საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017741
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №84

2026 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს სამინისტროს (როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის) ან მისი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანსა და მოცულობას, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობას და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადას, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესსა და პირობებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმებს, ასევე ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ასპექტებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს (როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის) ან მისი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ:

ა) განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიდეომონიტორინგის განხორციელებაზე, რომელიც არ მიმდინარეობს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა ან გარე პერიმეტრზე;

ბ) მობილური/პორტატული ტექნიკური საშუალებების (მათ შორის სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ვიდეოტექნიკის) გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავებაზე;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებაზე;

დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა ან გარე პერიმეტრზე განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიდეომონიტორინგის განხორციელებაზე;

ე) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მოსამსახურეების, დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მოთავსებული და სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, სამართალდარღვევის პრევენციის და დროული აღკვეთის, აგრეთვე, დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრების მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვიდეომონიტორინგის განხორციელებაზე;

ვ) სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიდეომონიტორინგის განხორციელებაზე;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების − ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის განხორციელებაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დანაყოფი − ცალკე აღებული სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან ტერიტორიული ორგანო;

ბ) უფლებამოსილი თანამშრომელი – დანაყოფში ან სამინისტროს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირში დასაქმებული პოლიციელი, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც თავისი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე ჩართულია სამინისტროს ან მისი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა (შემდგომ − მონაცემი) დამუშავების პროცესში;

გ) დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს სამინისტროსთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა სამინისტროსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

დ) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა − სამინისტროსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სამინისტროს მფლობელობაში მიღებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია დანაყოფები;

ე) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის შიდა და გარე პერიმეტრი − ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული სივრცეები;

ვ) ვიდეომონიტორინგი − განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა;

ზ) ვიდეომონიტორინგის სისტემა − ვიდეომონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობა;

თ) ვიდეოკონტროლი − ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით მიღებულ ვიდეოგამოსახულებაზე რეალურ დროში დაკვირვება;

ი) ვიდეოჩანაწერი − ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით მიღებული ვიდეოგამოსახულების ჩანაწერი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა

1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელებას შესაძლოა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე მიზანი, რომელიც დამოკიდებულია ტერიტორიის (ან მისი ცალკეული ნაწილების) დანიშნულებასა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე მასზე განლაგებული დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობაზე, შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის შერჩეული ვიდეომონიტორინგის სისტემის შემადგენელი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის მახასიათებლები მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დასახული მიზნის მიღწევასა და ეფექტიანობას.

2. ვიდეომონიტორინგის შედეგად მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული ლეგიტიმური მიზნებისთვის. ამასთან, მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება.

3. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგი შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნით:

ა) დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა;

ბ) საქმიანობის ან/და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელება;

გ) პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) საკუთრების დაცვა;

ე) საიდუმლო ინფორმაციის დაცვა;

ვ) ნივთიერი მტკიცებულებების, არქივის ან მატერიალური სიკეთის დაცვა;

ზ) სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.

4. ვიდეომონიტორინგის განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების შემდგომი დამუშავება დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსების უზრუნველყოფის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (მათ შორის, დისციპლინურ გადაცდომაზე) რეაგირების, სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის დაცვის (მათ შორის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ კრიმინოლოგიური კვლევის ჩატარების) მიზნებისთვის არ მიიჩნევა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებლად.

მუხლი 4. ვიდეომონიტორინგის განხორციელების სივრცეები

ვიდეომონიტორინგი შესაძლოა განხორციელდეს:

ა) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრზე, კერძოდ: ეზოებში და მათ შესასვლელებში, შენობა-ნაგებობების შესასვლელებში, საგუშაგო-გამშვები პუნქტების შესასვლელებში და გამოსასვლელებში, საგუშაგოებზე, ავტოსადგომებზე და ავტოფარეხებში;

ბ) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა პერიმეტრზე, კერძოდ: შენობა-ნაგებობების გამოსასვლელებში, შიდა პერიმეტრზე განლაგებულ საგუშაგოებზე, დერეფნებში, ლიფტებში, კიბის უჯრედებში, მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილ სივრცეებში, მოქალაქეთა მისაღებ და მოსაცდელ სივრცეებში, შეხვედრებისათვის განკუთვნილ სივრცეებში, არქივში, იარაღის ან ნივთმტკიცების შენახვის სივრცეებში, ასევე, მათ შესასვლელებში, საიდუმლო საქმის წარმოებისათვის განკუთვნილი სივრცეების შესასვლელებში, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დასაწყობებისათვის განკუთვნილ სივრცეებში და მათ შესასვლელებში, სასერვერო სივრცეებში და მათ შესასვლელებში, დასაქმებული პირის სამუშაო სივრცეში.

