − პასუხისმგებელია მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კონფიგურაციის მართვაზე, საპროექტო და საექსპლუატაციო მონაცემებზე, აგრეთვე, მუშაობის ეფექტიანობასა და გამოცდილებით მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მათ შორის, ადგენს ტექნიკური მომსახურების გეგმებს, ახორციელებს მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მონაცემების მუდმივ კონტროლსა და განახლებას, აანალიზებს მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მოცულობასა და პერიოდულობას, აგრეთვე, ასახავს ცვლილებებს ტექნიკური მომსახურების სისტემაში;

გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების პარკის მოვლა-შენახვისა და ტექნიკური მომსახურების მართვის ფუნქცია − პასუხისმგებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისათვის მიწოდებასა და ტექნიკური მომსახურების შემდეგ მის ექსპლუატაციაში დაბრუნებაზე. მათ შორის, რეალურ დროში ახორციელებს თითოეული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევის ვადებისა და სტატუსის მონიტორინგს, რის საფუძველზეც გეგმავს კონკრეტული მოძრავი შემადგენლობის გამოთხოვას ექსპლუატაციიდან ტექნიკურ მომსახურებაზე წარდგენის მიზნით; აწარმოებს კომუნიკაციას შესაბამის სარკინიგზო საწარმოსთან და ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელ პირთან; უზრუნველყოფს, რომ ტექნიკური მომსახურების გაწევის შემდეგ მოძრავი შემადგენლობისთვის მომზადდეს სათანადო დოკუმენტაცია, მისი ექსპლუატაციაში დაბრუნების მიზნით; 

დ) ტექნიკური მომსახურების განხორციელების ფუნქცია − პასუხისმგებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილებისთვის საჭირო ტექნიკური მომსახურების უშუალოდ გაწევაზე მიმდინარე შეკეთების პუნქტებში, დეპოებში, ქარხნებსა და სარემონტო საამქროებში; ექსპლუატაციაში დაბრუნებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაზე, სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართვის ფუნქციას უნდა ასრულებდეს უშუალოდ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების ერთი ან რამდენიმე ფუნქციის შესრულების უფლებამოსილება გადასცეს მესამე პირს, რის შესახებაც ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა აცნობოს სააგენტოს. 

9. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, თუ როგორ აკმაყოფილებს ამ წესის X დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს იმ ფუნქციებთან მიმართებით, რომელთა შესრულებაც, მისი გადაწყვეტილებით, მესამე პირს გადაეცემა ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

10. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებელია მის მიერ მესამე პირისათვის ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გადაცემული ფუნქციების შესრულებაზე.

11. სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირს, რომლისთვისაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ არის სავალდებულო ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ქონა, შეუძლია განცხადების წარდგენა სააგენტოში აღნიშნული სერტიფიკატის მისაღებად, ნებაყოფლობით საფუძველზე.

12. სარკინიგზო საწარმოებმა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებმა, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იმ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების პირობები, რომელთა ექსპლუატაციასაც ახორციელებენ, უნდა ასახონ საკუთარ უსაფრთხოების მართვის სისტემაში, უსაფრთხოების სერტიფიცირებისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის განცხადების განხილვის პროცესში შეფასების მიზნით.

მუხლი 182. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ჰქონდეს მოქმედი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი და საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით;

ბ) უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების სისტემის შესაბამისობა ამ წესის X დანართით დადგენილ მოთხოვნებთან და ტექნიკური მომსახურების სისტემით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

გ) განახორციელოს იმ პირების მონიტორინგი და საქმიანობის კოორდინაცია, რომლებზეც ამ წესის 181 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გადაცემული აქვს ტექნიკური მომსახურების ფუნქციები;

დ) არ გადასცეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი გამოყენებისათვის მესამე პირს;

ე) წარუდგინოს მოთხოვნა სააგენტოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ მომსახურებაში უნდა განხორციელდეს არსებითი ცვლილებები ან/და იგეგმება ისეთი სახის საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ არის მითითებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში;

ვ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში მითითებული მონაცემების ცვლილების დღიდან (გარდა ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ცვლილებებისა) 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს განცხადება არსებულ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში მონაცემების შეცვლის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ყველა საჭირო მონაცემისა და დოკუმენტის წარდგენა და  სააგენტოს უფლებამოსილი პირების დაშვება შესაბამის ობიექტებზე.

