„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29492
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016870
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება 1

 

№29492

 

პრეამბულა

ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოხატეს ორმხრივი ინტერესი იმის თაობაზე, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თბილისში დააფუძნოს დროებითი ოფისი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრაში, სოციალური პროგრესისა და ცხოვრების უკეთესი სტანდარტების ხელშეწყობაში ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერისა და შევსების მიზნით;

ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დათანხმდა, უზრუნველყოს აუცილებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა, რათა დროებით ოფისს მიეცეს შესაძლებლობა, სრულად და ეფექტიანად შეასრულოს თავისი ფუნქციები, მათ შორის, დაგეგმილი სამუშაო პროგრამები და ნებისმიერი დაკავშირებული საქმიანობა, და მიაღწიოს თავის მიზნებს საქართველოს მთავრობასა და ხალხთან თანამშრომლობითა და ჰარმონიით;

ითვალისწინებენ რა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დათანხმდა დროებით ოფისზე, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულზე, და მის თანამდებობის პირებზე გავრცელდეს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ კონვენციის შესაბამისი დებულებები; [2]

სურთ რა, დადონ შეთანხმება ქ. თბილისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნებიდან გამომდინარე საკითხების მოწესრიგების მიზნით;

მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:


1 ძალაში შევიდა 1993 წლის 27 იანვრის ხელმოწერით, XXI მუხლის შესაბამისად.

2 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ხელშეკრულებების სერია, ტ. 1, გვ. 15 და ტ. 90, გვ. 327 (კორიგენდუმი ტ. 1-ის, გვ. 18).


I მუხლი

განმარტებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(a) „ოფისი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებით ოფისს, ორგანიზაციულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უზრუნველყოფს დახმარებასა და თანამშრომლობას პროგრამებში; იგი შეიძლება მოიცავდეს ქვეყანაში ორმხრივი შეთანხმებით დაფუძნებულ საველე ქვეოფისებს;

(b) „მთავრობა“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას;

(c) „შესაბამისი ორგანოები“ ნიშნავს ცენტრალურ, ადგილობრივ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;

(d) „კონვენცია“ ნიშნავს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ კონვენციას, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს;

(e) „მხარეები“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას;

(f) „ოფისის ხელმძღვანელი“ ნიშნავს თანამდებობის პირს, რომელიც ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებით ოფისს;

(g) „ოფისის თანამდებობის პირები“ ნიშნავს დროებითი ოფისის ხელმძღვანელსა და მისი პერსონალის ყველა წევრს, მოქალაქეობის მიუხედავად, რომლებიც დასაქმებულნი არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერსონალის წესებისა და დებულებების შესაბამისად, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დაქირავებულნი არიან ადგილობრივად და დანიშნულნი არიან საათობრივი ანაზღაურებით, გენერალური ასამბლეის 1946 წლის 7 დეკემბრის 76(1) რეზოლუციის[1] შესაბამისად;

(h) „მისიაში მყოფი ექსპერტები“ ნიშნავს პირებს, გარდა დროებითი ოფისის თანამდებობის პირებისა ან იმ პირებისა, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, ახორციელებენ მისიებს და ექცევიან კონვენციის VI და VII მუხლების მოქმედების სფეროში;

(i) „პირები, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით“ ნიშნავს ინდივიდუალურ კონტრაქტორებს, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც აყვანილნი არიან დროებითი ოფისის მიერ, მისი პროგრამების ან სხვა დაკავშირებული საქმიანობის შესასრულებლად ან განხორციელებაში დასახმარებლად;

(j) „UNDP“ ნიშნავს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას;

(k) „UNHCR“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს, რომელიც დაფუძნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1949 წლის 3 დეკემბრის 319(IV) რეზოლუციის შესაბამისად;

(l) „UNICEF“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს, რომელიც დაფუძნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1946 წლის 11 დეკემბრის 57(I) რეზოლუციის შესაბამისად;

(m) „UNEP“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამას, რომელიც დაფუძნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1972 წლის 15 დეკემბრის 2997 (XXVII) რეზოლუციის შესაბამისად;

(n) „ოფისის შენობა-ნაგებობები“ ნიშნავს დროებითი ოფისის ან საველე ქვეოფისების მიერ დაკავებულ ყველა შენობა-ნაგებობას, მათ შორის, მოწყობილობებსა და საშუალებებს, რომლებიც გადაცემულია ან დაკავებულია, მოვლილია ან გამოიყენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქართველოს რესპუბლიკაში და რის შესახებაც ეცნობა მთავრობას;

(o) „ორგანიზაცია“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას;

(p) „ქვეყანა“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკას.

