„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ სახელმწიფო საბაჟო სამსახურს შორის საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ სახელმწიფო საბაჟო სამსახურს შორის საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ
ხელმძღვანელობენ რა, „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 22 აპრილს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმებით,
მიისწრაფვიან რა, უზრუნველყონ მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთქმედება საკუთარი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით,
აღიარებენ რა მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო საზღვრებზე (შემდგომში – საბაჟო საზღვრები) გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას, საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვაჭრობის ხელშეწყობის პირობების უზრუნველყოფის მიზნით,
მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმებით, სტანდარტებით და რეკომენდაციებით, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო პრაქტიკით,
მიისწრაფვიან რა საზღვარზე საბაჟო კონტროლის ინფორმაციული უზრუნველყოფის პირობების შექმნისკენ,
საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის ადგილებში, აგრეთვე, მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე დანიშნულების საბაჟო ორგანოებში საბაჟო გაფორმების პროცედურების დაჩქარების მიზნით,
მხედველობაში იღებენ რა, 2005 წლის ივნისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მოწონებულ საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩარჩოსტანდარტებს,
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის ამ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
წინასწარი მონაცემები – ინფორმაცია საბაჟო საზღვარზე საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების შემდგომ გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომელიც ელექტრონული სახით გადაეცემა მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს.
ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობები – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სტრუქტურას, ელექტრონული შეტყობინებების ფორმატს და ცნობების შემადგენლობას, რომელთაც ცვლიან მხარეების უფლებამოსილი ორგანოები საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, გაცვლის რეგლამენტს, გაცვლის გზებს, საინფორმაციო სისტემების პროგრამული და ტექნიკური საშუალებების მიმართ მოთხოვნებს.
მხარეები წინასწარი მონაცემების გაცვლას განახორციელებენ შემდეგი მიზნების მიღწევის მიზნით:
– საბაჟო ოპერაციების შესრულების დაჩქარება, რომლებიც უკავშირდება მხარეების საბაჟო ორგანოებში საქონლის საბაჟო პროცედურებში მოქცევას;
– საქონლის საბაჟო კონტროლის ფორმების და მეთოდების გამოყენების მინიმიზაცია, საქონლის თაობაზე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების რეალიზაციისათვის უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენენ:
საქართველოს მხრიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
ყირგიზეთის მხრიდან – ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული სახელმწიფო საბაჟო სამსახური.
მხარეთა ზემოხსენებული უფლებამოსილი ორგანოების სახელწოდების ან ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დროულად აცნობებენ ერთმანეთს.
უფლებამოსილი ორგანოები ორგანიზებას უკეთებენ და განახორციელებენ იმ მონაცემების გაცვლას, რომლებიც მათ მიღებული აქვთ საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების განხორციელებისას მხოლოდ იმ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებიც გატანილია საქართველოსა ან ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტერიტორიიდან მეორე მხარის დანიშნულებით ან ორივე მხარის ტერიტორიის გავლით.
წინასწარი მონაცემები იგზავნება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ მიმღები მხარე სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე, შესაბამისი საბაჟო პროცედურით (ექსპორტი, ტრანზიტი და სხვ.) საქონლის გაშვების შემდგომ.
წინასწარი მონაცემების გაცვლა ხდება უშუალოდ უფლებამოსილ ორგანოებს შორის მათი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, მხარეების მიერ მიღებული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. მისი გამოყენება სხვა მიზნებისათვის შესაძლებელია ინფორმაციის გამცემი მხარის წერილობითი დასტურით.
წინამდებარე შეთანხმების მესამე მუხლის დებულებების რეალიზაციის მიზნით მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები შეიმუშავებენ ტექნიკურ პირობებს, რომელთაც ამტკიცებს მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელები.
მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარ მონაცემებს წარადგენენ ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მონაცემთა მოცულობების შესაბამისად.
მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ არასანდო ინფორმაციის გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა წინასწარი მონაცემების გაცვლის შედეგად.
მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც:
– განახორციელებენ ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის საშუალებების ტექნიკური პირობების, მონაცემთა გადაცემისა და დამუშავების ტექნოლოგიის, ასევე ინფორმაციის დაცულობის მოთხოვნის შემუშავებასა და შეთანხმებას;
– შეათანხმებენ წინასწარ მონაცემების კონკრეტულ სასაქონლო პარტიასთან და (ან) კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირების მეთოდებს;
– პასუხისმგებლები არიან წინასწარი მონაცემების გაცვლაზე.
წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციის მიზნით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ტექნოლოგიის შემუშავებისათვის, უფლებამოსილი ორგანოები განახორციელებენ ექსპერიმენტს.
უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ მონაცემების გადაცემის წესს, სტრუქტურას და ფორმატს, წინასწარი მონაცემების დაცვის მოთხოვნებს წერილების გაცვლის გზით, წინასწარი მონაცემების ძირითად ტექნოლოგიურ პრინციპებს, კონკრეტული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის იდენტიფიკაციის წესს, ტრანსპორტის სახეობებს, რომელთა მიმართაც განხორციელდება წინასწარი მონაცემების გაცვლა, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული დანაყოფების ჩამონათვალს, რომლებშიც განხორციელდება სატესტო ცდები და ასევე მათი რეალიზაციის ვადებს.
ამ მუხლში აღნიშნული საკითხების შეთანხმების შემდეგ მხარეები გაატარებენ აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებს და წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს ექსპერიმენტის დაწყებისთვის მზადყოფნის შესახებ.
წინასწარი მონაცემების გაცვლის ექსპერიმენტის განხორციელების ვადას შეადგენს 6 თვე. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
განხორციელებული ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას წინასწარი მონაცემების მუდმივად გაცვლის დაწყების შესახებ.
უფლებამოსილი ორგანოები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს წინასწარი მონაცემების მუდმივად გაცვლის დაწყების შესახებ.
წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციის მიზნით უფლებამოსილი ორგანოები ატარებენ კონსულტაციებს, ერთმანეთს მიაწოდებენ საინფორმაციო-საცნობარო მასალებს, რომლებიც აუცილებელია წინასწარი მონაცემების გაცვლისათვის.
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და გაფორმდება ცალკე ოქმების სახით.
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
წინამდებარე შეთანხმება ფორმდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში რჩება, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი ფორმით შეატყობინებს მეორე მხარეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ განზრახვის თაობაზე. ამ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
შედგენილია ქ. ბიშკეკში, 2026 წლის 12 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რუსულენოვან ტექსტს.
|