,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
230.150.020.22.033.009.964
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 12/02/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.009.964

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №95

2007 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახე ბ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2331) მე-4 და მე-5 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 700 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე, ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედევად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში: ,,წითელი ხიდი“, ,,გარდაბანი“, ,,სადახლო“, ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“, ,,გუგუთი“, ,,ახკერპი“, ,,მტკვარი“, ,,ვალე“ და ,,ყაზბეგი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტის (ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.

5. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარზე (იმპორტის შემთხვევაში) და 3000 ლარზე (ექსპორტის შემთხვევაში) ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი ექვემდებარება იმავე მატარებელში, შესაბამისად, იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში მოქცევას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ადგილზე.“.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი