კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №144

2026 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის 281 და 282 მუხლების და  „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის №5432 დადგენილების მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების“ (IDERA) რეგისტრაციის წესი“. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი



კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების“ (IDERA) რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საავიაციო ობიექტის მიმართ არსებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციის მიმართ, აგრეთვე ამავე კონვენციით გათვალისწინებული „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების“ (IDERA) რეგისტრაციის თაობაზე.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ საავიაციო ობიექტზე, გარდა საავიაციო ძრავისა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. ამ წესის მე-3 მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ საავიაციო ობიექტის მიმართ, რომლის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში სამომავლო რეგისტრაციაზეც წერილობით თანხმდებიან კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარეები.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).


მუხლი 2. წესში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:

ა) კეიპტაუნის კონვენცია – „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენცია, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და მის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“;

ბ) საავიაციო ობიექტი – კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ობიექტი, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს და სამოქალაქო შვეულმფრენს, რომლებიც აკმაყოფილებს ამავე კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმება – საავიაციო ობიექტის მიმართ დადებული ხელშეკრულება მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მშრალი (საოპერაციო) იჯარა; ან ნასყიდობა;

დ) კრედიტორი – კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარე, რომელიც შეიძლება იყოს მოგირავნე (მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულებისას), პირობით გამყიდველი (პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულებისას), მეიჯარე (მშრალი (საოპერაციო) იჯარისას) ან მყიდველი (ნასყიდობის ხელშეკრულებისას);

ე) საერთაშორისო ინტერესი – საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული ქონებრივი უფლება, რომელსაც ფლობს კრედიტორი კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების საფუძველზე;

ვ) საერთაშორისო რეესტრი – კეიპტაუნის კონვენციის საფუძველზე დაფუძნებული/დანიშნული ორგანო, სადაც ხორციელდება საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაცია;

ზ) IDERA – „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ კეიპტაუნის კონვენციის დამატებითი ოქმის XIII მუხლით განსაზღვრული რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – IDERA-ს დოკუმენტი)“;

თ) უფლებამოსილი პირი – პირი, რომლის მიმართაც (სასარგებლოდ) გაცემულია IDERA-ს დოკუმენტი.

შენიშვნა: ამ წესში მოცემულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. ამასთან, ამ მუხლში მოცემულ განმარტებებსა და კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ განმარტებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ განმარტებებს.


მუხლი 3. საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციის წინაპირობები
1. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების საფუძველზე, კრედიტორის საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციისთვის სავალდებულოა სააგენტოს მიერ ერთჯერადად გაცემული ელექტრონული კოდის გამოყენება. კერძოდ, აღნიშნული კოდის სავალდებულო გამოყენების მოთხოვნა ვრცელდება:

ა) საერთაშორისო ინტერესის ან პირობითი საერთაშორისო ინტერესის, ნასყიდობის ან პირობითი ნასყიდობის რეგისტრაციაზე;

ბ) საერთაშორისო ინტერესის ცესიის ან საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესიის რეგისტრაციაზე;

გ) საერთაშორისო ინტერესის დაქვემდებარების წესის ცვლილების რეგისტრაციაზე;

დ) სუბროგაციის საფუძველზე შეძენილი საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციაზე.

შენიშვნა 1: სააგენტო არ გასცემს ელექტრონულ კოდს საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისთვის.

შენიშვნა 2: ელექტრონული კოდის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში – ICAO Doc 9864 („საერთაშორისო რეესტრისთვის დადგენილი რეგულაციები და პროცედურები“).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კოდის ფორმატს სააგენტო ათანხმებს საერთაშორისო რეესტრთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ კოდს სააგენტო გასცემს საერთაშორისო რეესტრში ამ მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნიდან გამომდინარე. სააგენტოს მიერ, ამ მუხლის საფუძველზე გაცემული ელექტრონული კოდი არ ადასტურებს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების ან მის საფუძველზე წარმოშობილი საერთაშორისო ინტერესის ნამდვილობას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კოდის მისაღებად, კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარე (განმცხადებელი) ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს:

ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შევსებული განცხადების ფორმა;

ბ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების ასლი;

გ) შეთანხმების ასლი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაცია (ცესიის, პირობითი ცესიის, საერთაშორისო ინტერესის დაქვემდებარების წესის ცვლილების და სუბროგაციის შემთხვევებში);

დ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში სამომავლო რეგისტრაციის თაობაზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი, თუ განცხადების წარდგენისას, საავიაციო ობიექტი არ არის რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

5. სააგენტო გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ კოდს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რაც გულისხმობს განმცხადებლისთვის ამ წესის №1 დანართით დადგენილი განცხადების ფორმის უკან დაბრუნებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კოდის აღნიშვნით.


