„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017735
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №78

2026 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016267) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის (დანართი №1) მე-2 თავის:

ა) 2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. პოლიციელი ვალდებულია როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, არ გაამჟღავნოს და დაიცვას სამსახურებრივ საჭიროებიდან გამომდინარე მისთვის მინდობილი სახელმწიფო, პროფესიული ან/და კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკრძალულია აღნიშნული ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობის დაშვება არაუფლებამოსილ პირთათვის. პოლიციელმა სამსახურებრივ საკითხებზე საუბრისას უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება, რათა გამოირიცხოს კონფიდენციალობის დარღვევა ან მესამე პირთა ინტერესების ხელყოფა.“;

ბ) 2.3. პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.31 − 2.34 პუნქტები:

„2.31. პოლიციელი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

2.32. პოლიციელს ეკრძალება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.

2.33. პოლიციელს ეკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის, საჩუქრის ან სარგებლის მიღება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელფასისა, ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციისა, ასევე მატერიალური ან/და ფულადი დახმარებისა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული სხვა ფულადი გასაცემლისა.

2.34. პოლიციელი ვალდებულია გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას, მოეპყრას მას რაციონალურად და თავიდან აიცილოს მისთვის ზიანის მიყენება.“;

გ) 2.18. პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.19 − 2.21 პუნქტები:

„2.19. ოპერატიული წყაროების კონფიდენციალურობისა და გამოძიების ინტერესების დაცვის მიზნით, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ეკრძალება იმ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა, რომელშიც იგი უშუალოდ იყო ჩართული.

2.20. პოლიციელს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან იმგვარი მომსახურების მიღება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერ შესრულებაზე.

2.21. პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის 2.20 პუნქტით გათვალისწინებული საჩუქრის ან/და მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტს), რომელიც ახორციელებს აღნიშნული საჩუქრების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი