ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.106.016512
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 19 ივნისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქარველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ქაჯაია



დანართი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ (შემდგომ – წესი) ადგენს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა, შემდგომ – ცხოველები) მოვლა-პატრონობის, ყოლისა და მათი პოპულაციების მართვის წესებს. მათი, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 2. წესის მიზანი

1. წესის მიღების მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.

მუხლი 3. ამ წესის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალური სერვისების ცენტრი“ (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო).

მუხლი 4. ცხოველთა სტატუსი და მათი რეგისტრაცია

1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უმეთვალყურეო;

დ) უპატრონო.

2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ძაღლის რეგისტრაციის მომენტიდან.

3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადრობს და მის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი.

4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი.

5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი.

6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

7. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით ცხოველი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

8. ცხოველთა რეგისტრაციის მოწმობის ფორმა მტკიცდება ხობის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას.

10. ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა.

11. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

12. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს 16 წლის ასაკის მიღწევიდან.

13. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

14. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანო არეგისტრირებს ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი სტატუსის მქონე ცხოველს და ყველა ცვლილებას ამ სტატუსთან დაკავშირებით.

15. პირველადი რეგისტრაცია და ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული ცვლილებები მეპატრონის/მიმკედლებლის მიერ უნდა განხორცილდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

16. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

17. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

18. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

19. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

20. მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს;

გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

21. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/ მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში 30 კალედარული დღის განმავლობაში.

22. მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია 15 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.

23. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი ნომერი.

24. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი მონაცემების უსასყიდლოდ წარდგენა სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

25. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. მეპატრონის უფლებები და მოვალეობები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით

1. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა, სათანადო ფიზიკური აქტივობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;

ე) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

თ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ი) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

კ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის 24 საათის განმავლობაში შეტყობინება;

ლ) სამსხურს ან სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

მ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ნ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

ო) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

4. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში ცხოველის მეპატრონე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის ჩაბარებამდე, მეპატრონე ან მისი წარმომადგენილი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით.

5. აკრძალულია ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა.

6. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

7. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი.

8. დასაშვებია ცხოველის ლეშის:

ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე;

ბ) კრემაცია;

გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.

9. ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

10. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის ასისტენტი ძაღლების მეპატრონეებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან ერთად დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა).

11. ცხოველის დაავადების შემთხვევაში ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ამ წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში;

ბ) ცხოველის მეპატრონის მოთხოვნის და მკურნალობის საფასურის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში ცხოველის შესაბამისი მკურნალობა.

12. ცხოველის კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე.

13. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის მეპატრონის მიმართვის შემთხვევაში ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების და მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში აკისრია როგორც ცხოველის მეპატრონეს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას.

15. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

16. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ასევე ევთანაზიის თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება.

17. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველის მეპატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. ცხოველის მიკედლება

1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება საზოგადოებრივი დაწესებულებების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს;

გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.

მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი

1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.

3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.

4. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას/აღრიცხვას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე.

5. აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:

ა) ყურების კუპირება;

ბ) კუდის კუპირება;

გ) ეშვების ექსტრაქცია;

დ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;

ე) სმენის დაქვეითება;

ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

6. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.

7. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 8. ცხოველების ევთანაზია

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება

 პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.06.2026. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.106.016512.
სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, №10, 19.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016512 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6900588/