დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.156.016596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 29 აპრილი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.🔗

დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2.🔗

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗

1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის ღონისძიებებს. წესი, აგრეთვე, განსაზღვრავს შინაური ბინადარი ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანს წარმოადგენს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა-მართვა.

3. ამ წესის ამოცანებს შეადგენს დმანისის მუნიციპალიტეტში:

ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;

გ) პატრონაჟის, ზედამხედველობისა და შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით მათი კლასიფიკაცია;

დ) შინაურ ბინადარ ცხოველებთან მოპყრობის და მათი მოვლა-პატრონობის ჰუმანური მეთოდების დანერგვა;

ე) შინაური ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლი, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით;

ვ) საიმედო და უსაფრთხო ზოოანთროპონოზური, განსაკუთრებით რაბიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ზ) ურბანულ გარემოში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგების ხელშეწყობა;

თ) მეპატრონის/მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ი) ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრა;

კ) შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, შინაური ბინადარი ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად.

ლ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინებს, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 3. ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო🔗

ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა – დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო).

მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია🔗

1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უმეთვალყურეო;

დ) უპატრონო.

2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.

3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე მეპატრონის ან ცხოველის მიმკედლებლის მიერ მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებული ცხოველი.

5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ან არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი.

6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ცხოველის მეპატრონე🔗

1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით ცხოველი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას.

3. ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.

მუხლი 6. ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება🔗

1. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში.

3. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

4. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანოებია:

ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო;

ბ) ვეტერინარული დაწესებულება;

გ) ცხოველების თავშესაფარი;

დ) ცხოველების საშენი.

5. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

6. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

7. მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) გაიაროს მიკედლების რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ბ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

გ) მიკედლებული ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, ამის შესახებ ერთი თვის განმავლობაში აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

8. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/ მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში, 30 კალედარული დღის განმავლობაში.

9. მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.

10. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

11. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას.

მუხლი 7. ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მეპატრონის ვალდებულებები🔗

1. ცხოველის მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

2. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;

დ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა, სათანადო ფიზიკური აქტივობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

ე) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;

ვ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;

ზ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ი) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

კ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

ლ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის 24 საათის განმავლობაში შეტყობინება;

მ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

ნ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ო) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

პ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

5. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის ჩაბარებამდე, მეპატრონე ან მისი წარმომადგენილი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით.

6. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მარეგისტრირებელი ორგანოს ინფორმირება, თავისი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

7. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მარეგისტრირებელი ორგანოს ინფორმირება, საკუთრებაში არსებული ცხოველის ნაყარის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ნაყარის შემდგომი რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ წესის სხვა მიზნების უზრუნველსაყოფად.

8. აკრძალულია ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა.

9. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

10. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი.

11. დასაშვებია ცხოველის ლეშის:

ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე;

ბ) კრემაცია;

გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.

12. ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის ასისტენტი ძაღლების მეპატრონეებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან ერთად დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა).

14. ცხოველის დაავადების შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ამ წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში;

ბ) ცხოველის მეპატრონის მოთხოვნის და მკურნალობის საფასურის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, ცხოველის შესაბამისი მკურნალობა.

15. ცხოველის კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე.

16. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის მეპატრონის მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების და მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში აკისრია როგორც ცხოველის მეპატრონს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას.

18. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

19. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ასევე ევთანაზიის, თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს მუნიციპალიტეტის ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება.

20. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველის მეპატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. ცხოველის მიკედლება🔗

1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და მეტროპოლიტენის შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

მუხლი 9. პატრონიანი ცხოველის მოშენება🔗

1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება სხვა სახეობის ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

6. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციისგან/კასტრაციის ვალდებულებისგან მეპატრონის გათავისუფლების წესს განსაზღვრავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 10. უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი🔗

1. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება და ამ წესით განსაზღვრული სხვა მიზნების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.

2. ცხოველების პოპულაციების მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია ცხოველების შობადობის შემცირების უზრუნველყოფა.

3. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო/უმეთვალყურეო/მიკედლებული ცხოველების შობადობის და რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.

4. ცხოველთა დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით. მეძუძური ცხოველის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება. მიკედლებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმკედლებელს.

5. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებისა და ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიზნით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად.

6. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება:

ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა;

დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ჰყავს პატრონი;

ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.

7. ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი ორგანო ვალდებულია თანმიმდევრობით მოახდინოს:

ა) ცხოველების დაჭერა ჰუმანური მეთოდებით;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველების იზოლაცია ჰუმანური მეთოდებით;

დ) ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და ლაბორატორიული კვლევით) და ქცევითი თავისებურებების (დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით) დადგენა;

ე) ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია;

ვ) ცხოველების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია;

თ) ცხოველების იდენტიფიკაცია;

ი) ცხოველების მიკედლება ან ბინადრობის პირვანდელ თუ სხვა, მიზანშეწონილ არეალში დაბრუნება.

8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება ცხოველთა პოპულაციის მართვისა და კონტროლის მიზნით.

9. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული რესურსების გათვალისწინებით, ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიების ან მიკედლების უზრუნველსაყოფად. მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსებას, ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

10. ცხოველთა თავშესაფრიდან, ახალი მეპატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემი, ასევე ბინადრობის პირვანდელ არეალში დასაბრუნებელი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზაციას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით. გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრიდან ახალი მეპატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემ ცხოველებზე, ცხოველის გადაცემის მომენტიდან 1 თვის ვადაში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ მეპატრონის ან მიმკედლებელის მიერ წერილობით აღებული ვალდებულების ან ახალი მეპატრონის სურვილისა და ცხოველის ჯიშის დოკუმენტალურად დადასტურების შემთხვევაში.

11. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შეტყობინების საფუძველზე ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმოჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შინაური ცხოველის (ძაღლი, კატა) ლეშის შესაძლო იდენტიფიკაციას, ტრანსპორტირებასა და განკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას/აღრიცხვას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე.

13. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო ტატუირებით და ყურის მცირედი (ვიზუალურად ფიქსირებადი) კუპირებით – კატის შემთხვევაში. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

14. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.

15. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 11. ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება🔗

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან/და სიცოცხლისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა.

8. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:

ა) დახრჩობით;

ბ) გაგუდვით;

გ) მოწამვლით;

დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;

ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;

თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით, მათ შორის, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვა-წამებას, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება🔗

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

3.  მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი, გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი, ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები.

5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.

6. სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი შეადგენს:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 100 (ასი) ლარს;

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა:

ბ.ა) ძაღლის – 15 (თხუთმეტი) ლარს;

ბ.ბ) კატის – 10 (ათი) ლარს.

7. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.

8.  მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.

10. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

11. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები – მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება.

12. კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

13. ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები).

14. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლის და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე.

15. სპეციალური ადგილიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე.

16. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ, ცხოველი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს.

17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

დანართი №1

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

N 0000001

ცხოველი:

სახეობა ..................................................................

ჯიში .......................................................................

სქესი ......................................................................

ასაკი .......................................................................

გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................

.........................................................................................................................................

იდენტიფიკატორი .....................................................................................................

(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ან ტატუირების N)

მუდმივი ადგილსამყოფელის მისამართი .............................................................

ცხოველის პატრონი:

სახელი, გვარი .........................................................................

პირადი N .................................................................................

მისამართი (ფაქტიური და რეგისტრაციის) .................................................................

................................................................................................................................................

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) ................................................................................................................................................

რეგისტრატორი:

სახელი, გვარი .........................................................................

დასახელება, ID N ............................................................

მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)

ბეჭდის

ადგილი

ცხოველის პატრონი:

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის N 0000001 მეორე მხარე ან დანართი)