„საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და
უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უზბეკეთის რ ესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ერთობლივად „მხარეები“ და ცალ-ცალკე „მხარე“),
სურთ რა მხარეთა შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის საფუძველზე, სწამთ რა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას, ითვალისწინებენ რა მხარეთა სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობას პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1
მხარეები საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებისა და ნორმების, ასევე თავიანთი შესაბამისი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ და განავითარებენ შესაბამის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში საერთო ინტერესებისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. მუხლი 2
1. მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას პროფესიული განათლების სფეროში, სასწავლო გეგმების შემუშავების, სწავლებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის, მეთოდოლოგიებისა და ინოვაციების გაზიარების გზით. 2. მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებული იქნება ურთიერთსასარგებლო სფეროებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე და აღნიშნული მიმართულებით მაღალი სტანდარტებისა და სპეციალური უნარების უზრუნველყოფაზე. 3. მხარეები ხელს შეუწყობენ პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებისა და აქტივობების შემუშავებას პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების მიზნით. მუხლი 3
1. მხარეები გაცვლიან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში რეფორმებთან დაკავშირებულ გამოცდილებას უმაღლესი განათლების საერთაშორისო განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით. 2. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი (ორმაგი ხარისხის) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე, გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებაზე. 3. მხარეები თანხმდებიან, თანასწორ საფუძველზე შეისწავლონ სტუდენტური გაცვლების შესაძლებლობები და ყოველწლიურად დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვალონ დეტალური ინფორმაცია არსებული სტიპენდიების პირობების, მოთხოვნებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. 4. მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ორმხრივი და მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში ურთიერთმონაწილეობას. 5. მხარეები ერთობლივად გამართავენ საქართველო-უზბეკეთის საგანმანათლებლო ფორუმს, რომლის მიზანია ორი სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება. მუხლი 4
1. მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საჭიროებიდან გამომდინარე, მხარეები ხელს შეუწყობენ ორ სახელმწიფოს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. 2. მხარეები სტარტაპინკუბატორებისა და აქსელერატორების თანამშრომლებისა და მენტორებისთვის ორგანიზებას გაუწევენ სტაჟირებებსა და საზაფხულო ბანაკებს, განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება ინკუბაციისა და აქსელერაციის საქმიანობების განვითარებაზე და შექმნიან საქართველოსა და უზბეკეთს შორის მენტორობის პროგრამას აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამების ერთობლივი განვითარების მიზნით. 3. მხარეები დამატებით წაახალისებენ თანამშრომლობას ევროკავშირის მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში და ასევე ხელს შეუწყობენ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრამებსა და შესაბამის საგრანტო კონკურსებში. მუხლი 5
1. მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას, რომლის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკაში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების), აგრეთვე აკადემიური მობილობის პერიოდში სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ურთიერთაღიარების გამარტივება. 2. მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს (უწყებებს) შორის და ხელს შეუწყობენ ურთიერთნდობის განმტკიცებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მუხლი 6
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას საქართველოს მხრიდან უზრუნველყოფენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან – უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტრო. 2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენტურ უწყებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსება დამოკიდებულია ორივე მხარის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე. მუხლი 7
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეებს შეუძლიათ შექმნან შესაბამისი სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები, დაამტკიცონ სამოქმედო გეგმები და თანამშრომლობის სფეროში სხვა პროგრამები. 2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან ინფორმაციას სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფების შემადგენლობის, სტრუქტურისა და ფუნქციონირების წესების შესახებ. მუხლი 8
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა ან განმარტებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 10
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან. იგი დაიდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთწლიანი) პერიოდებით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით აცნობოს მეორე მხარეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება შეწყდება შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა ან გაუქმება გავლენას არ მოახდენს იმ პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია და მიმდინარეობს მისი მოქმედების პერიოდში. შესრულებულია ქ. თბილისში, 2026 წლის 3 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
- „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 03.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30-81. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016856.
- სად არის „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, №30-81, 03.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016856 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6934764/