„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№163/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.017005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №163/04

2026 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/02/2020; ს/კ: 220090000.18.011.016433) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:

ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ დაირღვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ (შემდგომში – რეგისტრაციისა და რეგულირების წესი) განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები:

ა.ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან/და მე-8 მუხლით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

ა.ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები;

ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ დაირღვა რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები:

ბ.ა) მე-3, მე-4 (გარდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) ან/და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობები;

ბ.ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

ბ.გ) რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ ამ პუნქტის „ა.ა“ ან/და „ა.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების/ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო „ბ.ა“, „ბ.ბ“ ან/და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების/ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკისთვის ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით წარუდგენლობა ან/და ანგარიშგებით არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების/მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის განმეორებით წარდგენა ან/და წერილობითი მითითების/მოთხოვნის განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

  2. მე- 3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში), არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

„ე1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“;

  ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, კანონმდებლობის ან/და შიდა პოლიტიკის/პროცედურების შესაბამისად, არ ახორციელებს კლიენტთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების (ოპერაციის), საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის წარმომავლობის შესწავლას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;“;  

ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;“;

  გ) მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, წარდგენილი ანგარიშგების თითოეულ ფორმასთან მიმართებაში;

ე) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;“;

  დ) მე-5 პუნქტის:

დ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობა, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით წარუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარდგენა, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარდგენილ ანგარიშგებაზე;“;

დ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) განმეორებით იმავე კლიენტისთვის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №163/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.017005.
სად არის „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №163/04, 02.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.017005 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6914818/