ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ტექსტი
მეოთხე სექციის გადაწყვეტილება
საქმეზე
„ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ“
საჩივრები №11025/22 და 11032/22
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ 2025 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე კოლეგიის შემდეგი შემადგენლობით:
ჯოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე, გაითვალისწინა რა 2022 წლის 4 და, შესაბამისად, 16 თებერვალს წარდგენილი ზემოაღნიშნული საჩივრები, გაითვალისწინა რა გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად წარდგენილი საჩივრების შესახებ, რომლებიც ეხება „კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს“ არარსებობას და საჩივარში №11025/22 სავარაუდო პროცედურული უსამართლობის გარკვეულ ასპექტებს, ხოლო საჩივრის №11032/22 დანარჩენი ნაწილი ცნობილ იქნეს მიუღებლად, გაითვალისწინა რა მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მომჩივნების საპასუხო მოსაზრებები, განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: შესავალი 1 . წინამდებარე საქმე ეხება მომჩივნების ბრალდებებს, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, რომელიც განიხილავდა მათ საქმეებს, არ იყო „კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“, რადგან კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე იყო საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც უზენაეს სასამართლოში არჩეულ იქნა კანონით დადგენილი შესაბამისობის კრიტერიუმის დარღვევით. მომჩივნები დაეყრდნნენ კონვენციის მე-6 მუხლს. ფაქტები 2 . პირველ საქმეში (№ 11025/22) მომჩივანი არის ბ-ნი ირაკლი ფირცხალავა (შემდგომში „პირველი მომჩივანი“), საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1968 წელს და მცხოვრები ქ. თბილისში. მას სასამართლოში წარმოადგენდა ქ-ნი ა. ილაური, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ქ. თბილისში. 3 . მეორე საქმეში (№ 11032/22) მომჩივანი არის Y (შემდგომში „მეორე მომჩივანი“), საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1988 წელს და მცხოვრები ქ. თბილისში. თავმჯდომარემ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რომ მისი ვინაობა საზოგადოებისთვის არ გამჟღავნებულიყო (სასამართლოს რეგლამენტის წესი 47 § 4). მეორე მომჩივანს სასამართლოში წარმოადგენდა ბ-ნი ა. ბარამიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ქ. თბილისში. 4 . საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი. 5 . მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: A. 2019 წლის მოსამართლეთა კონკურსი 1. ზოგადი ინფორმაცია 6 . 2012 წელს საქართველომ დაიწყო მართლმსაჯულების სისტემის მთავარი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა, მათ შორის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპის დანერგვას, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების შეცვლას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს – სასამართლო სისტემაზე ზედამხედველობის მანდატის მქონე კონსტიტუციური ორგანო – როლისა და ფუნქციონალური დამოუკიდებლობის გაზრდასა და გაძლიერებას. უზენაესი სასამართლოს როლი მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გაძლიერდა კონსტიტუციისა და 1997 წლის 13 ივნისის კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ( შემდგომში „კანონი სასამართლოების შესახებ“) ცვლილებების მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა და მანდატის სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, ცვლილებებმა გააფართოვა მისი უფლებამოსილებები და მოიცვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ მიიღო უფლება, რომელიც მანამდე პრეზიდენტს ეკუთვნოდა, დაესახელებინა მოსამართლეები შემდგომში პარლამენტის მიერ მათ დასანიშნად. 7 . 2018 წლის 16 დეკემბერს ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც ცვლილებები შეიტანა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობასა და მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა თექვსმეტიდან ოცდარვამდე გაიზარდა და უფლებამოსილების ათწლიანი ვადა უვადო დანიშვნით შეიცვალა. 8 . 2019 წლის 1 მაისს „სასამართლოების შესახებ“ კანონში, ასევე პარლამენტის რეგლამენტში შევიდა დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახალ პროცედურას. შემუშავებულ იქნა ახალი, მრავალეტაპიანი შერჩევის, დასახელებისა და დანიშვნის პროცესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული პირველი ფაზა მოიცავდა შემდეგს: (i) განაცხადის ფორმების საფუძველზე კანდიდატების რეგისტრაცია, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს; (ii) შერჩეულ კანდიდატთა, რომელთა რაოდენობა იყო ვაკანსიის რაოდენობაზე 2.5-ჯერ მეტი, ფარული კენჭისყრა, იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულმა წევრმა ხმა მისცა იმდენ კანდიდატს, რამდენიც იყო ვაკანსია; (iii) შერჩეული კანდიდატების წარსულის შემოწმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნოს მიერ; (iv) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინტერვიუების ჩატარება; (v) კანდიდატებისთვის ფარული კენჭისყრით ქულების მინიჭება და მათი შეფასება, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე; და (vi) კანდიდატების რეიტინგების შედგენა ფარული კენჭისყრით და მათი სახელების წარდგენა პარლამენტისთვის, ვინც მიიღო ყველაზე მეტი ქულა. კონკურსის მეორე ფაზა მოიცავდა შემდეგს: (i) თითოეულ კანდიდატთან საჯარო გასაუბრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, რომელმაც შემდგომ კენჭი უყარა დანიშვნის რეკომენდაციებს; და (ii) საბოლოო დანიშვნა, რაც განხილულ იქნა და რასაც კენჭი ეყარა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 2. მოსამართლე შ.თ.-ის არჩევა უზენაეს სასამართლოში 9. 2019 წლის 11 მაისს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა კონკურსი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოცი მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. 10 . 2019 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალურად დარეგისტრირებული 144 კანდიდატის სია, რომელთა შორის იყო საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორი შ.თ., რომელიც ამ თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ერთსულოვანი კენჭისყრით 139 კანდიდატი ჩათვალა შესაფერისად. ორი შესაფერისი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ დარჩა 137 კანდიდატი. 11 . 2019 წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით შეარჩია 50 კანდიდატი, მათ შორის, შ.თ. შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნომ ჩაატარა ყველა შერჩეული კანდიდატის წარსულის შემოწმება, ხოლო შედეგად მიღებული ინფორმაცია გასაუბრებამდე ხუთი დღით ადრე ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის. 12 . კანდიდატებთან ყველა გასაუბრება საჯარო იყო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა; მათ ესწრებოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებების ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აუდიოჩანაწერები შემდგომში განთავსდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 13 . 2019 წლის 23 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოჰკითხა შ.თ. 14 . ყველა გასაუბრების დასრულებიდან სამი კვირის შემდეგ, 2019 წლის 3 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა თითოეული კანდიდატის მიერ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე მიღებული კონსოლიდირებული ქულები. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით შეარჩიეს ოცი კანდიდატი, რომელთა ვინაობაც უნდა წარედგინათ პარლამენტისთვის და მათ შორის იყო შ.თ. თითოეული კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა არ გამოქვეყნებულა. ნომინანტთა სია არ ემთხვეოდა იმ ოც კანდიდატს, რომლებმაც გასაუბრების შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. 15 . 2019 წლის 12 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი წარდგენილი კანდიდატების შესაბამისობის შესამოწმებლად, მოსამართლის თანამდებობის მოთხოვნებთან. იმავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველმა და კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის (არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია) შეშფოთება გამოთქვეს რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით, რომლებსაც, მათი აზრით, არ გააჩნდათ საჭირო განათლების დონე; მათ შორის იყო საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი შ.თ. მათ მოუწოდეს პარლამენტს შეეჩერებინა მისი კანდიდატურის განხილვა, სანამ მისი იურიდიული განათლების დონე მოწმდება. განუსაზღვრელ თარიღში სამუშაო ჯგუფმა სთხოვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გადაემოწმებინა, რომ უზენაეს სასამართლოში დასანიშნად წარდგენილ თითოეულ კანდიდატს ჰქონდა სამართლის მაგისტრის ან მისი ეკვივალენტი ხარისხი. ამასთან, გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, მოთხოვნილი იქნა შ.თ.-ის სამართლის დიპლომის ავთენტურობის შემოწმება. 2019 წლის 20 სექტემბერს სამუშაო ჯგუფმა დაადასტურა ყველა ნომინანტის შესაფერისობა, ისე რომ არ დაელოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხს. 16 . 2019 წლის 23 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ოცი კანდიდატის საჯარო გამოკითხვა დაიწყო. 2019 წლის 7 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდა შ.თ.-ის დიპლომის ავთენტურობას. 17 . 2019 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის პირველი ეტაპის მონიტორინგის შესახებ. სხვა პრობლემებთან ერთად სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სათანადოდ ვერ გადაამოწმა ორმოცდაათი შერჩეული კანდიდატის საგანმანათლებლო კვალიფიკაცია, და რომ მათგან მინიმუმ ხუთის, მათ შორის, შ.თ.-ის, ძალიან საეჭვო იყო. 18 . 2019 წლის 9 ოქტომბერს შ.თ.-ს გაესაუბრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. დიპლომის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ მან განმარტა, რომ 1994-1998 წლებში სწავლობდა შესაბამის უნივერსიტეტში და მეხუთე კურსის გამოცდები ექსტერნად ჩააბარა 1997-1998 სასწავლო წელს. მან მიუთითა იმ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც საშუალებას აძლევდა ნებისმიერ სტუდენტს, უნივერსიტეტში სწავლის ნებისმიერი კურსი დაემთავრებინა ექსტერნატის გამოცდებით და დაემთავრებინა უნივერსიტეტი ერთი წლით ადრე. შ. თ.-მ აღიარა, რომ არ გააჩნდა ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, კომიტეტის მოთხოვნით, მან საბოლოოდ წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 29 ოქტომბრის წერილი, რომლის მიხედვითაც, თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1998 წლის 23 ივნისის ოქმში შ.თ. აღნიშნულია სტუდენტებს შორის, ვინც წარმატებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 19. 2019 წლის 8 ნოემბერს ყველა გამოკითხვა დასრულებული იყო. 2019 წლის 12 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა ცხრამეტი კანდიდატიდან თოთხმეტს, მათ შორის, შ.თ.-ს. ერთ-ერთმა კანდიდატმა მოსმენების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. იმავე დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და დაადასტურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ რეკომენდებული თოთხმეტი კანდიდატი. 20. 2019 წლის 12 დეკემბერს შ.თ. ოფიციალურად დადასტურდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. 2019 წლის 16 დეკემბერს ის აირჩიეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ, რომელიც, მისი ჩათვლით, ხუთი მოსამართლისგან შედგებოდა. 2019 წლის 19 დეკემბერს ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. B. სისხლის სამართლის საქმის წარმოება პირველი მომჩივნის მიმართ 1. საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში 21. 2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი მომჩივანი დამნაშავედ ცნო ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვისთვის. მას მიესაჯა ხუთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლითა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. მისი ოთხი თანაბრალდებულიდან სამი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, ხოლო ერთმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო და სასჯელი შეუმცირდა. მოცემულ დროს პირველი მომჩივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების (პოლიციის განყოფილების) უფროსი იყო. მისი თანაბრალდებულები ასევე იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში „შსს“) მაღალჩინოსნები. 22. გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, 02:00 საათზე, პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომელშიც ექვსი მგზავრი იმყოფებოდა (მძღოლის ჩათვლით). როდესაც პირები მანქანიდან გადმოვიდნენ ორმა პოლიციელმა, რომლებმაც ისინი გააჩერა, ისინი საეჭვოდ მიიჩნია და დამატებითი დახმარება გამოიძახა. დამატებით ორი პოლიციელი მივიდა, რომლებსაც თან ახლდათ შსს-ის ჟურნალისტი და ოპერატორი. ახლად მოსულმა ოფიცრებმა იარაღის მუქარით უბრძანეს პირებს ხელების აწევა და დაიწყეს მათი ჩხრეკა. როგორც დოკუმენტირებულია ჟურნალისტისა და ოპერატორის მიერ, რომელიც იღებდა პროცედურას. არცერთ პირს არ აღმოაჩნდა რაიმე უკანონო ნივთი, თუმცა პოლიციელებმა მაინც დაიწყეს მათი დაკავება. ერთ-ერთ პოლიციელს პირებისთვის ხელბორკილების დადებისას იარაღი ხელში ეჭირა, გასასროლად მზადყოფნაში, რა დროსაც შემთხვევით გაისროლა იარაღიდან, მოხვდა ა.რ.-ს, რომელიც მოვლენების განვითარების ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელებმა დანარჩენ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტიდან მალევე, პირველი მომჩივანი თანაბრალდებულებთან ერთად მოვლენების განვითარების ადგილზე მივიდა. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ დაკავებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ და შეიტყვეს ა.რ.-ის სიკვდილის შესახებ, რაც შედეგად შემთხვევით გასროლას მოჰყვა, პირველმა მომჩივანმა და სხვა პოლიციელებმა გადაწყვიტეს დანაშაულის დაფარვა. მათ გამოართვეს ოპერატორს გადაღებული ჩანაწერი და დაავალეს ახალი სცენის გადაღება, რათა ეჩვენებინათ, რომ დაკავებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ და თავს დაესხნენ პოლიციელებს, რითაც გაამართლეს ამ უკანასკნელთა მიერ ა.რ.-ის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. შესაბამისად, ჩაუდეს იარაღი და საბრძოლო მასალა და გაკეთდა დანაშაულის ადგილის ახალი ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით საზოგადოებას აჩვენეს. 23. ინციდენტის გარემოებები, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ (იხ. წინა პარაგრაფი) დაადგინა 73-გვერდიან გადაწყვეტილებაში, დადასტურდა მრავალი მოწმის ჩვენებით, მათ შორის, დაზარალებულების, ორი პოლიციელის, რომლებმაც თავდაპირველად გააჩერეს მანქანა, დამხმარედ გამოძახებული პოლიციელების (მათ შორის იმ პოლიციელის, რომლის შემთხვევით გასროლამაც მოკლა ა.რ.), ჟურნალისტის, რომელიც იქ იმყოფებოდა ინციდენტის დროს და გამომძიებლის, რომელიც დანაშაულის ადგილზე მომჩივანთან ურთიერთობდა დანაშაულის დაფარვის დროს. გადაწყვეტილება ასევე ეყრდნობოდა მრავალ საექსპერტო კვლევას და სხვა დოკუმენტებს. 24. პირველი მომჩივანი პირადად მონაწილეობდა სასამართლოში გამართულ ყველა სხდომაში, გარდა ერთისა, 2018 წლის 26 ნოემბერს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. სასამართლომ სხდომის გადადება საჭიროდ არ მიიჩნია, რადგან ის ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვების წაკითხვას დაეთმო; მას მომჩივნის ადვოკატი ესწრებოდა. შემდგომში მომჩივანს გადაეცა სხდომის წერილობითი ოქმის ასლი. მან დასკვნითი სიტყვა 2018 წლის 5 დეკემბერს გამართულ სხდომაზე წარმოთქვა. 25 . დაუზუსტებელ თარიღში, მაგრამ 2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან ერთი თვის განმავლობაში, პირველმა მომჩივანმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა მისი მსჯავრდების წინააღმდეგ. 26. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოების დროს მომჩივანმა განაცხადა, რომ მას არ შეეძლო ვიდეომტკიცებულების წარდგენა სასამართლოში განხილვის ეტაპზე დაკითხული ათი მოწმისთვის და მოითხოვა მათი ხელახლა დაკითხვის უფლება ვიდეომტკიცებულებების მათთვის წარდგენის შესაძლებლობით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ოთხი მოწმის მიმართ, რომელთა დაკითხვისთვის მომჩივანმა სათანადოდ წარადგინა მოთხოვნა სასამართლოში განხილვის ეტაპზე და უარყოფილ იქნა სხვა მოწმეებთან მიმართებით. 27. 2020 წლის 15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმებები, რომლებიც დაიდო მომჩივნის კიდევ ორ თანაბრალდებულსა (გ.დ. და ზ.მ.) და პროკურატურას შორის. შეთანხმებების შედეგად გ.დ.-სა და ზ.მ.-ს სასჯელი შეუმცირდათ. შემდგომში, პირველი მომჩივნისა და მისი თანაბრალდებულის, დ.ი.-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადაეცა. 28 . 2021 წლის 1 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი მომჩივნის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2. საქმისწარმოება უზენაეს სასამართლოში 29. 2021 წლის 26 თებერვალს პირველმა მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა უზენაეს სასამართლოში. 30 . 2021 წლის 23 მარტს მისი საქმე გადაეცა მოსამართლე ლ.პ.-ს, როგორც თავმჯდომარე მოსამართლეს (და მომხსენებელ მოსამართლეს), საქმეების შემთხვევითობის პრინციპით განაწილების საფუძველზე. დაუზუსტებელ თარიღში პირველმა მომჩივანმა შეიტყო მისი საქმის ლ.პ.-ისთვის გადაცემის შესახებ. 31 . 2021 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებულ წერილობით მიმართვაში პირველმა მომჩივანმა მიმართა ლ.პ.-ს და მოითხოვა გ.დ.-ისა და ზ.მ.-ის მოწმეების სახით დაკითხვა. 32 . 2021 წლის 23 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ პირველი მომჩივნის საკასაციო საჩივარი მიუღებლად ცნო. შესაბამისი კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამართლეები ლ.პ. (თავმჯდომარე), მ.გ. და შ.თ. მომჩივანს გადაწყვეტილების შესახებ 2021 წლის 12 ოქტომბერს ეცნობა. 33. . უზენაესმა სასამართლომ განიხილა პირველი მომჩივნის პრეტენზიები, მათ შორის, მოწმეების დაკითხვასთან, საპროცესო შეთანხმების პროცედურის გამოყენებასთან და პირველი მომჩივნის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს სასამართლოს სხდომაზე დასწრების შეუძლებლობასთან დაკავშირებით. მომჩივნის მიერ ათივე მოწმის დაკითხვის დროს ვიდეომტკიცებულების წარდგენის სავარაუდო შეუძლებლობასთან დაკავშირებით მან დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ ოთხი მოწმის მიმართ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ პირველმა მომჩივანმა პირველ ინსტანციაში სათანადოდ ვერ წარადგინა მოთხოვნა დანარჩენი ექვსი მოწმის მიმართ. საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა შეიცვალა აღნიშნული შეთანხმებების დამტკიცების შემდეგ, და რომ პირველი მომჩივნის თანაბრალდებულების მიერ აღნიშნული პროცედურის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები არ ყოფილა გამოყენებული მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას. უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი მომჩივნის მსჯავრდება ეფუძნებოდა მტკიცებულებებს, რომლებიც არ უკავშირდებოდა აღნიშნულ პროცედურას (იხ. პარაგრაფები 22-23 ზემოთ), და რომ მისი მოთხოვნა, მისი ყოფილი თანაბრალდებულები დაკითხულიყვნენ უზენაეს სასამართლოში, დაუსაბუთებელი იყო მათი განცხადებების შესაბამისობის თვალსაზრისით. რაც შეეხება პირველი მომჩივნის მტკიცებას, რომ მას არ შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლო მოსმენის დროს მნიშვნელოვან სხდომაზე დასწრება, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება ამ საკითხთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ) და საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია. უზენაესმა სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი მომჩივნის არგუმენტები მის საქმეში სხვადასხვა მტკიცებულების მისაღებობისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. C. სისხლის სამართლის საქმის წარმოება მეორე მომჩივნის მიმართ 34 . 2019 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეორე მომჩივანი დამნაშავედ ცნო უხამსი საქციელის, გაუპატიურების, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისა და არასრულწლოვანთა ანტისოციალურ საქმიანობაში ჩართვის გამო. მსჯავრდება სხვა საკითხებთან ერთად ეფუძნებოდა ფოტო და ვიდეომტკიცებულებებს, ბიოლოგიურ მასალას და მოწმეთა ჩვენებებს. მას მიესაჯა თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. მეორე მომჩივანმა გაასაჩივრა მსჯავრდება, მაგრამ 2021 წლის 16 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. 35. დაუზუსტებელ თარიღში, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებიდან ერთი თვის განმავლობაში, მეორე მომჩივანმა უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი. 36 . 2021 წლის 27 მაისს საქმე გადაეცა მოსამართლე მ.გ.-ს, როგორც თავმჯდომარე მოსამართლეს (და მომხსენებელ მოსამართლეს), საქმეების შემთხვევითობის პრინციპით განაწილების საფუძველზე. 37 . 2021 წლის 3 ივნისს მეორე მომჩივნის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში მოიკითხა, მიიღეს თუ არა მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი. წარმომადგენელმა ითხოვა, რომ მის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მისთვის ეცნობებინათ იმ მოსამართლის ვინაობა, რომელსაც საქმე გადაეცა და მოსამართლის თანაშემწის საკონტაქტო ინფორმაცია. 38 . 2021 წლის 4 ივნისს მეორე მომჩივნის წარმომადგენელმა მიიღო პასუხი ს.გ.-ისგან, რომელიც, როგორც ჩანს, მოსამართლე მ.გ.-ის თანაშემწე იყო, რომ მის საქმეში თავმჯდომარედ (და მომხსენებელ მოსამართლედ) დაინიშნა მოსამართლე მ.გ. 39 . 2021 წლის 9 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მეორე მომჩივნის საკასაციო საჩივარი მიუღებლად ცნო. შესაბამისი კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამართლეები მ.გ. (თავმჯდომარე), მ.ვ. და შ.თ. მეორე მომჩივანს გადაწყვეტილების შესახებ 2021 წლის 22 ნოემბერს ეცნობა. D. მოვლენების შემდგომი განვითარება 40 . 2024 წლის 30 დეკემბერს მოსამართლე შ.თ.-მა დატოვა უზენაესი სასამართლო, რათა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნულიყო. შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო 41. 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) 22-ე მუხლის მე-7 ნაწილი (სასამართლოთა შემადგენლობა) ითვალისწინებს, რომ „საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა მოსამართლის შემადგენლობით“. სსსკ-ის 304-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას შეუძლია განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას“. 42 . 59-ე მუხლი (სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები), რამდენადაც შესაბამისია, ითვალისწინებს შემდეგს: „1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; ... ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ...“ 43 . სსსკ-ის 63-ე მუხლის (აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი) შესაბამისად: „1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა. 2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. 3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში. ...“ 44. სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილი ითვალისწინებს, რომ „საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა“.
45. უზენაესი სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო შეჯამებულია საქმეში Ugulava v. Georgia (no. 2) (no. 22431/20, §§ 24-25, 2024 წლის 1 თებერვალი). პრეტენზიები 47. . კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე მომჩივნები ჩიოდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა, რომელმაც განიხილა მათი შესაბამისი საქმეები, არ იყო „კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“, იმის გათვალისწინებით, რომ შემადგენლობაში ერთ-ერთი მოსამართლე (შ.თ.) იყო საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და, მომჩივანთა მტკიცებით, ის ზედამხედველობდა პროკურატურის მიერ მათ შესაბამის საქმეებში საჩივრების წარდგენას. გარდა ამისა, ის, სავარაუდოდ, უზენაეს სასამართლოში აირჩიეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის კრიტერიუმის დარღვევით. 48. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3(d) პუნქტზე დაყრდნობით, პირველი მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ მას არ შეეძლო ორი თანაბრალდებულის მოწმის სახით დაკითხვა მას შემდეგ, რაც მათ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა მოახერხეს და, რომ მას არ შეეძლო ათი მოწმისთვის ვიდეომტკიცებულებების წარდგენა. ის ასევე ჩიოდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს სასამართლოში გამართული სხდომა მის დაუსწრებლად გაიმართა. დაბოლოს, პირველმა მომჩივანმა დამატებით წამოაყენა სხვა პრეტენზიები სამართალწარმოების ადმინისტრირებასთან, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების შეფასებასთან და სასამართლოების მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა A. საჩივრების გაერთიანება 49 . საჩივრების მსგავსი შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განიხილოს ისინი გაერთიანებულად ერთ გადაწყვეტილებაში. B. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა 50 . კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათი საქმეები არ განიხილებოდა „კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს“ მიერ, რადგანაც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის იმ კოლეგიებში, რომლებიც მათ საქმეებს განიხილავდნენ, მონაწილეობდა მოსამართლე შ.თ. პირველმა მომჩივანმა დამატებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3(d) პუნქტების საფუძველზე, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უსამართლო იყო. განსახილველ დებულებაში, რამდენადაც შესაბამისია, ვკითხულობთ: „1. ყოველი ადამიანი მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ... ... 3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ... (d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში; ...“ 1. მოსამართლე შ.თ.-ის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში (a) მხარეთა არგუმენტები (i) მთავრობა 51. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებმა ვერ ამოწურეს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები მათ საჩივართან დაკავშირებით. ამ მიმართებით მთავრობამ მიუთითა საქმეზე Croatian Golf Federation v. Croatia (no. 66994/14, § 112, 2020 წლის 17 დეკემბერი), რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეტი სამართლებრივი დაცვის საშუალება არ არსებობს, რადგან მომჩივანი ამტკიცებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემის ბოლო ინსტანციის სასამართლო ორგანოს შემადგენლობის გამო, სუბსიდიარობის პრინციპი შეიძლება მოითხოვდეს მომჩივნისგან განსაკუთრებული გულმოდგინების გამოვლენას დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულების შესრულებისას. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მომჩივნები ცდილობდნენ „[შესაბამის შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების ვინაობის] პროაქტიული შეტყობინების ტვირთის უზენაეს სასამართლოზე გადატანას“, როდესაც ასეთი ვალდებულება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო. 52 . მათ განაცხადეს, რომ მომჩივნებს არ მოუკვლევიათ სამმოსამართლიანი კოლეგიების შემადგენლობის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მათი შესაბამისი საქმეების რეგისტრაციის შემდეგ და ამის შემდეგ არ წარუდგენიათ განაცხადები მოსამართლე შ.თ.-ის აცილების მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებს წარმოადგენდნენ ადვოკატები, „რომლებიც სრულად იცნობდნენ უზენაესი სასამართლოს დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, მათ შორის, [რაც შეეხება] სასამართლოს შემადგენლობას, მაგრამ [მათ] ვერ მოიპოვეს სრული ინფორმაცია პალატის შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების შესახებ“. 53. მათი არგუმენტის საილუსტრაციოდ, მათ წარმოადგინეს 2023 წლიდან 2025 წლამდე წერილობითი მიმოწერის რამდენიმე საილუსტრაციო მაგალითი, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა მომჩივნის ან მათი ადვოკატების მიერ იმ კოლეგიის შემადგენლობის შესახებ დასმულ შეკითხვებს, რომელსაც მათი საქმეები დაევალა. საქმეების უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს კანცელარიამ სათანადოდ აცნობა შესაბამის პირებს კოლეგიის სრული შემადგენლობის შესახებ. აღნიშნულიდან ორ მიმოწერაში აპელანტებს აცნობეს, რომ თავმჯდომარე მოსამართლის გარდა, კოლეგიის სხვა წევრები ჯერ არ იყვნენ დანიშნული, რომ კოლეგიის წინასწარგანსაზღვრული შემადგენლობა არ არსებობდა და, რომ უზენაეს სასამართლოს საკითხის განსახილველად ექვსი თვე ჰქონდა. მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ასევე მოიცავდა უზენაესი სასამართლოს სამდივნოდან მიღებულ განმარტებით ბარათს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პირველი მომჩივნის მიმართ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რომელთაგან ორივე განიხილა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლე შ.თ.-ც შედიოდა. აღნიშნულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებები გამოტანილი იქნა 2021 წლის 27 იანვარს და 23 სექტემბერს. 54 . მთავრობამ ასევე წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ხაზი გაუსვა „უზენაესი სასამართლოს მტკიცედ გამყარებულ პრაქტიკას, რომ დაინტერესებულ მხარეს აწვდის ინფორმაციას სასამართლოს შემადგენლობის შესახებ [რომელსაც საქმე გადაეცა]“. 55. დაბოლოს, მათ მიუთითეს საქმეზე Kezerashvili v. Georgia (no. 11027/22, § 31, 2024 წლის 5 დეკემბერი), რომელშიც მომჩივნის წარმომადგენელმა შეძლო ინფორმაციის მოპოვება კოლეგიის სრული შემადგენლობის შესახებ, რომელშიც შედიოდა მოსამართლე შ.თ. მათ ასევე განაცხადეს, რომ საქმეში Kezerashvili (იქვე) და საქმეში Ugulava v. Georgia (no. 2) (ციტირებული ზემოთ) შესაბამის მომჩივნებს მიეცათ „შეუზღუდავი შესაძლებლობები“, წარედგინათ შუამდგომლობები იმავე მოსამართლის აცილების მოთხოვნით. (ii) მომჩივნები 56 . მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ მათ საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები, უზენაესი სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის შესახებ მანამ, სანამ არ ეცნობათ საბოლოო გადაწყვეტილებები მიუღებლობის შესახებ. მათ ასევე განაცხადეს, რომ მათ წინასწარ არ შეეძლოთ სცოდნოდათ კოლეგიების შემადგენლობა. როდესაც საქმე უზენაეს სასამართლოში დარეგისტრირდა, ის თავდაპირველად მხოლოდ თავმჯდომარე მოსამართლეს დაევალა, რომელიც ამავდროულად ამ საქმის მომხსენებელი მოსამართლის ფუნქციასაც ასრულებდა. აღნიშნული პროცედურა განსაზღვრული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების №1/56 „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატური განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4(9) მუხლით. შესაბამისად, მომჩივნებს შეეძლოთ მოეთხოვათ და მოითხოვეს მხოლოდ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან, როგორც ისინი ამტკიცებდნენ, ამ საკითხის მარეგულირებელი სხვა წესი არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. 57 . ამ მიმართებით, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი შიდა რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავდა დანარჩენი ორი მოსამართლის კოლეგიაში დანიშვნის ვადებსა და პროცედურას. გავრცელებული ინფორმაციით, მათი შერჩევა ეფუძნებოდა გაუმჟღავნებელ შიდა პრაქტიკას, რომელიც დაფუძნებული იყო ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ხელმისაწვდომობა და სამუშაო დატვირთვა. შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ზეპირი მოსმენა არ ჩატარდებოდა, შესაძლოა, კოლეგიის სხვა მოსამართლეების ვინაობა უცნობი დარჩენილიყო. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობის ასეთი ნაკლებობა თავისთავად წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად დადგენილ საკითხს. (b) სასამართლოს შეფასება (i) ზოგადი პრინციპები 58 . დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება მოითხოვს, რომ მომჩივნებმა ისარგებლონ ხელმისაწვდომი და საკმარისი საშუალებებით მათ კონვენციურ პრეტენზიებთან მიმართებით. შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობა საკმარისად გარკვეული უნდა იყოს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ასევე პრაქტიკაშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ ექნება საჭირო ხელმისაწვდომობა და ქმედითობა (იხ. საქმ ე Communauté genevoise d’action syndicale (CGAS) v. Switzerland [GC], no. 21881/20, § 139, 2023 წლის 27 ნოემბერი). 59. სასამართლო იმეორებს, რომ როდესაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა იძლევა სასამართლოს ან მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული შეშფოთების აღმოფხვრის შესაძლებლობას, მოსალოდნელია, მომჩივანი, რომელიც ნამდვილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არგუმენტირებული შეშფოთება, პირველივე შესაძლებლობისთანავე წამოაყენებს მას. ეს, უპირველეს ყოვლისა, საშუალებას მისცემს ეროვნულ ორგანოებს, განიხილონ მომჩივნის პრეტენზიები შესაბამის დროს და უზრუნველყონ მისი უფლებების დაცვა (იხ., მაგ., საქმე Miljević v. Croatia, no. 68317/13, § 88, 2020 წლის 25 ივნისი, და საქმე Katsikeros v. Greece, no. 2303/19, § 86, 2022 წლის 21 ივლისი). მაგალითად, როდესაც სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს, რადგან მომჩივანი ამტკიცებდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას შიდასამართლებრივი სისტემის ბოლო ინსტანციის სასამართლო ორგანოს მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო, სასამართლომ დაადგინა, რომ სუბსიდიარობის პრინციპი შეიძლება მოითხოვდეს მომჩივნისგან განსაკუთრებულ გულმოდგინებას დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულების შესრულებისას. ასეთ შემთხვევებში პრევენციული საშუალებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (იხ. საქმე NDI SOPOT S.A v. North Macedonia, no. 6035/17, § 89, 2024 წლის 26 ნოემბერი). ბუნებრივია, ეს მოსაზრებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ მო მჩივანმა იცოდა ან შეეძლო სცოდნოდა შესაბამისი სასამართლოს შემადგენლობის შესახებ (იხ. საქმე Croatian Golf Federation, ციტირებული ზემოთ, §§ 112-13). (ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში 60 . სასამართლომ მანამდე დაადგინა, რომ მომჩივნები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩიოდნენ, არსებობდა მოლოდინი, რომ საკითხის პირველ რიგში აღნიშნულ სასამართლოში დააყენებდნენ (იხ. საქმე Ugulava (no. 2), ციტირებული ზემოთ, §§ 21-22 და 39-43, და საქმე Kezerashvili, ციტირებული ზემოთ, §§ 32-33 და 72-74). თუმცა, სასამართლოს მიდგომა ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ საქმეებში მომჩივნები შესაბამისი კოლეგიების შემადგენლობის შესახებ ინფორმირებული იყვნენ მათ შესაბამის საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე. 61 . წინამდებარე საქმეში უდავოა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს სამმოსამართლიანი კოლეგიების შემადგენლობის შესახებ, რომლებიც განიხილავდნენ მათ შესაბამის საქმეებს, საბოლოო გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინებამდე. ამრიგად, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე შ.თ.-ის კოლეგიებში მონაწილეობის შესახებ დაგვიანებით შეიტყვეს, რამაც მათ წაართვა მისი აცილების მოთხოვნის უფლება. ამის საპირისპიროდ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნების სათანადო გულმოდგინების ვალდებულება იყო, მოეკვლიათ უზენაესი სასამართლოს იმ კოლეგიების შემადგენლობები, რომლებიც მათ შესაბამის საქმეებს გადაწყვეტდნენ. ამრიგად, სასამართლოს მოეთხოვება დაადგინოს, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული სამართალწარმოება საბოლოო ინსტანციაში იყო, უნდა გამოეჩინათ თუ არა მომჩივნებს განსაკუთრებული გულმოდგინება აღნიშნულ გარემოებებში, რათა შეესრულებინათ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება (იხ. პარაგრაფი 59 ზემოთ). 62. ამ ფონზე, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს მომჩივნების საჩივრის უფრო ფართო კონტექსტი, კერძოდ, მოსამართლე შ.თ.-ის უზენაეს სასამართლოში არჩევა და მისი წინა თანამდებობა, როგორც ქვეყნის გენერალური პროკურორისა. ორივე ეს ელემენტი, რომლებიც წარმოადგენს მომჩივნების საჩივრების საფუძველს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯაროდ ცნობილ ფაქტებს, რომელთა შესახებაც მომჩივნებს უნდა სცოდნოდათ 2019 წლის 12 დეკემბერს შ.თ.-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის დღიდან (იხ. პარაგრაფები 9-20 ზემოთ). ამრიგად, იმ დროისთვის, როდესაც მათი შესაბამისი საკასაციო საჩივრები შეიტანეს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის გაზაფხულზე (იხ. პარაგრაფები 29 და 35 ზემოთ), დაცვის მხარე ინფორმირებული იყო მომჩივნების საჩივრების საფუძვლის შესახებ, კერძოდ, მათი ეჭვების შესახებ, მოსამართლე შ.თ.-ის დანიშვნის კანონიერებასთან და მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (შეადარეთ და შეუპირისპირე თ საქმე Sigríður Elín Sigfúsdóttir v. Iceland, no. 41382/17, § 35, 2020 წლის 25 თებერვალი). 63. . გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ შ.თ.-ის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა ხუთი მოსამართლისგან შედგებოდა (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). ვინაიდან საკასაციო საჩივრებს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ), არსებობდა უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ კოლეგიებში მოსამართლე შ.თ. ყოფილიყო (იხ. საქმე Katsikeros, ციტირებული ზემოთ, § 93, შეადარეთ და შეუპირისპირეთ საქმე Croatian Golf Federation, ციტირებული ზემოთ, § 118). ფაქტობრივად, არსებული მასალები მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს კოლეგიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მოსამართლე შ.თ., უკვე განხილული ჰქონდა პირველი მომჩივნის მონაწილეობით სხვა საქმე შვიდი თვით ადრე, სანამ სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც წარმოშვა წინამდებარე საჩივარი, მიუღებლად გამოცხადდებოდა (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, და მაშინაც კი, თუ არ არსებობდა მხარეებისთვის კოლეგიის შემადგენლობის წინასწარ შეტყობინების პროცედურა, როდესაც საქმეები წერილობითი წარმოების გზით უნდა გადაწყდეს (იხ. პარაგრაფი 51 ზემოთ), სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეების 99%, რაც მთავრობამ მიუთითა საქმეში Kezerashvili v. Georgia (ციტირებული ზემოთ, § 98), გადაწყვეტილი იქნა წერილობითი წარმოების გზით. ასეთ ვითარებაში და იმ კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამინდელი მომჩივნების ეჭვებს უკავშირდება მოსამართლე შ.