საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
280030000.85.099.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №10

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდება“ თანდართული სახით. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდება

მუხლი 1. მიზანი

1. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი (შემდგომში − კომიტეტი) დაფუძნებულია სსიპ − საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში − საპენსიო ფონდი) მმართველობითი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს 2025 წლის 10 მარტის №1 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (შემდგომში − სადამფუძნებლო ოქმი), საპენსიო ფონდში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დამკვიდრების, ადამიანური რესურსების მაღალ დონეზე მართვის, მენეჯერულ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის პროცესის უზრუნველყოფისა და ამ წესდების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულების მიზნით.

2. ეს წესდება შემუშავებულია კანონის, საპენსიო ფონდის დებულების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანების შესაბამისად და განსაზღვრავს კომიტეტის მანდატს, ფუნქციებს, შემადგენლობას, თანამშრომლობის წესებსა და წევრების მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს.

მუხლი 2. კომიტეტის მანდატი და ამოცანები

1. კომიტეტს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლის უფლებამოსილებაც მოქმედი          კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. კომიტეტს არ გააჩნია უფლებამოსილება იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებიც საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო აღნიშნულ უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადასცემს კომიტეტს.

2. კომიტეტის პასუხისმგებლობას განეკუთვნება:

ა) საპენსიო ფონდის ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის და საშტატო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მათი წარდგენა მმართველობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად, აგრეთვე აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების იმპლემენტაციის პროცესებზე ზედამხედველობა. კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც იმავდროულად არიან აღმასრულებელი დირექტორები, არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ანაზღაურების პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

ბ) საპენსიო ფონდის თანამშრომლების, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების შეფასების პროცესის წარმართვა ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე და  მმართველობითი საბჭოსთვის პრემიების გაცემის ერთიანი პაკეტის წარდგენა დასამტკიცებლად. საპენსიო ფონდის თანამშრომლების (გარდა აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეებისა) შეფასების პროცესს კომიტეტი წარმართავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით;

გ) შესრულების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება და მმართველობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა. კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ პრემიების გაცემის ერთიანი პაკეტი ეფუძნებოდეს შესრულების ძირითად ინდიკატორებს, რომლის დადგენის პრინციპებიც განისაზღვრება ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტით;

დ) აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნის პროცედურების შემუშავება და მათი საბჭოსთვის წარდგენა განხილვისა და დამტკიცების მიზნით;

ე) აღმასრულებელი   დირექტორების თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევისა და სათანადო შეფასების პროცესის ზედამხედველობა (შესაბამისი კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე);

ვ) აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეების და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების პროცესის ზედამხედველობა მკაფიო, გამჭვირვალე და წინასწარ შეთანხმებული შესრულების ინდიკატორების საფუძველზე,  სტრატეგიული მიზნების, ფინანსური და საოპერაციო შედეგების, მარეგულირებელი ნორმების დაცვისა და ლიდერობის ეფექტიანად განხორციელების ჩათვლით;

ზ) სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, შედეგზე ორიენტირებული და საპენსიო ფონდის გრძელვადიანი ინტერესების შესაბამისი ანაზღაურების პაკეტების შემუშავების უზრუნველყოფა; 

თ) უზრუნველყოს, რომ ანაზღაურების სტრუქტურა არ უწყობდეს ხელს გადაჭარბებული რისკების აღებას და შეესაბამებოდეს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს;

ი) ანაზღაურებისა და ნომინირების პრაქტიკის მოქმედ კანონმდებლობასთან, შესაბამის რეგულაციებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

კ) სწავლების პროგრამების დანერგვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა როგორც საწყის, ისე განგრძობით ეტაპზე, აღმასრულებელი დირექტორებისა და სხვა მნიშვნელოვან მმართველობით პოზიციებთან მიმართებით, აღნიშნულ პოზიციებზე მყოფ პირთა პროფესიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;

ლ) საბჭოს მიერ განსაზღვრული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

მ) საკუთარი წესდების და/ან მასში შესატანი  ცვლილებების შემუშავება საბჭოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცების მიზნით;

ნ) აღმასრულებელი დირექტორებისა და სხვა მნიშვნელოვანი მმართველობითი პოზიციების მქონე პირთა უფლებამოსილების გადაცემის პროცესის დაგეგმვა და ზედამხედველობა, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებში, და შესაბამისი გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება;

ო) შესაბამისი პოზიციებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ფუნქციების შემუშავება და გენერალური დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

პ) კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3. შემადგენლობა და შიდა ორგანიზაცია

1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს სადამფუძნებლო ოქმისა და საბჭოს სხვა შემდგომი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კომიტეტი შედგება სულ მცირე სამი წევრისგან. კომიტეტის წევრები არიან მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კომიტეტში დამატებით შეიძლება იყვნენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები, თანამშრომლები ან შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე მოწვეული პირები. თუმცა, აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტს.

