ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14-50
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.017444
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-50

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-17 მუხლების  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

დამტკიცდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესი", დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2

დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში „შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის მოწმობის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე
დანართი №1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗

ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) საშენის რეგისტრაციის, ფუნქციონირების და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის პროცედურას, პირობებს და ადგენს საშენის რეგისტრაციის საფასურს.

წესის მიზანია:

ა) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საშენის რეგისტრაციის საფასურის დადგენა და საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის პროცედურის განსაზღვრა;

ბ) ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების დაცვა;

გ) ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და არასასურველი, არაგეგმიური ნაყარის პრევენცია;

დ) საშენებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ვეტერინარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლებამოსილი ორგანო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო;

ბ) სანაშენე ცხოველი – შინაური ბინადარი ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;

გ) ერთჯერადი გამრავლების უფლება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის მეპატრონის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც იძლევა კონკრეტული სანაშენე ცხოველის ერთჯერადად გამრავლების უფლებას;

დ) რეგისტრაციის მოწმობა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საშენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად რეგისტრაციას;

ე) სანაშენე წიგნი – დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია  ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ;

ვ) ცხოველების საშენი (შემდგომში – საშენი) – უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას.

ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 3. საშენის რეგისტრაციის პროცედურა🔗

საშენის რეგისტრაციის მსურველი პირი  უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა დაერთოს:

ა)  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) საშენის ტერიტორიის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არანაკლებ სამი წლის ვადით;

გ) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა;

დ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სანაშენე ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით);

ე) მონაცემები სერტიფიცირებული კინოლოგის ან ფელინოლოგის დასაქმების/მომსახურების შესახებ საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (შესაბამისი ხელშეკრულება).

საშენი ვალდებულია:

ა)  ჰყავდეს სერტიფიცირებული კინოლოგი/ფელინოლოგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

დ) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;

ე) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი  ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

ვ) მოაწყოს სივრცე ნაყარის მიღების შემთხვევაში;

ზ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველის და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის წარმოება;

ი) უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;

კ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების ვადები🔗

უფლებამოსილი ორგანო საშენის რეგისტრაციაზე განცხადების  მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დოკუმენტაციის სისრულეს.

საშენის რეგისტრაციის განცხადებაზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს.

ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო 20 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საშენის ადგილზე დათვალიერებას. საშენის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმას ამტკიცებს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი.

საშენის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილ ორგანოში განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 40 სამუშაო დღის ვადაში.

საშენის რეგისტრაციის მოქმედების ვადაა 3 წელი. რეგისტრირებულმა საშენმა საშენის რეგისტრაციის  მოწმობა უნდა განათავსოს ობიექტის შესასვლელთან, მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.

მუხლი 5. ადგილზე დათვალიერება და ტექნიკური მოთხოვნები🔗

საშენის რეგისტრაციამდე უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ობიექტის შემოწმებას შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) ვოლიერები და გალიები: ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. დაუშვებელია ვოლიერის ოთხმხრივად დახურვა (ვიზუალური იზოლაცია);

ბ) ინსოლაცია და ვენტილაცია: დახურულ სივრცეებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათება და ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია;

გ) სანიტარია: ზედაპირები უნდა იყოს რეცხვადი და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას. აუცილებელია ნაყარის მისაღები იზოლირებული სივრცის არსებობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმებით.

მუხლი 6. საშენის რეგისტრაციის საფასური და გადახდის წესი🔗

საშენის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება თითოეულ სანაშენე ცხოველზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. საფასურის ზუსტი ოდენობა დგინდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, სანაშენე ცხოველის ჯიშის გათვალისწინებით.

უფლებამოსილი ორგანოს მიერ საშენის რეგისტრაციაზე  თანხმობის გაცემის მომენტიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური.

საშენის რეგისტრაციის საფასური ირიცხება უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

საშენის რეგისტრაციის საფასურის სრულად გადახდამდე და რეგისტრაციის მოწმობის გაცემამდე აკრძალულია საშენის ფუნქციონირება.

საშენის რეგისტრაციის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს საშენის სარეგისტრაციო მოწმობას და წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას.

მუხლი 7. პატრონიანი ცხოველის მოშენება🔗

ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოითხოვოს სანაშენე ცხოველის ერთჯერადი გამრავლება არაკომერციული მიზნით.

სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს უფლებამოსილი ორგანო ერთჯერადად 2 წლის ვადით, დამატებით 1 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით.

პატრონიანი ცხოველის მოშენების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს:

ა) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემულ ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობას;

ბ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით);

გ) სანაშენე ცხოველის რეგისტრაციის მოწმობას;

დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

მუხლი 8. პასუხისმგებლობა🔗

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

დანართი №2

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის

სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის მოწმობა

ნომერი: № 000000

საშენის დასახელება: ________________________________________

მესაკუთრე: ________________________________________________

ს/ნ  ან პირადი ნომერი: ____________________________________

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: _________________________

ცხოველთა სახეობა: [ ] ძაღლი [ ] კატა

პასუხისმგებელი კინოლოგი/ფელინოლოგი: _____________________

სანაშენე ცხოველთა რაოდენობა: _______________

გაცემის თარიღი: „__ წ.

მოქმედების ვადა: „__ წ.

[ QR-კოდი ]

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: _____________________________

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.06.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14-50. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.017444.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №14-50, 19.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017444 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6901383/