უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№011
სარეგისტრაციო კოდი
040030040.58.070.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №011

2026 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი, საფინანსო დეკლარაციის  თანდართული ფორმები (დანართი №1.1 – №1.11) და საფინანსო დეკლარაციის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება (დანართი №1.12).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 მაისიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი



  
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. განცხადების წარდგენა
1. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რეგისტრაციის მიზნით, სამსახურს წერილობით წარუდგენს განცხადებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე.

2. განცხადება წარდგენისთანავე რეგისტრირდება ვებგვერდზე და ენიჭება მას უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.


მუხლი 4. სუბიექტის ვებგვერდზე დაშვება
1. ვებგვერდზე სუბიექტის დაშვების მიზნით განცხადებაში უნდა მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. სუბიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ვებგვერდზე გამოქვეყნება.

2. პირი პასუხისმგებელია იმ გარემოებაზე, რომ მის განცხადებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობაში/სარგებლობაში ან/და უფლებამოსილი პირისგან მიღებული აქვს თანხმობა მათ გამოყენებაზე.

3. სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე ელექტრონული სისტემიდან იგზავნება ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდი, რომლის მეშვეობითაც მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება. თუ ვერ მოხდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი უნდა იქნეს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის სხვა ნომერი.

4. ვებგვერდზე დაშვების მიზნით სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე ელექტრონული სისტემიდან იგზავნება აქტივაციის კოდი, „მომხმარებლის სახელი“, „მომხმარებლის პაროლი“ და ელექტრონული მისამართის ბმული.

5. „მომხმარებლის სახელისა“ და „მომხმარებლის პაროლის“ სათანადო წესით გამოყენებასა და მათი სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

6. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განაცხადის წარდგენაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შემთხვევაში წინა ხელმძღვანელს უწყდება წვდომა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვით, ერთჯერადი ვერიფიკაციის საფუძველზე განახლებული მონაცემები („მომხმარებლის პაროლი“) ახალ ხელმძღვანელს მიეწოდება.

7. ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განაცხადის წარდგენაზე უფლებამოსილი/პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი/წარმომადგენელი პირი. თუ სუბიექტს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ჰყავს, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდზე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს აღნიშნული უფლებამოსილება განსაზღვრული აქვს მმართველობითი ორგანოს მიერ სადამფუძნებლო შეთანხმებით.

8. სუბიექტის დაშვებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე სამსახური უზრუნველყოფს განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 5. დეკლარაციის წარდგენის წესი და ფორმა
1. სუბიექტი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად, ამ წესით დადგენილი ფორმის (დანართი №1.1 – №1.11) დაცვით ავსებს და სამსახურს წარუდგენს განაცხადს, რომელიც იმავდროულად არის მისი საფინანსო დეკლარაცია.

2. განაცხადის ავტორი განაცხადში ასახავს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში):

ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;

გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;

დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ;

ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ;

ვ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის შემთხვევაში – კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა;

ზ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტის შემთხვევაში – კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავალის რამდენი პროცენტის წყაროა უცხოური ძალა;

თ) განაცხადის შევსების თარიღი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და ყოველწლიური დეკლარაცია სამსახურს უნდა წარედგინოს ამ წესის №1.1 – №1.11 დანართებით დადგენილი ფორმით, რომელიც ივსება ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ველების მეშვეობით.


მუხლი 6. საფინანსო დეკლარაცია
1. საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი – დანართი №1.1;

ბ) წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები – დანართი №1.2;

გ) საბალანსო ანგარიშგება – დანართი №1.3;

დ) საბანკო ანგარიშები – დანართი №1.4;

ე) ნაღდი ფულით განხორციელებული სალაროს ოპერაციები – დანართი №1.5;

ვ) არაფინანსური აქტივები – დანართი №1.6;

ზ) უძრავი ქონების აღწერა – დანართი №1.7;

თ) სატრანსპორტო საშუალების აღწერა – დანართი №1.8;

ი) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების აღწერა – დანართი №1.9;

კ) ვალდებულებების აღწერა – დანართი №1.10;

ლ) სესხი/კრედიტი – დანართი №1.11.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სამსახურს წარედგინება მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით.


მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია
1. სამსახური განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად (შემდგომ – რეგისტრირებული ორგანიზაცია) და აღრიცხავს მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

2. არასწორად ან/და არასრულყოფილად შევსებული განაცხადის ავტორი ვალდებულია ხარვეზი 10 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სამსახური აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს განაცხადის ავტორს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხავს მას რეესტრში.

3. რეესტრში რეგისტრირდება და ვებგვერდზე აისახება რეგისტრირებული ორგანიზაციის:

ა) სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) მმართველობითი ორგანოს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მონაცემები. სამეთვალყურეო საბჭოსა და დამფუძნებელთა/საერთო კრების არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს და დამფუძნებელთა/საერთო კრების წევრის შესახებ ინფორმაცია და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები;

დ) განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია.

4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი, რომელიც ვებგვერდზე ქვეყნდება სხვა დოკუმენტებთან ერთად. ამონაწერში აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები და მას დაერთვის რეგისტრირებული ორგანიზაციის განაცხადი/საფინანსო დეკლარაცია.


მუხლი 8.  რეგისტრაციის გაუქმების წესი
1. რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს უფლება აქვს, საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენისას მატერიალური ფორმით დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

2. რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ამ სუბიექტს დაუყოვნებლივ ამორიცხავს რეესტრიდან. გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება ვებგვერდზე.


მუხლი 9. მონიტორინგის წესი
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად სამსახურს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი – საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა.

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:

ა) სამსახურის გადაწყვეტილება;

ბ) სამსახურისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

3. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.

4. მონიტორინგის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სამსახური სუბიექტს უგზავნის წერილობით შეტყობინებას. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) სამსახურის დასახელებასა და მისამართს, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს;

ბ) მონიტორინგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თარიღსა და ნომერს;

გ) მონიტორინგის შინაარსის მოკლე აღწერას;

დ) გაფრთხილებას მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისა და ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

5. სამსახური უფლებამოსილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით მიმართოს სხვა პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას.

6. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სამსახური აღნიშნულ სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი 10 სამუშაო დღის ვადაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ავსებს და სამსახურს წარუდგენს განაცხადს.


მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


📎 დანართები (1)
011-დან.docx

დანართი №1.12

საფინანსო დეკლარაციის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საფინანსო დეკლარაციის ფორმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ამორტიზებული ძირითადი აქტივები – სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელი, ანუ ისტორიული ღირებულებით.

ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423) ­– ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე.

არაფინანსური აქტივების ზრდა – ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობებისა და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები.

არაწარმოებული აქტივები – მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები.

გადასახდელი პროცენტები (3243) – მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები.

გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245) – ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.

გადასახდელი შრომის ანაზღაურება (3231) – დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვ.)

გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება – გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან 5 წლის განმავლობაში, მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანებების დასაფარად მიღებული თანხები ჩამოიწერება მოცემული მუხლიდან და ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე აღრიცხვას.

გადახდილი დღგ (1431) – საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა.

დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარების ვალდებულებები (3236) – მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.

დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები – ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის.

დაუფარავი დეფიციტი (5230) – გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები.

ვალდებულებები მივლინებით (3234) – მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე.

ვადაგადაცილებული დავალიანებები – საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება.

ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210) – საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები.

ვალდებულებები წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით (3242) – ქირის გარდა, ყველა სხვა ავანსად მიღებული თანხა, რომელიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდს.

ვალდებულებების კლება – საბანკო სესხების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისგან აღებული ფინანსური ვალდებულებების დასაფარად მიმართული სახსრები.

კვების ხარჯები – დაქირავებულთა კვებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, გარდა წარმომადგენლობითი ღონისძიებების დროს გაწეული ხარჯებისა.

მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (2120) – სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები; ელექტრომოწყობილობები; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურა; სამედიცინო ხელსაწყოები; ოპტიკური ხელსაწყოები; ავეჯი; მაჯის და სხვა ტიპის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები; სპორტული საქონელი და სხვ.).

მატერიალური მარაგები – ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია და სხვა მარაგის სახით არსებული საქონელი.

მივლინება – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმისა და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები; მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯები; ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები, პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

მისაღები დივიდენდები (1444) – საწარმოების საწესდებო კაპიტალში მონაწილეობიდან მიღებული ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის, საწარმოთა ფასიანი ქაღალდებიდან – თამასუქებიდან, ობლიგაციებიდან და არაუზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებებიდან, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებიდან და ა.შ. მისაღები დივიდენდები.

მისაღები პროცენტები (1443) – დეპოზიტებიდან, აქციების გარდა სხვა ფასიანი ქაღალდებიდან, პროცენტიანი ობლიგაციებიდან, სესხებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები პროცენტები.

მისაღები საწევროები და ერთჯერადი შენატანები (1445) – ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მისაღები საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.

მოთხოვნები დანაკლისებით (1422) – მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მატერიალური ფასეულობისა და ფულადი სახსრების დანაკლისის თანხებზე.

მოთხოვნები მივლინებით (1421) – მომუშავეთა მივლინებებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410) – საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნები.

მოთხოვნები სხვა წინასწარი გადახდებით (1442) – მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება სხვა წინასწარი გადახდების შედეგად.

ოფისის ხარჯები – საკანცელარიო საქონლის შეძენა; მცირეფასიანი და ხშირ შემთხვევაში ერთწლიანი გამოყენების კომპიუტერული პროგრამების შეძენისა და განახლების ხარჯი; ჟურნალ-გაზეთებისა და სპეციალური ლიტერატურის შეძენის, საოფისე მოხმარებისთვის გამიზნული საგამომცემლო-სასტამბო ხარჯი; მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის (500 ლარამდე ღირებულების) შეძენისა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი; საოფისე ინვენტარის შეძენისა და მონტაჟის ხარჯები; ოფისისთვის საჭირო სამეურნეო დანიშნულების საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი; რეცხვის, ქიმწმენდისა და სანიტარიული საგნების ხარჯები; შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯები; საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარების მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის ხარჯები; კავშირგაბმულობის ხარჯები, როგორიცაა, სატელეფონო მომსახურების, მობილური ტელეფონის, სატელევიზიო არხებით სარგებლობის, ინტერნეტით სარგებლობის, სპეციალური კავშირისა და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯები; კომუნალური ხარჯები; ოფისის ხარჯები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა დანარჩენ კატეგორიებში.

პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები – ორგანიზაციის მიერ დროებით პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები.

პირებისათვის ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემა – პირებზე გადასაცემად განკუთვნილი ფასეულობების შეძენისა და დამზადების ხარჯები; იურიდიულ და სხვა ფიზიკურ პირებზე (არადაქირავებულებზე) დახმარების ან ჩუქების სახით გადაცემული ფულადი სახსრები.

პირობითი ვალდებულებები – ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია-აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიების სახით და სხვა ვალდებულებები.

პირობითი მოთხოვნები – ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სხვა მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვ.

საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალებულებები (3221-3224) – გადასახდელი მოგების გადასახადი, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, გადასახდელი დღგ-ის და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები.

საკასო შემოსავალი – რეალურად მიღებული ფული.

საკასო ხარჯი – რეალურად გადახდილი ფული.

სამედიცინო ხარჯები – მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის და სხვა სახის სამედიცინო ხარჯები.

სასამართლოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები (3237) – სასამართლო ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები.

საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) – დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ.

საოპერაციო იჯარით აღებული აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები – ის აქტივები, რომლებიც მიღებულია იჯარით სხვა ორგანიზაციებიდან, იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით.

სატრანსპორტო საშუალებები – ყველა სახის ტრანსპორტი (როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო ავტობუსები და ა.შ.).

საქველმოქმედო საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქველმოქმედო საქმიანობა.

საცნობარო მუხლები – გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად იმ მუხლების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება ბალანსს, მაგრამ არ აღირიცხება როგორც საბალანსო მუხლები.

სოციალური უზრუნველყოფა – დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება: სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია, ანაზღაურება მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურში არყოფნის დროს და დაქირავებულზე სხვა ნებისმიერი სახით გაცემული დახმარება.

სასარგებლო მომსახურების ვადა – სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ორგანიზაციის მიერ აქტივის გამოყენება.

