„2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1842-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010100000.09.001.016851
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
„2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.

ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.

ანგარიშში აღნიშნულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები:

დადებითად ფასდება, რომ უმაღლესი განათლების მიღების მიზნით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად მიენიჭა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 164 პირს (აბიტურიენტს), რომელთაგან დაფინანსების უფლება 156-მა მოიპოვა;

მისასალმებელია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1406 პაციენტი დაფინანსდა;

ასევე მისასალმებელია საანგარიშო პერიოდში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადების დარღვევის მაჩვენებლის შემცირება;

დადებითად ფასდება საქართველოს პროკურატურაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის მიცემა იმის მიუხედავად, რომ მათ არ ჰქონდათ დაზარალებულის საპროცესო სტატუსი;

ასევე დადებითად ფასდება, რომ 2025 წელს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 19,913,878 ლარით გაიზარდა, რაც პროგრამის გაფართოების წინაპირობას ქმნის;

პოზიტიურად ფასდება აგრეთვე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას განსაზღვრავს;

მისასალმებელია სახელმწიფოს მიერ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და კონსერვაციის ან/და რესტავრაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები;

ასევე მისასალმებელია, რომ 2025 წელს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა და გამოაქვეყნა 91 საკანონმდებლო აქტი;

დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა წინა წლებთან შედარებით;

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს „პირველი არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვებისა და ვებგვერდზე განთავსებული საინფორმაციო მასალების სინქრონულად თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;

მისასალმებელია, რომ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების კუთხით საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ამასთანავე, ქვეყანამ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებლით 88-ე ადგილიდან 71-ე ადგილზე გადაინაცვლა;

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქალი მეწარმეებისთვის დიდი რაოდენობისა და მოცულობის სესხები დამტკიცდა. ამასთანავე, მეწარმეთა უნარების გასაუმჯობესებლად გადამზადებულ პირთა უმრავლესობა ქალი იყო;

დადებითად ფასდება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით ეკონომიკური კურსის გავლისა და მცირე გრანტებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა;

მნიშვნელოვანია საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის ადამიანური რესურსების განვითარების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

მისასალმებელია საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით არსებული ინდიკატორების/შედეგების (DLR) განხორციელების 2025-2028 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვა;

დადებითად ფასდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საშტატო ერთეულებისა და დასაქმებული სპეციალისტების რაოდენობის ზრდა;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პაციენტის მიმართ ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლის სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია;

მისასალმებელია საანგარიშო პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა;

იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საანგარიშო წელს გრძელვადიანად განსახლებული ოჯახების რაოდენობის ზრდა;

ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით მისასალმებელია, რომ 2025 წელს სახელმწიფომ საცხოვრებელი შეუსყიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 665 ოჯახს, რაც წინა საანგარიშო წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია;

დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და მათში დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ზრდა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და სხვა ადგილებში;

მისასალმებელია, რომ 2025 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 55 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა ჩაიბარა (მიიღო);

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკური მაჩვენებელი შემცირდა;

დადებითად ფასდება, რომ საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რომლებშიც 1770-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა;

აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე საქმიანობა დაკავშირებულია მსხვილი ისტორიული არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტალების) რესტავრაცია-რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობასთან, რაც მიზნად ისახავს ერთიანი ტურისტული მარშრუტის ჩამოყალიბებას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტერიტორიების ეკონომიკური და ურბანული პოტენციალის გაზრდას;

მისასალმებელია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების (ხარისხის გაუარესების) შესამცირებლად „შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025−2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №1438 განკარგულებით შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025−2027 წლების გეგმის დამტკიცება;

მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს მყინვარულ და პერიგლაციალურ პროცესებთან დაკავშირებული ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართ შემუშავდა კონცეპტუალური მიდგომები, რომლებიც გამოვლენილი საფრთხის სცენარებს ეფუძნება და მონიტორინგის სისტემებს მოიცავს;

მისასალმებელია საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომელიც ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, მათი მოვლა-პატრონობის წესებსა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომებს განსაზღვრავს;

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს სამხედრო მოსამსახურის მიმართ ზემდგომი ან სხვა სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია;

მისასალმებელია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში ვიზიტების დროს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მწვავე ინფრასტრუქტურული პრობლემები არცერთ სამხედრო ნაწილში არ გამოუვლენია;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში საკვების მრავალფეროვნება რელიგიური და ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინების მსურველი პირებისთვის არჩევანის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად ადგენს:

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნით ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით პრევენციის სისტემის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, საკვანძო უწყებების მონაწილეობით იმუშაოს პრევენციის სისტემის დასახვეწად;

ბ) მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების წესი, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრება პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი;

გ) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები;

დ) შემჭიდროებულ ვადებში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმები;

