ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.129.016481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 5 ივნისი

ქ. ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-6 პუნქტის, აგრეთვე  საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებისა საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1

დამტკიცდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2

დამტკიცდეს შინაური ბინადარი ცხოველების სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №2).
მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ლაბაძე
დანართი  №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების

მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და წესის მიზანი🔗

1. წინამდებარე წესი ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა-პატრონობის, რეგისტრაციისა და მათი პოპულაციების მართვის სამართლებრივ მექანიზმებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს შინაური ბინადარი ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტში შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

3. ამ წესის ამოცანებს შეადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტში:

ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;

ბ) ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;

გ) პატრონაჟის, ზედამხედველობისა და ცხოველთა კლასიფიკაცია მათი სტატუსის მიხედვით;

დ) მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური მეთოდების დანერგვა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;

ე) უსაფრთხო ზოოანთროპონოზური (განსაკუთრებით ცოფის საწინააღმდეგო) და პარაზიტოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგება;

ზ) მეპატრონის/მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა;

თ) ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრა;

ი) ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗

ამ  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;

ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე;

დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით;

თ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან;

ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა;

კ) კინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში;

ლ) ფელინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში;

მ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;

ნ)  ცხოველის ევთანაზია − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით;

ო) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით;

პ) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;

ჟ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;

რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;

ს) მარეგისტრირებელი ორგანო − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი;

ტ) საბელი − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს;

უ) ალიკაპი − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ფ) ცხოველის გადამეტებული აგრესია − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას;

ქ) ცხოველის გასეირნება − ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით;

ღ) ცხოველების მოშენება − ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება;

ყ) ცხოველის პოპულაციის მართვა − ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით;

შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;

ჩ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც მომსახურებას უწევს მეპატრონეს მიბარებული ცხოველის დროებითი განთავსებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფით;

ც) დეჰელმინთიზაცია − ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა;

ძ) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად;

წ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ჭ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ხ) ცხოველების ორთაბრძოლა − ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით;

ჯ) ვეტერინარული პასპორტი − ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია);

ჰ) მიკროჩიპი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია;

ჰ1) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა;

ჰ2) ცხოველების საშენი (შემდგომ − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას;

ჰ3) ცხოველების რეალიზატორი (შემდგომ − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდის ცხოველებს;

ჰ4)  პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი − ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ჰ5) მორატორიუმი ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე − პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, აკრძალოს ამგვარი ცხოველის დროებითი შემოყვანა და იმპორტი ან/და მოშენება;

ჰ6) ცხოველების შემგროვებლობა − ფიზიკური პირის მიერ ცხოველების შეგროვება და, ამასთანავე, მათი მოვლა-პატრონობის წესების (საკვებზე ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, რეგულარული გასეირნება) დაცვის შეუძლებლობა, ცხოველის მდგომარეობის (წონის კლება, ავადმყოფობა და ა. შ.) ან/და ცხოველის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად;

ჰ7) კინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

ჰ8) ფელინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა-პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

ჰ9) სანაშენე ცხოველი − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია ამ კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;

ჰ10) სასამსახურო ძაღლი – სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის მეპატრონე საჯარო დაწესებულებაა და რომელიც გამოიყენება დაცვის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების, დივერსიული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე ძაღლი, რომლის დანიშნულებაა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთა, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნა, დაკავება და იდენტიფიცირება, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირება, პირზე ან/და პოლიციელზე/სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოგერიება, აკრძალული ნივთების აღმოჩენა;

ჰ11) ასისტენტი ძაღლი − ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო🔗

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვის, მათი იზოლაციის, ტრანსპორტირებისა და ამ წესით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ა(ა)იპ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი.“
მუხლი 4.
ცხოველის  სტატუსი

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველები განისაზღვრებიან შემდეგი სტატუსებით:

ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ წესით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე;

ბ) მიკედლებული ცხოველი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

გ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

დ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ წესით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი.

2. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება წერილობითი განაცხადის საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.

3. უმეთვალყურეო სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც მიტოვებულია მეპატრონის ან მიმკედლებლის მიერ.

4. უპატრონო სტატუსი ენიჭება უმეთვალყურეო ცხოველს, მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით ჩატარებული ღონისძიების დასრულების შემდეგ, 10 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 5. ცხოველის მეპატრონე🔗

1. მონაცემთა ერთიან ბაზაში მეპატრონედ ან მიმკედლებლად შეიძლება დარეგისტრირდეს ფიზიკური პირი 16 წლის ასაკიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევაში.

2. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.

4. ერთ მისამართზე არ შეიძლება ჰყავდეს ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველი (ნაშიერი, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ფართობი არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.

მუხლი 6. რეგისტრაცია და მონაცემთა ბაზა🔗

1. შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებულ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ერთიანი ბაზა).

2. რეგისტრაციის მიზნებია:

ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეულ ცხოველზე ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა;

ბ) ცხოველების დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა;

გ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

დ) დაკარგული ან ნაპოვნი ცხოველების იდენტიფიცირება და პატრონისთვის დაბრუნება;

ე) უსახლკარო ცხოველების დაბინავება ახალი მეპატრონეების მოძიებით.

3. პირველადი რეგისტრაციის წინ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ ყოველწლიური სავალდებულო იმუნიზაცია (ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია).

4. რეგისტრაციის ვადები:

ა) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია სავალდებულოა დაბადებიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა;

ბ) ცხოველის შეძენის, ჩუქების ან ქუჩიდან აყვანის შემთხვევაში – არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში;

გ) მეპატრონის/მიმკედლებლის შეცვლის შემთხვევაში – ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. ცხოველის იდენტიფიკაცია ხორციელდება მიკროჩიპით/ტრანსპონდერით (რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ISO 11784 და ISO 11785 სტანდარტებს) ან საყურე ნიშნით (საჭდით).

6. ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს ფაქტის დადგომიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით.

7. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს.

მუხლი 7. ცხოველის მოვლა-პატრონობა🔗

1. მეპატრონე/მიმკედლებელი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, ჰუმანურ მოპყრობასა და უსაფრთხოებაზე. იგი უზრუნველყოფს:

ა) ცხოველის კვებასა და დაწყურებას;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას;

გ) საძილე ადგილის მოწყობასა და გასეირნებას;

დ) ვეტერინარულ შემოწმებას, ვაქცინაციასა და საჭიროების შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციას;

ე) ცხოველის დაკარგვის ან დაღუპვის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ზ) საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავებას ცხოველის ექსკრემენტებისგან.

2. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

3. ცხოველი არ შეიძლება მიტოვებული ან მეთვალყურეობის გარეშე დარჩეს საზოგადოებრივ სივრცეში. პატრონის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მან უნდა უზრუნველყოს ცხოველის მეთვალყურეობა სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ან გადაიყვანოს იგი შესაბამის დაწესებულებაში (თავშესაფარი).

4. ნებისმიერი ცვლილება (მეპატრონის/მიმკედლებლის შეცვლა, საცხოვრებელი მისამართის ცვლილება) უნდა აისახოს მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 8. ცხოველის მიკედლება🔗

1. ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, უზრუნველყოს უპატრონო ცხოველის მიკედლება გარკვეულ ტერიტორიაზე.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის პირადი განცხადების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ მისი იდენტიფიკაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის შემდეგ. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიაზე.

4. მიმკედლებელს უფლება აქვს:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ვეტერინარული მომსახურება;

ბ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა.

5. მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება და დაწყურება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია, ან აცნობოს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილ ორგანიზაციას, თუ ვაქცინაცია შეუძლებელია;

გ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, თუ ცხოველს აღმოაჩნდა საშიში დაავადების ან აგრესიის ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილ ორგანიზაციას მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებული ღონისძიებების (მონიტორინგი, ვაქცინაცია) განხორციელებაში;

ე) მიკედლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით და გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველზე მეთვალყურეობა.

6. მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი პროცედურის განხორციელებაზე.

მუხლი 9. თავშესაფარი და მისი საქმიანობის ფარგლები🔗

1. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი (იურიდიული პირის სახით) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად.

2. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შექმნას კერძო თავშესაფარი.

3. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს:

ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად;

ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას;

ბ.ბ) არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული (უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხედვის არეალი) და გააჩნდეს სათანადო ვენტილაცია;

გ) უნდა ჰქონდეს საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად;

დ) უნდა ჰქონდეს გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობისათვის.

4. კერძო თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს ინფორმაცია მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ.

5. ვეტერინარი ვალდებულია გონივრულ ვადაში შეამოწმოს მიღებული ცხოველი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი კარანტინში/იზოლაციაში მოთავსების შესახებ.

6. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, კერძო თავშესაფარი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილ ორგანოს.

7. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. თუ კერძო თავშესაფარი მომსახურებას უწევს ცხოველს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გადაუდებელი ღონისძიებების გატარების შემდეგ.

9. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, იდენტიფიცირებულ, სტერილიზებულ და ვაქცინირებულ ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი და განაახლოს ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

10. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილ ორგანოს გაუწიოს მომსახურება პოპულაციის მართვისა და ცხოველთა დროებითი შეფარების სფეროში.

11. კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს სანაშენე საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

12. კერძო თავშესაფარი ვალდებულია აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ზოონოზური დაავადებების (მათ შორის, ცოფის) პრევენციის მიზნით.

მუხლი 10. ცხოველის მოშენება🔗

1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება სხვა სახეობის ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. ცხოველთა საშენი სანაშენე ცხოველის მოშენებას ახორციელებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე.

6. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლების შესახებ თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

7. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულებისგან მეპატრონის გათავისუფლების წესს განსაზღვრავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონი. მეპატრონე აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდება, თუ:

ა) ცხოველი რეგისტრირებულია როგორც სანაშენე ცხოველი და მეპატრონეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსგან (ააიპ) მიღებული აქვს მოშენების მოქმედი თანხმობა;

ბ) არსებობს ვეტერინარი ექიმის წერილობითი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკების გამო პროცედურამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ცხოველის სიცოცხლეს;

გ) ცხოველი არის ასისტენტი ძაღლი ან სასამსახურო ძაღლი, რომლის ფუნქციური დანიშნულება მოითხოვს მისი რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებას (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით).

მუხლი 11. ცხოველების ევთანაზია🔗

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ)  სრული დამბლა, პარეზი ან სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევადი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება🔗

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები.

5. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება, მხოლოდ თავშესაფარში გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.

6. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი ანაზღაურდება ა(ა)იპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მიერ მომზადებული კალკულაციის შესაბამისად. კალკულაციის შედგენა ხორციელდება ცხოველის ტრანსპორირებასა და შენახვაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად.

7. თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.

8. თავშესაფარში გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ფაქტობრივ მეპატრონს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 2 (ორი) მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი წარმოადგენს მის საკუთრებას. თავშესაფარში გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას ამ წესის საფუძველზე.

9.    მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.

10.  ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.

11.  დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

12.  იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება;

ბ) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

გ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები.

მუხლი 13. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში კონფისკაციას დაქვემდებარებული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა🔗

1. ამ მუხლით განსაზღვრული წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველზე.

2. კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს თავშესაფარში, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

3. ცხოველის თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები).

4. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფელისა და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე.

5. თავშესაფარში ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას ამ წესის შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ ცხოველი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 14. გარდამავალი დებულება🔗

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და პოპულაციის მართვის ღონისძიებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას და წელიწადში ერთხელ წარადგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერთან შესრულებული სამუშაოებისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული ინფორმაციის შესახებ.
დანართი №2

შინაური ბინადარი ცხოველების სარესტრაციო მოწმობა

№ 000000

ცხოველი:

სახეობა ..................................................................

ჯიში .......................................................................

სქესი ......................................................................

ასაკი .......................................................................

გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................

.........................................................................................................................................

იდენტიფიკატორი ......................................................................................................

(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ან ტატუირების N)

მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

ცხოველის პატრონი:

სახელი, გვარი .........................................................................

პირადი № .................................................................................

მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................

................................................................................................................................................

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

................................................................................................................................................

რეგისტრატორი:

სახელი, გვარი .........................................................................

დასახელება, ID N ............................................................

მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)

ბეჭდის

ადგილი

ცხოველის პატრონი:

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)