საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04
სარეგისტრაციო კოდი
270000000.85.099.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №04

2026 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტების და მე-11 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების“ 32-ე მუხლის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 28 აპრილის №32 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სახით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩო და მისი დანართები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე



ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩო

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩო (შემდგომში – დოკუმენტი) ადგენს სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდში“ (შემდგომში – საპენსიო ფონდი) ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირების, მართვისა და მონიტორინგის წესსა და პროცედურას.

2. ამ დოკუმენტის მიზანია ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრა, რათა სათანადოდ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტების მართვა და შედეგად, დაცულ იქნეს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა, პენსიის მიმღებთა და გარდაცვლილი მონაწილეების მემკვიდრეთა  საუკეთესო ინტერესები, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების შესაბამისად.

3. ეს დოკუმენტი ვრცელდება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრებზე, საპენსიო ფონდის კომიტეტების წევრებზე, აღმასრულებელ დირექტორებზე და საპენსიო ფონდის იმ თანამშრომლებზე, რომლებიც დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში საპენსიო ფონდის სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს.

4. საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელთა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისა, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ვრცელდება ამ დოკუმენტის მე-6 მუხლი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დოკუმენტში, მათ შორის, დანართებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) და მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ დოკუმენტით სხვაგვარად არ განიმარტება ან კონტექსტიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს.

2. ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტერესთა კონფლიქტი – ნებისმიერი მოვლენა, გარემოება ან/და სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა არსებითად და პირდაპირ მოახდინოს გავლენა ამ დოკუმენტის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირ(ებ)ის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე, მისი (მათი) განსჯის დამოუკიდებლობაზე ან/და შეაფერხოს მის (მათ) მიერ მოვალეობების დამოუკიდებლად და ობიექტური განსჯის საფუძველზე შესრულება. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა: (ა) არსებული ინტერესიდან, როდესაც გადაწყვეტილებიდან მიღებულია რეალური სარგებელი ან/და უპირატესობა; (ბ) პოტენციური ინტერესიდან, როდესაც არსებობს გადაწყვეტილებიდან პოტენციურად უპირატესობის მიღების შესაძლებლობა; (გ) შესაძლო ინტერესიდან, როდესაც შესაძლოა არსებობდეს გონივრული ეჭვი, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, არსებობს ის თუ არა რეალურად.

ბ) ხელმძღვანელი პირები – საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრები (მათ შორის, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე), კომიტეტების წევრები (მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარე) და საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები.

მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება

1. ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირების მიზნით:

ა) ხელმძღვანელი პირი ვალდებულია:

ა.ა) შესაბამის პოზიციაზე დანიშვნამდე ან/და დანიშვნისთანავე შეავსოს ამ დოკუმენტის დანართი №1-ით წარმოდგენილი ინტერესთა კონფლიქტის კითხვარი და წარუდგინოს ის მმართველობით საბჭოს. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ დანართ №1-ით გათვალისწინებული შევსებული კითხვარის წარდგენა ხდება მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშვნისთანავე;

ა.ბ) ყოველწლიურად, შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული თვის ვადაში, განმეორებით შეავსოს ამ დოკუმენტის დანართ №1-ით წარმოდგენილი კითხვარი და წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, ან იმ შემთხვევაში, თუ უკვე წარდგენილი კითხვარი არ საჭიროებს განახლებას, აღნიშნული დაადასტუროს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მმართველობითი საბჭოსათვის წარდგენილი შესაბამისი ხელწერილით;

ა.გ) ახლად გამოვლენილი / დამდგარი ინტერესთა კონფლიქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ დროულად და დეტალურად აცნობოს მმართველობით საბჭოს.

ბ) ამ დოკუმენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომელი ვალდებულია:

ბ.ა) შესაბამის პოზიციაზე დანიშვნამდე ან/და დანიშვნისთანავე შეავსოს ამ დოკუმენტის დანართ №1-ით წარმოდგენილი ინტერესთა კონფლიქტის კითხვარი და წარუდგინოს ის მმართველობით საბჭოს;

ბ.ბ) ახლად გამოვლენილი / დამდგარი ინტერესთა კონფლიქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ დროულად და დეტალურად აცნობოს მმართველობით საბჭოს.

2. კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში, შესაბამისი კომიტეტის წევრის (მათ შორის მმართველობითი საბჭოს წევრის, რომელიც იმავდროულად კომიტეტის წევრია) ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საპენსიო ფონდის დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის“ (შემდგომში – მარეგულირებელი წესი) შესაბამისად.

3. მმართველობითი საბჭოს და კომიტეტის ყოველი სხდომის დაწყებისას, სხდომის დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ, მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს წევრებს განაცხადონ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებთან მიმართებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და მმართველობითი საბჭოს / კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

4. აღმასრულებელმა დირექტორმა მასთან დაკავშირებით არსებული ან/და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი დროულად და დეტალურად უნდა გაუმჟღავნოს მმართველობით საბჭოს ამ დოკუმენტით დადგენილი წესით.

5. ყველა იდენტიფიცირებული ინტერესთა კონფლიქტი ექვემდებარება დოკუმენტირებას/აღრიცხვას ამ დოკუმენტის დანართ №2-ში მოცემულ რეესტრში. აღნიშნული რეესტრი ინახება კომპეტენციის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს ან შესაბამისი კომიტეტის მდივნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით).

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის მართვა

1. საპენსიო ფონდში ინტერესთა კონფლიქტის მართვა ხდება მისი იდენტიფიცირების, აღმოფხვრის, მართვისა და მონიტორინგის გზით.

2. საპენსიო ფონდში ინტერესთა კონფლიქტის მართვას, გარდა ამ დოკუმენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭო, ხოლო კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში, შესაბამისი კომიტეტი.

3. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ან შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე, კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა)  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის დროულად განხილვა მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის სხდომაზე, იმ პირის მონაწილეობის გარეშე, ვის მიმართაც არსებობს ასეთი ინფორმაცია;

ბ) ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის დოკუმენტირება და აღრიცხვა ამ დოკუმენტის დანართ №2-ში მოცემულ ინტერესთა კონფლიქტის რეესტრში;

გ)  ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი აღმოსაფხვრელი ღონისძიების / ზომის გატარება;

დ) გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებით ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირის აცილების უზრუნველყოფა ასეთი საკითხის განხილვის/გადაწყვეტის პროცესისაგან.

4. კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ აცნობოს მმართველობით საბჭოს.

5. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია იდენტიფიცირებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდოს ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად გატარებული/გასატარებელი  ზომების შესახებ. კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში კომიტეტის წევრთან მიმართებით (გარდა მმართველობითი საბჭოს წევრთან მიმართებით გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტისა, რაც საჭიროებს ეროვნული ბანკისათვის ცნობას) ან/და ამ დოკუმენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლის მიმართ გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი არ საჭიროებს ეროვნული ბანკისათვის შეტყობინებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის თავმჯდომარესთან მიმართებით, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის მიერ არჩეული, მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის ერთ-ერთი წევრი და მმართველობითი საბჭოს/კომიტეტის თავმჯდომარე არ მონაწილეობს ინტერესთა კონფლიქტის საკითხის, ასევე იმ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში, რომელთან მიმართებითაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.

7. საპენსიო ფონდში ინტერესთა კონფლიქტის მართვის პროცესის დამოუკიდებელ იდენტიფიცირებას ახორციელებს რისკის მართვის სამსახური.

მუხლი 5. ინტერესთა კონფლიქტის მონიტორინგი

ამ დოკუმენტის დანართ №2-ის  შესაბამისად წარმოებული ინტერესთა კონფლიქტის რეესტრი ხელმისაწვდომია მმართველობითი საბჭოს წევრებისათვის, აღმასრულებელი დირექტორებისა და საპენსიო ფონდის კომიტეტის წევრებისათვის. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ინტერესთა კონფლიქტის რეესტრში ასახული, იდენტიფიცირებული ინტერესთა კონფლიქტები მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში და უზრუნველყონ მმართველობითი საბჭოს ან/და კომიტეტის მიერ განსაზღვრული აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება ან/და ასეთი ღონისძიებების/ზომების მიღება, მათი კომპეტენციის შესაბამისად და ფარგლებში.

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის მონიტორინგი თანამშრომელთა მიმართ

1. ამ დოკუმენტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომელი ვალდებულია საკუთარ ხელმძღვანელთან დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო გარემოება, რაც მისი საქმიანობის შედეგად ქმნის ან შესაძლოა შექმნას ინტერესთა კონფლიქტი საპენსიო ფონდთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო ფონდის თანამშრომლის ხელმძღვანელი უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს, რომ აღნიშნული თანამშრომელი არ იყოს ჩართული იმ საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომლის მიმართაც თანამშრომელს აქვს ინტერესთა კონფლიქტი ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი; ან/და

ბ) მიმართოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებას.

მუხლი 7. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დოკუმენტს და მასში ცვლილებებს ამტკიცებს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.

2. წინამდებარე დოკუმენტი განმარტებული და გაგებული უნდა იქნეს კანონის, მარეგულირებელი წესის და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და მათთან ერთობლიობაში.

3. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის პირველ მუხლში გათვალისწინებული პირებისათვის ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით ტრეინინგების ჩატარებას, რაც მიზნად ისახავს შესაბამისი რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას.


📎 დანართები (2)
დან.1.docx

დანართი №1. ინტერესთა კონფლიქტის კითხვარი

ეს კითხვარი ივსება დოკუმენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ მათი შესაბამის პოზიციაზე დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე და განმეორებით ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში. შევსებული და ხელმოწერილი კითხვარი უნდა წარედგინოს საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოს, ხოლო კომიტეტის წევრების შემთხვევაში - კომიტეტის თავმჯდომარეს. კითხვარის განმეორებით შევსება სავალდებულო არ არის იმ შემთხვევაში, თუ კითხვარში მოცემული ინფორმაცია არ საჭიროებს განახლებას. ასეთ შემთხვევაში მმართველობით საბჭოს და კომიტეტის თავმჯდომარეს წარედგინება შესაბამისი პირის ხელწერილი განაცხადი, რომლითაც ის ადასტურებს, რომ კითხვარში მოცემული ინფორმაცია კვლავ სწორი და უტყუარია.

1. ხართ თუ არა შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი?

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

2. ხართ თუ არა აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის: ა) ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი; ბ) წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე; გ) აფილირებული პირი.

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

3. თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ფლობთ თუ არა რაიმე ფინანსურ ინტერესს, აქციებს იმ აქტივების მმართველ კომპანი(ებ)ში, რომლებიც საპენსიო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მართავენ საპენსიო აქტივებს, სპეციალიზებულ დეპოზიტარში ან საპენსიო ფონდისათვის მომსახურების გამწევ სხვა საწარმოში ან ნებისმიერ სხვა კომპანიაში, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საპენსიო ფონდის კონკურენტად?

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

4. ამ კითხვარის შევსებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში მიგიღიათ თუ არა რაიმე საჩუქარი, სარგებელი, კომპენსაცია, ანაზღაურება ან კრედიტი (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან, რომლებიც საპენსიო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მართავენ საპენსიო აქტივებს, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ან მათთან აფილირებული პირისგან?

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

5. ახორციელებთ თუ არა რაიმე საქმიანობას, მათ შორის საინვესტიციო საქმიანობას, რომელიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ან კონფლიქტში მოდიოდეს ან მომავალში წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი თქვენს ფუნქციებთან/ მოვალეობებთან საპენსიო ფონდში?

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

6. გაქვთ რაიმე სხვა ბიზნეს ინტერესი ან ინვესტიცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდში?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

7. ხართ თუ არა ისეთ შრომით, საკონსულტაციო ან პროფესიულ ურთიერთობაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი თქვენს პასუხისმგებლობებთან მიმართებით საპენსიო ფონდში?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

8. ხართ თუ არა რომელიმე კომპანიის საბჭოს წევრი, ან გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც წარმოშობს ან მომავალში შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი თქვენს ფუნქციებთან მიმართებით საპენსიო ფონდში?

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

9. ამჟამად ხართ ჩართული ან შეიძლება გქონდეთ სამომავლოდ ჩართულობა რაიმე სამართლებრივ დავაში ან მსგავს პროცესში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი თქვენს საქმიანობასთან საპენსიო ფონდში?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

10. გაქვთ თუ არა რაიმე სხვა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც არ არის დაფარული ამ კითხვარში მოცემული კითხვებით?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

განცხადება პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე:

თქვენი პერსონალური მონაცემები საპენსიო ფონდის ან/და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. ეს კითხვარი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის მართვის მიზნებისთვის.

კითხვარის ფორმით მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი გადასცემს საპენსიო ფონდის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან/იქნებიან ინტერესთა კონფლიქტის მართვის პროცესში ან/და მხოლოდ იმ პირებს/უწყებას, რომლებისთვისაც ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება გამომდინარეობს/სავალდებულოა მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge.

ამ კითხვარზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე განცხადებას, თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და მიზნით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

სახელი, გვარი:

პოზიცია:

ხელმოწერა:

თარიღი:

დან.2.docx

დანართი №2. ინტერესთა კონფლიქტის რეესტრი

იდენტიფიცირების თარიღი სახელი, გვარი* პოზიცია ინტერესთა კონფლიქტის ტიპი (არსებული, პოტენციური, შესაძლო) ინტერესთა კონფლიქტის აღწერა ინფორმაციის მიღების ფორმა მიღებული ზომები აღმოფხვრის თარიღი

*შენიშვნა: იგულისხმება დოკუმენტის პირველი პუნქტის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული პირი.