საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №170 |
|
2026 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 12 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეორგანიზაცია.
2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 ივნისამდე.
4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანდართული დებულება და სტრუქტურა.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
|
ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება − „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
7. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი გამოსცეს, მიიღოს ან/და გასცეს მექანიკური ან/და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ დოკუმენტების ამონაბეჭდებს ან მათ ელექტრონულ ასლებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამავე დოკუმენტებს.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8.
სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები
სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
ა) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.
1. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და მისი განვითარების უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
ე) სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
ზ) თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინტეგრირების ხელშეწყობა;
თ) სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრისა (შავი სიის) და კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სიის) წარმოება;
ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმება;
კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ კლასიფიკატორში ინტეგრირება;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სააგენტო თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:
ა) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;
ბ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთვე მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით;
გ) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
დ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
ვ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ფასიანი მომსახურება, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;
ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) სააგენტოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს;
თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს;
ი) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, სახელფასო ფონდს;
კ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;
ნ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
ო) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
პ) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.
4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
სააგენტოს მართვა და სტრუქტურა
1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე.
3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ქვედანაყოფებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ბ) მონიტორინგის დეპარტამენტი:
ბ.ა) ტენდერების მონიტორინგის სამმართველო;
ბ.ბ) კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველო;
გ) იურიდიული დეპარტამენტი:
გ.ა) სამართალწარმოების სამმართველო;
გ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ.გ) სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველო;
დ) სასწავლო ცენტრი;
ე) ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ე.ა) ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველო;
ე.ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
ზ) გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახური;
თ) ანალიტიკური სამსახური.
4. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.
სააგენტოს ქონება და ფინანსები
1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სააგენტოს საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.
სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. სააგენტომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
სააგენტო ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარმოედგინება საქართველოს მთავრობას. ანგარიში აგრეთვე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააგენტოს დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.