ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6/17
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.111.016656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/17

2026 წლის 30 ივნისი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება“. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მაისის №5/24 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 აგვისტოდან.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა




დანართი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური

 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ _ სამსახური) წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.

3. სამსახურის მისამართია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

თავი II

სამსახურის საქმიანობა

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების, პროგრამებისა და პროექტების მომზადებას;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, პროექტების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვისა და მოვლა-პატრონობის კოორდინაციას;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საპროექტო დავალებების მომზადებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისა და მიღების პროცესის კოორდინირებას;

ზ) მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდებში არსებული წყალარინების შიდა ქსელის მოვლა-პატრონობას;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ი) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;

კ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ლ) მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ და შესასყიდ სამუშაოებზე დასკვნების მომზადებას;

მ) სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობას;

ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ო) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს;

პ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული იურიდიული პირების მონიტორინგს და საქმიანობის კოორდინაციას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფის განყოფილებებისგან და საჯარო მოხელეებისგან.

 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

 3. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.

 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დაგეგმვისა და პროექტირების განყოფილება;

ბ) მდგრადი გარემოს, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის განყოფილება;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.

მუხლი 5. დაგეგმვისა და პროექტირების განყოფილება

დაგეგმვისა და პროექტირების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური პროექტების დაგეგმვას და პროექტირების პროცესის ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საპროექტო დავალების მომზადებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას და მიღების პროცესის კოორდინაციას, წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვას, შემოწმებას, სამუშაოთა მოცულობების სისწორის, მისი ტექნიკური დავალებისა და მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და პროექტის სრულყოფის პროცესში მონაწილეობას;

გ) ინფრასტრუქტურული პრობლემების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას;

დ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას სამსახურის უფროსისთვის;

ე) ინფრასტრუქტურის სფეროსთან დაკავშირებული განცხადებებისა და მიმართვების განხილვას, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესწავლას, სარეაბილიტაციო ობიექტების გამოვლენას, მათი პრიორიტეტულობის შეფასებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას. აგრეთვე, მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ შემოსული განცხადებებისა და მიმართვების საფუძველზე გამოვლენილი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციას;

ვ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებას, დეფექტური აქტების შედგენას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. მდგრადი გარემოს, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის განყოფილება

 მდგრადი გარემოს, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობის განხორციელების ზედამხედველობას;

დ) მუნიციპალური ტერიტორიების კეთილმოწყობასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და მიმართვების განხილვას, საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შეფასებას. მათი რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების, საგზაო ნიშნების და მონიშვნების, მოძრაობის მარეგულირებელი ტექნიკური საშუალებების მოწყობისა და განახლების საჭიროებების შესწავლასა და შესაბამისი წინადადების მომზადებას; ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ზოგადი და სექციური ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგს, საჭიროებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას, მათ შორის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციასა და მიმართვებს აგრეთვე, შესაბამისი შესყიდვების დაგეგმვას;

ვ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვასა და განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხთან მიმართებაში;

ზ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე;

თ) გარე-განათების ქსელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ი) მუნიციპალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნის წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებას;

კ) საბინაო ფონდის რეაბილიტაციის პროგრამისა და თანადაფინანსების პრინციპით პროგრამის მომზადებას და საბინაო ფონდებში არსებული წყალარინების შიდა ქსელის მოვლა-პატრონობის კოორდინირებას;

ლ) მოხეტიალე პირუტყვების (ძაღლები, კატები, საქონელი, გარეული ცხოველები, ამასთანავე, ქვეწარმავლები) იზოლაციის პრევენციული ზომების მიღებასა და აპრობირებული მეთოდების დახვეწას, დანერგვის განხორციელებას;

მ) ნაპირგამაგრებითი, საბინაო ფონდებში არსებული წყალარინებისა და მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას. სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზებას და კონტროლს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობას;

ნ) გარემოს დაცვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას;

ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების შესახებ წინადადებების წარდგენას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;

პ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ჟ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

რ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ს) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ კეთილმოწყობის, გამწვანების, ტრანსპორტის და მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდებში არსებული წყალარინების სფეროსთან დაკავშირებით წარმოდგენილი განცხადებებისა და მიმართვების განხილვას, მათ შესწავლას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას, შემოსული განცხადებების კოორდინაციას და შესაბამის სამსახურებთან მიმართვას;

ტ) სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობას;

უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს ადგილზე გასვლით;

ბ) ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის საჭიროებისას მისი ინიცირება ან/და მიმწოდებლის, ან ტექნიკური ზედამხედველის მიერ ინიციირებული ცვლილების შესახებ წინადადების საფუძვლიანობის შესწავლას;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების შესახებ შემსრულებლისათვის შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიცემას, მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ტექნიკური საზედამხედველო ორგანიზაციის(ების) საქმიანობის მონიტორინგს და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას. შეუსაბამობების შემთხვევაში შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიცემას;

ე) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე ნაკლები ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებას. მათ შორის, შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა N2-ის, ფარული სამუშაოების აქტების და მისი თანმხლები დოკუმენტაციის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის წარდგენას. გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების შესახებ შემსრულებლისათვის შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიცემას, მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების;

ვ) დასრულებულ ობიექტებზე საგარანტიო ვადების მონიტორინგი და საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის მართვას;

ზ) გეგმა-გრაფიკისა და სამუშაოების წარმოებისთვის, მომსახურების გაწევისათვის დადგენილი, ხელშეკრულებით და ცვლილებებით განსაზღვრული ვადების კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლას, დაფიქსირებას და მიმწოდებელზე წარდგენას;

თ) მიმდინარე პროექტების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას და წარმოებას, პროცესის მიმდინარეობისა და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;

ი) ცენტრალური ხელისუფლების ელექტრონულ ბაზებსა და სისტემებში მუნიციპალური პროექტების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების ატვირთვას და განახლებას;

კ) სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობას;

ლ) მერის ან მერის მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას, რაც დაკავშირებული იქნება კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოების/მომსახურების მიმდინარეობასთან და დოკუმენტაციის შედგენასთან, შესრულებასთან;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

თავი IV

სამსახურის მართვა

 მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელობა

სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

მუხლი 9. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს;

გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ი) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;

კ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და შტამპებს;

ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და საკრებულოს წინაშე.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს; სამსახურის უფროსის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.

მუხლი 10. სამსახურის უფროსის მოადგილე

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები, მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

5. სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქციები:

ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ)ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.

6. სამსახურის უფროსის მოადგილე, საკურატორო სფეროს/სფეროების მიხედვით, სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ წარუდგენს მას სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების მუშაობის ანგარიშს.

7. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 11. განყოფილების უფროსი

 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;

ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;

ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

მ) ხელს აწერს/ავიზებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ნ) ახორციელებს სამსახურის უფროსის დავალებებს, კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

თავი V

 

საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

მუხლი 12. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

მუხლი 13. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები, კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

ვ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.

მუხლი 14. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თავი VI

 

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 15. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6/17. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.111.016656.
სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №6/17, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.111.016656 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6918981/