3. კომიტეტს ჰყავს მდივანი – გენერალური დირექტორი, რომელიც არ არის კომიტეტის წევრი. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის სხდომა იმართება გენერალური დირექტორის გარეშე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის მდივანს კომიტეტის წევრთაგან.

4. კომიტეტის წევრების საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

5. კომიტეტი, კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს  (შემდგომში − თავმჯდომარე), რომელიც არ უნდა იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია კომიტეტის წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

6. თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს კომიტეტის საქმიანობის მართვასა და ხელმძღვანელობას ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ბ) ადგენს დღის წესრიგს და ხელმძღვანელობს კომიტეტის სხდომებს;

გ) წარმოადგენს კომიტეტს საბჭოსა და საპენსიო ფონდის სხვა კომიტეტების წინაშე.

7. თავმჯდომარეს უფლება აქვს, მიიღოს დამატებით ანაზღაურება კომიტეტში განხორციელებული საქმიანობისთვის.

8. თავმჯდომარე მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ კომიტეტის წევრთაგან ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არ შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მოადგილედ.

9. კომიტეტის წევრები, თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას კომიტეტის მანდატისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 4. სხდომები

1. კომიტეტის სხდომები ტარდება   საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სხდომებზე დასწრება შესაძლებელია პირადად, ტელეფონით ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

2. რიგგარეშე სხდომა შეიძლება დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის, საბჭოს ან კომიტეტის სულ მცირე ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით, გადაუდებელი საკითხების წარმოშობის შემთხვევაში. მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული დღის წესრიგი და სხდომის მოწვევის საფუძველი. ასეთი სხდომის შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკითხის გადაუდებლობა უფრო მოკლე ვადაში შეტყობინებას მოითხოვს.

3. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის სულ მცირე 2/3.

4. კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს სხდომაზე ხმის უფლების მქონე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორს, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორი არის კომიტეტის წევრი.

5. სხდომის ოქმები მზადდება მატერიალური და ელექტრონული ფორმით. ოქმებს ხელს აწერენ კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრები.  ოქმები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ იდენტიფიცირებული იყოს მისი მომზადების თარიღი, მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი (კომიტეტის მდივანი) და დამსწრე წევრები/ხელმომწერები. კომიტეტის სხდომების ოქმები ინახება განუსაზღვრელი ვადით მატერიალური და ელექტრონული ფორმით (ხანგრძლივი მატარებლების გამოყენებით).

6. კომიტეტის  სხდომის ოქმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბჭოს და/ან საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

7. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან დაესწრონ ყველა სხდომას. თუ წევრი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ზედიზედ ორ ან მეტ სხდომას, კომიტეტს შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს საბჭოს ასეთი წევრის კომიტეტის შემადგენლობაში ყოფნის საკითხის განხილვის თაობაზე.

8. თავმჯდომარე უფლებამოსილია დღის წესრიგის გათვალისწინებით,  საჭიროებისამებრ,  სხდომაზე მოიწვიოს საბჭოს სხვა წევრი, აღმასრულებელი დირექტორები ან სხვა ექსპერტები შესაბამისი საკითხების განხილვის მიზნით.

მუხლი 5. თანამშრომლობა სხვა კომიტეტებთან

1. კომიტეტი უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციასა და კოორდინაციას საპენსიო ფონდის ყველა მმართველობით ორგანოსა და სხვა კომიტეტთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: რისკის კომიტეტთან, აუდიტის კომიტეტთან, საინვესტიციო კომიტეტთან, რათა ნომინირების, შეფასებისა და ანაზღაურების პრაქტიკა შესაბამისობაში იყოს საპენსიო ფონდის საერთო მართვის ჩარჩოსთან, რისკის მართვის ჩარჩოსთან და სტრატეგიულ მიზნებთან.

2. კომიტეტი უზრუნველყოფს აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების პრემიების მოცულობის დადგენის მიზნით შესაბამისი კომიტეტებისაგან გამოთხოვილ იქნეს საჭირო ინფორმაცია, რის შემდგომაც კომიტეტი ახდენს აღნიშული ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დამუშავებას. 

3. კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში:

ა) მართავს კონსულტაციებს რისკის კომიტეტთან შემდეგი მიზნებისთვის:

ა.ა) უზრუნველყოს რისკებთან დაკავშირებული უნარებისა და გამოცდილების სათანადო იდენტიფიცირება და გათვალისწინება რისკის მართვის სფეროში საკვანძო პოზიციებზე, განსაკუთრებით მთავარი რისკის ოფიცრის პოზიციაზე კანდიდატ(ებ)ის ნომინირებისა და შეფასების პროცესში;

ა.ბ) გაითვალისწინოს რისკით შეწონილი შესრულების ინდიკატორები  აღმასრულებელი დირექტორების და სხვა წამყვან პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების ჩარჩოში, იმგვარად რომ აღნიშნული ინდიკატორები შეესაბამებოდეს საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტს;

ბ) ახორციელებს კოორდინაციას აუდიტის კომიტეტთან იმ კანდიდატთა სანდოობის, დამოუკიდებლობის     და ფინანსების სფეროში კვალიფიკაციის საკითხებთან მიმართებით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შიდა კონტროლზე, ფინანსურ ზედამხედველობასა და ანგარიშგებაზე;

