„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
040170020.57.069.016233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №85

2026 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 17 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.10.2015, 040170020.57.069.016073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 ქვეპუნქტი:

„ა1) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია კონსოლიდირებული ტენდერიდან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო;“;

ბ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის თაობაზე;

დ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, მასთან დადებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებას სააგენტოს აცნობებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია.

3. წერილობითი შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ოფიციალურ ბლანკზე.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“  ქვეპუნქტი:

„ე1) ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს წერილობითი შეტყობინების დაზუსტება, თუ იგი არ შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო დადგენილ ვადაში არ წარადგენს (დააზუსტებს) შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო განუხილველად დატოვებს წერილობით შეტყობინებას. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია ხელახლა წარადგინოს წერილობითი შეტყობინება ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტო უფლებამოსილია შემსყიდველი ორგანიზაციისგან, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან პრეტენდენტისგან/მიმწოდებლისგან ან/და სხვა პირებისგან/ორგანოსგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას.“;

ვ) მე-7 მუხლის:

ვ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ:

ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%;

ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“.“;

ვ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი

პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობითი შეტყობინება

[შედგენის თარიღი და ადგილი]

გიგზავნით პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობით შეტყობინებას:

შესყიდვა: [სატენდერო/საკონკურსო განცხადების ნომერი ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი. ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი].

პრეტენდენტი/მიმწოდებელი: [მიეთითება პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი].

შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი: [შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მოკლედ აღწერს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის წინაპირობებს].

თანდართული დოკუმენტები: [შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, წერილობით შეტყობინებას დაურთოს წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სათანადო დოკუმენტაცია სრულად, თანმიმდევრობით (ქრონოლოგიურად) და შესაბამისი მითითებებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სისტემაში, ეს დოკუმენტები წერილობით შეტყობინებას აღარ დაერთვის].

[დანართის რაოდენობა].

[შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა]

[ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)].