თავი II

ვიდეომონიტორინგის განხორციელების ზოგადი წესი

მუხლი 5. ვიდეომონიტორინგის განხორციელების ადგილი და ხანგრძლივობა

1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე, იქ სადაც განთავსებულია ვიდეოკამერები, როგორც წესი, ხორციელდება მუდმივი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი.

2. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს/დამონტაჟდეს თვალსაჩინო ადგილას. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე ვიდეომონიტორინგი არ შეიძლება გულისხმობდეს ფარულ გადაღებას.

3. სამინისტრომ ვიდეომონიტორინგის შედეგად შეგროვებული მონაცემები უნდა დაამუშაოს კანონიერად და სამართლიანად.

4. სამინისტროში დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია საქმიანობის ან/და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განსახორციელებლად, თუ აღნიშნული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულ/არაგონივრულ ძალისხმევასთან. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე არსებულ საერთო ან საზოგადოებრივ სივრცეებში (საშვთა ბიურო, მოქალაქეებისათვის სერვისის/მომსახურების გაწევისათვის განკუთვნილი სივრცე ან სხვა) ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ვიდეოკამერის საერთო ხედვის არეში, იმ ტერიტორიაზე არსებული სამინისტროს მოსამსახურეების სამუშაო ადგილის ან/და სამუშაო პროცესის მოხვედრა არ ჩაითვლება დასაქმებულ პირთა სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგად, თუ ვიდეომონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება.

მუხლი 6. ვიდეოკონტროლის განხორციელება

1. ვიდეოკონტროლის განხორციელება დასაშვებია ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, მომეტებული საფრთხის შემცველ სივრცეებში, სადაც შეიძლება მყისიერი საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და თუ აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და სამართალდარღვევებზე დროული რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

2. ვიდეოკონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრზე არსებულ საგუშაგო-გამშვებ პუნქტებში, საგუშაგოებზე, ეზოებსა და ავტოსადგომებზე;

ბ) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა პერიმეტრზე არსებულ საგუშაგოებზე, შენობა-ნაგებობების გამოსასვლელებში, დერეფნებში, მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილ სივრცეებში, იარაღის, სერვერების ან ნივთმტკიცების შესანახ ოთახებში, ასევე, ამ ოთახებთან მისასვლელ დერეფნებსა და საიდუმლო საქმისწარმოების ოთახებთან მისასვლელ დერეფნებში და ლიფტებში.

3. ვიდეოკონტროლი ხორციელდება ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ ოთახში/სივრცეში. ვიდეოკონტროლის განხორციელებას ტექნიკურად უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი. მიზნიდან გამომდინარე, ვიდეოკონტროლი შესაძლებელია მიმდინარეობდეს მუდმივად, 24-საათიან რეჟიმში.

4. ვიდეოკონტროლის შედეგად სამართალდარღვევის ან სხვა საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში ვიდეოკონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მყისიერად აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, ასევე დანაყოფს, რომლის კომპეტენციაშიც შედის დაფიქსირებულ ფაქტზე რეაგირება.

5. აკრძალულია ვიდეოკონტროლის განხორციელებისათვის განკუთვნილ ოთახებში/სივრცეებში ფოტო/ვიდეო/აუდიოგადაღება/ჩაწერა, ასევე არაუფლებამოსილი პირის შესვლა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი), კურატორი მინისტრის მოადგილის ან დანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვიდეოგადაღების შეზღუდვა არ ვრცელდება უშუალოდ ვიდეოკონტროლის განხორციელებისათვის განკუთვნილ ოთახში/სივრცეში ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევებზე.

თავი III

ვიდეომონიტორინგის განხორციელების შედეგად შეგროვებული მონაცემების დამუშავება

მუხლი 7. ვიდეოჩანაწერის შენახვა და წაშლა/განადგურება

1. სამინისტრო ახორციელებს ვიდეომონიტორინგის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის ჩაწერასა და შენახვას.

2. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის წაშლის შედეგად. ამასთან, ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას უნდა იძლეოდეს ვიდეოჩანაწერი ინახებოდეს არანაკლებ 72 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვიდეოჩანაწერის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს 30 დღის ვადით, რომლის გასვლისთანავე ვიდეოჩანაწერი უნდა წაიშალოს/განადგურდეს.

მუხლი 8. ვიდეომონიტორინგის განხორციელების შედეგად შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა, მონაცემების დათვალიერება, გამოყენება და გაცემა

1. ვიდეომონიტორინგის სისტემაში შენახულ მონაცემებზე (მათ შორის ვიდეოჩანაწერზე) წვდომისა და მათი დათვალიერების უფლება აქვთ:

ა) უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომელთა ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს ვიდეომონიტორინგის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ვიდეოჩანაწერის წაშლა/განადგურება, აგრეთვე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ვიდეოჩანაწერის გაცემა;

ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, იმ უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების სამუშაო პროცესზე ზედამხედველობას;

გ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლებს, კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე, დისციპლინური საქმისმწარმოებელ სამინისტროს სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებს, დისციპლინური საქმის წარმოების მიზნებიდან გამომდინარე;

დ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ პირებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესითა და შემთხვევებში;

ე) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალების/თანხმობის საფუძველზე სამინისტროს სხვა უფლებამოსილ თანამშრომელს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.

2. ვიდეომონიტორინგის სისტემაში შენახული მონაცემების (მათ შორის ვიდეოჩანაწერის) ამოღება/გამოთხოვა, გაცემა დასაშვებია სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული (მათ შორის დისციპლინური) საქმის წარმოების მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ვიდეომონიტორინგის განხორციელების შედეგად შეგროვებული მონაცემების გამოყენება დასაშვებია უფლებამოსილი პირების მიერ:

ა) ანალიტიკური საქმიანობის მიზნებისათვის;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მიზნებითა და დადგენილი წესით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;

დ) სხვა ლეგიტიმური მიზნით.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის სამინისტროს სხვა დანაყოფის უფლებამოსილი პირისათვის ან მესამე პირისათვის გადაცემისას, სავალდებულოა აღირიცხოს შესაბამისი ინფორმაცია.

თავი IV

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, მონაცემთა უსაფრთხოება, აუდიომონიტორინგი

მუხლი 9. მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

1. სამინისტრო უფლებამოსილია ვიდეომონიტორინგი სრულად ან ნაწილობრივ განახორციელოს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემები შეიძლება დაამუშაოს მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან სამინისტროსთან დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. მონაცემთა დამუშავების თაობაზე სამინისტროსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებულ წერილობით შეთანხმებაში უნდა მიეთითოს მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და სამინისტროსა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს:

ა) დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ სამინისტროს წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს, რომ იმ უფლებამოსილ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

გ) უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) წაშალოს ან სამინისტროს გადასცეს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ან სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი;

ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.

3. დაუშვებელია დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეთანხმებით ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება.

4. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და კანონის მოთხოვნების დასაცავად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმების დადება, თუ, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე.

5. სამინისტრო ვალდებულია დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წინასწარ მოსთხოვოს ინფორმაცია მონაცემთა კანონის შესაბამისად დამუშავების შესახებ და მონიტორინგი გაუწიოს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.

6. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა თავისი უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. სამინისტროს თანხმობა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის (ან შესაბამისი ნორმის) ან წერილობითი შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს და დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გადაეცეს სამინისტროს.

8. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს სამინისტროს მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში.

მუხლი 10. მონაცემთა უსაფრთხოება

1. ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერი დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი/არაავტორიზებული ხელყოფისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან წაშლისგან.

2. ვიდეომონიტორინგის სისტემაზე წვდომა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად განპიროვნებული მომხმარებლის საშუალებით. ვიდეომონიტორინგის სისტემაში შესვლის მიზნით მომხმარებელს უნდა განესაზღვროს პერსონალური სახელი და სიტყვა-გასაღები. მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის ფარგლები უნდა განისაზღვროს მათი უფლებამოსილებების შესაბამისად. ვიდეომონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი დანაყოფი ვალდებულია გაატაროს ადეკვატური ღონისძიებები თანამშრომელთა მიერ მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად, მათ შორის, უზრუნველყოს თანამშრომელთა ინფორმირება მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.

