გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/91-26
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №080210326012146742

№2/91-26

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2026 წლის  20 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

განმცხადებელი – შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზა“;

წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი;

მოთხოვნა – შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2026 წლის 15 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზის“ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანია დაფუძნდა 2022 წლის 26 ოქტომბერს, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და მოგებული ტენდერების შესრულების მიზნით საკმაოდ ხშირად ხდებოდა უცხოეთიდან, კერძოდ თურქეთიდან მუშახელის შემოყვანა და დასაქმება. გარკვეულ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა წარმატებული იყო, მაგრამ მაღალი კონკურენციის პირობებში საქმიანობა იმდენად წამგებიანი გახდა, რომ კომპანიას არ ჰყავს დაქირავებული თანამშრომლებიც კი. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 04.12.2025 წლის ბრძანება №26762 და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით №081-315 შპს „გაერთიანებულ კომპანია – ახალ გზას“ დაეკისრა 199 544.18 ლარის გადახდა.

შპს „გაერთიანებულ კომპანია – ახალ გზას“ გააჩნია მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიმართ 10549,94 ლარის აღიარებული და 201936,08 ლარის ოდენობით არაღიარებული დავალიანება, კომპანიას მესამე პირების მიმართ არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნა, კომპანიას არ გააჩნია სახელფასო დავალიანებები, ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიას არ დაუდია ხელშეკრულებები. კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, არ ფლობს წილებს, არ გააჩნია მოძრავი ქონება, კომპანიის სალაროში, ისევე როგორც საბანკო ანგარიშზე, არ არის თანხა, კომპანიას გააჩნია ნულოვანი აქტივი.

კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და სააღსრულებო საქმისწარმოება. ამდენად, შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზა“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

დღეის მდგომარეობით შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზა“ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებული არ ჰყავს. მოვალე არის იმგვარ რთულ სიტუაციაში, რომ გადახდისუუნარობის წინაშე და გაკოტრების საქმის წარმოების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი, რადგან მას ფაქტობრივად არ გააჩნია საკმარისი ქონება.

დღეის მდგომარეობით კომპანიას ჰყავს ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი – შემოსავლების სამსახური, რომლის ჯამური დავალიანება წარმოადგენს 212 486.02 ლარს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას არ გააჩნია არანაირი ქონება, კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებით არ დაზიანდება კრედიტორის ინტერესები. კომპანია უფუნქციოა და თეორიულადაც არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ შექმნას რაიმე ტიპის ფინანსური სიკეთე. კომპანიის დამფუძნებელს და დირექტორს აღარ გააჩნიათ ბიზნესის მიმართ ინტერესი.

განმცხადებელი ითხოვს, მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას, მაგრამ, ვინაიდან ამავე კანონის, 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზა“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, შესაბამისად, კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „გაერთიანებული კომპანია – ახალი გზა“ გადახდისუუნაროა და არა მოსალოდნელი გადახდისუუნარო, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების წარდგენა არ საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მისი პარტნიორების თანხმობა უნდა წარადგინოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „გაერთიანებულ კომპანია – ახალ გზას“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). მოვალეს ერიცხება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ დავალიანება 212 486.02 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: (ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; (ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამრთლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „გაერთიანებულ კომპანია – ახალ გზას“ (ს/ნ 445669535) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                      დარინა აბულაძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2026.
როდის იქნა მიღებული „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“?
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ მიღებულია 20.01.2026. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/91-26.
სად არის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“, №2/91-26, 20.01.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6885279/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება