„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ის“ 2026 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№269
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.025819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №269

2026 წლის 18 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023–2026-ის“ 2026 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„2020 − 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 17 ივლისის №7054-რს დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის №606 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ის“ შესაბამისად, დამტკიცდეს „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ის“ 2026 წლის სამოქმედო გეგმა“ თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
სტრატეგია 2023-2026_ ამოქმედო გეგმა 2026 .docx

სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026

2026 წლის სამოქმედო გეგმა

დანართი 1.2: საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ის 2026 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების დასკვნით ეტაპზე, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობის პარალელურად, ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან გაიმართა ერთი საჯარო კონსულტაცია.

  1. ფიზიკურ ფორმატში გამართულ 1 ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო 100-მდე ახალგაზრდა.

2025 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ თელავში, ფიზიკურ ფორმატში ჩატარებულ ახალგაზრდულ ფორუმს ჯამში დაესწრო 25 ახალგაზრდული ორგანიზაციისა და 10 საინიციატივო ჯგუფის 100-მდე წარმომადგენელი.

სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიისა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, მონაწილეები დაიყვნენ 10 მცირე სამუშაო ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს გადაეცა სამუშაო მასალა (ე.წ. brief), რომელიც შეიცავდა ინფორმაციას სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ასევე 2026 წლისთვის დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერას. მონაწილეები დაჯგუფდნენ სტრატეგიული მიზნების მიხედვით (1-2 ჯგუფი მუშაობდა პირველ სტრატეგიულ მიზანზე, 2-3 ჯგუფი- მე-2 სტრატეგიულ მიზანზე და ა.შ.) სესიის დასკვნით ნაწილში, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიის კონკრეტულ მიზანთან, ამოცანებთან და აქტივობებთან მიმართებით. მიღებული ინფორმაცია მოდერატორების მიერ დამუშავდა და კონსოლიდირებული ანგარიშების სახით მიეწოდა სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს.

ინტერნეტ ბმული ღონისძიების შესახებ

საერთო ჯამში, უკუკავშირის პროცესში ჩართული პირების მიერ დადებითად იქნა შეფასებული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. მიღებული კომენტარების ძირითადი ნაწილი კი მოიცავდა სტრატეგიის ამოცანების შესაბამისად განსახორციელებელი აქტივობების შემოთავაზებებს.

ზემოთაღნიშნული ფორუმის ფარგლებში, სტრატეგიის ხუთივე მიზანთან მიმართებით, ჯამში მიღებულია 73 რეკომენდაცია.

სტრატეგიის პირველ მიზანთან - „ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა“ - მიღებული უკუკავშირის ძირითადი ნაწილი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობების ფარგლებში:ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება“, რომლის პროგრამაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, „ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ ცენტრებში, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით პროგრამების განხორციელება“, რომლის ფარგლებშიც დანერგილი პროგრამები მიმართული იქნება ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე, ხოლო შემდეგი აქტივობა: ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობისა და სასიცოცხლო უნარების განვითარების მიზნით ინსპირაციული შეხვედრების ჩატარება“ პირდაპირ მიმართულია ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე.

  • ახალგაზრდებში სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა (პრაქტიკული ვორქშოპები).

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

საკითხი ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) ფარგლებში:არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდა დელეგატების პროგრამის განხორციელება“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოხდება საქართველოს ყველა რეგიონში ახალგაზრდა დელეგატების შერჩევა, რომლებიც საწყის ეტაპზე გადამზადდებიან კონკრეტული მიმართულებით, რის შემდეგაც ისინი თავიანთ მუნიციპალიტეტებში განახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა 2026 წელს განხორციელდება საპილოტე რეჟიმში.

  • ახალგაზრდებში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) ფარგლებში: „ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ლექციების, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება“, „სკოლის მოსწავლეებისთვის, გარემოსდაცვით/აგრარულ თემაზე კონკურსის ჩატარება“, „გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელება“.

  • ახალგაზრდული საინფორმაციო პორტალის შექმნა, რომელიც აღჭურვილი ისეთი სახის ინფორმაციით, როგორიცაა: როგორ წარვადგინოთ განცხადება მერიაში, რა პროცედურებია საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენისას, პეტიციების შექმნა, მონაწილეობითი ბიუჯეტი. პორტალი სასურველია იყოს ახალგაზრდებისთვის მარტივად აღქმადი და ხელმისაწვდომი“.

სტატუსი: ამ ეტაპზე არ განიხილება

2026 წელს, შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდული შესაძლებლობების პოპულარიზაცია საინფორმაციო პლატფორმებზე“ დაგეგმილია ფართომასშტაბიანი კამპანიის განხორციელება. რეკომენდაციაში აღნიშნული საკითხების ინტეგრირება სამოქმედო გეგმაში ამ ეტაპისთვის არ განიხილება, ვინაიდან იგი სცდება სახელმწიფოს ახალგაზრდულ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი უწყებების კომპეტენციას (თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენენ სტრატეგიაზე პასუხისმგებელ უწყებებს).

● საბანაკე სერვისების განვითარება, მათ შორის, სერვისების ხარისხისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „ახალგაზრდული ბანაკების და ცენტრების ინფრასტრუქტურის განახლება და რეაბილიტაცია“, „ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება“ ,,ახალგაზრდული ბანაკის ლიდერების გადამზადება; ხოლო სერვისის ხარისხისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა გათვალისიწნებულ იქნა ამოცანა 5.1-ის შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდული სერვისების ხარისხის სტანდარტის დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება“.

  • პირველ მიზანთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა ახალგაზრდული სივრცეების შექმნას/განვითარებას, მათ შორის: „მულტიფუნქციური სივრცის შექმნა“, მათემატიკური უნარების გაძლიერებისთვის რობოტიკის ცენტრის შექმნა“, „მულტიკულტურული სივრცის შექმნა - განსხვავებული კულტურული,ეთნიკური და ღირებულებითი მოსაზრებების გაზიარებისა და პატივისცემისთვის განკუთვნილი სივრცე“. „მუნიციპალურ დონეზე შეიქმნას სივრცე, რომელშიც ახალგაზრდები შეძლებენ სამეწარმეო უნარების განვითარებას“, „შეიქმნას ლიდერული და სოციალური უნარების განმავითარებელი სივრცე“, შეიქმნას კრეატიული ჰაბები - თანაშექმნის სივრცე, „(ჰობი- ინტერესი) ინკლუზიური სივრცე“, შეიქმნას მედია სივრცე (რადიო, ტელე, ბეჭდური)“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

საკითხი ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „ ახალგაზრდული ბანაკების და ცენტრების ინფრასტრუქტურის განახლება და რეაბილიტაცია“ და „ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ ცენტრებში, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით პროგრამების განხორციელება“. აღნიშნულში, იგულისხმება დმანისისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრები, სადაც პროგრამების განხორციელება ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით მოხდება. ასევე, 2026 წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილია TUMO-ს საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებას.

სტრატეგიის მეორე მიზანთან - „ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება“ მიღებული უკუკავშირის ძირითადი ნაწილი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • „ახალგაზრდებში ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა და თანადაფინანსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან. სარეაბილიტაციო კურსების თანადაფინანსება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 2.3-ის (ახალგაზრდებში ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების დონის შემცირება) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „სარისკო ქცევების (ნივთიერებათა ავადმოხმარების) პრევენციის პროგრამის განხორციელება 13 წლის ასაკის ზევით მოსწავლეებთან“.

  • „სპორტული აქტივობების წახალისება ახალგაზრდებში - სტუდფესტის მსგავსი ჩემპიონატების ჩატარება სკოლებს შორის“.

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 2.1-ის (ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სასკოლო ლიგის გამართვა“, „სასკოლო სპორტის კვირეულის გამართვა (შიდა სასკოლო და მუნიციპალური თამაშები)“ და „მხიარული სტარტებისა და ჩემი უბნის სტარტების ჩატარება“.

  • „ქართული აპლიკაციის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

ამ ეტაპზე აპლიკაციის შექმნა არ განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია უფრო მასშტაბური და ქმედითი აქტივობების განხორციელება, მათ შორის „ახალგაზრდების სოციალიზაციის მიზნით, ახალგაზრდული ფესტივალების ჩატარება“, რომელიც მოიცავს სპორტულ მიმართულებას. ასევე, დაგეგმილია ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება, რომელიც მოიცავს შეხვედრების სერიებს წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და ოლიმპიელებთან. ასევე, განხორციელდება შემდეგი აქტივობა: „ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით რისკ-ფაქტორებზე (თამბაქო, ფიზიკური აქტივობა/კვება/ალკოჰოლი), აგრეთვე, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული პრევენციული სერვისების შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება“.

  • „ასაკობრივი ჯგუფების შედგენა და შესაბამისი ლექციების ჩატარება, ჯანსაღ ცხოვრებაზე”, ,,წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრების ორგანიზება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 2.1-ის (ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „სასკოლო სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ნიჭიერ მოსწავლეთა და პედაგოგთა პოპულარიზაციის მიზნით კამპანიის განხორციელება“, ასევე, ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) ფარგლებში, დაგეგმილია სტუდენტებისთვის ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება, რომელიც მოიცავს შეხვედრების სერიებს წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და ოლიმპიელებთან, ხოლო თემატური ახალგაზრდული ბანაკების ფარგლებში ერთ-ერთი თემატური ბანაკი განხორციელდება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის საკითხებზე.

  • „ახალგაზრდებში პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესება: პერსონალური ინფორმაციის გაზრდა - გაზიარება, ახალგაზრდებში ელექტრონული ინფორმაციის დაცვის შესახებ ინფორმაციის ზრდა, არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ორგანიზაციების წახალისება, ახალგაზრდებში და მოზარდებში პერსონალური ინფორმაციის და ელექტრონული ინფორმაციის დაცვის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა, რომელიც ამოცანა 2.6-ის (ახალგაზრდების/ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესება) ფარგლებში განახორციელებს შემდეგ აქტივობებს: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება“, „სტუდენტებისთვის ეროვნული შეჯიბრის ჩატარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ყოველწლიურად“, „ცნობიერების ამაღლების მიზნით თემატური კამპანიების წარმოება ახალგაზრდებისთვის“, „არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე სპეციალური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება“, „საჯარო და კერძო სექტორებში არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა (ინსპექტირება)“.

  • „საინფორმაციო კამპანიის განხორციელება კიბერუსაფრთხოებასა და ბავშვთა პერსონალური დაცვის გაუმჯობესებაზე“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 4.4-ის (ახალგაზრდების მიმართ და ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ძალადობისა და ანტისოციალური ქცევის, მათ შორის დისკრიმინაციის შემცირება) ფარგლებში: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება“.

  • მეორე მიზანთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეხებოდა ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას, მათ შორის: „ახალგაზრდების ფსიქოლოგიური განათლება“, „ლექციათა ციკლის ჩატარება ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 2.2-ის (ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურება პროფესიული სერვისის - ცხელი ხაზის მეშვეობით“, ასევე ამოცანა 1.1 (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა)-ის ფარგლებში, დაგეგმილია თემატური ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება, რომელიც მოიცავს ლექციებს/სესიებს ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

  • „ცნობიერების დონის ამაღლება ადრეულ ქორწინებაზე და მის გამომწვევ პრობლემებზე“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 2.5-ის (ბავშვთა/ადრეული ქორწინებებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლა) შემდეგი აქტივობების ფარგლებში:
„არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება“, „მუნიციპალიტეტების დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ქალთა ოთახების წარმომადგენლებისთვის, ადრეულ ასაკში ქორწინების, სელექციური აბორტის და ნაადრევი ორსულობის მავნე პრაქტიკის შესახებ, ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება“.

სტრატეგიის მესამე მიზანთან -„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება“ მიღებული უკუკავშირის ძირითადი ნაწილი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • „მუნიციპალიტეტებში გამოცხადდეს საგრანტო კონკურსები სამეწარმეო პროექტების დაფინანსების მიზნით და უპირატესობა მიენიჭოს ახალგაზრდებს“.

სტატუსი: ამ ეტაპზე არ განიხილება

ახალგაზრდობის სააგენტო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსებს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისთვის, მათ შორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. აღნიშნული კონკურსების თემატური მიმართულებები ყოველწლიურად განისაზღვრება შესაბამისი კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების საფუძველზე. ამ ეტაპზე, სამეწარმეო პროექტების დასაფინანსებლად ცალკე საგრანტო კონკურსის გამოცხადება არ არის დაგეგმილი.

  • „მოხდეს სტაჟირების ბაზრის გაფართოება (როგორც თანამედროვე, ასევე ნაკლებად განვითარებულ სფეროებში)“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

ამოცანა 3.1-ის (ახალგაზრდების ხარისხიანი და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა) ფარგლებში გათვალისწინებულია სტაჟირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება კერძო სექტორში ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე სტაჟირების შესახებ საინფორმაციო მასალები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების /ვიზიტების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდების დასაქმების/ სტაჟირების გავლის ხელშეწყობის მიზნით.

  • „ახალგაზრდებში სტარტაპების სისტემის განვითარება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 3.2-ის (ახალგაზრდების მეწარმეობის გაძლიერება) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამის განხორციელება“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში, 11 ლოკაციაზე შეიქმნება 80 სტარტაპ გუნდი, რომელთა 50% იქნება ახალგაზრდა, ასევე, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისა და თანმდევი პროცედურების შესახებ უმაღლესი დაწესებულების ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრის „გახდი მეწარმე“ ჩატარება.

  • „ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 3.1-ის (ახალგაზრდების ხარისხიანი და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება“ და ამოცანა 4.1-ის (ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ფინანსური ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება“.

  • „ახალგაზრდებისთვის კარიერული კონსულტაციის გაწევა“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 3.1-ის (ახალგაზრდების ხარისხიანი და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში:
„ახალგაზრდების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 20 შეხვედრის (კარიერული კონსულტირების ფორმატში) ჩატარება.

  • „დასაქმების ფორუმების ორგანიზება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 3.1-ის (ახალგაზრდების ხარისხიანი და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „დასაქმების ფორუმის ორგანიზება, მათ შორის ახალგაზრდებისათვის, სადაც მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ არსებული ვაკანსიებს, დამსაქმებელთა მოთხოვნებსა და შრომის ბაზრის ტენდენციებს, ასევე დაამყარონ უშუალო ურთიერთობა დამსაქმებლებთან“.

  • „პროექტ „ისწავლე და დასაქმდი“ მორგება საქართველოს ყველა რეგიონზე“.

სტატუსი: ამ ეტაპზე არ განიხილება

აღნიშნული საკითხის ინტეგრირება სამოქმედო გეგმაში ამ ეტაპისთვის არ განიხილება, ვინაიდან იგი სცდება სახელმწიფოს ახალგაზრდულ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი უწყებების კომპეტენციას, კერძოდ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ზოგადად მუნიციპალიტეტის მერიები არ წარმოადგენენ სტრატეგიაზე პასუხისმგებელ უწყებებს.

  • „ახალგაზრდების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობაში“.

სტატუსი: ამ ეტაპზე არ განიხილება

საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია ევროპის საბჭოს შემდეგი რეკომენდაციის- Recommendation CM/Rec(2025)3 of the Committee of Ministers to member States on the social, economic and political participation of rural youth საფუძველზე, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობაში ჩართული ახალგაზრდების გაძლიერება.

  • „სახელმწიფომ აიღოს დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტების დასაქმების ვალდებულება“, „მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ახალგაზრდების წილის გაზრდა“.

სტატუსი: ამ ეტაპზე არ განიხილება

საკითხი სცდება სახელმწიფოს ახალგაზრდულ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი ცალკეული უწყებების კომპეტენციას და წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული სტრატეგიის აქტივობას.

  • „ჩატარდეს კვლევა ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით, მათ ხელფასებსა და ხარჯებს შორის კავშირის დასადგენად“.

სტატუსი გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 5.1-ის (ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის განხორციელება“, რომელიც ასევე მოიცავს ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტრატეგიის მეოთხე მიზანთან - „ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში“ მიღებული უკუკავშირის ძირითადი ნაწილი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • „მულტიკულტურული ბანაკების ორგანიზება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 4.1-ის (ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საერთაშორისო ახალგაზრდული ღონისძიების ჩატარება“. აღნიშნული ღონისძიება იქნება მულტიკულტურული და ქართველ მონაწილეებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

  • მე-4 მიზანთან მიმართებით მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას, მათ შორის: „მოხალისეების შეხვედრების ორგანიზება, რომელიც გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას - საქმიანობის ცნობადობის გასაზრდელად - მოხალისეებზე ვიდეორგოლის შექმნა“, „მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, „მოხალისეობის მნიშვნელობაზე ხაზგასმა“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

აღნიშნული საკითხები გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 4.2-ის (მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდებში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდული მოხალისეობის ფესტივალის ჩატარება“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება, როგორც სტუდენტური ასევე სასკოლო მოხალისეობრივი ფესტივალები. ამასთან,ფესტივალებს წინ უძღვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია სკოლებში, უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, რომელიც სწორედ მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

  • „შეიქმნას პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ დონორებს“, „პოტენციური დამფინანსებლისთვის ინფორმაციის მიწოდება“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

საკითხი ნაწილობრივ გათვალისწინებულია ამოცანა 4.4-ის (ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მხარდამჭერი სახელმწიფო მექანიზმების განვითარება) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისთვის კომპეტენციების განვითარების ხელშესაწყობად სატრენინგო მოდულის შემუშავება და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების გადამზადება“ აღნიშნული მოდულის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაუკავშირდნენ დონორებს, სად შეიძლება მიიღონ ინფორმაცია არსებული საგრანტო შესაძლებლობების შესახებ და სხვა.

  • „გაიზარდოს საინიციატივო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი დაფინანსება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულია ამოცანა 4.4-ის (ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მხარდამჭერი სახელმწიფო მექანიზმების განვითარება) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კონკურსების ჩატარება“, რომლის ბიუჯეტიც 2026 წელს შეადგენს: 2,500,000 ლარს, ხოლო 2025 წელს საერთო საგრანტო ბიუჯეტმა 2,200,000 ლარი შეადგინა.

  • „ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის პროექტებისთვის სივრცეების გამოყოფა - აქტიური თანამშრომლობა“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შენობაში ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და ახალგაზრდებისთვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომია საკონფერენციო სივრცე და კინოდარბაზი. მუნიციპალიტეტების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მიერ.

  • „შშმ ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული ბანაკების ორგანიზება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 1.1-ის (არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება“, კერძოდ 2026 წელს დაგეგმილია ახალგაზრდული საბანაკე ბაზის ადაპტირება, რის შემდეგაც შშმ ახალგაზრდებიც შეძლებენ მასში მონაწილეობას. ამას გარდა, დმანისის ახალგაზრდული ცენტრი ადაპტირებულია შშმ ახალგაზრდებზე და 2026 წელს, შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ ცენტრებში, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით პროგრამების განხორციელება“ დმანისში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, განხორციელდება ინკლუზიური ახალგაზრდული ბანაკი.

  • „საერთო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, შშმ და შშმ სტატუსის არმქონე ახალგაზრდების მონაწილეობით“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 2.1-ის (ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „შშმ ბავშვთა ჩართვა სასკოლო სპორტის პროგრამებში“.

  • „ახალგაზრდებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების: ფორუმების, ბანაკების, შეხვედრების ორგანიზება“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 4.1-ის (ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „ჩვენი ჯარი“ პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ლექცია-პრეზენტაციების ჩატარება საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ“, „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე (სამიზნე ჯგუფები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ასევე, გაეცნობიან სამხედრო ცხოვრებასა და სამხედრო აჭურვილობას)“, „ჯარის ბანაკი“ პროექტის განხორციელება, ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

  • „სამეცნიერო-კვლევითი ჰაბების განვითარება. ახალგაზრდული კვლევითი ჟურნალებისა და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა, კვლევითი აკადემიური საქმიანობის პოპულარიზაცია“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამოცანა 3.1-ის (ახალგაზრდების ხარისხიანი და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის „ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდა მკვლევარების დაფინანსება და კონკურსის ორგანიზება“ ფარგლებში 2026 წელს სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტით დაფინანსდებიან ახალგაზრდა მკვლევარები (მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები), ასევე უცხოეთში კვლევითი სტაჟირებისათვის გრანტით დაფინანსდებიან ახალგაზრდა მკვლევრები (მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები).

  • „ახალგაზრდული დებატებისა და ტრენინგების ორგანიზება ახალგაზრდობის როლზე სახელმწიფოს მართვის პროცესში ცნობიერების ამაღლების კუთხით“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 4.3-ის (გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდებში ლიდერობის, მოლაპარაკების, დებატებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო სიმულაციური კონფერენციების ჩატარება“.

  • „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო პროგრამების შესახებ“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 4.5-ის (ნაკლები შესაძლებლობის მქონე, შშმ ახალგაზრდების, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საჭიროებებზე მიმართული პროგრამების და სერვისების განვითარება) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება“ და „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება“.

  • „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებული საგრანტო და მოხალისეობრივი, მონაწილეობის უფლების შესახებ და სხვა“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

საკითხი ნაწილობრივ გათვალისწინებულია ამოცანა 4.6-ის (საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა) შემდეგი აქტივობების ფარგლებში: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების წვდომის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე, მათ შორის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი ფუნქციონირების გაგრძელება“, „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მიერ კომერციული გრანტების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით“, „სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით, „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ კონკურის ჩატარება“.

  • „ახალგაზრდული ცენტრის გახსნა ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათთვის ხელსაყრელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იყოს მათი ტრანსპორტირება“.

სტატუსი: ამ ეტაპზე არ განიხილება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ცენტრის გახსნისა და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უსაფრთხოების რისკებიდან და არსებულ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ გარემოებებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით ანალიზსა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მისი ასახვა სამოქმედო გეგმაში ვერ მოხდება.

სტრატეგიის მეხუთე მიზანთან - „ახალგაზრდული პოლიტიკის მართევის სისტემის გაუმჯობესება“ მიღებული უკუკავშირის ძირითადი ნაწილი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • მე-5 მიზანთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა ახალგაზრდებთან დაკავშირებით კვლევების განხორციელებას, მათ შორის: „ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის კვლევების ჩატარება“, „საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“, ,,კვლევების ერთ პლატფორმაში გაერთიანება“, „კვლევების სიხშირის ზრდა“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 5.1-ის (ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა“ შემდეგი აქტივობის ფარგლებში: ,,ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის განხორციელება“, რომელიც იქნება მრავალკომპონენტიანი კვლევა და მოიცავს, როგორც სამაგიდე კვლევას, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, ახალგაზრდებთან ფოკუს ჯგუფების ჩატარებასა და პირისპირ ინტერვიუებს. ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ და დაკვეთით განხორციელებული კვლევების ხელმისაწვდომია სააგენტო ვებ-გვერდზე: youthagency.gov.ge

  • „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმის განხორციელება“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

საკითხი სცდება სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის აქტორების კომპეტენციას. დეცენტრალიზაციის პირობებში, მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რეფორმის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს თავად მუნიციპალიტეტის მიერ. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო თავის მხრივ, მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკასთან მიმართებით 2026 წელს განახორციელებს შემდეგ აქტივობას: „ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთობლივი მუნიციპალური ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება“.

  • „ახალგაზრდობის როლის ფორმალიზაცია ადგილობრივ მმართველობაში“, ადგილობრივი თვითმმართველობების მეტი ჩართულობა და შეხვედრები ახალგაზრდებთან“.

სტატუსი: ნაწილობრივ გათვალისწინებულია

აღნიშნული საკითხიც ცდება სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის აქტორების კომპეტენციას. დეცენტრალიზაციის პირობებში, ადგილობრივ მმართველობაში, ახალგაზრდობის როლის ფორმალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს თავად მუნიციპალიტეტის მიერ. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო თავის მხრივ, სტრატეგიის მე-4 მიზნის ფარგლებში, 2026 წელს ხელს შეუწყობს მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერებას, ჩატარდება ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი და გამოვლინდება წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

  • „პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ახალგაზრდული საკითხების პრიორიტეტულობის გაზრდა“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 5.1-ის (ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა” შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდული საკითხების მეინსტრიმინგის გზამკვლევის შემუშავება და საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სესიების ჩატარება“, რაც გულისხმობს საჯარო უწყებების წარმომადგენლებში ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების გაზრდას.

  • „საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული სფეროს დარეგულირებას და განვითარებას“.

სტატუსი: გათვალისწინებულია

საკითხი გათვალისწინებულ იქნა ამოცანა 5.1-ის („ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა“ შემდეგი აქტივობის ფარგლებში: „ახალგაზრდულ პოლიტიკაში მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოების მიზნით თვითმმართველობის კოდექსში ცვლლებების პროექტის მომზადება“.