3. ვიდეომონიტორინგის სისტემაში განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა უნდა აღირიცხებოდეს სისტემურად, მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. ინფორმაცია ვიდეომონიტორინგის სისტემაში განხორციელებული აქტივობის შესახებ უნდა ინახებოდეს. აღნიშნული ინფორმაციის შენახვა დამოკიდებულია დამუშავების მიზნებსა და ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების ტექნიკურ მახასიათებლებზე.

4. ჩამწერ მოწყობილობაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის მიერთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხორციელდება ჩანაწერის ამოღება/დათვალიერება ან ტექნიკური სამუშაოები.

5. ჩამწერი მოწყობილობები დაცული უნდა იყოს ფიზიკური საკეტებით და უნდა განთავსდეს უსაფრთხო სივრცეში. ჩამწერი მოწყობილობა დაცული უნდა იყოს იმგვარად, რომ ვიზუალურად აღქმადი დაზიანების ნიშნების გარეშე შეუძლებელი იყოს არაუფლებამოსილი პირის მიერ მასთან ელექტრონული მოწყობილობით დაკავშირება.

6. სამინისტროსა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ვიდეომონიტორინგის განხორციელებაში ან, რომლებსაც აქვთ ვიდეომონიტორინგის შედეგად შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა, ვალდებული არიან:

ა) არ გასცდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვან მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადეკვატური ღონისძიებები მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად;

გ) ვიდეომონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ვიდეომონიტორინგი განახორციელონ მიუკერძოებლად, სამინისტროს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად, მონაცემთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) მონაცემებზე წვდომისას ან სხვაგვარად დამუშავებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები.

მუხლი 11. ვიდეომონიტორინგის სისტემის გამოყენებით აუდიომონიტორინგის განხორციელება

1. ვიდეომონიტორინგის სისტემის გამოყენებით აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ განსაზღვრულია სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

2. ვიდეომონიტორინგის სისტემის გამოყენებით აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე. წერილობით დასაბუთებაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად უნდა მიეთითოს აუდიომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, აუდიომონიტორინგის ხანგრძლივობა, აუდიოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.

თავი V

მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები

მუხლი 12. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება და მექანიზმები

1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია დადგენილი წესით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით განსაზღვრული უფლებების განხორციელება, მათ შორის, მიიღოს ყველა ზომა ამავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის და საჭიროების შემთხვევაში, მათი დემონსტრირების მიზნით.

2. უფლების რეალიზაციის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება აგრეთვე დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, მასთან დაცულ/არსებულ ინფორმაციასთან მიმართებით.

4. მონაცემთა სუბიექტმა უფლების რეალიზების მიზნით სამინისტროს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით (განცხადება). განცხადებას თან უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საკითხის გადასაწყვეტად.

5. მონაცემთა სუბიექტის განცხადებას განიხილავს სამინისტროს ის დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი. განცხადებაში მითითებული მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების განმხილველი დანაყოფი ვალდებულია წერილობით განმარტოს უარის თქმის მიზეზი, ასევე განუმარტოს მონაცემთა სუბიექტს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი.

6. სამინისტრო მონაცემთა სუბიექტის განცხადებას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

7. განცხადების განხილვისას, სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან მონაცემთა სუბიექტის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები დარღვევით გამოწვეული სავარაუდო/დამდგარი ზიანის შესამცირებლად ან/და დარღვევის აღმოსაფხვრელად, ამასთან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).

8. მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.

მუხლი 13. გასაჩივრების უფლება

1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან/და სასამართლოს.

2. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება ხდება წერილობითი ფორმით, ადმინისტრაციული საჩივრის სამინისტროში წარდგენის გზით. სამინისტრო ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სამინისტროს მოსამსახურის მიერ მისი უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).

მუხლი 14. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნით იმ ადგილებში, სადაც ხორციელდება ვიდეომონიტორინგი ან ვიდეო და აუდიომონიტორინგი სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

2. დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგის შემთხვევაში დასაქმებული პირი, დამატებით, წერილობით უნდა იქნეს გაფრთხილებული ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის (მიზნების) შესახებ.

მუხლი 15. ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები

მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვისა და საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და ტრენინგების ორგანიზებას.

თავი VI

მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

მუხლი 16. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

1. მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ვ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

2. მონაცემთა სუბიექტის უფლებები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, აგრეთვე შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 16.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017741.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №84, 16.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017741 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6893312/