ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №30/ნ |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი არეგულირებს ადამიანის სისხლისა (შემდგომ - სისხლი) და მისი კომპონენტების მარაგების მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. ამ წესის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის ორგანიზაციული და სამართლებრივი პროცედურების დადგენა.
მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის არსი და მიზანი
1. სისხლის და მისი კომპონენტების მარაგების მართვა არის ერთიანი სისტემა, რომელიც აერთიანებს სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების საჭიროების პროგნოზირებას, მარაგების დაგეგმვას, მის შეგროვებას, მონიტორინგს, განაწილებასა და სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
2. მარაგების მართვის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის დაცვა, პაციენტებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სისხლისა და მისი კომპონენტების დროული მიწოდების უზრუნველყოფა, ვადის გასვლასთან დაკავშირებული დანაკარგების მინიმიზაცია.
თავი II. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის წესი
მუხლი 3. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების შექმნა და მონიტორინგი
1. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგები იქმნება სისხლის დაწესებულების მიერ დონორის სისხლისა და მისი კომპონენტებისგან (გარდა ავტოლოგიური გადასხმისთვის განკუთვნილი სისხლისა და მისი კომპონენტებისა), რომლებიც შეესაბამება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგის არსებობას ჰოსპიტალურ დონეზე უზრუნველყოფენ სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკები ან ის სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, სადაც ადგილი აქვს ტრანსფუზიას, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა.
3. სისხლის და მისი კომპონენტების მარაგების რეალურ დროში მონიტორინგი ხორციელდება ერთიანი ელექტრონული სისტემის (დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის) საშუალებით, რომელიც სისტემაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს უზრუნველყოფს ყოველდღიურად სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მიმდინარე დონის ხილვადობით და უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობით.
4. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების ელექტრონული მართვა მოიცავს სისხლისა და მისი ყველა კომპონენტის კატეგორიის და ABO/Rh(D) ჯგუფის მიხედვით აღრიცხვის, ტრანსფუზიისა და განკარგვის შესახებ ინფორმაციის რუტინულ მონიტორინგს.
5. სისხლის დაწესებულებები, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკები ვალდებულნი არიან ინფორმაცია მათ მარაგებში არსებული ერთეულების შესახებ, ტიპის, ABO/Rh ჯგუფის და ფენოტიპის მიხედვით, შეიტანონ ელექტრონულ სისტემაში (დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში) ყოველდღიურად, ხოლო ვადაგასული და შესაბამისად, განკარგული (ჩამოწერა/განადგურება) კომპონენტების შესახებ - ყოველთვიურად.
6. სისხლის დაწესებულებას, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკს, იმ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია, სისხლის ან მისი კომპონენტების დეფიციტის პრევენციის მიზნით, უნდა ჰქონდეს შემუშავებული მარაგების მართვის გეგმა, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის მარაგების შენარჩუნებისთვის. ამასთანავე, უნდა შემუშავდეს მარაგების მართვის სათადარიგო გეგმა კრიზისული შემთხვევების სამართავად.
7. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგებისა და მათი განაწილების შესახებ შესაბამისი ჩანაწერები უნდა ინახებოდეს 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 4. სისხლის დაწესებულების ფუნქციები
1. სისხლის დაწესებულება უზრუნველყოფს სისხლისა და სისხლის კომპონენტების მარაგების დაგეგმვას სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკების ან/და იმ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებშიც ტარდება ტრანსფუზიები ამ წესის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციისა და ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. სისხლის დაწესებულება მარაგების დაგეგმარებისთვის და სარეზერვო ოპტიმალური მარაგის დასადგენად თითოეული კომპონენტის ტიპის, ჯგუფის და რეზუსის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპონენტების დღიური მოთხოვნის/გამოყენების საშუალო მაჩვენებელს (ყოველთვიური/ყოველწლიური მოთხოვნებიდან/გამოყენებიდან (ტრანსფუზიებიდან) გამომდინარე).
3. სარეზერვო ოპტიმალური მარაგის შესანარჩუნებლად განისაზღვრება სისხლის ყველა კომპონენტისა და ABO/Rh(D) სისხლის ჯგუფისთვის მარაგების დონის შემდეგი კატეგორიები: მინიმალური, ნომინალური და მაქსიმალური. მინიმალური დონე აღნიშნავს სისხლის პროდუქტების ყველაზე დაბალ დასაშვებ რაოდენობას, რაც მოითხოვს შევსებას დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. ნომინალური დონე წარმოადგენს იდეალურ სამიზნე მარაგს, ხოლო მაქსიმალური დონე განსაზღვრავს მარაგის ზედა ზღვარს, რაოდენობას, რომლის ზემოთ მარაგი არ უნდა გაიზარდოს, რათა თავიდან ავიცილოთ ვადის გასვლის გამო პროდუქტის ჩამოწერა ან ზედმეტი დაგროვება.
4. სისხლის დაწესებულება:
ა) რეგულარულად ახორციელებს კომპონენტების მოთხოვნის პროგნოზირებას სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის, იმ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია, მხრიდან სისხლისა და სისხლის კომპონენტების წინა მოთხოვნებზე დაყრდნობით. პროგნოზირება ეფუძნება მოთხოვნის ისტორიულ ტენდენციებს, კლინიკურ ტენდენციებს, ასევე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიერ ქირურგიული ჩარევების განხორციელების ტენდენციებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მოთხოვნაზე;
ბ) ადგენს სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვების და დამზადების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თითოეული კომპონენტების შეგროვებისა და დამზადების დღიური მაჩვენებლების გეგმა თითოეული კომპონენტის ტიპისთვის ABO/Rh(D) სისხლის ჯგუფის მიხედვით);
გ) აგროვებს კომპონენტებზე მოთხოვნის ინფორმაციას სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს მოთხოვნის პროგნოზებისა და სისხლის შეგროვების სამიზნეების ცვლილებას;
დ) რეგულარულად აგროვებს და აანალიზებს სისხლის და სისხლის კომპონენტების შეგროვების და დამზადების პროცესში წუნდებული/ჩამოწერილი ერთეულების რაოდენობრივ მონაცემებს და ნერგავს მიზანმიმართულ გეგმას პროცესის გაუმჯობესების და დაწუნების/ჩამოწერის შესამცირებლად;
ე) რეგულარულად აგროვებს მონაცემებს სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის და იმ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების შესახებ, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია სისხლის და მისი კომპონენტების ტრანსფუზიის და განკარგვის (ჩამოწერა/განადგურება) შესახებ, რათა დადგინდეს სისხლის ყველა კომპონენტის საბოლოო სტატუსი - (ტრანსფუზია/განკარგვა), რაც უზრუნველყოფს სისხლის მარაგების ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებების ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმის დანერგვას.
5. სისხლის დაწესებულება მარაგებში არსებული და ყოველდღიურად მოთხოვნილი კომპონენტების რეალურ დროში მონიტორინგს უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
6. სისხლის დაწესებულების მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების განაწილებისას და მოთხოვნების შესრულებისას:
ა) მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული დიდი რაოდენობით (>10 ერთეული) ერთნაირი ვარგისობის ვადის მქონე ერთი დასახელების სისხლის კომპონენტის განაწილება;
ბ) პირველ რიგში უნდა განაწილდეს ყველაზე პირველად (ადრე) დამზადებული ერთეულები, ვადის გასვლის თავიდან ასარიდებლად.
7. სისხლის დაწესებულებამ ყოველდღიურად უნდა გადაამოწმოს მარაგში არსებული სისხლი და სისხლის კომპონენტები, რათა დროულად მოხდეს კომპონენტების იდენტიფიცირება, რომელსაც გასდის ვარგისობის ვადა და მოხდეს მათი შესაბამისი მართვა.
8. სისხლის დაწესებულება შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობით (შეთანხმებით) ადგენს კომპონენტების მიწოდების გრაფიკს (რუტინული და გადაუდებელი).
9. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს კომპონენტების ხელახლა განაწილება (რედისტრიბუცია) შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში, კერძოდ, ჭარბი მარაგის მქონე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან სისხლისა და მისი კომპონენტების გადატანა იმ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სისხლის ან მისი კომპონენტების დეფიციტია.
10. სისხლისა და სისხლის კომპონენტების მარაგებში დაბრუნება შემდგომი, ხელახალი განაწილებისთვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება სისხლის კომპონენტების მთლიანობის უზრუნველსაყოფად სისხლის დაწესებულების მიერ დადგენილი ხარისხის მოთხოვნები და პროცედურები, მათ შორის, თუ:
ა) საწყისი კონტეინერი არ იყო გახსნილი;
ბ) სისხლი და მისი კომპონენტი შენახული იყო შესაბამისი პირობების დაცვით;
გ) სულ მცირე ერთი დალუქული სეგმენტი განუყოფლად არის მიმაგრებული ერითროციტების კონტეინერზე;
დ) დოკუმენტაცია მიუთითებს, რომ სისხლი და მისი კომპონენტი იყო შემოწმებული და მისაღებია ხელახალი განაწილებისთვის.
11. თუ სისხლი და მისი კომპონენტი არ აკმაყოფილებს მარაგებში დაბრუნების კრიტერიუმებს, იგი უნდა იყოს მოთავსებული კარანტინში შემდგომი შემოწმებისთვის ან იყოს განადგურებული/განკარგული.
12. სისხლის დაწესებულება სისხლის და მისი კომპონენტების მიწოდების შეფერხებებით ან/და დაუძლეველი ძალის, გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული გარემოებებით გამოწვეული სისხლის ან მისი კომპონენტის დეფიციტის დროს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სათანადო სამოქმედო გეგმას.
13. სისხლის დაწესებულება სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკებისგან, იმ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებისგან, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია, მიღებული წლიური საჭიროების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს სისხლის, სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების მომდევნო წლის საჭიროების თაობაზე ინფორმაციას შესაბამისი წლის გეგმის დასამტკიცებლად.
მუხლი 5. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის/იმ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციები, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია
1. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ტრანსფუზიას, ვალდებულია ჰქონდეს დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგი სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში ან სისხლისა და მისი კომპონენტების შენახვისთვის განკუთვნილ სივრცე(ებ)ში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ხელმძღვანელი ან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის კომპონენტების შენახვაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სისხლის და სისხლის კომპონენტების მარაგების კონტროლს და მონიტორინგს, ასევე სისხლის და მისი კომპონენტების მარაგების დროულად ფორმირებას.
3. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში, სამედიცინო დაწესებულებაში, სისხლის და/ან მისი კომპონენტების მარაგის შექმნა მოიცავს შემდეგ ქმედებებს:
ა) მარაგში არსებული სისხლის და/ან მისი კომპონენტების ჩამონათვალის (ნომენკლატურის) და რაოდენობის განსაზღვრას;
ბ) სისხლის და/ან მისი კომპონენტების მარაგების შესავსებად შეკვეთის ტიპის განსაზღვრას (რუტინული, გადაუდებელი);
გ) სისხლის და/ან მისი კომპონენტების მარაგების მართვის ოპტიმიზაციას (მათ შორის, სისხლის და/ან მისი კომპონენტების, რომლებსაც შენახვის შედარებით მოკლე ვადა აქვთ დარჩენილი, გაიცემა და გამოიყენება ტრანსფუზიისთვის პირველ რიგში).
4. სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებამ, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა უნდა განსაზღვროს მარაგების ოპტიმალური დონე და შეინარჩუნოს იგი.
5. სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებამ სისხლის მარაგების ოპტიმალური დონის დასადგენად თითოეული კომპონენტის ტიპის, ჯგუფის და რეზუსის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს საშუალო დღიური მოთხოვნა (სისხლის კომპონენტების ტრანსფუზიების წლიური საშუალო რაოდენობიდან გამომდინარე - ანუ სისხლის კომპონენტის ერთეულების წლიური საშუალო გამოყენება გაყოფილი 365 დღეზე).
6. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა დღიური საშუალო გამოყენების შესაბამისად უზრუნველყოს დაახლოებით 6 დღის მარაგი ერითროციტების კომპონენტებისთვის, 2 დღის მარაგი - თრომბოციტებისთვის, ხოლო 14 დღის მარაგი - პლაზმის კომპონენტებისთვის. სტანდარტულ მარაგში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ერთეული თითოეული კომპონენტის ტიპის, ABO/ Rh ჯგუფის გათვალისწინებით. მინიმალური მარაგი საკმარისი უნდა იყოს პაციენტებისთვის ძირითადი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად (მაგ., ერითროციტების მინიმალური მარაგი არ უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე 4 ერთეული O Rh დადებითი და 2 ერთეული O Rh უარყოფითი).
7. მარაგების დონეები და კომპონენტების დღიური საშუალო გამოყენება უნდა გადაიხედოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
8. ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებში დადგენილი ოპტიმალური მარაგის მოცულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დონორის სისხლის და/ან მისი კომპონენტების მუდმივად განახლება ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
9. არასაჭირო შეკვეთების თავიდან ასარიდებლად, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა შექმნას ქირურგიული სისხლის მაქსიმალური შეკვეთის გეგმა, რომელიც ემყარება სამედიცინო დაწესებულებაში (წინა პერიოდში) ქირურგიული ოპერაციებისას გამოყენებული ერითროციტების ერთეულების რაოდენობას. ეს გეგმა შეიძლება იყოს საფუძველი მომავალი შეკვეთების განსაზღვრისთვის მსგავსი ოპერაციების შემთხვევაში.
10. მარაგში მუდმივად უნდა იყოს დაახლოებით 6-9% Kell-უარყოფითი კომპონენტები რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალების ტრანსფუზიებისთვის, კლინიკის პაციენტების პოპულაციის მიხედვით კი ანტიგენ უარყოფითი ერითროციტების მარაგი იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ერითროციტული ანტისხეულები, ანტი-D, ანტი-E, ანტი-C და ანტი-K.
11. იმ სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა, სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებამ, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია, უნდა დანერგოს O Rh(D) უარყოფითი ერითროციტების მართვის პოლიტიკა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტრანსფუზიის განხორციელების მეთოდოლოგიისა და კლინიკური ჩვენებების შესახებ სახელმძღვანელოს შესაბამისად, რათა დაბალი ინციდენტობის სისხლის ეს კომპონენტები შენარჩუნებული იყოს მარაგში გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
12. იმ სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა, სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებამ, რომელშიც ხორციელდება ტრანსფუზია, უნდა დანერგოს ხელახალი განაწილების შესაძლებლობა სისხლის დაწესებულებასთან თანამშრომლობით ვადაგასული კომპონენტების შესამცირებლად.
13. სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში/დაწესებულების სისხლის ბანკში არსებული სისხლის ან/და მისი კომპონენტების მარაგების შესახებ ინფორმაცია ჯგუფის, რეზუს კუთვნილების და ფენოტიპის მიხედვით შედის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, ასევე სისხლის და მისი კომპონენტების მიღების და ტრანსფუზიისთვის გაცემის ჟურნალში.
14. შენახული სისხლის და მისი კომპონენტების გამოყენების აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად, ყოველი თვის პირველი 5 დღის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკებმა ან/და სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაც ტარდება ტრანსფუზიები, უნდა შეავსონ სისხლის კომპონენტების გამოყენების შესახებ ინფორმაციის და სისხლის კომპონენტების მარაგის შესახებ ინფორმაციის ფორმები (მათ შორის, ელექტრონულად) ამ წესის დანართი №1-ში მითითებული ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის შესაბამისად და სისხლის დაწესებულებას, რომელიც მათ სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, მიაწოდონ ინფორმაცია წინა თვის განმავლობაში გადასხმისთვის გამოყენებული სისხლის კომპონენტების შესახებ და ხელმისაწვდომი სისხლის კომპონენტების მარაგის შესახებ, ხოლო ყოველი ახალი წლის 15 იანვრამდე დანართი №1 შეავსონ და მიაწოდონ სისხლის დაწესებულებას წლიური მონაცემები.
15. სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მარაგებიდან სისხლის და/ან მისი კომპონენტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ხელმძღვანელი ან სისხლის კომპონენტების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. გადაწყვეტილება მიიღება ტრანსფუზიის განმახორციელებელი ექიმის მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, კომპონენტის მოთხოვნის საფუძველი და მისი დასახელება, სისხლის ABO და Rh ჯგუფი, ალოიმუნური ანტისხეულები, ერითროციტული სხვა ანტიგენები, რაოდენობა, მოთხოვნის ხანგრძლივობა, მოთხოვნის გამომგზავნი ექიმის სახელი და გვარი.
16. ინფორმაცია სისხლის და/ან სისხლის კომპონენტების მარაგებიდან ამოღების და ტრანსფუზიისთვის გაცემის შესახებ შეიტანება სისხლის მიღების და გაცემის ჟურნალში, მათ შორის, ელექტრონული ფორმით იტვირთება ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
17. სისხლის და/ან მისი კომპონენტების მარაგების შევსება სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში ან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ხდება დანახარჯების შესაბამისად.
18. სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას/სამედიცინო დაწესებულების
სისხლის ბანკს უნდა ჰქონდეს შემუშავებული მარაგების მართვის გეგმა
დეფიციტის პრევენციის მიზნით, სისხლის მარაგების შენარჩუნებისთვის. ასევე
უნდა შემუშავდეს სათადარიგო გეგმა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას,
მარაგების მართვისთვის.
დანართი №1
ფორმა №1
სისხლის და სისხლის კომპონენტების გამოყენების (ტრანსფუზიების) შესახებ ინფორმაციის ფორმა
_____თვე _____წელი
(დაწესებულების დასახელება)
(დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი)
____________________
(ვის ეგზავნება)
_________ № _________
(რეგისტრაციის თარიღი)
| № | კომპონენტების ნომენკლატურა | გამოყენებული ერთეულების რაოდენობა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| O P | AP | BP | ABP | ON | AN | BN | AN | ||
| 1. | მთლიანი სისხლი | ||||||||
| 2. | მთლიანი სისხლი ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 3. | ერითროციტები | ||||||||
| 4. | ერითროციტები ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 5. | გარეცხილი ერითროციტები | ||||||||
| 6. | ახლად გაყინული პლაზმა | ||||||||
| 7. | ახლად გაყინული პლაზმა აფერეზით მიღებული | ||||||||
| 8. | ახლად გაყინული პლაზმა ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 9. | აფერეზით მიღებული თრომბოციტები ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 10. | მთლიანი სისხლიდან მიღებული თრომბოციტები (პულირებული) ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 11. | კრიოპრეციპიტატი | ||||||||
| 12. | სხვა (მიუთითეთ) | ||||||||
ფორმა №2
სისხლის კომპონენტების მარაგის შესახებ ინფორმაციის ფორმა
_____ თვე ___ წელი
(დაწესებულების დასახელება)
(დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი)
____________________
(ვის ეგზავნება)
____________ № ___________
(რეგისტრაციის თარიღი)
| № | კომპონენტების ნომენკლატურა | მარაგში არსებული ერთეულების რაოდენობა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| O P | AP | BP | ABP | ON | AN | BN | AN | ||
| 1. | მთლიანი სისხლი | ||||||||
| 2. | მთლიანი სისხლი ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 3. | ერითროციტები | ||||||||
| 4. | ერითროციტები ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 5. | გარეცხილი ერითროციტები | ||||||||
| 6. | ახლად გაყინული პლაზმა | ||||||||
| 7. | ახლად გაყინული პლაზმა აფერეზით მიღებული | ||||||||
| 8. | ახლად გაყინული პლაზმა ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 9. | აფერეზით მიღებული თრომბოციტები ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 10. | მთლიანი სისხლიდან მიღებული თრომბოციტები (პულირებული) ლეიკოციტების გარეშე | ||||||||
| 11. | კრიოპრეციპიტატი | ||||||||
| 12. | სხვა (მიუთითეთ) | ||||||||