ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.134.016418
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2026 წლის 26 ივნისი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი, თანახმად დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე



დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესს (შემდგომში – წესი). ეს წესი ადგენს ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს და როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს.

2. წესის მიზანია ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა, შესაძლო საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია/მართვა.

3. წესის ამოცანებია:

ა) ადამიანის და შინაური ბინადარი ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან, აგრეთვე არასათანადო, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის პრევენცია;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მათ შორის, მოვლა-პატრონობის, პატრონაჟისა და ზედამხედველობის რეჟიმების განსაზღვრა და ჰუმანური სტანდარტების დანერგვა;

გ) შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება მათი მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად;

დ) შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვა და კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების საფუძველზე;

ე) ზოოანთროპონოზური (მათ შორის, რაბიოლოგიური და პარაზიტოლოგიური) რისკების პრევენცია და ურბანულ გარემოში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ხელშეწყობა;

ვ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა, აგრეთვე მეპატრონეთა, მიმკედლებელთა და საქმიანობის განმახორციელებელი სხვა სუბიექტების ვალდებულებები და პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგლამენტაცია.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით არის განმარტებული.

მუხლი 3. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო
1. ქედის მუნიციპალიტეტში, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქედის კომუნალურსერვისი“ (ს/ნ-246761213)  (შემდგომში – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო).

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:

ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) საშენის რეგისტრაციას;

დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია და სტატუსი
1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უმეთვალყურეო;

დ) უპატრონო.

2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.

3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის

წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი და რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ან არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი.

6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს მისთვის მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 5. ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება
1. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევაში.

3. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანოებია: მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა საშენი.

4. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია (ცხოველების იდენტიფიკაციის რეესტრი - დანართი №3):

ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;

ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;

გ) ვაქცინაციის შესახებ;

დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

5. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში (ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა – დანართი №2).

6. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ წარდგენა სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

7. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.


მუხლი 6. ცხოველის მეპატრონე
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით ცხოველი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას.


მუხლი 7. მეპატრონის ვალდებულებები
1. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით, მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ნორმების დაცვა.

2. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

3. თუ ცხოველის ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, ხოლო აღნიშნული პროცედურის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

4. დასაშვებია სანაშენე ცხოველის მოშენება არაკომერციული მიზნით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

5. მეპატრონე ვალდებულია აცნობოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას:

ა) საკუთარი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის ან რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ;

ბ) მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად ნაყარის დაბადებისა და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა ფორმით გადაცემა) თითოეული ფაქტის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და ამ წესით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად.

6. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-

ღამის ნებისმიერ დროს.

7. აკრძალულია:

ა) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა;

ბ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება, იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან;

გ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა;

დ) ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელის და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე;

ე) ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი;

ვ) ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა;

ზ) ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით;

თ) ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები; აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად;

ი) ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა, ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა.


მუხლი 8. ცხოველის მიკედლება
1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის

მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

გ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.


მუხლი 9. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა
1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას.

2. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული:

ა) ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა;

დ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია;

თ) ცხოველის დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს და მიღებული იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

4. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსება), ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

6. მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით სავალდებულო დაჭერას ექვემდებარება:

ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა;

დ) სავარაუდოდ, დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ჰყავს პატრონი;

ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.

7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 10. ცხოველის ევთანაზია
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მხოლოდ უფლებამოსილი პირის − ვეტერინარის ან ვეტერინარ-ტექნიკოსის მიერ ვეტერინარის ზედამხედველობით. ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან/და სიცოცხლისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

4. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს შესაბამისად.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე და 1032-1034 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში ზედამხედველობის სამსახური).


მუხლი 12. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება
1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

2. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები.

4. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.

5. თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.

6. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.

8. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები, მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება.

9. კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს თავშესაფარში, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

10. ცხოველის თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათებისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები).

11. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლის და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე.

12. თავშესაფრიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე.

13. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ ცხოველი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს.

14. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.


მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
ის საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ წესში, წესრიგდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.


📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-3 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.06.2026. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.134.016418.
სად არის „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, №5, 26.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016418 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6911093/