სხვა დანარჩენი დებიტორული დავალიანებები (1446) – სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე, ასევე ადრე განხორციელებულ ოპერაციებში შეტანილი ცვლილებებით წარმოქმნილი მოთხოვნები.

სხვა დანარჩენი კრედიტორული დავალიანებები (3246) – ისეთი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე.

სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი – ყველა სახის მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა. ასევე საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები, საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები და სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი.

სხვა საგადასახადო აქტივი (1433) – ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნები ზედმეტად და შეცდომით გადახდილ გადასახადებზე, ასევე სხვა წინასწარ გადახდილ გადასახადებზე (დამატებული ღირებულების გადასახადისა და მოგების გადასახადის გარდა).

ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები – საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯები, ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯები და ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანის) ხარჯები.

ფასეულობები – წარმოებული საქონელი, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ღირებულება, შეძენილია და ინახება როგორც დაგროვების საშუალება და არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარების მიზნით (ძვირფასი ქვები და ლითონები, მათგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები, ნახატები, ქანდაკებები და სხვ., რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარადაა აღიარებული).

ფაქტობრივი შემოსავალი – ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული შემოსავალი, მიუხედავად იმისა, ფული რეალურად არის მიღებული თუ არა.

ფაქტობრივი ხარჯი – ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული ხარჯი, მიუხედავად იმისა, ფული გადახდილია თუ არა.

ფინანსური აქტივები (1110-1300) – ნაღდი ფული სალაროში, ბანკებში გახსნილ საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო და სხვა სახის ანგარიშებზე რიცხული თანხები, ასევე სხვა ფინანსური აქტივები (გაცემული სესხები, შეძენილი ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები).

ფინანსური აქტივების ზრდა – ბანკებში ვადიან დეპოზიტებზე განსათავსებლად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სესხების გასაცემად, ფასიანი ქაღალდების შესაძენად მიმართული ფულადი სახსრები.

ფონდები (5220) – გასული წლების ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების წმინდა შედეგი, აგრეთვე საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგის თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი.

შენობა-ნაგებობები – როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ისე სხვა ნაგებობები და დაუმთავრებელი მშენებლობა.

შრომის ანაზღაურება – დამქირავებლის მიერ დაქირავებულთათვის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს (საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს გამოკლებით) ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემული კომპენსაციები. შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასებს როგორც ფულადი, ისე სასაქონლო ფორმით და პრემიას.

საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) არაფინანსური აქტივების შეძენად განიხილება და ამ მიზნით წარმოებაში დასაქმებულ მომუშავეთა ანაზღაურება, ასევე შეძენილი საქონელი და მომსახურება აღრიცხვაში აისახება როგორც არაფინანსური აქტივების ზრდა.

ძირითადი აქტივები – 500 ლარზე მეტი ღირებულების და ერთ წელზე მეტი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე წარმოებული აქტივები: შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი აქტივები.

ძირითადი კაპიტალის მოხმარება – წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ასახავს ძირითადი აქტივებისა და სხვა განსაზღვრული არაფინანსური აქტივების ღირებულების კლებას, რადგან ეს აქტივები უწყვეტად ან მრავალჯერადად იქნა გამოყენებული. ძირითადი კაპიტალის მოხმარება მოიცავს სუბიექტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთის და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგების სახით.

წარმომადგენლობითი ხარჯები – სტუმრების მიღებისა და ოფიციალური სადილის, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურების, მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების, საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), წვეულებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის/დამზადების ხარჯები.

წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი (1432) – მოგების გადასახადის მიმდინარე გადახდები, რომლებიც გაიანგარიშება გასული წლის მონაცემების საფუძველზე და გადაიხდება საანგარიშგებო წლის განმავლობაში.

წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა (1441) – წინასწარ გადახდილი ქირა არაფინანსური აქტივებით სარგებლობისათვის.

წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა (3241) – ავანსად მიღებული საიჯარო ქირა, რომელიც წარმოადგენს მომავალი პერიოდის შემოსავალს.

ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში – მარაგები, რომელთა ასახვა ხარჯებში განხორციელდა მათი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტში.