„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017738
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №81

2026 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016248) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3. სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს დამატებითი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

4. სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ოჯახის წევრი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევით.

5. დაღუპულ (გარდაცვლილ) მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (ფულადი სარგო), დანამატი, დახმარება, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას (ჯანმრთელობის მოშლით) – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საექსპერტო დასკვნით.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღების ფაქტი დგინდება სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს მიეცემა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამინისტროს სისტემაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ობიექტურად ამ პირის სხვა თანამდებობაზე დასაქმება შესაძლებელია – სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის შესაბამისად – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების, პიროვნული და საქმიანი თვისებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი