მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება“
წინამდებარე შეთანხმების მხარეები,ითვალისწინებენ რა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის 2010 წლის 19 მაისის N66/4 რეზოლუციას „აზიაში ტრანსპორტის განვითარების შესახებ“ ბანგკოკის დეკლარაციის განხორციელების შესახებ, და ასევე ამ რეზოლუციაში მითითებულ თხოვნას მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების შემუშავების მიზნით შესაბამისი სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით,აცნობიერებენ რა აზიაში და ასევე მეზობელ რეგიონებთან საერთაშორისო ინტეგრირებული ინტერმოდალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის ხელშეწყობისა და განვითარების აუცილებლობას,ითვალისწინებენ რა ტვირთების საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის მოსალოდნელ ზრდას, რაც გლობალიზაციის მიმდინარე პროცესის ფარგლებში საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების შედეგია,მტკიცედ აქვთ რა გადაწყვეტილი გააძლიერონ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების უწყვეტობა და ურთიერთკავშირი, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების ეფექტურობის ზრდას და ხარჯების შემცირებას, ასევე გააფართოონ წვდომა როგორც შიდა, ისე სანაპირო ზოლიდან დაშორებულ რაიონებთან,გამოთქვამენ რა კმაყოფილებას წარმატებული რეგიონული თანამშრომლობით, რომლის შედეგადაც ძალაში შევიდა „აზიის საავტომობილო გზების ქსელის შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმება1 და „ტრანსაზიური სარკინიგზო ქსელის შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმება,2
მიიჩნევენ რა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის წევრებს შორის ურთიერთობათა გაძლიერებისა და საერთაშორისო ვაჭრობის წახალისების მიზნით, აუცილებელია განვითარდეს საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტები, რომლებიც პასუხობს საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში არსებულ მოთხოვნებს, და შემცირდეს გარემოზე ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედება,აღიარებენ რა საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტების განვითარებისა და ექსპლუატაციის სფეროში სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების აუცილებლობას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერმოდალური ტრანსპორტის ჰარმონიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით,მხედველობაში იღებენ რა საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტების, როგორც ეფექტური და ქმედითი საერთაშორისო ინტეგრირებული ინტერმოდალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტის როლს, განსაკუთრებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე, სატრანზიტო და სანაპირო სახელმწიფოების სპეციფიკურ საჭიროებათა დაკმაყოფილების თვალსაზრისით,შეთანხმდნენ შემდეგზე:
1 United Nations, Treaty Series, vol. 2323, No. 41607.
2 United Nations, Treaty Series, vol. 2596, No. 46171.
მუხლი 1🔗
განსაზღვრება
„მშრალი პორტების შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) მიზნებისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტი („მშრალი პორტი“) ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მდებარე ობიექტს, რომელიც ასრულებს ტრანსპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობასთან დაკავშირებული ლოგისტიკური ცენტრის როლს და გამიზნულია საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში გადაზიდული ტვირთის დამუშავების, შენახვის, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისა და საბაჟო კონტროლის მოქმედი პროცედურებისა და ფორმალობების შესრულებისათვის.
მუხლი 2🔗
მშრალი პორტების იდენტიფიკაცია
მხარეები ამტკიცებენ მშრალი პორტების სიას, რომელიც შეტანილია შეთანხმების I დანართში და ქმნის საერთაშორისო ინტეგრირებულ ინტერმოდალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტების კოორდინირებულად განვითარების საფუძველს. მხარეები განიზრახავენ განავითარონ აღნიშნული მშრალი პორტები თავიანთი ეროვნული პროგრამების ფარგლებში, ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
მშრალი პორტების განვითარება
შეთანხმების I დანართში მითითებული მშრალი პორტები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი მშრალი პორტების განვითარებისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომლებიც წარმოდგენილია შეთანხმების II დანართში.
მუხლი 4🔗
ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება
შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის წევრებს ბანგკოკში, ტაილანდი, 2013 წლის 7 და 8 ნოემბერს და ამის შემდგომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-ორკში, 2013 წლის 11 ნოემბრიდან და 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ.
შეთანხმება ღიაა შესაერთებლად იმ არახელმომწერი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის წევრებს.
რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტები სათანადო წესით შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 5🔗
ძალაში შესვლა
შეთანხმება ძალაში შევა ოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როდესაც შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მერვე დოკუმენტი გადაცემულ იქნა შესანახად მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
თითოეულ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტი შესანახად გადასცა იმ თარიღის შემდგომ, როდესაც შესანახად გადაცემულ იქნა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მერვე დოკუმენტი, შეთანხმება ძალაში შევა ასეთი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.
