1.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აქტიური საარჩევნო უფლების მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის, აგრეთვე იმ პირის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, მიეთითება დროებითი საცხოვრებლის მისამართი. სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შემთხვევაში აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (ეს ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრული ფორმატით);
თ) სქესი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად. საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების განხორციელება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესის მიხედვით.
5. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნების დროს რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს უსკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული (ფოტოსურათებიანი) ვერსია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს მხოლოდ ელექტრონული სახით გადაეცემა. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი უნდა წარუდგინოს.
7. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ამ კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულია (ვალდებული არიან) საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მიაწოდოს (მიაწოდონ) შესაბამისი ინფორმაცია.
9. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება 2 დღის ვადაში გადაეცემა უსკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს უსკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან გადაეცემა ცესკოს და
უსკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის დღეს მიმართავს, მას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში გაატარებს და დოკუმენტების ფოტოასლებს ამომრჩეველთა სიებს დაურთავს.
13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15 დღიდან მე-12 დღემდე სიებში ცვლილება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიტანება.
14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკო უსკოს გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ.
15. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო არჩევნებისთვის ფორმირებული ამომრჩეველთა ერთიანი სია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიან სია