ე) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით შეაფასოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წყალზე უფლების რეალიზაციის მდგომარეობა შემდეგი კრიტერიუმებით: მისაწვდომობა, ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა, წყლის უსაფრთხოება/ხარისხი, მისაღებობა და მდგრადობა. შეფასება უნდა მოიცავდეს ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზს, არსებული გამოწვევებისა და მათი მიზეზების იდენტიფიცირებას, აგრეთვე თითოეული გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრას, მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი უწყებების, განხორციელების ვადებისა და შეფასების ინდიკატორების მითითებას;

ვ) მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის შეიმუშაოს ახალი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს წყალმომარაგების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებს;

ზ) მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის შეიმუშაოს ახალი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების მშენებლობასთან/რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;

თ) უზრუნველყოს თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალე წესის მიღება და ამოქმედება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს საჯარო აღრიცხვის მექანიზმს, ინტერესთა კონფლიქტისა და პოლიტიკაზე არასასურველი ზემოქმედების რისკების შესამცირებლად;

ი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები;

კ) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შედგენისას გაითვალისწინოს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის მექანიზმების შექმნის საკითხი;

ლ) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შედგენისას გაითვალისწინოს უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე მონაცემთა ანალიზისა და გაცვლის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხი ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვის შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოების უზრუნველსაყოფად;

მ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებშიგანახორციელოს მიზნობრივი ღონისძიებები ენობრივი ბარიერის შემცირების, ინფორმაციის შესაბამის ენებზე ხელმისაწვდომობისა და კარიერული მხარდაჭერის გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვანები იმყოფებიან, მოაწყოს ბავშვზე მორგებული სპეციალური სივრცე კრიზისის დაძლევისთვის საჭირო, უწყვეტი მულტიდისციპლინური მუშაობის წარმართვის უზრუნველსაყოფად. ამ სივრცეში არასრულწლოვანის ყოფნის მაქსიმალური ხანგრძლივობა (რამდენიმე საათი) და მისი გამოყენების პროცედურა უნდა განისაზღვროს პენიტენციური დაწესებულების დებულებით;

ბ) ყველა პატიმრის სულ მცირე 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით უზრუნველსაყოფად და პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც დაბალანსებული ინფრასტრუქტურის მქონე, მცირე პენიტენციურ დაწესებულებებს დაეფუძნება;

გ) №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები;

დ) შეისწავლოს დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

ე) ყველა არასრულწლოვანი უზრუნველყოს სრულწლოვანებისგან განცალკევებული, მათზე მორგებული და სტანდარტების შესაბამისი გარემოთი;

ვ) პატიმართა სათანადო კვების უზრუნველსაყოფად:

ვ.ა) დაადგინოს ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი საკვების სახეობები და განიხილოს მათი ჩანაცვლების საკითხი;

ვ.ბ) გაზარდოს თერმულად დაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა;

ვ.გ) გაითვალისწინოს სხვადასხვა ეთნიკურ-კულტურული და რელიგიური საჭიროებები;

ვ.დ) საჭიროებისამებრ გაზარდოს პატიმართა კვებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი;

ზ) 2026 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების რაოდენობა სულ მცირე ორჯერ გაზარდოს;

თ) გააგრძელოს სამედიცინო პერსონალის პროფესიული სწავლება, აგრეთვე პატიმრის დაზიანებების დოკუმენტირებისთვის პასუხისმგებელი ყველა ექიმისთვის დაზიანებათა სრულყოფილად აღრიცხვისა და ფოტოგადაღების შესახებ ტრენინგების ჩატარება, ამასთანავე, განახორციელოს მათ მიერ შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების ზედამხედველობა;

ი) უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტებისთვის კონსულტაციების ისეთი სიხშირით გაწევა, რომ მათი მოლოდინის დრო 1 თვეს არ აღემატებოდეს;

კ) უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში განხორციელება;

ლ) უზრუნველყოს პატიმართა ასაკობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად;

მ) პენიტენციურ სისტემაში დანერგოს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა (EHR);

ნ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეიტანოს ცვლილება, რომელიც პატიმარს დაწესებულების მაღაზიაში სახელმწიფოს კონტროლით (უსაფრთხოების დაცვით), საკუთარი ხარჯით ორთოპედიული ლეიბის ან/და ბალიშის შეძენის შესაძლებლობას მისცემს;

ო) ხელი შეუწყოს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის მექანიზმის დანერგვას;

პ) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პირთა ფიზიკური ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტები აქვთ დანიშნული, მათ შორის, ამ პირებისთვის სათანადო კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევის შესაბამისად;

ჟ) კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები ისე განათავსოს, რომ კონვერტის მიღება არ იყოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და შეუძლებელი იყოს მისი მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება; ამასთანავე, ყველა პატიმრისთვის უფასოდ გახადოს ხელმისაწვდომი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მისცეს მათ შესაძლებლობა, საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი;

რ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმრისთვის სატელეფონო ბარათის დამზადებამდე მისცეს მას ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობა;

ს) უზრუნველყოს, რომ პატიმართა ესკორტირებისას სპეციალური საშუალება (ხელბორკილი) არა რუტინულად (პრევენციულად), არამედ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე გამოიყენებოდეს;

ტ) გააგრძელოს მუშაობა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გასაფართოებლად;

უ) დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მოაწყოს პატიმართა სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურ გარემოში წარმართვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;

ფ) №10 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;

ქ) საერთაშორისო სტანდარტებისა და ციხის მართვის კუთხით სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილების შესწავლის შედეგად მოამზადოს დისციპლინური დასჯისა და წახალისების სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი;

ღ) ხელი შეუწყოს სასყიდლიანი ხელშეკრულების პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადებასა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას;

ყ) საანგარიშო პერიოდში შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ჩაატაროს სათანადო სამუშაო და მიიღოს გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემისა და ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების/დამტკიცების მიზანშეწონილობის თაობაზე;

შ) საანგარიშო წელს უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დამტკიცება;

ჩ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოებისთვის შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულთა საქმეების სპეციფიკის შესახებ;

ც) სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების წევრები სისტემატურად გადაამზადოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების, ამ დანაშაულებით დაზარალებულ პირთა სპეციფიკურობის საკითხებში, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების დროს გასათვალისწინებელ გარემოებებთან დაკავშირებით;

ძ) „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანების შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისთანავე გამოავლინოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პატიმრები, ამ ქალების სტატუსის მიუხედავად, და გაუწიოს მათ სათანადო მომსახურება;

წ) უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენებზე (სომხურად, აზერბაიჯანულად) მომზადებული ბუკლეტების ინდივიდუალურად გადაცემით, აგრეთვე ასეთი შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის აღნიშნულ ენებზე გამოკვრა პენიტენციური დაწესებულებების საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე.

3. საქართველოს პროკურატურამ:

ა) უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ შიდაუწყებრივი სახელმძღვანელო მითითებების აღსრულების მონიტორინგი;

ბ) საანგარიშო პერიოდში შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ჩაატაროს სათანადო სამუშაო და მიიღოს გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემისა და ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების/დამტკიცების მიზანშეწონილობის თაობაზე;

გ) საანგარიშო წელს უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დამტკიცება;

დ) საანგარიშო წელს შეიმუშაოს შიდაუწყებრივი სახელმძღვანელო მითითებები ქალებთან (მათ შორის, ორსულ ქალებთან) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გასათვალისწინებელი გარემოებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ;

ე) საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები ქალებთან (მათ შორის, ორსულ ქალებთან) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გასათვალისწინებელი გარემოებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ;

ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სერვისების გაუმჯობესებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართოს სამუშაო შეხვედრები პროკურორებს, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებსა და თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის თანამშრომლებს შორის;

ზ) საანგარიშო წელს გააგრძელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების/ამ დანაშაულების ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ შესაბამისი შიდაუწყებრივი სახელმძღვანელო მითითებების აღსრულების მონიტორინგი;

თ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური მხარდაჭერის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გააგრძელოს ამ უწყებებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა;

ი) საანგარიშო წელს გააგრძელოს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, პროცედურული მისადაგების პრინციპის პრაქტიკაში გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირების, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეთიკური და ეფექტიანი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგების ჩატარება;

კ) გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობის მაჩვენებელი;

ლ) განახორციელოს დოკუმენტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა“ შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მის საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი შიდაუწყებრივი ანალიტიკური დოკუმენტი;

მ) შეიმუშაოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის, მასთან კომუნიკაციის სტანდარტების, მისი უსაფრთხოების დაცვისა და საჭიროების შემთხვევაში ბავშვის დროულად განრიდების შესახებ შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი/მითითებები (სულ მცირე, მოამზადოს შესაბამისი პროექტი) ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილზე სრულწლოვანი პირის თანმხლები არასრულწლოვანი იმყოფება.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული დაკავებული პირის მიერ თავისი ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის მისი დაკავების შესახებ შეტყობინების მოთხოვნის დოკუმენტირების პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

ბ) პოლიციის ახალი დაწესებულებების დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში გაითვალისწინოს დაკავებულ პირსა და ადვოკატს შორის შეხვედრების კონფიდენციალურად გამართვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხი;

გ) 2026 წელს გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტია მოწყობილი;

დ) 2026 წელს გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ექიმები 24 საათის განმავლობაში მორიგეობით ან გამოძახებით არიან დასაქმებული;

ე) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის იზოლატორში განთავსებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირების, ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის შესახებ ტრენინგების ჩატარება;

ვ) უზრუნველყოს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაინერგოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 20 მარტის №40 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის“ შესაბამისად, სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირების პროცესის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის მექანიზმი;

ზ) უზრუნველყოს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის“ №9 დანართით გათვალისწინებული ფორმის (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №000 000 000) შევსების თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება და აღნიშნულ საკითხში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება;

თ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა შეისწავლოს პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალის წარმოების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

ი) უზრუნველყოს პოლიციის იმ დანაყოფებში (დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში), სადაც უცხო პირთა შესვლა აღირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ობიექტებზე სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა შესვლის/გასვლისა და მატერიალურ ფასეულობათა შეტანის/გატანის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის №1/162 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ობიექტებზე სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა შესვლის/გასვლისა და მატერიალურ ფასეულობათა შეტანის/გატანის წესის“ შესაბამისად, აღნიშნული წესის შესრულების პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

კ) განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც დაკავებული პირის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს, და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ლ) იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც სანიტარიული კვანძები ნახევრად იზოლირებულია, საჭიროებისამებრ გააგრძელოს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად;

მ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული იმ პირებისთვის, რომლებსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული, უზრუნველყოს რეკრეაციისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით;

ნ) მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირების მიერ მნახველთა მიღების საათების გაზრდა და მათთან შეხვედრის დროის გახანგრძლივება არსებული ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით;

ო) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული ყველა პირისთვის უფლებების (მათ შორის, გასაჩივრების უფლებისა და შესაძლებლობის, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოებთან დასაკავშირებლად ცხელი ხაზით სარგებლობის წესების) მისთვის გასაგებ ენაზე ზეპირად და წერილობით განმარტება და მისი მოთხოვნის შესაბამისად საწერი საშუალებების მიწოდება;

პ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა გადამზადება კონფლიქტების პრევენციისა და მართვის საკითხებში;

ჟ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირის ადვოკატთან შეხვედრისთვის იზოლირებული, კონფიდენციალური სივრცის გამოყოფა;

რ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირებისთვის უზრუნველყოს რეკრეაციისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა;

ს) მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისა და ვენტილაციის კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორების უზრუნველსაყოფად;

ტ) შეისწავლოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის №231 ბრძანების 25-ე მუხლით გათვალისწინებული გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის გამოყენების პრაქტიკა და მისი უკიდურესი ღონისძიების სახით გამოყენების კუთხით ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

უ) გააძლიეროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბავშვთა ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად და გადაამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აღნიშნული კატეგორიის საქმეების გამოძიებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში;

ფ) გააგრძელოს პოლიციელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში, მათ შორის, ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების დოკუმენტის შევსების წესთან დაკავშირებით;

ქ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების საქმეების მონიტორინგი და გამოძიების პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ გამოსასწორებლად;

ღ) გააგრძელოს გამომძიებელთა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, პროცედურული მისადაგების ზომების პრაქტიკაში გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გამოკვეთის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეთიკური და ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებში;

ყ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა განახორციელოს „გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ“ რეკომენდაციისა და „გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ“ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

შ) გააგრძელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენის, მათი გამოსწორების გზების დასახვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით;

ჩ) უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის, მისი უსაფრთხოების დაცვისა და საჭიროების შემთხვევაში ბავშვის დროულად განრიდების საკითხებში ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც სამართალდარღვევის პრევენცია ან/და მასზე რეაგირება ხორციელდება იმ სრულწლოვანი პირის მიმართ, რომელსაც თან ახლავს მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი;

ც) უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების, დაზარალებულებსა და მოწმეებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ინსტიტუციური კოორდინაციის საკითხებში;

ძ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემისა და ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დამტკიცების მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან;

წ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის;

ჭ) უზრუნველყოს ქალთა სპეციფიკური საჭიროებების საკითხში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებსაც უფლებამოსილების განხორციელების პროცესში (პირის დაკავებისას, საპოლიციო ღონისძიების, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების განხორციელებისას, ფიზიკური ძალის გამოყენებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულებისას) ქალებთან აქვთ შეხება;

ხ) საქმიანობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციების გამიჯვნისა და მათი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ჯ) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსებისთვის შექმნას შესაბამისი სივრცეები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ინვენტარით;

ჰ) მონიტორინგის გზით შეისწავლოს აეროპორტების შეყოვნების სივრცეებში მყოფი მგზავრების მიერ საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის მდგომარეობა და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს ზომები მათ გამოსასწორებლად;

ჰ1) ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და მათთვის შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აწარმოოს ფართომასშტაბიანი და სამიზნე ჯგუფებზე მორგებული საინფორმაციო კამპანია ინტეგრაციის საკომუნიკაციო პლატფორმის შესახებ.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს სამხედრო მოსამსახურეთათვის ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდების (მათ შორის, ამ ინფორმაციის ყველა სამხედრო ნაწილში ხელმისაწვდომობის) უზრუნველყოფა; 

ბ) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების შენობა-ნაგებობების სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების შესაბამისად;

გ) გააგრძელოს სამხედრო ბაზებიდან მოშორებულ ადგილებზე 24-საათიან განწესში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების კვების დადგენილი ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფა;

დ) გააგრძელოს პრაქტიკული სწავლების გზით წვევამდელთათვის სამხედრო ნაწილებში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების გაცნობა;

ე) გააგრძელოს წვევამდელთათვის სამედიცინო კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა კონფიდენციალურობის დაცვის გათვალისწინებით;

ვ) გააგრძელოს ქმედითი ზომების მიღება სამხედრო ნაწილებში სამედიცინო პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის;

ზ) 2026 წელს უზრუნველყოს სამხედრო ნაწილებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება;

თ) გააგრძელოს შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გამართვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გასავრცელებლად;

ი) გააგრძელოს ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო ცხოვრებაში უფრო სრულფასოვანი მონაწილეობისთვის;

კ) გააგრძელოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მათი უფლებებისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება შესაბამისი საინფორმაციო მასალების თარგმნით, გავრცელებითა და თვალსაჩინო ადგილებში განთავსებით.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურების შესაძლებლობა და შესწავლის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს;

ბ) მონიტორინგი გაუწიოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სტომატოლოგიური მომსახურების) გაწევის პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

გ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარების მდგომარეობა;

დ) გააგრძელოს ასაკობრივი ჯგუფებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;

ე) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს;

ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების, აგრეთვე პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი;

ზ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პროცედურები და შესწავლის შედეგების შესაბამისად განიხილოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის შემუშავების საკითხი;

თ) განახორციელოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახების შექმნის ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში შესრულების მონიტორინგი;

ი) ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების გაწერისა და არსებული რესურსების შესაბამისად სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით უზრუნველყოს მათი საჭიროებების შეფასება;

კ) ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მიერ მარტივი, გასაგები ფორმის შინაგანაწესის მომზადებისა და სავალდებულო განთავსების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს შესაბამისი ფორმა; 

ლ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის საჩივრის გაგზავნის მარტივი და კონფიდენციალური პროცედურის შემუშავება;

მ) გააუმჯობესოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვისა და ზედამხედველობის/მონიტორინგის მექანიზმი;

ნ) გააგრძელოს პაციენტის სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის პროცესზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში დახვეწოს შესაბამისი წესები;

ო) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის სწავლება „კლოზაპინის“ იმ გვერდითი ეფექტების ამოსაცნობად, რომლებმაც შესაძლებელია პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს;

პ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის შეიმუშაოს ბენეფიციარებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ინსტრუქცია;

ჟ) ბედიანისა და ძევრის პანსიონატებში ინფრასტრუქტურული გარემოს მოწესრიგებით გააუმჯობესოს ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობები და ხელი შეუწყოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს ინდივიდუალური შემთხვევების გათვალისწინებით;

რ) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის პროცედურები;

ს) „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური პროცედურა ამ უფლების რეალიზების ყველა საკითხის დეტალურად გასათვალისწინებლად;

ტ) შეცვალოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების მოდელი ნებისმიერი ტიპის საცხოვრისის სერვისში ბენეფიციარებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

უ) შეისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებში დასაქმებული პერსონალის სიმცირის მიზეზები, მათ შორის, ყურადღება მიაქციოს მის შრომის ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს;

ფ) შეისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებში მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

ქ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებში დასაქმებული პერსონალის რეგულარული სწავლება ბენეფიციართა უფლებებისა და კრიზისული შემთხვევების მართვის და სხვა საკითხებზე;

ღ) შეისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისებში ბენეფიციართა ფიზიკური შეზღუდვის ან/და მათთვის ინიექციების ნების საწინააღმდეგოდ გაკეთებისა და მედიკამენტების მიღების იძულების, აგრეთვე სერვისების მიმწოდებელთა მიერ ბენეფიციარებისთვის მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხები;

ყ) ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისის მიმწოდებლისთვის განსაზღვროს ვალდებულება, ადგილზე იქონიოს პირველადი დახმარების გასაწევად საჭირო მედიკამენტების მარაგი;

შ) გააგრძელოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულებებით განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;

ჩ) შეიმუშაოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი;

ც) ხელი შეუწყოს ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებებს ბავშვების ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმების შედგენის, აგრეთვე კვალიფიციური პერსონალის მიერ მათზე მორგებული აქტივობების რეგულარულად ორგანიზების უზრუნველყოფაში;

ძ) განსაზღვროს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;

წ) განახორციელოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეხვედრებისთვის კონფიდენციალური სივრცის შექმნის ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში შესრულების მონიტორინგი;

ჭ) განახორციელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრებსა და ალტერნატიულ საცხოვრისებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტების/ბენეფიციარების გარე სამყაროსთან კონტაქტის ხელშეწყობის მიზნით მათ მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის მონიტორინგი;

ხ) შეისწავლოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ ფიზიკური, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ხელმისაწვდომობის კუთხით მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების საკითხი და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სათანადო ცვლილებები;

ჯ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომი ფორმატით მიწოდება საჭიროებისა და გონივრული მისადაგების პრინციპის შესაბამისად;

ჰ) განახორციელოს სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტირების მდგომარეობის მონიტორინგი;

ჰ1) უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის სავალდებულო გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის, გონივრული მისადაგებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის საკითხებში;

ჰ2) უზრუნველყოს უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) სავალდებულო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან, გონივრულ მისადაგებასა და კომუნიკაციასა და ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებით;

ჰ3) შეაფასოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების კოორდინაციის მექანიზმის შემოღების საკითხი;

ჰ4) შეაფასოს როგორც საერთო, ისე რეგიონების ჭრილში პირველადი ჯანდაცვის ადამიანური რესურსის მართვის გეგმის შესრულების მდგომარეობა მინიმალური ხელმისაწვდომობის სტანდარტების დაცვის კუთხით; 

ჰ5) უზრუნველყოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შრომის ინსპექციის სამსახურმა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის შესამოწმებლად ყოველწლიურად განახორციელოს გეგმური ინსპექტირება;

ჰ6) უზრუნველყოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შრომის ინსპექციის სამსახურმა საჯარო და კერძო დასაქმების ადგილებზე ჩაატაროს დაცვისა და მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია;

ჰ7) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად;

ჰ8) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის შესაბამისად, სათანადო კვების უფლების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და დაამტკიცოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები;

ჰ9) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების ეტაპობრივი გაფართოება;

ჰ10) ბავშვზე მორგებული რეგიონული და სათემო სერვისების შექმნის მიზნით დაიწყოს მუშაობა ბავშვებისთვის გასაწევი ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადიქციის დაძლევისა და სარეაბილიტაციო მომსახურებების გასაძლიერებლად, მათ შორის, შეიმუშაოს კრიზისული ინტერვენციის, ადიქციის მართვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც იქნება ხელმისაწვდომი, კონფიდენციალური და კულტურულად მგრძნობიარე და რომლებშიც ჩართული იქნებიან ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად გადამზადებული სპეციალისტები;

ჰ11) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გააგრძელოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომლოდინეთა რიგების სრულად აღმოფხვრისა და პროგრამის გეოგრაფიული არეალის გაფართოების მიზნით;

ჰ12) გააგრძელოს საჭირო ზომების მიღება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესაბამისი, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების გასაფართოებლად და ხელი შეუწყოს სათანადო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას;

ჰ13) მაქსიმალურად უზრუნველყოს, რომ პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო პროგრამამ მოიცვას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომლებიც შეფასების საფუძველზე პროგრამის ბენეფიციარებად არიან იდენტიფიცირებული;

ჰ14) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით შეისწავლოს ტერიტორიულ ერთეულებში (სოფლებსა და ქალაქებში) პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები, შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ჰ15) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ინფორმირებული თანხმობის გამოხატვის პრაქტიკა;

ჰ16) გააფართოოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული მხარდაჭერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აამოქმედოს სულ მცირე 1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი;

ჰ17) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში აამოქმედოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

ჰ18) შეაფასოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული მხარდაჭერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში არსებული სისტემური გამოწვევები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით შეიმუშაოს შესაბამისი სერვისების გაძლიერების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

ჰ19) შეისწავლოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხვის მინიმალური ასაკისა და მათი დაწესებულებაში ცხოვრების ხანგრძლივობის საკითხი და საჭიროების შესაბამისად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები;

ჰ20) შეაფასოს ხანდაზმულთათვის 24-საათიანი მომსახურების მიმწოდებლებზე (მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ხანდაზმულებზე 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებზე) ერთიანი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების გავრცელების მიზანშეწონილობა;

ჰ21) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო შეხვედრების რეგულარულად ჩატარებით, სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფოში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის თითოეული სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ჰ22) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო შეხვედრების რეგულარულად ჩატარებით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობით გააგრძელოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის პოპულარიზაცია, აგრეთვე ვაქცინაციის (მათ შორის, გეგმური ვაქცინაციისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ჰ23) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის (მდგომარეობის) განსაკუთრებულად და განგრძობითად გაუარესების პერიოდებში, დამაბინძურებელი ნივთიერებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის (მათ შორის, ხანდაზმულებისა და სხვადასხვა დაავადების მქონე პირებისთვის) მაქსიმალურად კონკრეტული და მარტივად აღსაქმელი, რეკომენდებული ქცევის წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ჰ24) გადახედოს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივესთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებს განახლებულ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით მათში ცვლილებების შეტანის საჭიროების გამოვლენის/ცვლილებების შეტანის მიზნით;

ჰ25) შეიმუშაოს ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეების განგრძობითი და ეფექტიანი კონტროლის, აგრეთვე კონტროლის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოქალაქეებისთვის პერიოდულად მიწოდების მექანიზმი;

ჰ26) გააგრძელოს თამბაქოს კონტროლის ფარგლებში ისეთი მოდელის დანერგვა, რომელიც მონიტორინგს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტიანი აღსრულებით გაამყარებს, რაც გამოიხატება დარღვევის გამოვლენიდან მასზე რეაგირებამდე გასული დროის შემცირებით, ჩატარებული შემოწმებებისა და გამოყენებული სანქციების (ტიპის/რაოდენობის) შესახებ პერიოდული საჯარო ანგარიშგებით და განმეორებითი დარღვევების წილის წლიური კლების დინამიკით;

ჰ27) გამოიყენოს ყველა ბერკეტი თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულებისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის;

ჰ28) გადახედოს დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართობის დასაქირავებლად გამოყოფილ ლიმიტს და შესაძლებლობის ფარგლებში გაზარდოს იგი;

ჰ29) შესაძლებლობის ფარგლებში გაზარდოს ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის დაწესებული ლიმიტი არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით;

ჰ30) ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და მათთვის შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აწარმოოს ფართომასშტაბიანი და სამიზნე ჯგუფებზე მორგებული საინფორმაციო კამპანია ინტეგრაციის საკომუნიკაციო პლატფორმის შესახებ;

ჰ31) შეიმუშაოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბრის №523 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი და უზრუნველყოს მისი დამტკიცება;

ჰ32) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემა და ერთიანი მეთოდოლოგია;

ჰ33) თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში დასაქმებული სოციალური მუშაკები გადაამზადოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტანდარტების საკითხებში, რომლებიც მოიცავს არასრულწლოვანთა საკითხებს;

ჰ34) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულებით დაზარალებულ პირთა ეფექტიანი რეაბილიტაციის მიზნით გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებსა და თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის თანამშრომლებს შორის;

ჰ35) შეაფასოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებისთვის თანაგადახდის პრინციპის რეგულირების საკითხი და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები, მათ შორის, რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაგადახდისგან სრულად გათავისუფლების საჭიროებისა და შესაძლებლობის შესახებ;

ჰ36) შეაფასოს ხანდაზმულებზე 24-საათიანი ზრუნვის კერძო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებზე ერთიანი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების გავრცელების/სტანდარტების დადგენის მიზანშეწონილობა და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები.

7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მონაწილე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და პრაქტიკული მზადყოფნისთვის უზრუნველყოს ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მიღების, მხარდაჭერისა და სრულფასოვანი ჩართულობის მიზნით;

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დაამტკიცოს ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, მათზე ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ;

დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის;

ე) უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობით გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასკოლო კვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად;

ვ) გაზარდოს ბილინგვური განათლების პროგრამის ხელმისაწვდომობა, აგრეთვე გააგრძელოს და გააძლიეროს სწავლების ხარისხის მონიტორინგი (ტექნიკური და შინაარსობრივი კუთხით) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადი განათლების საფეხურებზე;

ზ) დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, მათი გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად;

თ) ხელი შეუწყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/კურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების იმ სკოლების ბაზაზე მომზადების პროცესს, სადაც ეს ენები საგნების სახით ისწავლება;

ი) უზრუნველყოს, რომ „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 26 აგვისტოს MES 3 25 0001029171 ბრძანებით დამტკიცებულ „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ი.ა) ნაწილს „ცოდნა და გაცნობიერება“ დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებს და მსჯელობს მათზე;

ი.ბ) ნაწილს „უნარი“ დაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი, კერძოდ, მიეთითოს, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას და სასწავლო აქტივობების განხორციელებისას კურსდამთავრებული იყენებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასა და პრინციპებს;

ი.გ) ნაწილს „პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა“ დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას და პატივს სცემს მათ საქმიანობის პროცესში;

კ) სახელმძღვანელოების შემუშავებისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი;

ლ) უზრუნველყოს, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაფართოვდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და გაიზარდოს ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებულ მასწავლებელთა რაოდენობა;

მ) უზრუნველყოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაცია და გააფართოოს ამ პროგრამის განხორციელების, მათ შორის, მობილური ჯგუფების საქმიანობის, გეოგრაფიული არეალი.

8. საქართველოს კულტურის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს სარესტავრაციო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი მათი მდგომარეობის შესაბამისად;

ბ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები კულტურის სფეროში „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების/დამტკიცების მიზნით;

გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და საჭიროებისამებრ დაიწყოს მათი კონსერვაცია ან/და რესტავრაცია.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გამშვები პუნქტების შეუფერხებელი მუშაობით დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება;

ბ) გააგრძელოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებელთა სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში სოფლად მცხოვრებ ქალებთან (როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებთან) გამართოს სულ მცირე 1 საინფორმაციო შეხვედრა ან/და ჩაატაროს ტრენინგი მეწარმეობის შესახებ, ამასთანავე, უზრუნველყოს აღნიშნული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალის ეტაპობრივი გაფართოება.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) შეიმუშაოს ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეების ეფექტიანი კონტროლის, აგრეთვე კონტროლის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოქალაქეებისთვის პერიოდულად მიწოდების მექანიზმი;

ბ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით მიაწოდოს მას ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის (მდგომარეობის) განსაკუთრებულად და განგრძობითად გაუარესების პერიოდებში დამაბინძურებელი ნივთიერებების მიერ ნორმის გადაჭარბების თაობაზე.

