რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85/ნ
სარეგისტრაციო კოდი
440050000.22.022.018864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №85/ნ

2026 წლის 26 ივნისი

ქ.თბილისი

 

რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი




 

დანართი

რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. რეგიონებში მოქმედი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომ – რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი) ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტის (შემდგომ – პროექტი) შეფასებისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.

2. რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის საგრანტო დაფინანსება (შემდგომ – დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

მუხლი 2. საგრანტო კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და კვლევითი საქმიანობის სტიმულირება პედაგოგიკის, აგრარული მეცნიერებებისა და ტურიზმის მიმართულებებით, აგრეთვე აკადემიურ და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამორჩეული ხარისხის ინოვაციური კვლევების განვითარების ხელშეწყობას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. კონკურსი მიმართულია ახალი ცოდნის შექმნისა და არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერისკენ, ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიების, მეთოდოლოგიების, პროდუქტების, მომსახურებებისა და პროცესების გამოყენებადობის დადგენისკენ ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის გზით ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში. კონკურსი ასევე, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის გარემოს გაუმჯობესებას, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლებას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უნივერსიტეტების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათ კვლევით საქმიანობაში ჩართვის გზით. კონკურსი ხელს უწყობს აგრეთვე მეცნიერების პოპულარიზაციას საზოგადოებაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში განხორციელებული გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე, მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტი;

ბ) გენერალური დირექტორი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია და ძირითადი პერსონალი;

დ) დამხმარე პერსონალი – პროექტის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;

ე) ზედნადები ხარჯი − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი ორგანიზაციის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს. ზედნადები ხარჯი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წამყვანი ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისთვის;

ვ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევით პროექტს;

ზ) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

თ) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

ი) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

კ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე. პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;

ლ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;

მ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;

ნ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;

ო) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;

პ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებს, თანადამფინანსებელსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

ჟ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;

რ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

ს) საკონკურსო კომისია − ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც აფასებენ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს;

ტ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

უ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

ფ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები;

ქ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის სტუდენტი;

ღ) წამყვანი ორგანიზაცია – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ჩამონათვალიდან. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.

მუხლი 4. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. კონკურსი და მის ფარგლებში გაცემული გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი.

2. საკონკურსოდ პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ოთხ თემატურ მიმართულებაში:

ა) გამოყენებითი კვლევები;

ბ) სამეცნიერო (ფუნდამენტური) კვლევები;

გ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენცია, კონგრესი, სიმპოზიუმი, სეზონური სკოლა) ორგანიზება და მეცნიერების პოპულარიზაცია;

დ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და განვითარება.

3. საქართველოს რეგიონების გამოწვევებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკურსი მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებას:

ა) აგრარული მეცნიერებები;

ბ) პედაგოგიკა;

გ) ტურიზმი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ, ჩაშლილ კლასიფიკატორს, თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სიას, ადგენს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. კონკურსში მონაწილეობის მიღება და პროექტის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს შემდეგ რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს:

ა)   სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბ)   სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

გ)   სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დ)  სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუხლი 5. კონკურსის ადმინისტრირება

1. კონკურსის ადმინისტრირებას, გრანტის გაცემასა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ფონდი.

2.  ფონდი უზრუნველყოფს:

ა)   კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და საგრანტო პროექტის განხორციელების შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;

გ)   შემოსული საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;

დ)  საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

ე) საკონკურსო კომისიისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;

ვ)   გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, ამ დებულებით დადგენილი და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 6. კონკურსში მონაწილე სუბიექტები და მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვთ წამყვან ორგანიზაციას და ძირითად პერსონალს.

2. პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.

3. ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია იყოს ჩართული ჯამში 2-ზე მეტ პროექტში. პროექტში ჩართვა გულისხმობს, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილ, ასევე, ამავე კონკურსის ფარგლებში უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებში ჩართვას.

4. ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე დროს, არ უნდა ხელმძღვანელობდეს ერთზე მეტ პროექტს. პროექტის ხელმძღვანელობაში იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ამავე კონკურსის ფარგლებში უკვე დაფინანსებული, მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელობა.

5. პროექტში შეიძლება ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.

6. გრანტის მიმღები სუბიექტები პასუხისმგებელნი არიან პროექტის განხორციელებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.

7. პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი.

მუხლი 7. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები

1.   საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თემატური მიმართულებისათვის უნდა შეადგენდეს 12 ან 24 თვეს;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თემატური მიმართულებებისათვის 12 თვეს.

2.   ფონდიდან მოთხოვნილი პროექტის წლიური ბიუჯეტი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თემატური მიმართულებებისთვის არ უნდა აღემატებოდეს:

ა) გამოყენებითი კვლევებისათვის – 100 000 ლარს;

ბ) სამეცნიერო (ფუნდამენტური) კვლევებისათვის – 100 000 ლარს;

გ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენცია, კონგრესი, სიმპოზიუმი, სეზონური სკოლა) ორგანიზებასა და მეცნიერების პოპულარიზაციისათვის – 30 000 ლარს;

დ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და განვითარებისათვის – 50 000 ლარს.

3.   საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ბიუჯეტი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თემატური მიმართულებისთვის შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა.ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არაუმეტეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 60%-ისა;

ა.ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება − ჯამში არაუმეტეს 5 000 ლარისა;

ა.გ) მივლინება;

ა.დ) საქონელი და მომსახურება;

ა.ე) არაფინანსური აქტივები;

ა.ვ) ზედნადები ხარჯი − ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 5%-სა.

ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თემატური მიმართულებისათვის შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ბ.ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არაუმეტეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 45%-ისა;

ბ.ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება − ჯამში არაუმეტეს 3 000 ლარისა;

ბ.გ) საქონელი და მომსახურება;

ბ.დ) ზედნადები ხარჯი – ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 5%-სა.

გ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თემატური მიმართულებისათვის შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

გ.ა) არაფინანსური აქტივები;

გ.ბ) საქონელი და მომსახურება;

გ.გ) ზედნადები ხარჯი – ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 5%-სა.

4. პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება ფიზიკური ან იურიდიული პირისგან.

5. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ ანგარიშებზე ავანსის სახით. პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში. მომდევნო ტრანში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების საფუძველზე.

6. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თემატური მიმართულების გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღები ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების 50%). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.

7. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა.

8. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისთვის. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე, დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.

9. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

მუხლი 8. კონკურსის ეტაპები

კონკურსის ძირითადი ეტაპებია:

ა)   კონკურსის გამოცხადება;

ბ)   პროექტების ფონდში წარდგენა;

გ)   პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან;

დ) პროექტის შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ;

ე) საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ)   დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე გრანტის მიმღებთან და თანადამფინანსებელთან (არსებობის შემთხვევაში) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

მუხლი 9. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა

1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში არ მიიღება.

2.   ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

მუხლი 10. პროექტის შეფასება

1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისად წარმოდგენილი პროექტები შესაფასებლად გადაეცემა საკონკურსო კომისიას.

3. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.

4. კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასებას საკონკურსო კომისია ახდენს ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

5. საკონკურსო კომისია აფასებს კონკურსში მონაწილე პროექტებს, ადგენს რანჟირებულ სიას/სიებს, ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თემატური მიმართულებებისათვის ცალ-ცალკე, გამოავლენს გამარჯვებულებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს.

6. გენერალური დირექტორი კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით განსაზღვრავს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თემატურ მიმართულებებს შორის თანხის განაწილებას.

7. საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.

8. საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე დადგენილ პროექტების რანჟირებულ სიებს, ამტკიცებს გენერალური დირექტორი.

9. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი ან /და მოწვეული დარგის ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში, ასევე, პირი, რომელიც არის:

ა) ამავე კონკურსის მონაწილე;

ბ) დაინტერესებული მხარე – პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი.

10. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და -ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

11. საკონკურსო კომისიის წევრი ან /და მოწვეული დარგის ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია საკონკურსო კომისიას და ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ინტერესთა კონფლიქტის და თვითაცილების შესახებ.

12. თუ ინტერესთა კონფლიქტის ფაქტი ფონდისათვის ცნობილი გახდება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

13. ფონდის გენერალური დირექტორის მიერ კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების გამოცხადებასა და კონკურსში პროექტის წარმდგენებისათვის პროექტის შეფასების გაცნობას ინდივიდუალურად.

მუხლი 11. საგრანტო ხელშეკრულება

1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას.

2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.

3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის გრანტის მიმღებს. მიმღებთა შორის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება რეგულირდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

4. გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის (ასეთის შემთხვევაში) განახორციელოს ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობით (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).

5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში.

მუხლი 12. პროექტის შესრულების მონიტორინგი

1.   საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

2.   ფონდი, ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი საგრანტო პროექტის შუალედური/საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

4. ფონდის მიერ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას:

ა)  მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდში, ხოლო ბოლო საანგარიშო პერიოდში ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას;

დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს.

5.  პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური/საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე, სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

6. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. შეფასების შედეგები და აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომ კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.

7.   ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 13. საგრანტო პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

1. საგრანტო პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:

ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან გაუქმდა მისი ავტორიზაცია;

ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.

3. საგრანტო პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

4. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია საგრანტო პროექტის შუალედური/საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

5. პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ, 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელების შესახებ, დამატებითი დაფინანსების გარეშე.

მუხლი 14. პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. კონკურსში მონაწილე პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:

შესაბამისობა პროგრამის მიზნებთან და პრიორიტეტებთან

  • პროექტის შესაბამისობა შესაბამისი თემატური მიმართულების მიზნებთან
  • თემის აქტუალობა აგრარული მეცნიერებების, პედაგოგიკის ან ტურიზმის მიმართულებით
  • სამეცნიერო, ორგანიზაციული ან ტექნიკური მიდგომის დასაბუთება
  • გუნდის პოტენციალი და თანამშრომლობა

  • გუნდის პროფესიული გამოცდილება და კომპეტენცია
  • ახალგაზრდა მკვლევართა ან სტუდენტთა ჩართულობა
  • შესაძლო თანამშრომლობა ადგილობრივ ან საერთაშორისო პარტნიორებთან
  • მოსალოდნელი შედეგები და გავლენა

  • სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ეკონომიკური ან სოციალური ეფექტის პოტენციალი რეგიონული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით
  • შედეგების გავრცელებისა და გამოყენების შესაძლებლობა
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მეცნიერების პოპულარიზაცია
  • 2.  შეფასება ხორციელდება 3 კრიტერიუმით, თითოეული კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 10 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 30 ქულას.

    3.  დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 18 ან მეტი ქულა.

    4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში.

    №

    კრიტერიუმი

    სუსტი

    საშუალო

    კარგი

    1

    1-4

    5-7

    8-10

    2

    1-4

    5-7

    8-10

    3

    1-4

    5-7

    8-10

    ქულათა ჯამი

     

    კომენტარი პროექტის შესახებ:


    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“?
    დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2026.
    როდის იქნა მიღებული „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“?
    „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №85/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.22.022.018864.
    სად არის „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2026 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“, №85/ნ, 26.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 440050000.22.022.018864 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6907270/