მუხლი 4. IDERA-ს დოკუმენტის სააგენტოში რეგისტრაცია
1. დაინტერესებული პირი, IDERA-ს დოკუმენტის რეგისტრაციისთვის, ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული განცხადება;

ბ) IDERA-ს დოკუმენტი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ კეიპტაუნის კონვენციის დამატებითი ოქმის დანართში მოცემული ფორმის დაცვით, დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით; და

გ) კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გაცემულია IDERA-ს დოკუმენტი, დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით.

2. სააგენტო იღებს გადაწვეტილებას, ამ მუხლით გათვალისწინებული IDERA-ს დოკუმენტის რეგისტრაციის თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

3. სააგენტო აწარმოებს მის მიერ რეგისტრირებული IDERA-ს დოკუმენტების რეესტრს, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს IDERA-ს დოკუმენტში აღნიშნული ინფორმაცია.

4. დაუშვებელია სააგენტოს რეესტრში ერთსა და იმავე საავიაციო ობიექტზე ერთდროულად ერთზე მეტი მოქმედი IDERA-ს დოკუმენტის შეტანა.


მუხლი 5. IDERA-ს დოკუმენტის რეგისტრაციის გაუქმება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული IDERA-ს დოკუმენტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის არსებობისას:

ა) უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე;

ბ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის განცხადების საფუძველზე, თუ დაცულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა;

გ) საავიაციო ობიექტის მიმართ სააგენტოს მიერ გაცემულია „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატი“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღება ხორციელდება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით; ან

დ) უფლებამოსილი პირის მიერ აღსრულებულია IDERA-ს დოკუმენტი, რაც გულისხმობს ამავე დოკუმენტის საფუძველზე საავიაციო ობიექტის ამოღებას სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან და მისი საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პროცედურების დასრულებას.

2. დაუშვებელია სააგენტოში ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული IDERA-ს დოკუმენტის რეგისტრაციის გაუქმება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის მოთხოვნის საფუძველზე, თუ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა; უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა სააგენტოს უნდა წარედგინოს ნოტარიულად დამოწმებული.

3. IDERA-ს დოკუმენტის სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები სააგენტოში ინახება მისი სააგენტოში რეგისტრაციის მთელი პერიოდის და მისი რეგისტრაციის გაუქმებიდან 7 წლის განმავლობაში.



📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი N1

ელექტორნული კოდი/AUTHORIZATION CODE

(ივსება სააგენტოს მიერ/To be filled by the GCAA)

სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტო/LEPL-Georgian Civil Aviation Agency

საერთაშორისო რეესტრის ინფორმაციის შეყვანის პუნქტისთვის წარსადგენი განცხადების ფორმა/ENTRY POINT FILING FORM

INTERNATIONAL REGISTRY

მხარე/Party: (უნდა მიეთითოს შეთანხმების ერთი მხარე მაინც/ At least one party is required)

სახელი/Name:

მისამართი/Address:

ტელეფონი/Phone:

ელექტრონული მისამართი/Electronic Address:

მხარე/Party: (უნდა მიეთითოს შეთანხმების ერთი მხარე მაინც/ At least one party is required)

სახელი/Name:

მისამართი/Address:

ტელეფონი/Phone:

ელექტრონული მისამართი/Electronic Address:

საავიაციო ობიექტი/Aircraft Object

საავიაციო ობიექტის მოდელი/Aircraft Model სერიული ნომერი/Serial Number ამოსაცნობი ნიშანი/Registration Number

საერთაშორისო ინტერესის (ქონებრივი უფლების) კატეგორია/Type of International Interest (Interest)

☐ საერთაშორისო ინტერესი/International Interest

☐ ნასყიდობა/Contract of Sale

☐ პირობითი საერთაშორისო ინტერესი, პირობითი ცესია, პირობითი ნასყიდობა/Prospective International Interest, Prospective Assignment, Prospective Sale

☐ სხვა (დააზუსტეთ კატეგორია)/Other (Specify Type)

განცხადებას ხელს აწერს/Submitted and Signed by:

სახელი/Name:

მისამართი/Address:

ტელეფონი/Phone:

ელექტრონული მისამართი/Electronic Address:

ხელმოწერა/Signature:

თარიღი/Date:

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2026.
როდის იქნა მიღებული „კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
„კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.07.2026. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №144. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016410.
სად არის „კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული ელექტრონული კოდის გაცემისა და „საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (IDERA) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №144, 23.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016410 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952784/