12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან გამართოს კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებზე.

13. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:

ა) შესაბამის მუნიციპალიტეტში დანერგონ მექანიზმები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების რეალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევების პერიოდულად ჩატარება და მათ შედეგებზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის სერვისების შემუშავება და ამოქმედება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და სხვა სფეროებში;

გ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის;

დ) შექმნან სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობების მონიტორინგისა და მართვის ქმედითი და სისტემური მექანიზმი;

ე) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი მუშაობა შესაბამისი საბჭოს სხდომის მისი დებულებით დადგენილი პერიოდულობით გამართვითა და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობით;

ვ) უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი მომსახურების დაგეგმვა, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეს მომსახურება არ არის, განახორციელონ ეფექტიანი ღონისძიებები ამ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მოძიებისა და დაინტერესებისთვის;

ზ) უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო პროგრამის რეგულარული მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული უკუკავშირისა და გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა;

თ) ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულ პირთა საჭიროებების სისტემური ანალიზის საფუძველზე შეიმუშაონ მათზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, გააძლიერონ შინ მოვლის სერვისები;

ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიაწოდონ ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

კ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების პროცესში გაითვალისწინონ ფინანსური რესურსები ეკომიგრაციის პრევენციის მიზნით ღონისძიებების განსახორციელებლად;

ლ) უზრუნველყონ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შეიმუშაონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტი;

მ) უზრუნველყონ, რომ სიღნაღისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები;

ნ) უზრუნველყონ, რომ ყველა თვითმმართველი ქალაქისა და სხვა მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის გადამზადება ადამიანის უფლებების საკითხებში და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ ბავშვის უფლებებზე;

ო) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ქუთაისის, ტყიბულის, გორის, ოზურგეთის, ბოლნისის, ადიგენის, ზუგდიდის, რუსთავისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებმა ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ საცხოვრისებსა და მსგავს დაწესებულებებში მყოფი პირები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყონ;

პ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა;

ჟ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ამაღლებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყონ პედაგოგთა (მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა) გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მათთვის მიწოდება;

რ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე ხელმისაწვდომობა;

ს) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების) აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე ხელმისაწვდომობა;

ტ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისი პერსონალის განსაზღვრა (ადამიანური რესურსის გამოყოფა), რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სისტემატურად, მათთვის გასაგებ ენაზე, დროულად მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ, ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით) გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას სათანადო განაცხადების მომზადებისა და შევსების პროცესში;

უ) უზრუნველყონ მოსახლეობისთვის სტანდარტების შესაბამისი წყლის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, პრობლემის სრულად გადაჭრამდე ალტერნატიული წყალმომარაგების, რეგულარული ინფორმირებისა და სათანადო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების გზით.

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ:

ა) უზრუნველყოს სასამართლო აქტების პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) გააძლიეროს ძალისხმევა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად;

გ) გააუმჯობესოს დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა კლიენტსა და ადვოკატს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად;

დ) 2027 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უწყებრივი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა საჭიროებები მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით.

15. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ:

ა) მოამზადოს თემატური პუბლიკაცია სისხლის სამართლის სფეროში საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა, ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა) ჩატარების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თაობაზე;

ბ) საანგარიშო პერიოდში შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ჩაატაროს სათანადო სამუშაო და მიიღოს გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემისა და ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების/დამტკიცების მიზანშეწონილობის თაობაზე.

16. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ:

ა) შეიმუშაოს სასწავლო მოდული ბრალდებულ ქალთა ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ ქალთა სპეციფიკური საჭიროებების თაობაზე და უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხში სასამართლოს მანდატურების გადამზადება;

ბ) გააგრძელოს მოსამართლეთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხში.

17. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა უზრუნველყოს გაიდლაინის „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების იურიდიული დახმარება“ დახვეწაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით; ამასთანავე, შეიმუშაოს და დაამტკიცოს დოკუმენტი „სამართლებრივი ქმედუნარიანობა და გადაწყვეტილების მხარდაჭერა“.

18. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიის (სამუშაო შეხვედრების) ჩატარება და ალტერნატიული მექანიზმების (ვებგვერდი, სინქრონული თარგმანი) პოპულარიზაცია.

19. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გაზარდოს სამედიცინო ექსპერტიზისა და სხვა სახის ექსპერტიზის დროულად ჩატარების, აგრეთვე სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიებისთვის ექსპერტიზის დასკვნის დროულად გადაცემის მაჩვენებლები.

20. არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა − თბილისის განვითარების ფონდმა თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების დროულად რეაბილიტაციის მიზნით შეიმუშაოს დამატებითი მექანიზმები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მობინადრეთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად.

21. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის №630-IIმს-XIმპ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.

22. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2027 წლის 1 მარტამდე.

23. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1842-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
როდის იქნა მიღებული „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე?
„2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1842-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.09.001.016851.
სად არის „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, №1842-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016851 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6926709/