გ) თანამშრომლობს საინვესტიციო კომიტეტთან, საინვესტიციო  მართვასა და ზედამხედველობისთან დაკავშირებული კანდიდატების შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეფასების მიზნით;

დ) აღმასრულებელი დირექტორებისა და სხვა წამყვან პოზიციებზე მყოფი თანამშრომლების  მუშაობის შესაფასებლად გამოსაყენებელი შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავების ან გადახედვის დროს კონსულტაციებს გადის შესაბამის კომიტეტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისობა სტრატეგიულ მიზნებთან, რისკის პროფილთან და შესაბამის ფუნქციურ პასუხისმგებლობებთან;

ე) კონსულტაციებს გადის აუდიტის კომიტეტთან ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების და თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობის დადგენის პროცესში;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უფლებამოსილებებს შორის გადაფარვა ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ერთობლივი ჩართულობა, კომიტეტი უფლებამოსილია, სხვა შესაბამის კომიტეტთან/კომიტეტებთან შეთანხმებით, დააინიციროს ერთობლივი შეხვედრები, შექმნას სამუშაო ჯგუფები ან შეიმუშაოს საერთო წინადადებები. ასეთი თანამშრომლობის შედეგად მიღებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია უნდა დოკუმენტირდეს და ეცნობოს საბჭოს, საჭიროების შემთხვევაში განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომიტეტის თავმჯდომარე იღებს ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომიტეტმა და კომიტეტის ყველა წევრმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ინტერესთა კონფლიქტი არის ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც კომიტეტის წევრის გადაწყვეტილება ან მის მიერ მიცემული ხმა მნიშვნელოვან და პირდაპირ გავლენას ახდენს მის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) არსებული ინტერესი – როდესაც გადაწყვეტილებიდან პირდაპირი სარგებელი მიიღება;

ბ) პოტენციური ინტერესი – როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების შედეგად მოპოვებულ იქნეს სარგებელი;

გ) შესაძლო ინტერესი – როდესაც მიუკერძოებელ  დამკვირვებელს შეიძლება დასაბუთებულად ეჭვი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, არსებობს იგი რეალურად თუ არა.

3. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია:

ა) გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

ბ) განსაზღვროს, არსებობს თუ არა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;

გ) დარწმუნდეს, რომ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

4. დანიშვნამდე ან დანიშვნისთანავე კომიტეტის წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ მათ არ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის არსებობა კომიტეტის წევრმა უნდა გაამჟღავნოს წერილობითი ფორმით და უნდა აცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ კომიტეტის აღნიშნულმა წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვისა და/ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ საკითხზე, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.

5. თუ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განსახილველ და/ან გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს კომიტეტის ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვაში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6.  ნებისმიერი გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი უნდა აღინიშნოს სხდომის ოქმში, ასევე უნდა აღინიშნოს ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

7. კომიტეტის სხდომაზე მოწვეული/დამსწრე ყველა პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომიტეტის წევრს, ვალდებულია გაამჟღავნოს ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან მიმართებით.

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

1. კომიტეტის მიერ ყველა განსახილველი საკითხი, დოკუმენტი და გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და მათი    გამჟღავნება ნებადართულია მხოლოდ საბჭოს მიერ წერილობით გაცემული ნებართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან თუ გამოთხოვილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში.

2. კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პერსონალური მონაცემი უნდა დამუშავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობისა და საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკების შესაბამისად.

მუხლი 8. ანგარიშგება

1. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.

2. კომიტეტი ვალდებულია საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

3. აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნასთან, უფლებამოსილების გადაცემის დაგეგმვასთან, კომპენსაციის პრაქტიკასთან ან კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ სხვა საკითხებთან დაკავშირებული კრიტიკული ან ახლად გამოვლენილი მოსალოდნელი რისკების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საპენსიო ფონდზე, კომიტეტი დაუყოვნებლივ აცნობებს საბჭოს, რეგულარული ანგარიშგების გრაფიკის ფარგლებს გარეთ. საბჭო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.

მუხლი 9. გადახედვა და შესწორება

1. ეს წესდება უნდა გადაიხედოს ყოველწლიურად და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს და დამტკიცდეს საბჭოს მიერ.

2.  საბჭოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების კომიტეტისათვის დელეგირების შემთხვევაში წესდების ცვლილებების პროექტს კომიტეტი წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს, შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ კომიტეტი უზრუნველყოფს წესდების პროექტის წარდგენას საბჭოსთვის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

3. მნიშვნელოვანი  მარეგულირებელი ან ორგანიზაციული ცვლილებების შემთხვევაში ეს წესდება უნდა გადაიხედოს სამი თვის ვადაში, მისი შესაბამისობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.


სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 01.07.2026. მიმღები ორგანო — სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 280030000.85.099.016010.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“, №10, 01.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 280030000.85.099.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6924880/