თ.-ის კოლეგიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 62 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს – და განსაკუთრებით პირველ მომჩივანს, რომლის წინა საქმეც მოსამართლე შ.თ.-ის მონაწილეობით გადაწყდა – მოეთხოვებოდათ განსაკუთრებული გულმოდგინების გამოჩენა ამ საქმეში დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულების შესრულებისას. ამგვარად, მომჩივნების მოვალეობა იყო, წამოეყენებინათ თავიანთი შეშფოთება უზენაეს სასამართლოში და ამ უკანასკნელისთვის საშუალება მიეცათ, გადაეწყვიტა მოსამართლე შ.თ.-ის კოლეგიებში შესაძლო ჩართვის საკითხი, ვიდრე სასამართლოს პირველი ინსტანციის პოზიციაში ჩააყენებდნენ (შეადარეთ და შეუპირისპირეთ საქმ ეHIT d.d. Nova Gorica v. Slovenia, no. 50996/08, §§ 28-29, 2014 წლის 5 ივნისი). 64 . ამის მიუხედავად, მომჩივნებმა არც კოლეგიების შემადგენლობის შესახებ მოიკითხეს – არც მათი საქმეების თავმჯდომარე მოსამართლეებისთვის გადაცემის შემდეგ და არც შემდგომში, უზენაესი სასამართლოსთვის მათ საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად ექვსთვიანი ვადის გასვლის ახლო პერიოდში (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ) – და არც წინასწარ წარუდგენიათ აცილების მოთხოვნები, მოსამართლე შ.თ.-ის კოლეგიებში მონაწილეობის ალბათობის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 63 ზემოთ). ზემოაღნიშნული მოსაზრებებისა და მთავრობის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 53-55 ზემოთ), სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივნების უმოქმედობა, კოლეგიებში მოსამართლე შ.თ.-ის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით მათ ეჭვებთან მიმართებით, გამართლებულია ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებში (იხ., mutatis mutandis, საქმე Juričić v. Croatia, no. 58222/09, §§ 61-63, 2011 წლის 26 ი ვლისი, და საქმე Katsikeros, ციტირებული ზემოთ, § 93; შეადარეთ და შეუპირისპირეთ საქმე NDI SOPOT S.A, ციტირებული ზემოთ, § 91). 65 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებმა ვერ გამოიჩინეს მათგან მოსალოდნელი განსაკუთრებული გულმოდგინება მოცემულ ვითარებაში დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულების შესრულებისას. 66 . შედეგად, მთავრობის პრეტენზია უნდა დაკმაყოფილდეს და მომჩივნების საჩივრები უზენაესი სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით მიუღებლად იქნეს ცნობილი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო. 2. პირველი მომჩივნის წინააღმდეგ საქმის წარმოების სავარაუდო პროცედურული უსამართლობა 67 . პირველმა მომჩივანმა გაიმეორა თავისი პრეტენზიები (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ). 68 . მთავრობამ განაცხადა, რომ პირველმა მომჩივანმა ვერ შეძლო თავისი პრეტენზიების დასაბუთება, რადგან (ა) მომჩივნის მხრიდან სასამართლო პროცესის ეტაპზე გულმოდგინების ნაკლებობამ გამოიწვია მისი მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, რაც ეხებოდა სააპელაციო ეტაპზე მოწმეების ხელახლა დაკითხვასა და მათთვის ვიდეომტკიცებულებების წარდგენას; (ბ) 2018 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მის არყოფნას არ გამოუწვევია ბრალდების მხარის მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის ან მტკიცებულებებზე პასუხის გაცემის შეუძლებლობა; და (გ) მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში არც კი იყო ნახსენები მისი ორი თანაბრალდებულის ჩვენებები, რომლებმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შეძლეს. 69 . სასამართლო, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამართალწარმოების შესაბამის პროცედურულ ეტაპებზე მომჩივნის ქცევისა და ეროვნული სასამართლოების მიერ მის პრეტენზიებთან დაკავშირებით მოყვანილი მსჯელობის (იხ. პარაგრაფები 21-24, 26-27 და 33 ზემოთ), ადგენს, რომ პირველი მომჩივნის რეტენზიების საფუძვლად არსებული ფაქტები სამართალწარმოების სავარაუდო უსამართლობასთან დაკავშირებით არ ავლენს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების დარღვევის რაიმე ნიშანს. 70 . აქედან გამომდინარეობს, რომ პირველი მომჩივნის პრეტენზიები ამ კუთხით აშკარად დაუსაბუთებელია და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად. ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებას , რომ გააერთიანოს საჩივრები; აცხადებს საჩივრებს მიუღებლად. შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2025 წლის 27 ნოემბერს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ““?
- დიახ, სასამართლოს აქტები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ““?
- „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ““ მიღებულია 04.11.2025. მიმღები ორგანო — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №11025/22; 11032/22.
- სად არის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „Y საქართველოს წინააღმდეგ““, №11025/22; 11032/22, 04.11.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6872171/