საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2026 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
040090000.10.003.025798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2026 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2026 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე,  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:  

 1. გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერის, მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ონის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების (შემდგომში − დაზარალებული მაძიებლები) მზადების 2026 წლის (იანვარი − დეკემბერი) დაფინანსება განხორციელდეს განათლების ვაუჩერის მეშვეობით, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის (შემდგომში – სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 27 03 04).

2. განათლების ვაუჩერი წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული დაზარალებული მაძიებლებისათვის განკუთვნილ არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია განათლების  დასაფინანსებლად.

3. დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.

4. განათლების ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/ სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებისათვის/ სასწავლებლებისათვის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულების (არაუმეტეს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარისა) ანაზღაურების ოდენობით.  

5.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება, მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომელიც/რომლის ოჯახიც დაზარალებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში.

6. ეთხოვოთ გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერის, მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ონის მუნიციპალიტეტებს, არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბრამდე წარმოადგინონ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებით შექმნილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისთვის (შემდგომში – კომისია) ან/და სამინისტროსთვის ოფიციალური ინფორმაცია დაზარალებულ მაძიებლებზე, რომლის  საფუძველზეც გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება.

7. კომისია მიწოდებულ  ინფორმაციას  გადასცემს ასევე სამინისტროს, რომელიც მის საფუძველზე დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე იმ დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას)/საექიმო სპეციალობებში გადამზადებას, მოიპოვებს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას 2026 წელს მათი მზადების დაფინანსებისათვის საჭირო ასიგნებების შესახებ.

8. დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც, სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების  ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას)/საექიმო სპეციალობებში გადამზადებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე