საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №111

2026 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131, 24-ე და 25-ე მუხლების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 9 მაისიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგელა გელაძე



დანართი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. დეპარტამენტი ასრულებს სამსახურის დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.

3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.

4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

მუხლი 3
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამსახურის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და ამოცანები

მუხლი 4
1. დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის საქმიანობის (საკადრო საქმიანობა) კოორდინაცია, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის სისტემაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება;

ბ) სამსახურში საკადრო საქმიანობის ორგანიზება, განხორციელება და კონტროლი;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები:

ა) სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამსახურის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას;

ბ) სამსახურში მიღებისას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, შესწავლას და სპეციალურ შემოწმებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას;

გ) საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და სამსახურში შესაძლო მისაღებ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) აწარმოებს სამსახურის მოსამსახურეთა ელექტრონულ და მატერიალურ პირად საქმეებს, მათ აღრიცხვასა და დამუშავებას, საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას;

ე) შეისწავლის და ამზადებს მასალებს მოქალაქეების სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, დათხოვნისა და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის და ამზადებს მასალებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მოსამსახურეთა, აგრეთვე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომში – საქვეუწყებო დაწესებულება) მოსამსახურეთა (საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი, პირველი მოადგილე, მოადგილე) მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანების ან საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.

ზ) ორგანიზებას უწევს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოზე და უმაღლეს წოდებაზე წარდგენას;

თ) ამზადებს და ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო განრიგების (ნუსხები) პროექტებს; შეიმუშავებს და ამზადებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურების სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ, აწარმოებს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვას და საშტატო ერთეულების მოძრაობის კონტროლს, სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებთან საშტატო განრიგების შედარებას და მათთან შესაბამისობაში მოყვანას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შემუშავების პროცესს. აწარმოებს საშტატო ერთეულთა რიცხოვნობის აღრიცხვას, აკონტროლებს მათ მოძრაობას;

კ) უზრუნველყოფს სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას, განახლებას და ინფორმაციის დაცვას; აწარმოებს მოსამსახურეთა შესახებ პერსონალური და სამსახურებრივი (თანამდებობრივი გადაადგილება, წოდების მინიჭება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, წახალისება და სხვა) მონაცემების კომპიუტერულ სისტემაში შეტანას, განახლებას და მოწესრიგებას; სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების მოძიებას;

ლ) იღებს აუცილებელ ინფორმაციასა და სხვა მონაცემებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაადგილების, წოდების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სხვა საკადრო საკითხების თაობაზე შესაბამის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში აღრიცხვის მიზნით;

მ) უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად სათანადო პროცედურების განხორციელებას;

ნ) ორგანიზებას უწევს სამსახურში სასწავლო პრაქტიკის/სტაჟირების გავლას, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მომზადება-გადამზადებას; განსაზღვრავს სამსახურში ადამიანური რესურსების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს;

ო) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენას;

პ) უზრუნველყოფს პირადობის მოწმობებისა და დროებითი საშვების გამოწერას, დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას, შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას და ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას;

ჟ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობებისა და შემოვლის ფურცლის რეგისტრაცია-დაგზავნას;

რ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ჟურნალებისა და კარტოთეკების ფორმირება-გაფორმებას, მათ შენახვას და მომზადებას არქივში გადასაცემად;

ს) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის მოსამსახურეთა პატაკები/განცხადებების, მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას;

უ) ამზადებს მასალებს სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის უზრუნველყოფის მიზნით;

ფ) განიხილავს მოქალაქეების განცხადებებსა და მასალებს სამსახურში მიღების თაობაზე;

ქ) ახორციელებს სამსახურში მისაღები კანდიდატების, თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურეების (თანამდებობრივი გადაადგილება) ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

ღ) სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამის განხორციელების ორგანიზებაში;

ყ) უზრუნველყოფს პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთათვის გაცნობას;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების საკადრო საქმიანობას, ასევე, ასეთი საქმიანობისას კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესრულების კონტროლს. განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას.

ჩ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.


თავი III
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

მუხლი 5
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურში საკადრო საქმიანობის რეგულირებაზე, კვალიფიციური კადრების შერჩევაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საშტატო განრიგებისა და სტრუქტურების სრულყოფაზე;

ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სამსახურში კანდიდატების მიღების, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და სხვა საკადრო საკითხებზე;

დ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგების (ნუსხები) და სტრუქტურების პროექტებს;

ე) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურებრივ ინსტრუქციას დეპარტამენტის მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, დეპარტამენტის პირად შემადგენლობას საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი კანდიდატების განხილვასა და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ზ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში მოსამსახურეთა დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილებების, წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის, თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა საკითხებზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);

ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6
1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა ან თანამდებობიდან გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის იმ სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობას, რომელიც დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაქვემდებარებაში აქვს გადაცემული. სტრუქტურული დანაყოფის დირექტორის მოადგილის დაქვემდებარებაში გადაცემა შესაძლებელია გაფორმდეს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7
დეპარტამენტის დანაყოფებია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება.


თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია

მუხლი 8
I სამმართველოს კომპეტენცია:

ა) ახორციელებს სამსახურში მისაღები კანდიდატების აღრიცხვას, შერჩევას, შესწავლას, სამედიცინო და ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე მიმართვების გაცემას, სპეციალურ შემოწმებას და მათზე პირადი საქმეების შედგენას;

ბ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა ანკეტური მონაცემების განახლებას და დამატებით სპეციალურ შემოწმებას;

გ) ამზადებს მასალებს და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:

გ.ა) მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილებისა და დათხოვნის შესახებ;

გ.ბ) შტატგარეშე მოსამსახურედ მოქალაქეთა მიღების, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის შესახებ (ახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეთა განსაზღვრული რაოდენობის კონტროლს); 

გ.გ) პირველადი, მორიგი და ვადაზე ადრე სპეციალური წოდების მისანიჭებლად;

გ.დ) წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;

გ.ე) სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარსადგენად;

გ.ვ) სამსახურებრივი მივლინების/მივლენის შესახებ;

გ.ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ და დაზიანებულ მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ;

გ.თ) მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ;

გ.ი) მოსამსახურეთა სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებაში შეტყობინების გაგზავნის შესახებ;

გ.კ) დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 9
II სამმართველოს კომპეტენცია:

ა) ამზადებს სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებების პროექტებს, უზრუნველყოფს საშტატო ნუსხების დანაყოფების დებულებებთან შედარებას და შესაბამისობაში მოყვანას;

ბ) ახორციელებს საშტატო რიცხოვნობისა და ერთეულების ცვლილებების კონტროლს;

გ) უზრუნველყოფს დათხოვნილ მოსამსახურეთა სპეციალური სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნას შესაბამის სახელმწიფო უწყებაში;

დ) აღრიცხავს და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა შვებულებებს;

ე) დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირადობის მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება–გაცემას, აღრიცხვას და ჩამოწერას; აწარმოებს შესაბამის კარტოთეკას და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას;

ვ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და კანდიდატთა სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე გაგზავნას;

ზ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამუშაოდ მისაღები კანდიდატებისა და მოსამსახურეთა მიერ ფიზიკური ნორმატივების დადგენილი წესით ჩაბარებას;

თ) უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;

ი) ორგანიზებას უწევს სამსახურში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას;

კ) აწარმოებს სტატისტიკას სამსახურის საშტატო რიცხოვნების შესახებ;

ლ) ახორციელებს საკადრო საქმიანობის შესახებ სამართლებრივი აქტების (მოსამსახურეთა დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დათხოვნა, მივლინება და სხვა) მიღება-შეგროვებას და სათანადო დამუშავებას; სხვადასხვა სტატისტიკური მასალის მომზადებას; მოსამსახურეთა და შესაძლო მისაღებ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, მათზე საცნობარო ბაზის შექმნას;

ნ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობების, შემოვლის ფურცლისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ მომზადება-გაცემას;

ო) განიხილავს და ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე;

პ) ორგანიზებას უწევს სამსახურის პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას.

 

მუხლი 10
სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) კოორდინაციით ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ახორციელებს სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შემოსული დოკუმენტების ადრესატებთან დაგზავნას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მატერიალური სახით შემოსული ან ადგილზე მომზადებული დოკუმენტაციის დამუშავება-რეგისტრაციას და ადრესატებთან დაგზავნას;

გ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობებისა და შემოვლის ფურცლის რეგისტრაცია-დაგზავნას;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული შიდაუწყებრივი, უწყებათშორისი და ადგილზე მომზადებული საიდუმლო დოკუმენტაციის დამუშავებას, რეგისტრაციას და შემსრულებლისათვის გადაცემას;

ე) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ჟურნალებისა და კარტოთეკების ფორმირება-გაფორმებას, მათ შენახვას და მომზადებას არქივში გადასაცემად;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული მოქალაქეების განცხადება-საჩივრების შესრულების ვადების კონტროლს;

ზ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შემოსულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შესავსებად საჭირო კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი წერილის ადრესატისთვის გადაცემას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.