მუხლი 6🔗
მშრალი პორტების სამუშაო ჯგუფი
მშრალი პორტების სამუშაო ჯგუფი („სამუშაო ჯგუფი“) იქმნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის მიერ, შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების განხილვის მიზნით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის ყველა წევრი სახელმწიფო იმავდროულად არის სამუშაო ჯგუფის წევრი.
სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ამასთან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, სამდივნოსთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, მოითხოვოს სამუშაო ჯგუფის სპეციალური სხდომის მოწვევა. სამდივნო აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეატყობინებს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს და მოიწვევს სამუშაო ჯგუფის სპეციალურ სხდომას, თუ სამდივნოს მიერ შეტყობინების გაგზავნიდან ოთხი (4) თვის განმავლობაში მხარეთა არა ნაკლებ ერთი მესამედი გამოთქვამს თანხმობას სპეციალური სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
მუხლი 7🔗
შეთანხმების ძირითად ტექსტში შესწორებების შეტანის პროცედურა
შეთანხმების ძირითად ტექსტში შესწორებების შეტანა შესაძლებელია ამ მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
შესწორებები წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია წარადგინოს ნებისმიერმა მხარემ.
შეთავაზებული შესწორების ტექსტს სამდივნო გაუგზავნის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის იმ სხდომის გამართვამდე, რომელზეც იგეგმება მისი დამტკიცება.
შესწორება დამტკიცდება შეთანხმების მხარეთა ორიმესამედის უმრავლესობით, რომლებიც ესწრებიან სამუშაო ჯგუფის სხდომას და მონაწილეობენ კენჭისყრაში. სამდივნო დამტკიცებულ შესწორებას გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც შესწორების ტექსტს გაუგზავნის ყველა მხარეს მისაღებად.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ძალაში შევა ოცდაათი (30) დღის შემდეგ მისი მიღების დღიდან იმ წევრ სახელმწიფოთა ორი-მესამედის მიერ, რომლებიც შესწორების დამტკიცების მომენტისთვის წარმოადგენდნენ შეთანხმების მხარეებს. შესწორება ძალაში შევა ყველა მხარესთან მიმართებაში, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც არ მიიღეს შესწორება. ნებისმიერ მხარეს, რომელმაც არ მიიღო წინამდებარე პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება, შეუძლია ამის შემდგომ ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად გადასცეს ამგვარი შესწორების მიღების დოკუმენტი. ამ სახელმწიფოსთვის შესწორება ძალაში შევა აღნიშნული დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.
მუხლი 8🔗
I დანართში შესწორებების შეტანის პროცედურები
შეთანხმების I დანართში შესწორებების შეტანა განხორციელდება ამ მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
შესწორებები შესაძლებელია წარადგინოს ნებისმიერმა მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს შეთავაზებული შესწორების ობიექტი.
ნებისმიერი შესწორების ტექსტს სამდივნო გაუგზავნის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის იმ სხდომის გამართვამდე, რომელზეც იგეგმება მისი დამტკიცება.
შეთავაზებული შესწორება მიიჩნევა დამტკიცებულად, თუ ის მხარე, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს შეთავაზებული შესწორების ობიექტი, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე შეთავაზების განხილვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ შეთავაზებას. სამდივნო დამტკიცებულ შესწორებას გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც შესწორების ტექსტს გაუგზავნის ყველა მხარეს.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ჩაითვლება მიღებულად და ძალაში შევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ ცირკულარული შეტყობინების გაგზავნიდან ორმოცდახუთი (45) დღის შემდეგ.
მუხლი 9🔗
II დანართში შესწორებების შეტანის პროცედურები
შეთანხმების II დანართში შესწორებების შეტანა განხორციელდება ამ მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
შესწორებები შესაძლებელია წარადგინოს ნებისმიერმა მხარემ.
ნებისმიერი შესწორების ტექსტს სამდივნო გაუგზავნის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის იმ სხდომის გამართვამდე, რომელზეც იგეგმება მისი დამტკიცება.
შესწორება დამტკიცდება შეთანხმების მხარეთა ორი-მესამედის უმრავლესობით, რომლებიც ესწრებიან სამუშაო ჯგუფის სხდომას და მონაწილეობენ კენჭისყრაში. სამდივნო დამტკიცებულ შესწორებას გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც შესწორების ტექსტს გაუგზავნის ყველა მხარეს.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ჩაითვლება მიღებულად, თუ შეტყობინების გაგზავნიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, მხარეთა ერთ-მესამედზე ნაკლები აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ ის წინააღმდეგია შესწორების მიღების.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ყველა მხარისთვის ძალაში შევა ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ოთხმოცდაათ(90)-დღიანი პერიოდის ამოწურვიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.
მუხლი 10🔗
დათქმები
დაუშვებელია რაიმე დათქმის გაკეთება შეთანხმების რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით, გარდა შეთანხმების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 11🔗
შეთანხმებიდან გასვლა
ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეთანხმებიდან გასვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმებიდან გასვლა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ.