მუხლი 183. ტექნიკური მომსახურების პროცესში ჩართულ მხარეთა ვალდებულებები

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მომსახურებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამის სარკინიგზო საწარმოებს ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერებს მოთხოვნისთანავე, უშუალოდ ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მეშვეობით.

2. სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამის ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირს მოთხოვნისთანავე, უშუალოდ ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მეშვეობით.

3. ტექნიკური მომსახურების პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, როგორიცაა: სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ან მისი კომპონენტების მწარმოებელი, უნდა უზრუნველყოს ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, ამ წესის X დანართის პირველი ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

4. თუ ტექნიკური მომსახურების პროცესში ჩართულ რომელიმე მხარეს, სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, აქვს მტკიცებულება, რომ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი არ შეესაბამება საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.

მუხლი 184. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ანგარიში

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეიმუშაოს ანგარიში, რომელიც მოიცავს ბოლო გეგმური ინსპექტირებიდან 2 თვით ადრე და მომდევნო გეგმურ ინსპექტირებამდე 2 თვით ადრე არსებულ პერიოდს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:

ა) განმარტებებსა და დასაბუთებას შეუსაბამობების აღმოფხვრის ან/და გადაწყვეტის გზების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) ინფორმაციას განხორციელებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მოცულობის შესახებ;

გ) ინფორმაციას სარკინიგზო საწარმოების, ინფრასტრუქტურის მენეჯერებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ რისკების დონის განსაზღვრისა და შეფასების, აგრეთვე მონიტორინგის საერთო მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ;

დ) არსებობის შემთხვევაში, ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია:

დ.ა) იურიდიული პირის მფლობელობასთან;

დ.ბ) ორგანიზაციის მართვის პროცედურებთან;

დ.გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელია მოცემული პირი;

დ.დ) სამუშაო ობიექტებსა და კონტრაქტორებთან, მათ შორის, პროცესების ორგანიზებასა და აღჭურვილობასთან;

დ.ე) ამ წესის 181 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების ფუნქციების შესრულებასთან;

დ.ვ) მომხმარებლებთან გაფორმებულ სახელშეკრულებო პირობებთან, რაც დაკავშირებულია ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

დ.ზ) ტექნიკური მომსახურების სისტემასთან;

დ.თ) ამ წესის X დანართის II ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური მომსახურების განვითარების ფუნქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპონენტების ხარვეზებსა და გაუმართაობებთან და ტექნიკური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან;

დ.ი) პერსონალის კომპეტენციების მართვასთან;

ე) ანგარიშებს განხორციელებული შიდა აუდიტების შესახებ;

ვ) ინფორმაციას, სააგენტოს მიერ განხორციელებულ საზედამხედველო საქმიანობასა და მოკვლევის ბიუროს მიერ ჩატარებულ მოკვლევასთან დაკავშირებით.

3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი სააგენტოს ანგარიშს წარუდგენს სააგენტოს მიერ მომდევნო გეგმური ინსპექტირების განხორციელებამდე 1 თვით ადრე.

მუხლი 185. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მისაღებად/ვადის გასაგრძელებლად განცხადების წარდგენა და განხილვა

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, სერტიფიკატის მიღების/ვადის გაგრძელების მიზნით, ამ წესის XI დანართით განსაზღვრული განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მისაღებად შეიძლება, შემოიფარგლებოდეს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების განსაზღვრული კატეგორიით.

3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ვადა შეიძლება, გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სერტიფიცირების უწყვეტობა. სერტიფიკატის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ახალ სერტიფიკატს, ამ წესით განსაზღვრული მოქმედების ვადით.

4. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად განცხადების წარდგენისას განმცხადებელი წარადგენს ამ წესის XI დანართით გათვალისწინებულ განცხადებას და აღწერს ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მოქმედი სერტიფიკატის გაცემის შემდგომ.

5. სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის/ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადების ფორმალურ შესაბამისობას ამ წესის XI დანართთან.

6. XI დანართთან განცხადების ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სააგენტო განცხადებას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში და 30 დღის ვადაში ამოწმებს, განცხადება და თანდართული დოკუმენტები მოიცავს თუ არა საკმარის ინფორმაციასა და მტკიცებულებას და არის თუ არა იმგვარად სტრუქტურირებული და ურთიერთდაკავშირებული, რომ შესაძლებელი იყოს მათი შესაბამისობის სათანადოდ შეფასება ამ წესით, მათ შორის, ამ წესის X დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სააგენტო ახორციელებს განცხადებით წარდგენილი მტკიცებულების ფაქტობრივი შინაარსის წინასწარ შეფასებას უსაფრთხოების მართვის სისტემის ხარისხის, საკმარისობისა და ადეკვატურობის შესახებ, პირველადი მოსაზრების ჩამოყალიბების მიზნით.

7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო 3 თვის ვადაში ამოწმებს, აქვს თუ არა განმცხადებელს დანერგილი ტექნიკური მომსახურების სისტემა, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით, ის უფლებამოსილია, განახორციელოს ვიზიტები ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ობიექტებზე.

9. სააგენტო უფლებამოსილია, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის/ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა ან/და ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, გახანგრძლივდეს ერთჯერადად, რა დროსაც ჩერდება ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემაზე/ვადის გაგრძელებაზე  უარის თქმის შესახებ.

11. განცხადების განხილვის შედეგად სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის/ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემაზე/ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

12. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის/ვადის გაგრძელების დამატებითი წესები შესაძლებელია, განისაზღვროს სააგენტოს ნორმატიული აქტით.

13. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის/ვადის გაგრძელების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირზე გაიცემა ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი.

მუხლი 186. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლება

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი ექვემდებარება განახლებას:

ა) თუ ტექნიკური მომსახურების სისტემაში უნდა განხორციელდეს არსებითი ცვლილებები;

ბ) თუ იგეგმება ისეთი სახის საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ არის მითითებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში;

გ) თუ იცვლება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში მითითებული მონაცემები, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ცვლილებებისა.

2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების მიზნით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი მიმართავს სააგენტოს ამ წესის XI დანართით გათვალისწინებული  განცხადების ფორმით, წარუდგენს ცვლილებების აღწერასა და შესაბამის მტკიცებულებებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში მითითებული მონაცემების შეცვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს განცხადება ამ სერტიფიკატის მონაცემების ცვლილებების შესახებ, მიუთითოს შეცვლილი მონაცემები და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო ახდენს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მონაცემების ცვლილებას განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

4. სააგენტო ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების შესახებ განცხადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას ამოწმებს განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო განცხადებას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში.

6. სააგენტო 2 თვის ვადაში ამოწმებს ცვლილებებს, რომლებიც შევიდა წინა განცხადების ფარგლებში წარდგენილ მტკიცებულებებში, რაც წარმოადგენდა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მოქმედი სერტიფიკატის გაცემის საფუძველს და უზრუნველყოფილია თუ არა მოთხოვნილი ცვლილების ფარგლებში სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება.

7. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს განმცხადებლის ინსპექტირება განმცხადებლის ობიექტებზე ვიზიტით.

8. სააგენტო უფლებამოსილია, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების შესახებ განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა ან/და ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, გახანგრძლივდეს ერთჯერადად, რა დროსაც ჩერდება ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება. 

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განცხადების განუხილველად დატოვების ან განახლებაზე უარის თქმის შესახებ.

10. განცხადების განხილვის შედეგად სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ  გადაწყვეტილებას:

ა) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების შესახებ;

ბ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლებაზე უარის თქმის შესახებ.

11. სააგენტოსათვის ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება არ გულისხმობს მისი მოქმედების ვადის გაგრძელებას.

12. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის განახლების დამატებითი წესები შესაძლებელია, განისაზღვროს სააგენტოს ნორმატიული აქტით.

მუხლი 187. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის შეჩერება და გაუქმება

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

2. სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მოქმედი სერტიფიკატი ან/და შეაჩეროს მისი ან მისი ნაწილის მოქმედება თუ აღმოაჩენს, რომ  ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის პირობებს.

3. ისეთი სახის დარღვევების გამოვლენის შემდეგ, რაც შესაძლოა, გახდეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ან მისი ნაწილის შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი, სააგენტომ წერილობით უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელს.

4. დარღვევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების შემდეგი ფორმები:

ა) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ნაწილობრივ შეჩერება, კერძოდ, ამ წესის  181 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის/ფუნქციების შესრულებისთვის, როდესაც გამოვლენილი დარღვევები დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ფუნქციის ნაწილებთან, გარდა ამ წესის 181 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართვის ფუნქციისა;

ბ) სხვა შემთხვევებში − ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის მოქმედების სრულად შეჩერება.

5. გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და მოსალოდნელი ან მიყენებული ზიანის მასშტაბის გათვალისწინებით, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო უფლებამოსილია, იმოქმედოს ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:

ა) დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელს აცნობოს გამოვლენილი დარღვევის შესახებ და დაუწესოს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი დარღვევა, სააგენტო შეაჩერებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს;

ბ) როდესაც სერიოზული საფრთხე ექმნება სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებას, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, შეაჩეროს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედება და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელს. ამასთან, სააგენტომ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელს უნდა აცნობოს გამოვლენილი დარღვევის შესახებ და დაუწესოს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში აღმოიფხვრა გამოვლენილი დარღვევა, სააგენტო აღადგენს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედებას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოსაფხვრელად დაწესებული ვადა შესაძლოა, გაგრძელდეს სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელის მიერ ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.

7. შეჩერებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მას შემდეგ, რაც ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის  მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს დარღვევის სრულად აღმოფხვრის შესახებ და წარუდგენს სათანადო მტკიცებულებებს ან განსაზღვრავს მაკორექტირებელ სამოქმედო გეგმას/გეგმებს დარღვევის აღმოსაფხვრელად, რომელიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 

8. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს, განაგრძოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით შეჩერებული ფუნქციის/ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეჩერებული სერტიფიკატის ან მისი ნაწილის მოქმედების აღდგენის შესახებ.

9. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში:

ა) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი მიმართავს სააგენტოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის შეჩერების მოთხოვნით;

ბ) როდესაც სააგენტო აღმოაჩენს, რომ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი აღარ ახორციელებს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ საქმიანობას, სულ მცირე, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.

10. სააგენტოს მიერ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი შესაძლოა, გაუქმდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის სრულად შეჩერების შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც გახდა სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი,  არ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს დადგენილ ვადაში, ან სააგენტოსთან არ შეათანხმებს შესაბამის მაკორექტირებელ სამოქმედო გეგმას/გეგმებს, ან არ ასრულებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

ბ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი წარადგენს მოთხოვნას ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის  გაუქმების შესახებ;

გ) თუ გამოვლინდება, რომ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი იყო მცდარი ან ყალბი მონაცემები;

დ) თუ ხდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი წყვეტს თავის საქმიანობას, როგორც იურიდიული პირი;

ე) თუ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი ამ წესის 182 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, არ მიიღებს შესაბამის ზომებს;

ვ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.“.

5. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესში, სააგენტოს უფლება აქვს, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, მას წვდომა უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერების, სარკინიგზო საწარმოებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირების შენობა-ნაგებობებზე, დანადგარებსა და აღჭურვილობაზე.“.

6. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. გარდამავალი დებულებები

1. 2025 წლის 1 იანვრამდე  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრირებულ და საქართველოს რკინიგზის სისტემაში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებსა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებზე, რომლებიც ექვემდებარებიან უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღებას/ავტორიზაციის მინიჭებას საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 20 ივნისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოქმედება, ხოლო, თუ აღნიშნული პირები არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღების/ავტორიზაციის მინიჭების მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავენ სააგენტოს, მათზე ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და  მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოქმედება არ გავრცელდება სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. 2026 წლის 1 სექტემბრამდე პირებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირებას საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად, არ ვრცელდება ამ წესის 181  მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, ხოლო, თუ აღნიშნული პირები არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრისა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მინიჭების მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავენ სააგენტოს, მათზე ამ წესის 181 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ გავრცელდება სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

7. I დანართის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) 5.1.3. ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მატარებლების არსებული და ახალი მარშრუტებისა და მომსახურების დაგეგმვა, მათ შორის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ახალი ტიპის გამოყენება, გარე მხარეებისაგან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების იჯარით აღება ან/და პერსონალის დაქირავება, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირებთან მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა საექსპლუატაციო მიზნებისათვის;“;

ა.ბ) 5.1.3. ქვეპუნქტის „გ“ − „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მატარებლებისა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მომზადება მოძრაობამდე, მსვლელობისთვის, მათ შორის, მატარებლის შემადგენლობა და შემოწმება გასვლამდე;

დ) მატარებლების ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სხვადასხვა საექსპლუატაციო პირობებში (ნორმალური, გაუარესებული გართულებული და საგანგებო);

ე) ექსპლუატაციიდან ამოღების მოთხოვნებისა და ექსპლუატაციაში დაბრუნების შეტყობინების ოპერაციების ადაპტირება, რაც გაცემულია ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირების მიერ;“;

ა.გ) 5.1.3. ქვეპუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მემანქანის კაბინებსა და მატარებლების მოძრაობის მართვის ცენტრებში გამოყენებული ინტერფეისების თავსებადობა ერთმანეთსა და აგრეთვე ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პერსონალის მიერ გამოყენებულ მოწყობილობებთან.“;

 

ა.დ) 5.2.5. ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „ა) შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის ფარგლებში ან გარე ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის (იხ. 5.3. (კონტრაქტორები, პარტნიორები და მიმწოდებლები)), კერძოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაუმართაობის, სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტებისა და აქტივის გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო შეზღუდვების შესახებ;“;

ა.ე) 5.5.8. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.5.8. ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირსა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან საგანგებო შემთხვევაში დასაკავშირებელი პროცედურა.“;

ბ) მე-7 პუნქტის 7.1.2. ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა დაინტერესებული მხარეების, როგორებიცაა სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირები და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, ანგარიშებისა და მათგან მიღებული ინფორმაციის განხილვა და გათვალისწინება.“.

8. II დანართის:

ა) მე-5 პუნქტის 5.2.5. ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის ფარგლებში ან გარე ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის (იხ. 5.3. (კონტრაქტორები, პარტნიორები და მიმწოდებლები)), კერძოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაუმართაობის, სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტებისა და აქტივის გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო შეზღუდვების შესახებ;“;

ბ) მე-7 პუნქტის 7.1.2. ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა დაინტერესებულ მხარეთა, როგორებიცაა: სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირები და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, ანგარიშებისა და მიღებული ინფორმაციის განხილვა და გათვალისწინება.“.

9. V დანართის:

ა) მე-3 პუნქტის 3.1.1. ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვროს  სხვა   დაინტერესებულ  მხარეებთან  (როგორებიცაა: სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირები და სხვ.) თანამშრომლობის საჭიროება, საერთო რისკებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დანერგვასთან დაკავშირებით, შესაბამის შემთხვევებში;“;

ბ) მე-5 პუნქტის 5.2.5. ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის ფარგლებში ან გარე ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის. კერძოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაუმართაობის, სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტებისა და აქტივის გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო შეზღუდვების შესახებ;“;

გ) მე-7 პუნქტის 7.1.2 ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა დაინტერესებული მხარეების, როგორებიცაა: სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირები და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, ანგარიშებისა და მათგან მიღებული ინფორმაციის განხილვა და გათვალისწინება.“.

10. IX დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

11. IX დანართის შემდეგ დაემატოს X და XI დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე