„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
010340000.10.003.025693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2026 წლის 2 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2017, 010340000.10.003.019913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“:

1. მე-2 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საჯარო სამსახურში პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, კანდიდატი შესაძლებელია, შეირჩეს ამ წესის მე-3 თავით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დაკავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში − მთავრობის ადმინისტრაცია) მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დახურული კონკურსის საფუძველზე, შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო დაწესებულება ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“;

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მთავრობის ადმინისტრაცია მის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებამდე/გამოცხადებამდე ამოწმებს გამოსაცხადებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში განსაზღვრავს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

4. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, დაადგინოს ხარვეზი და აცნობოს შესაბამის საჯარო დაწესებულებას.

5. მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს ვაკანსია მას შემდეგ, რაც საჯარო დაწესებულება აღმოფხვრის ხარვეზს.“.

5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მთავრობის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები

მთავრობის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობებია:

ა) შეამოწმოს გამოსაცხადებელი ვაკანტური პოზიციისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;

ბ) მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლისა  და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე;

გ) კანდიდატის მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება;

დ) მონიტორინგი გაუწიოს საჯარო დაწესებულებებში ღია და დახურული კონკურსის მიმდინარეობის პროცესს;

ე) მონიტორინგის წარმოების მიზნით, ჩართოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერი საჯარო დაწესებულების ღია და დახურულ კონკურსში;

ვ) უზრუნველყოს ამ წესის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი;

ზ) ასახოს ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში;

თ) ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაუწიოს მეთოდური დახმარება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებს;

ი) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოაცხადოს კონკურსი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;“;

ბ) „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აღმოფხვრას მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ხარვეზი კონკურსის შესახებ შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში;

დ) ასახოს კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში;

ე) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მთავრობის ადმინისტრაციასა და კანდიდატებს;“.

9. მე-13 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარადგინოს ელექტრონული განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით;“.

10. მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე პროფესიული საჯარო ყველა თანამდებობა ვაკანტურია.

3. თუ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოხელის ყველა თანამდებობა ვაკანტურია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი გამოცდილების მქონე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

11. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე, შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე მომუშავე პირი.“.

12. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის წესი

1. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში დარღვევის აღმოჩენისას მთავრობის ადმინისტრაცია  კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.

4. დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში.“.

13. მე-18 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი ან/და ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საჯარო დაწესებულების მიერ ღია და დახურული კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის ვადაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში საჯარო დაწესებულება ასახავს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ფორმის, ღია და დახურული კონკურსის ეტაპების, პროცედურებისა და ღია და დახურული კონკურსის შედეგების მითითებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.“.

14. მე-20 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით  გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.

8. მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს.

9. თუ მთავრობის ადმინისტრაცია დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია ვალდებულია კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე.“.

15. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და აცნობებს მას მთავრობის ადმინისტრაციას.“.

16. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო დაწესებულება ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.“.

17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და მთავრობის ადმინისტრაციას.“.

18. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართულობა ღია და დახურულ კონკურსში

1. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე კონკურსს ან/და გამოითხოვოს კონკურსის პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მონიტორინგის მიზნით.

2. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის/ შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე.

4. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კონკურსის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ამზადებს ანგარიშს საჯარო სამსახურში კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს/შესაბამის უფლებამოსილ პირს.

5. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კონკურსის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებას, კონკურსის პროცესის გაუმჯობესებისა და ერთიანი სტანდარტით წარმართვის ხელშეწყობის მიზნით.“.

19. 253 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 253. უფლება-მოვალეობები

მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო დაწესებულების, კანდიდატის უფლება-მოვალეობები შიდა კონკურსის ჩატარებისას განისაზღვრება ამ წესის მე-11 − მე-13 მუხლების შესაბამისად.“.

20. 258 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 258. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართულობა შიდა კონკურსში

1. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს ან/და გამოითხოვოს კონკურსის პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე შიდა კონკურსის მონიტორინგის მიზნით.

2. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის/ შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე.

4. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კონკურსის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ამზადებს ანგარიშს საჯარო სამსახურში კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს/შესაბამის უფლებამოსილ პირს.“.

21. 26-ე მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამარტივებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად შეირჩევა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები შესაძლებელია შეირჩნენ ამ წესის მე-2 თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები შესაძლებელია შეირჩნენ ამ თავით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.

22. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის  წარმომადგენლის ჩართულობით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოითხოვოს გამარტივებული კონკურსის პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მონიტორინგის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 3 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე