მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.159.016639
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 30 ივნისი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №43 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 24/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016292).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 18  აგვისტოდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი 1

 

მანეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

 

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო  ინფორმაციის   დამუშავებასა   და   წინადადებების   მომზადებას   ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

თ) წინადადებების  და რეკომენდაციების  შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსური ვალდებულებების აღებისა და გაცემის თაობაზე;

ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის შესახებ მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე, შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებას;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ლ) საფინანსო ზედამხედველობას ბიუჯეტის შესრულებაზე;

მ) ბიუჯეტის შემოსულობების  შესახებ ინფორმაციის  შეკრებასა და გაანალიზებას,  შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ნ) წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ო) ადგილობრივი მოსაკრებლების შემოსავლების კონტროლს;

პ) ბიუჯეტის  ხარჯვის   მიზნობრიობის,   ეკონომიკური   მიზანშეწონილობისა   და ეფექტიანობის   ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

რ)  მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურაში, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:

ა) ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;

 

მუხლი 4. ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება

ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ფუნქციები:

ა) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ბუღალტრული უზრუნველყოფა/საბუღალტრო აღრიცხვა;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა და საფინანსო   ოპერაციების წარმოება, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციების შესანახი ხარჯების ყოველდღიური ოპერაციული აღრიცხვა, მუნიციპალიტეტის შესანახი ხარჯების ნაერთი, კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა-დამუშავება, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი ფინანსურ ნაწილში, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობაზე კონტროლი აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადის შესაბამისობაზე ზედამხედველობა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან, წარმოდგენილ ვალდებულებაზე თანდართული შესრულებული სამუშაოს პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება;

გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვა, ურთიერთობა ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ა(ა)იპ-იების მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების დადასტურება/დაწუნება, საგადახადო მოთხოვნების შესწავლა, მერიის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების მართვა;

დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია, აღნიშნული მიზნით ფინანსური ღონისძიებების განხორციელება, ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღრიცხვების და სხვა დოკუმენტების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება;

ე) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა შრომის ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯების და სხვა თანხების დარიცხვა, უწყისების შედგენა და ასევე სამუშაოს შესრულების დამადასტურებული დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ თანხების დროულად გადარიცხვის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მუნიციპალიტეტის სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სისრულის, სისწორის, უტყუარობის შემოწმება და დარეგისტრირება ხაზინის ელექტრონულ სისტემაში, მათი სახელმწიფო ხაზინაში ატვირთვა ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით;

ზ) ყოველთვიური და კვარტალური გაანგარიშებების შედგენა და დადგენილ ვადაში სათანადო სუბიექტისათვის მიწოდება;

თ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა საბუღალტრო და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების საკითხებზე;

ი) განყოფილებაში შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების წერილების, მოქალაქეთა განცხადებების პასუხების პროექტის, დასკვნის მომზადების და სხვა სათანადრო ღონისძიებების განხორციელება;

კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

მუხლი 5. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება

ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციები:

ა) მომდევნო საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განსახორციელებლად ორგანიზაციის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახადების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირების ანალიზი, კონსოლიდირება და ტრანსფერებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის შემუშავება;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების შესახებ წინადადებების მომზადება, ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში, შემოსულობების ფაქტობრივი შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;

გ) ცირკულარის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიღება და შემოწმება, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსური ვალდებულებების აღება/გაცემაზე წინადადებების მომზადება და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის, მონაცემების და სხვა დოკუმენტური მასალების სისტემატიზირება/დამუშავება, ბიუჯეტის შესრულების, მათ შორის, საკასო შესრულების მონიტორინგი და სათანადო წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება;

ე) მუნიციპალიტეტის საგადასახადო ბაზების წარმოება, ბიუჯეტის პროექტის შედგენა მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, მათ შორის, შემოსულობების საერთო თანხის, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებების და სხვა შემოსულობების სახეობების მიხედვით გაწერა და გადასახდელების საერთო თანხიდან გამომდინარე საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე გადანაწილება, მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებით სათანადო ფინანსური ანგარიშის, დასკვნისა და წინადადებების მომზადება;

ვ) ბიუჯეტში საჭირო ცვლილების ინიცირება და ცვლილებების შეტანის მიზნით სათანადო პროექტის მომზადება, მათ შორის, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და სარეზერვო ფონდის ოდენობის შესახებ წინადადებების შემუშავება, წინადადებების სისტემატიზაცია, ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის, წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება/გაუქმებისა და განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე;

ზ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განსახორციელებლად აუციელებელი ინფორმაციის შეგროვება;

თ) განყოფილებაში შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების წერილების, მოქალაქეთა განცხადებების პასუხების პროექტის, დასკვნის მომზადების და სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება და განყოფილებაში არსებული საარქივო მასალების წარმოება;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

 

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

 

მუხლი 7. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

 

თავი V

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.