მუხლი 12🔗
მოქმედების შეჩერება
შეთანხმების მოქმედება შეჩერდება, თუ მხარეთა რაოდენობა გახდება რვაზე (8) ნაკლები ნებისმიერ დროს, ზედიზედ თორმეტი (12) თვის განმავლობაში. შეთანხმების დებულებათა მოქმედება აღდგება ოცდაათი (30) დღის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც მხარეთა რაოდენობა მიაღწევს რვას (8). ამგვარ შემთხვევებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეთანხმების მხარეებს მიაწვდის შესაბამის შეტყობინებას.
მუხლი 13🔗
დავების მოგვარება
ორ ან რამდენიმე მხარეს შორის შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომლის მოგვარებასაც მოდავე მხარეები ვერ ახერხებენ მოლაპარაკებების ან კონსულტაციების გზით, დავაში მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნით გადაეცემა ერთ ან რამდენიმე მომრიგებელს, რომლებიც შეირჩევა მოდავე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. თუ დავის მოგვარებასთან დაკავშირებით მოთხოვნიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდებიან მომრიგებლის ან მომრიგებლების არჩევასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ასეთ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რათა მან დანიშნოს ერთი დამოუკიდებელი მომრიგებელი, რომელსაც დავა გადაეცემა გადასაწყვეტად.
ამ მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად დანიშნული მომრიგებლის ან მომრიგებლების რეკომენდაციას არ გააჩნია სავალდებულო ძალა, თუმცა იგი ქმნის საფუძველს მოდავე მხარეთა მიერ სადავო საკითხის ხელმეორედ განხილვისთვის.
დავაში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ წინასწარ შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მომრიგებლის ან მომრიგებლების რეკომენდაცია ჩაითვალოს სავალდებულოდ.
წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოსდა ისინი გამორიცხავდეს დავების მოგვარების სხვა ზომების მიღების შესაძლებლობას, დავაში მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ნებისმიერ მხარეს შეუძლია, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტების შესანახად გადაცემის დროს, გააკეთოს დათქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავს არ იბოჭავს წინამდებარე მუხლის იმ დებულებებით, რომლებიც შეეხება მორიგებას. წინამდებარე მუხლის მორიგებასთან დაკავშირებული დებულებები სავალდებულო არ იქნება სხვა მხარეებისთვისაც ნებისმიერ იმ მხარესთან მიმართებაში, რომელმაც გააკეთა და შესანახად გადასცა ამგვარი დათქმა.
მუხლი 14🔗
შეზღუდვები გამოყენებასთან დაკავშირებით
შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს რომელიმე მხარეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებებთან თავსებადი და არსებული სიტუაციის აუცილებლობით ნაკარნახევი ისეთი ზომების მიღებაში, რომლებსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი ქვეყნის საგარეო ან საშინაო უსაფრთხოებისთვის.
თითოეული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა უზრუნველყოს მშრალი პორტების განვითარება თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ისეთი ფორმით, რომელიც შესაბამისობაში იქნება წინამდებარე შეთანხმებასთან. მიუხედავად ამისა, შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რომელიმე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება დაუშვას ტვირთების გატარება საკუთარი ტერიტორიის გავლით.
მუხლი 15🔗
დანართები
შეთანხმების I და II დანართები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 16🔗
სამდივნო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისია ინიშნება შეთანხმების სამდივნოდ.
მუხლი 17🔗
დეპოზიტარი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება შეთანხმების დეპოზიტარად.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილმა მხარეებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას ერთ ეგზემპლარად, ჩინურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
დანართი I
საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტები
მშრალი პორტები ჩვეულებრივ განლაგებულია (a) ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე დედაქალაქების, პროვინციების/შტატების დედაქალაქების; და/ან (b) არსებული და/ან პოტენციური საწარმოო-საექსპლუატაციო ცენტრების სიახლოვეს, რომლებსაც აქვთ წვდომა საავტომობილო და/ან სარკინიგზო გზებთან, მათ შორის, აზიის საავტომობილო გზებთან და/ან ტრანსაზიურ სარკინიგზო გზებთან.
მშრალ პორტებს გააჩნია სატრანსპორტო კავშირი სხვა მშრალ პორტებთან, სასაზღვრო პუნქტებთან/საბაჟო კონტროლის სახმელეთო პუნქტებთან/კომპლექსურ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან, საზღვაო პორტებთან, შიდა სახმელეთო წყლების სანაოსნო არხების ტერმინალებთან და/ან აეროპორტებთან.
ქვემოთ მოცემულია მშრალი პორტების სია.
მშრალი პორტის დასახელებასთან ერთად მითითებულია მისი ადგილმდებარეობა ან უახლოესი დასახლებული პუნქტის/ქალაქის სახელწოდება.
პოტენციური მშრალი პორტები მითითებულია კვადრატულ ფრჩხილებში.
მშრალი პორტების სია
ავღანეთი
ჰაკინა, მაიმანა
ისლამ კალა, ჰერატი
მშრალი პორტი შირ ხან ბანდარი, კონდოზი
მშრალი პორტი ტორკჰამი, ჯალალაბადი
მშრალი პორტი ჰაირათანი, მაზარი-შარიფი
მშრალი პორტი ქაბული, ქაბული
მშრალი პორტი სპინბოლდაკ ჩამანი, ქანდაჰარი
ტურგუნდი, ჰერატი
სომხეთი
ახურიანის ლოგისტიკური ცენტრი
გიუმრის აეროპორტი
კარმირ ბლური/აპავენის სატვირთო ტერმინალი
ზვარტნოცის საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი
აზერბაიჯანი
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაქოს სატვირთო ტერმინალი, ბაქო
ბალაკანის სატვირთო ტერმინალი, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი
ბილასუვარის სატვირთო ტერმინალი, აზერბაიჯან-ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვარი
გაბალის საერთაშორისო აეროპორტი,გაბალა
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, ბაქო
ჯულფის სატვირთო ტერმინალი, აზერბაიჯან-ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვარი
ლენკორანის საერთაშორისო ტერმინალი, ლენკორანი
ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა
„აბრეშუმის გზის“ სატვირთო ტერმინალი, ბაქო
[ბაქოს საქალაქო საქონლის საწყობი, ხირდალანის სადგური]
[სატვირთო ტერმინალი სახელმწიფო საზღვარზე მოქმედ გამშვებ პუნქტზე, სამური]
[სატვირთო ტერმინალი სახელმწიფო საზღვარზე მოქმედ გამშვებ პუნქტზე, სინინგ-კორპუ]
[ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტის საკონტეინერო ტერმინალი, ბაქო]
[განჯის სადგური, განჯა]
[საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი, ალიათი]
[ბაქოს ახალი საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი, ალიათი]
[სამხრეთის ტერმინალი სახელმწიფო საზღვარზე მოქმედ გამშვებ პუნქტზე, (ასტარა)]
[სუმგაიტის სადგური, სუმგაიტი]
განჯის საერთაშორისო აეროპორტი, განჯა
ზაქათალის საერთაშორისო აეროპორტი, ზაქათალა
[კეშლის სადგური, ბაქო]
ბანგლადეში
ახაურა, ბრაჰმანბარია
ბიბირბაზარი, კომილია
ჰილი, დინაჯპური
სონამასჯიდი, ჩაპაი ნავაბგანჯი
[ბანგლადბანდხი, პანჩაგარხი]
[ბილონია, ფენი]
[გობრაკურა, მიმენსინგხი]
[ნაკუგაო, შერპური]
[ტამაბილი, სილხეტი]
ბენაპოლე, ჯესსორე
ბურიმარი, ლალმონირჰატი
შიდა საბაჟო საწყობი კალმაპური, დაკა
ტეკნაფი, კოქს ბაზარი
[ბხომრა, სატხირა]
[შიდა საბაჟო საწყობი დხირასრამა, გაჯიპური]
[კორაიტალი, მიმენსინგხი]
[რამგარხი, კხაგრაჩარი]
ბუტანი
მშრალი პორტი ფუენტშოლინგი, ფუენტშოლინგი
[გომთუ, სამცე]
[სამდრუპჯონგხარი, სამდრუპჯონგხარი]
[გელეპხუ, სარპანგი]
[ნგანგლამი, სამდრუპჯონგხარი]
[სამცე, სამცე]
კამბოჯა
მშრალი პორტი CWT, პნომპენი
პნომპენის საერთაშორისო პორტი, პნომპენი
პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონა, პნომპენი
მშრალი პორტი სო ნგუონი, ბავეტი
მშრალი პორტი ტენ ლაი, პნომპენი
მსოფლიო მშრალი პორტი ოლეირი, პნომპენი
მშრალი პორტი ტეხ სრანი, პნომპენი
ჩინეთი
ჩანჩუნის საერთაშორისო ლოგისტიკური პორტი სინლუნი, ჩანჩუნი
ჰარბინის სატრანსპორტო-გადასაჯდომი სადგური (ჰარბინის ლოგისტიკური პარკი ლონგიუნი), ჰარბინი
ჰორგოსის საერთაშორისო ლოგისტიკური პარკი, ჰორგოსი
ცზინჰუნის საერთაშორისო ლოგისტიკური სავაჭრო ცენტრი მენიანგი, ცზინჰუნი
ტენჯუნის საერთაშორისო სახმელეთო პორტი, კუნმინი
ნანინის ლოგისტიკური ცენტრი, ნანინი
რუილის სატვირთო ცენტრი, რუილი
სინძიანის საერთაშორისო სარკინიგზო ლოგისტიკური პარკი, ურუმჩი
ჟანგმუს პორტის სასაწყობო ლოგისტიკური სავაჭრო ცენტრი, ჟანგმუ
ერენჰოტის საერთაშ. ლოგისტ. ცენტრი ერენჰოტი
ჰეკოუს პორტის სატრანსპორტო ლოგისტიკური პარკი, ჰეკოუ
ჰუნჩუნის საერთაშორისო ლოგისტიკური პარკი, ჰუნჩუნი
კაშის საერთაშორისო ლოგისტიკური პარკი, კაში
მანჟულის ახალი საერთაშორისო სატვირთო პარკი, მანჟული
ფინსიანის სასაზღვრო სავაჭრო ლოგისტიკური ცენტრი, ფინსიანი (უიგუანი)
სუიფენხეს სატვირთო ცენტრი, სუიფენხე
იუს შიდა საპორტო სადგური, იუ
საქართველო
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთი
[თბილისის საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი, თბილისი]
ინდოეთი
აჟნი, ნაგპური, მაჰარაშტრა
აროორი, კერალა
ბადოჰი, სენტ რავიდას ნაგარი, ვარანასი, უტარ პრადეში
ბაგატ კი კოტი, ჯოდპური, რაჯასტანი
დადრი, ნოიდა, უტარ პრადეში
დანდარიკალანი, პანჯაბი
დრონაგირი ნოდე, ნავი მუმბაი, მაჰარაშტრა
გარჰი ჰარსარუ, გურგაონი, ჰარიანა
ჯამშედპური, ჯარხანდი
კანაკპურა, ჯაიპური, რაჯასტანი
ხოდიარი, გუჯარატი
მაჯერატი, კოლკატა, დასავლეთ ბენგალი
მორადაბადი, უტარ პრადეში
პიტამპური, დარი, მადია პრადეში
საჩინი, სურატი, გუჯარატი
სენევალი, ლუდიანა, პანჯაბი
ტუგლაკაბადი, დელი
უაითფილდი, ბანგალორი, კარნატაკა
შიდა საბაჟო საწყობი, სონეპატი, ჰარიანა
CPL, დადრი, უტარ პრადეში
შიდა საბაჟო საწყობი, შრიპერუმბუდური, ტამილნადუ
ამინგაონი, გუვაჰატი, ასამი
ბალაბგარჰი, ფარიდაბადი, ჰარიანა
ჩეჰრეტა, ამრიტსარი, პანჯაბი
დავლატაბადი, ავრანგაბადი, მაჰარაშტრა
დანად რაი, ინდორე, მადია პრადეში
დურგაპური, დასავლეთ ბენგალი
ირუგური, კოიმბატორე, ტამილ ნადუ
ჯანორი, ნასიკი, მაჰარაშტრა
კანპური, უტარ პრადეში
ლონი, გაზიაბადი, უტარ პრადეში
მანდიდიპი, ბოპალი, მადია პრადეში
პატლი, გურგაონი, ჰარიანა
რაიპური, ჩატისგარი
სანატ ნაგარი, ჰაიდერაბადი, ანდრა პრადეში
ტონდიარპეტი, ჩენაი, ტამილ ნადუ
ვადოდარა, გუჯარატი
შიდა საბაჟო საწყობი, პატპარგანჯი
შიდა საბაჟო საწყობი, უმბერგაონი, მაჰარაშტრა
შიდა საბაჟო საწყობი, ტარი, აჰმედაბადი
შიდა საბაჟო საწყობი, საბარმატი, აჰმედაბადი
ინდონეზია
მშრალი პორტი გედებაგე, ბანდუნგი
მშრალი პორტი სიკარანგი, ბეკასი
ირანის ისლამური რესპუბლიკა
იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტი, ტეირანის პროვინცია
მოტაჰარის სარკინიგზო სადგური, მაშჰადი, ხორასან რაზავის პროვინცია
სალაფჩეგანის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ქომის პროვინცია
სირჯანის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ქერმანის პროვინცია
ინჩე ბურუნის ლოგისტიკური ცენტრი
აპრინი
[არვანდის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ხოზესტანის პროვინცია]
[საჰლანის სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავრიზი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია]
[სარახსის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ხორასან რაზავის პროვინცია]
[შაჰიდ დასტღეიბის საერთაშორისო აეროპორტი, შირაზი, ფარსის პროვინცია]
[ზაჰედანის ლოგისტიკური ცენტრი, სისტანისა და ბაკლუჩესტანის პროვინცია]
ყაზახეთი
სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი – Continental Logistics, ნურ-სულთანი
Astyk Logistics, ნურ-სულთანი
მშრალი პორტი – KTZE-Khorgos Gateway, ალმათის ოქმი
სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი – Continental Logistics, შიმკენტი
ყირგიზეთი
ალამედინი, ბიშკეკი
სადგური ოში, ოში
ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა
ტჰანალენგი, ვიენტიანი
[ლაკსაო, ბორიკჰამსაი]
[ნატეუ, ლუანგნამტჰა]
[პაკსე, ჩამპასაკი]
[ტახეკი, კამოუანე]
[ჰუეისაი, ბოკეო]
[ლუანგპრაბანგი, ლუანგპრაბანგი]
[უდომსაი, მუანგსაი]
[სენო, სავანახეთი]
მალაიზია
შიდა საბაჟო საწყობი კონტენა ნასიონალი, პრაი
შიდა საბაჟო საწყობი სერი სეტია კუალა ლუმპური
სატვირთო ტერმინალი იპოჰი, იპოჰი
შიდა პორტი ტებედუ, სარავაკი
კონტეინერების შიდა საწყობი, პადანგ
ბესარი
შიდა პორტი ნილაი, ნილაი
[შიდა საწყობი პულაუ სებანგი, პულაუ სებანგი]
მონღოლეთი
ალტანბულაგი
ულან-ბატორი
ხოვდი
ბიჩიგტი
საინშანდი
ზამინ-უუდი
ხუშიგიინ-ხუნდი
ჩოიბალსანი
მიანმარი
[ბაგო]
[მავლამიინი]
[მუზი]
[ტამუ]
მშრალი პორტი მეიტნე, მანდალაი
[მონივა]
[პიაი]
მშრალი პორტი ივატაჩჟი, იანგონი
ნეპალი
ბაირაჰავის შიდა საბაჟო საწყობი, ბაირაჰავა
ბირგანჯის შიდა საბაჟო საწყობი, ბირგანჯი
[ტატოპანის შიდა საბაჟო საწყობი, ლარჩა]
ბირატნაგარის შიდა საბაჟო საწყობი, ბირატნაგარი
კაკარბჰიტას შიდა საბაჟო საწყობი, კაკარბჰიტა
პაკისტანი
საბაჟოს მშრალი პორტი, ჰაიდარაბადი
ფაისალაბადის სატრასტო კომპანია „მშრალი პორტი“, ფაისალაბადი
მარგალის მშრალი პორტები, ისლამაბადი
საკონტეინერო სატვირთო სადგურის ეროვნული ლოგისტიკური ცენტრი, ლაჰორი
მშრალი პორტის ეროვნული ლოგისტიკური ცენტრი, კვეტა
სარკინიგზო მშრალი პორტი, კვეტა
მშრალი პორტი „აბრეშუმის გზა“, სოსტი, გილგიტ-ბალტისტანი
საბაჟოს მშრალი პორტი, პეშავარი
მშრალი პორტი ლაჰორი, მუგალპურა
მშრალი სატრასტო პორტი მულტანი, მულტანი
პაკისტანის სარკინიგზო მშრალი პორტი პრემ-ნაგარი, კასური
მშრალი პორტი სამბრიალი, სიალკოტი
ფილიპინები
კლარკი, ანჯელეს სითი, პამპანგა, ლუზონი
კორონადალ სითი, სამხრეთ კორაბატო
ზამბოანგა სითი, დასავლეთ მინდანაო
დავაო სითი, აღმოსავლეთ მინდანაო
ლაგუინდინგანი, აღმოსავლეთ მისამისი, ჩრდილოეთ მინდანაო
კორეის რესპუბლიკა
უივანის შიდა საბაჟო საწყობი, უივანი
რუსეთის ფედერაცია
იანინოს ლოგისტიკური პარკი, სანკტ პეტერბურგის ოლქი
მულტიმოდალური ლოგისტიკური კომპლექსი „როსტოვის უნივერსალური პორტი“, როსტოვის ოლქი
სარკინიგზო პორტი „ბალტისკი“, შუშარი, სანკტ პეტერბურგი, ლენინგრადის ოლქი
ლოგისტიკური ტერმინალი „კლეშჩინა“, ნოვოსიბირსკი
ლოგისტიკური ტერმინალი „დოსკინო“, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი
[დმიტროვსკის მულტიმოდალური ცენტრი, მოსკოვის ოლქი]
ლოგისტიკური ტერმინალი „კალინინგრადი“
[ყაზანი]
[მულტიმოდალური ლოგისტიკური კომპლექსი “სამხრეთ პრიმორსკის ტერმინალი”, პრიმორსკის ოლქი]
[სვიაჟსკის მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, სარკინიგზო სადგური სვიაჟსკი, თათრეთი]
[სარკინიგზო პორტი „პრიმორსკი“, უსურიისკი, პრიმორსკის ოლქი]
[სარკინიგზო პორტი „ტამანსკი“ კრასნოდარის ოლქი]
ლოგისტიკური ტერმინალი „ბელი რასტ“, მოსკოვის ოლქი
ლოგისტიკური ტერმინალი „მშრალი პორტი“, არტიომი
მულტიმოდალური საკონტეინერო-ლოგისტიკური ტერმინალი „Pacific Intermodal Container“,არტიომი
[იმიერბაიკალეთი]
სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „ვორსინო“, მოსკოვისა და კალუგის რეგიონების საზღვარზე
[ვოლგოგრადი]
[ეკატერინბურგი]
ლოგისტიკური ტერმინალი „ვოსტოჩნი“,რკინიგზის სადგური „ელექტროუგლი“, მოსკოვის ოლქი
ლოგისტიკური ტერმინალი „ხოვრინო“, რკინიგზის სადგური ხოვრინო, მოსკოვი
[ლოგისტიკური ტერმინალი „ბრონკა“, რკინიგზის სადგური ბრონკა, სანქტ-პეტერბურგი]
[ლოგისტიკური ტერმინალი „სედელნიკოვო“, რკინიგზის სადგური სედელნიკოვო, სვერდლოვსკის ოლქი]
[ლოგისტიკური ტერმინალი „ჩიკი“, რკინიგზის სადგური ჩიკი, ნოვოსიბირსკის ოლქი]
[ლოგისტიკური ტერმინალი კინელის რკინიგზის სადგურზე, სამარის ოლქი]
[ლოგისტიკური ტერმინალი „ტალცი“, რკინიგზის სადგური ტალცი, ბურიატეთი]
ლოგისტიკური კომპლექსი „იუჟნოურალსკი“, რკინიგზის სადგური ფორმაჩევო, ჩელიაბინსკის ოლქი
ლოგისტიკური ტერმინალი „კუნცევო-II“, რკინიგზის სადგური კუნცევო-II, მოსკოვი
კონტეინერების ტერმინალი ბაზაიხას რკინიგზის სადგურში, კრასნოიარსკის მხარე
სატვირთო ტერმინალი არტიომ-პრიმორსკის რკინიგზის სადგურში, პრიმორსკის რაიონი
სატვირთო ტერმინალი პერვაია რეჩკას რკინიგზის სადგურში, ვლადივოსტოკი, პრიმორსკის რაიონი
სატვირთო ტერმინალი ნახოდკას რკინიგზის სადგურთან, პრიმორსკის რაიონი
სატვირთო ტერმინალი უსურიისკის რკინიგზის სადგურთან, უსურიისკი, პრიმორსკის რაიონი
სატვირთო ტერმინალი აზოვის რკინიგზის სადგურთან, აზოვი, როსტოვის ოლქი
სატვირთო ტერმინალი ანაპას რკინიგზის სადგურთან, ანაპა, კრასნოდარის მხარე
მულტიმოდალური ცენტრი „უსადი“, მოსკოვის ოლქი
[სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „პაშკოვსკი“, კრასნოდარის მხარე]
[სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „ურალსკი“, ეკატერინბურგი]
შრი ლანკა
[პელიაგოდა, კოლომბო]
[ტელენგაპატა, კოლომბო]
ტაჯიკეთი
დუშანბე, დუშანბე
ხუჯანდი, ხუჯანდი
ნიჟნი პანჯი, ქუმსამგირი
ვახდატი, ვახდატი
კარამიკი, ჯირგიტალი
კურგან-ტუბე, კურგან-ტუბე
ტურსუნზადე, ტურსუნზადე
ტაილანდი
შიდა საბაჟო საწყობი ლატ კრაბანგი, ბანგკოკი
[ნახონ ფანომის სასაზღვრო სატრანსპორტო ცენტრი, ნახონ ფანომი]
ჩიანგკონგის ინტერმოდალური ობიექტები, ჩიანგრაი
[ნათას გადატვირთვის სადგური, ნონგკაი]
თურქეთი
გელემენი, სამსუნი
[ბოგაზკოპრუ, კაისერი]
[გოკოი, ბალიკესირი]
[ჰალკალი, სტამბოლი]
[კაკლიკი, დენიზლი]
[კაიაჩიკი, კონია]
[მარდინი]
[სივასი]
[უსაკი]
[ესილბაირი, სტამბოლი]
კაზანი, ანკარა
[ბოზუკი, ბილეჯიკი]
[ხაბური]
[ჰასანბეი, ესკისეჰირი]
[ყარსი]
[კოსეკოი, იზმიტი]
[პალანდოკენი, ერზურუმი]
[თურქოღლუ, კაჰრამანმარასი]
[ენისი, მერსინი]
ვიეტნამი
შიდა საბაჟო საწყობი ლაო კაი,ლაო კაის პროვინცია
შიდა საბაჟო საწყობი ტანკან ლონ ბინი
დონგ ნაის პროვინცია
[ჰანოი]
[შიდა საბაჟო საწყობი ვინ ფხუკი,ვინ ფხუკის პროვინცია]
შიდა საბაჟო საწყობი სონგ ტანი, ბინ დუონგის პროვინცია
შიდა საბაჟო საწყობი ტიენ სონი, ბაკ ნინის პროვინცია
[შიდა საბაჟო საწყობი გია ლაი, გია ლაის პროვინცია]
[ლანგ სონი]
დანართი II
მშრალი პორტების განვითარებისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო პრინციპები
ზოგადი ნაწილი
შეთანხმების I დანართში მოცემული მშრალი პორტების განვითარება და ექსპლუატაცია განხორციელდება ქვემოთ მოყვანილი პრინციპების შესაბამისად. მხარეები ყველა ღონეს იხმარენ, რათა უზრუნველყონ აღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისობა მშრალი პორტების მშენებლობის, მოდერნიზებისა და ექსპლუატაციის პროცესში.
ფუნქციები
მშრალი პორტების ძირითად ფუნქციებში შედის საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში ტრანსპორტირებული საქონლის დამუშავება, შენახვა და კანონით დადგენილი წესით შემოწმება და საბაჟო კონტროლის მოქმედი პროცედურების შესრულება. მშრალი პორტების დამატებითი ფუნქციები მოიცავს, და არა მხოლოდ, შემდეგს:
(a) მიღება და გაგზავნა;
(b) დაკომპლექტება და დისტრიბუცია;
(c) დასაწყობება;
(d) გადატვირთვა.
3. ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმები
მხარეები შექმნიან ინსტიტუციონალურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშრალი პორტების განვითარებასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ასევე შეიმუშავებენ კანონით დადგენილი შემოწმებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცედურებს შესაბამისი მხარის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებზე დაყრდნობით. სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტებში ამ შეთანხმების I დანართში მოცემული მშრალი პორტები შესაძლებელია განისაზღვროს როგორც გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტები. მხარეები ითანამშრომლებენ შესაბამის სატრანსპორტო სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშრალი პორტების ოფიციალურად აღიარება. მშრალი პორტები უნდა იყოს სახელმწიფო ან კერძო საკუთარებაში, ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაქვემდებარებაში.
4. კონსტრუქცია, განლაგება და გამტარუნარიანობა
მშრალი პორტების გამტარუნარიანობა და განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს კონტეინერების, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას მშრალი პორტების ფარგლებში და მათი გავლით, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს გამტარუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის სატრანსპორტო საშუალებებს გაეწია მომსახურება, ასევე მშრალი პორტის მომხმარებელთა მოთხოვნების და კონტეინერებისა და ტვირთების მოსალოდნელი მოცულობების გათვალისწინებით.
5. ინფრასტრუქტურა, აპარატურა და სიმძლავრე
მშრალი პორტები აღჭურვილი იქნება ისეთი ინფრასტრუქტურით, აპარატურითა და სამუშაო ძალით, რომელიც, მხარეთა შეხედულებისამებრ, შეესაბამება ტვირთების არსებულ და მოსალოდნელ მოცულობებს, მათი კანონების, კანონქვემდებარე აქტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. ეს დებულება რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და არ გააჩნია სავალდებულო ძალა შემდეგთან მიმართებაში:
დაცული ზონა ჭიშკრით, რომელიც გამიზნულია შესვლისა და გასვლისთვის;
დახურული და ღია სასაწყობო ტერიტორიები, რომლებიც გამიჯნულია ცალკე იმპორტის, ექსპორტისა და გადატვირთვისთვის, და ცალკე მალფუჭებადი საქონლის, ძვირფასი ტვირთებისა და საშიში ტვირთებისთვის, მათ შორის, მავნე ნივთიერებებისთვის;
საწყობები, რომლებიც შეიძლება ასევე მოიცავდეს საბაჟო საწყობებსაც;
საბაჟო ზედამხედველობის, კონტროლის, ინსპექტირებისა და სასაწყობო ობიექტები;
შესაბამისი აპარატურა ტვირთებისა და კონტეინერების დამუშავების მიზნით;
შიდა დამხმარე გზები და გზის საფარი, რომლებიც გამოიყენება საექსპლუატაციო და სასაწყობო ზონებში;
სატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელი ტერიტორია, რომელიც შეიცავს სათანადო ოდენობის ადგილებს სატვირთო მანქანებისთვის;
ადმინისტრაციული შენობები საბაჟო სამსახურების, ტვირთის ექსპედიტორების, ტვირთის გამგზავნების, საბაჟო ბროკერების, ბანკებისა და სხვა შესაბამისი სააგენტოებისთვის;
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც მოიცავს მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემებს, სკანერებს და სატრანსპორტო საშუალებების ასაწონ აპარატურას;
კონტეინერების, სატრანსპორტო საშუალებებისა და აპარატურის სარემონტო ცეხი, აუცილებლობის შემთხვევაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.05.2013.
- როდის იქნა მიღებული „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება“?
- „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება“ მიღებულია 01.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №07-2026. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016866.
- სად არის „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება“, №07-2026, 01.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016866 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952921/