თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№495
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №495

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თეთრიწყარო

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 25-ე მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №207 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge; 05.02.2018 წ., სარეგ.კოდი: 010250020.35.157.016311).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 8 აგვისტოდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის 

დებულება 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის-მერიის ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მერიის დებულების შესაბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისა და თანამშრომლებისგან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

6. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.

მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ამოცანებია:

ა) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) მუნიციპალური ქონების მართვა.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ქონების მართვის პოლიტიკის – მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა. პირველადი რეგისტრაციის მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა;

გ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემის შესახებ;

დ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან – ოპტიმალურ განკარგვასთან დაკავშირებით;

ე) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

ვ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხისა და საპრივატიზებო გეგმის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა;

ზ) დამტკიცებული საპრივატიზაციო გეგმის შესაბამისად, წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

კ) მონიტორინგის შედეგების გაანალიზება, არსებული ხარვეზების გამოვლენა, წინადადებების შემუშავება ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის კუთხით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესატანი ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;

ნ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებასთან დაკავშირებით;

ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ან/და მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, ავტომანქანების პარკირების ორგანიზება;

პ) „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსპროპრიაციის პროცესის განხორციელება. საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების წარმართვა მხარეთა შორის შეთანხმების ნებაყოფლობით გაფორმების მიზნით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალებისა და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელების დოკუმენტაციის მომზადება;

ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა;

რ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა;

ს) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების შემუშავებას, მათ განხორციელებას ან/და ხელშეწყობას; საჭირო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას; მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის და მიმზიდველობის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადებას; მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზს;

ტ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პერიოდული განახლებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;

უ) ეკონომიკური აქტივობებისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას და დანერგვას;

ფ) ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ხელშეწყობასა და განვითარებას;

ქ) ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას;

ღ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადებას;

ყ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის იდენტიფიცირებას და განვითარებას, წარმოჩენას (პრომოუშენი); ტურისტული მიზიდულობის წერტილების შექმნის და განვითარების პროექტების მომზადებას; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას; ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას; შემომყვან ტურიზმის ოპერატორებთან კოორდინირებას;

შ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობას;

ჩ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე, თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში განხილვა;

ც) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები

1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებიდან, ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები;

გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში;

დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;

ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში დადგენილი წესების დაცვასა და შესრულების შემოწმების მიზნით, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად;

ზ) გასცეს გაფრთხილება, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან და დროულ შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაფრთხილების პირობების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე;

თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

ი) საკითხის უკეთესად შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;

კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. განყოფილება შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

3. სამსახურის განყოფილებებია:

ა) ეკონომიკის განვითარების განყოფილება;

ბ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება.

4. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

მუხლი 5. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. ეკონომიკის განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების შემუშავებსა, მათ განხორციელებას ან/და ხელშეწყობას;

ბ) ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას;

დ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის და მიმზიდველობის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზს;

ვ) მუნიციპალიტეტის ურბანულ-ეკონომიკური პროფილის შექმნის პოლიტიკისთვის წინადადებების მომზადებას, ურბანულ-ეკონომიკური განვითარების წარმატებული პრაქტიკის გაცნობასა და ანალიზს;

ზ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პერიოდული განახლებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;

თ) ეკონომიკური აქტივობებისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას და დანერგვას;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ხელშეწყობასა და განვითარებას;

კ) ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას;

ლ) კერძო-საჯარო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

მ) კერძო-საჯარო პარტნიორობის წარმატებული პრაქტიკების შესწავლას და მათ გამოყენებას დაგეგმვის პროცესში;

ნ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადებას;

ო) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის დივერსიფიკაციის ხელშეწყობას, ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების სტიმულირებას, შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

პ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ჟ) მუნიციპალიტეტის შესახებ სამსახურის ფუნქციების შესაბამისი სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის ფორმირებას;

რ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას;

ს) ტურიზმის და მუნიციპალიტეტის მარკეტინგის პოლიტიკის, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების და პროცესების დოკუმენტების შექმნას და კოორდინაციას;

ტ) მუნიციპალიტეტის ბრენდინგის (პოზიციონირება) სტანდარტების შექმნას და კოორდინაციას;

უ) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის იდენტიფიცირებას და განვითარებას, წარმოჩენას (პრომოუშენი);

ფ) ტურისტული მიზიდულობის წერტილების შექმნის და განვითარების პროექტების მომზადებას;

ქ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას; ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას; შემომყვან ტურიზმის ოპერატორებთან კოორდინირებას;

ღ) მუნიციპალიტეტის უცხოურ და ადგილობრივ რეიტინგებში ინტეგრირებას;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობას;

შ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

2. მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას და განხორციელებას;

ბ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას და სისტემატურ განახლებას;

გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ინვენტარიზაციაში;

დ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის, ასევე მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის (მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის კორექტირების, დაზუსტების, დაყოფის, გაერთიანების, მათ შორის, საკადასტრო/შიდა აზომვითი სამუშაოების განხორციელების) და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენის მიზნით მასალების მომზადებას, ახორციელებს საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას;

ე) ახორციელებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიის სახელით „განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციას ელექტრონული წიგნის“ ელექტრონული პროგრამით სარგებლობას და პირველადი დოკუმენტაციის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში ელექტრონულად (პროგრამულად) ჩაბარებას;

ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვაში;

ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით ან/და სარგებლობაში მიღებით დაინტერესებულ პირთაგან შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთანხმებას და მის მიხედვით ქონების საპრივატიზაციოდ ან/და სარგებლობაში გადასაცემად მასალების (რეგისტრაციის დაზუსტების, ქონების შეფასების, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანის და ა.შ.), განმცხადებლებზე საპასუხო წერილების, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

თ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ი) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების საჭიროების შესახებ;

კ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის ორგანიზებას და აუქციონის შედეგების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას (აუქციონის გამოცხადება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მომზადება, აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების დასადებად საქმის მასალების მომზადება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და ა.შ. მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება);

ლ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გზით საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვის, ასევე მართვის უფლებით გადაცემის საქმეების მომზადებას და შენახვას;

მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემასთან, ასევე ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ შესაბამისი მასალების (ხელშეკრულებების) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;

ნ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებრივი საკითხების მოწესრიგებას;

ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, სარგებლობაში გადაცემის, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, გასხვისების და სხვა საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას;

პ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეებისა და მიწის ნაკვეთების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების, მერის და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო სანებართვო წერილების პროექტების მომზადებას;

ჟ) ახორციელებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსპროპრიაციის პროცესის განხორციელების მასალების მომზადებას;

რ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრული ადგილების და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პირობების, გარე ვაჭრობის უფლების მაძიებლის განაცხადის შესაბამისობის დადგენას და წარუდგენს წინადადებებს აღმასრულებელ ორგანოს;

ს) შეიმუშავებს წინადადებებს გარე ვაჭრობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით; ამზადებს წინადადებებს გარე ვაჭრობის ადგილების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;

ტ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილების გამოყენების შესახებ წინადადებებს, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს;

უ) იხილავს და ამზადებს წინადადებებს უფლებაში შესატანი ცვლილებების შესახებ;

ფ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების პარკირების ორგანიზების უფლებით გაცემის თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთანხმებას, შესაბამისი მასალების მომზადებას;

ქ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების პარკირების ორგანიზების უფლებით გაცემის საქმეების მომზადებას და შენახვას;

ღ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკლამო საშუალებების განთავსების ნებართვის მიღების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვას, შეთანხმებას, სანებართვო წერილების პროექტების მომზადებას;

ყ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილებები მათზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის  მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ზ) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების  დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს;

კ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

მ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ნ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ო) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს;

რ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 7. განყოფილების უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

მუხლი 9. სამსახურის დაფინანსება და ქონება

1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

მუხლი 10. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2026.
როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №495. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.157.016598.
სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №495, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016598 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6942279/