საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/172 |
|
2026 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/04/2026, სარეგისტრაციო კოდი: 240080010.05.001.103078) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს დებულება“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
📎 დანართები (1)
172-1.docx ⬇
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინვესტიციების სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო თავისი საქმიანობისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები
სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები
სააგენტო ახორციელებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს:
ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზებას; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში;
ბ) აფასებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მას უწევს დახმარებას საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში;
დ) საჭიროების შემთხვევაში მცირე პროექტთან დაკავშირებით ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევას, დაქირავებასა და ზედამხედველობას;
ვ) ახდენს შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას;
ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
თ) ქმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზას;
ი) შეიმუშავებს სტანდარტული დოკუმენტების ფორმებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტულ მუხლებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში;
ლ) წარმომადგენლის მეშვეობით უზრუნველყოფს მონაწილეობის მიღებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის მუშაობაში;
მ) საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებებს და წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოებს განსახილველად;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებისა და მომზადების, კერძო პარტნიორის შერჩევის, პროექტის განხორციელების, მონიტორინგისა და შემდგომი შეფასების ეფექტიანობის ხელშესაწყობად.
2. სააგენტო ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და შესაბამისი პროცესების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდეგში − მინისტრი).
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს სააგენტოს სახსრებს;
დ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;
ვ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
ი) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; ასევე, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს თავმჯდომარის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;
მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. თავმჯდომარის მოადგილეთა შორის უფლებამოსილებებს და ფუნქციებს ანაწილებს თავმჯდომარე თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.
5. თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მის მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ან სააგენტოს თანამშრომელი.
მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) შემოწირულობები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 6. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 7. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს/გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ე) თავდებობა;
ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 9. სააგენტოს წლიური ანგარიში
სააგენტო უზრუნველყოფს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც ასევე წარედგინება მინისტრს. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.