„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისთვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და ცხოველის საკვების საწარმოებლად გადამუშავებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა) და რეექსპორტის აკრძალვა ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს ან ახორციელებს ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ცხოველის საკვების საწარმოებლად გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ნებადართულია, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას მიეკუთვნება.“;
ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება, აგრეთვე ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო.
4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.
5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია
1. ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.
2. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც პერიოდულად განახლდება. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი სამინისტროსთვის წარდგენილი უნდა იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ეს განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად სამინისტროსთვის წარდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, მათ შორის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების არეალის შესახებ და მისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისგან, დაცული ტერიტორიებისგან, რეკრეაციული სივრცეებისა და საქართველოს ტყისგან დაშორების თაობაზე ინფორმაცია;
გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება;
დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტითა და გადამუშავებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება.
6. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ პირობებს;
ბ) ლიცენზიის მაძიებელმა მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას, მათ შორის, პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასებისას გათვალისწინებულია სათანადო დაშორება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების არეალსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, დაცულ ტერიტორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს და საქართველოს ტყეს შორის.
7. ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მიიღოს უსაფრთხოების ყველა ზომა და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია ან/და სხვა პროდუქტებთან შერევა მისი იმპორტისას, ტრანსპორტირებისას, შენახვისას და გადამუშავებისას;
ბ) უზრუნველყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მიკვლევადობა იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე;
გ) შეინახოს და განაახლოს იმპორტირებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადგილწარმოშობის, რაოდენობის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების თაობაზე და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის შემდგომი გამოყენების/განკარგვის შესახებ ინფორმაცია;
დ) დაიცვას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების წესები;
ე) დაიცვას ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ვ) დაიცვას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასების საფუძველზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობები.
9. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
10. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ცხოველის საკვების საწარმოებლად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის, გადამუშავებისა და მართვის წესებსა და პირობებს.“.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ადმინისტრაციული წარმოება
1. სამინისტრო ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გასაცემად ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე.
2. სამინისტრო ამოწმებს ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების მისაღებად წარდგენილი განაცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.“.
6. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის ან ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებს სამინისტრო იღებს შესაბამისი განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.“;
ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერების, განახლების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებებს სამინისტრო აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების მისაღებად ლიცენზიების მაძიებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხდიან სალიცენზიო მოსაკრებელს.“;
გ) მე-7−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების სხვა პირისთვის გადაცემა აკრძალულია.
9. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
7. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას“.
8. 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების საწარმოებლად) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისთვის/რეექსპორტისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების საწარმოებლად)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების, აგრეთვე ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“.
9. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების მიზნით ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) რომ იგი არის საქართველოში დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, განკუთვნილი არ არის გარემოში ინტროდუქციისთვის და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება მისი გადამუშავების მიზნით მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად;
ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.“.
10. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის მატერიალურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული და გადასამუშავებლად დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლებისა და ადგილწარმოშობის შესახებ ცნობები;“.
11. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასა და საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიას;“.
1. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 31 მარტამდე მიიღოს დადგენილება ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების, აგრეთვე მათი იმპორტის, გადამუშავებისა და მართვის წესებისა და პირობების შესახებ.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2027 წლის 31 მარტამდე დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის ფორმა.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1796-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1796-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.103207.
- სად არის „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1796-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.103207 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6909824/