 

II მუხლი

საქმიანობის მიზანი და სფერო

ოფისმა უნდა:

1. ითანამშრომლოს მთავრობასთან დახმარების პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პროგრესის ხელშეწყობას, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური კვლევებისა და ძიების განხორციელების, ტექნიკური თანამშრომლობის, პერსონალის მომზადებისა და ინფორმაციის გავრცელების გზით.

2. გაუწიოს კოორდინაცია UNDP-ის, UNHCR-ის, UNICEF-ის, UNEP-ისა და ორგანიზაციის სხვა ორგანოების მუშაობას ქვეყანაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი რეზოლუციების, გადაწყვეტილებების, დებულებების, წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად.

3. განახორციელოს სხვა ისეთი საქმიანობა, რომელიც შეიძლება დაევალოს ოფისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ.

4. საჭიროების შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებსა და პროგრამებს შეუძლიათ დადონ დამატებითი შეთანხმებები მთავრობასთან თავიანთი დახმარების პროექტების თაობაზე, ქვემოთ მოცემული მე-18 მუხლის შესაბამისად.

 

III მუხლი

სამართალსუბიექტობა და უფლებაუნარიანობა

გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას, ოფისის მეშვეობით მოქმედებისას, აქვს უფლებაუნარიანობა:

(a) დადოს ხელშეკრულებები;

(b) შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება;

(c) აღძრას სამართალწარმოება.

 

IV მუხლი

კონვენციის გამოყენება

კონვენცია გამოიყენება ოფისის, მისი ქონების, ფონდებისა და აქტივების, აგრეთვე ქვეყანაში მყოფი მისი თანამდებობის პირებისა და მისიაში მყოფი ექსპერტების მიმართ.

 

V მუხლი

ოფისის სტატუსი

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აფუძნებს და ინარჩუნებს ოფისს ქვეყანაში თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების ან ქვემოთ მოცემულ მე-18 მუხლში მითითებული ნებისმიერი სხვა დამატებითი შეთანხმებების შესაბამისად.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი ქონება, ფონდები და აქტივები, მათი ადგილმდებარეობისა და მფლობელის მიუხედავად, სარგებლობს იმუნიტეტით სასამართლო პროცესის ყველა ფორმისაგან, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, როდესაც მან პირდაპირ განაცხადა უარი თავის იმუნიტეტზე. თუმცა, იგულისხმება, რომ იმუნიტეტზე უარის თქმა არ გავრცელდება აღსრულების არცერთ ღონისძიებაზე.

3. (a) ოფისის შენობა-ნაგებობები ხელშეუხებელია. ოფისის ქონება და აქტივები, მათი ადგილმდებარეობისა და მფლობელის მიუხედავად, დაცულია ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციისა და ჩარევის ნებისმიერი სხვა ფორმისაგან, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო თუ საკანონმდებლო მოქმედებების გზით;

(b) შესაბამისი ორგანოები არ უნდა შევიდნენ ოფისის შენობა-ნაგებობებში რაიმე სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, გარდა ოფისის ხელმძღვანელის აშკარა თანხმობისა და მის მიერ შეთანხმებული პირობების საფუძველზე.

4. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიჩინონ სათანადო გულმოდგინება ოფისის უსაფრთხოებისა და დაცვის, და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოფისის სიმშვიდე არ დაირღვეს გარეშე პირთა თუ პირთა ჯგუფების უნებართვო შესვლით ან მის უშუალო სიახლოვეს დარღვევებით.

5. ოფისის არქივები და ზოგადად ყველა დოკუმენტი, რომელიც მას ეკუთვნის, მათი ადგილმდებარეობისა და მფლობელის მიუხედავად, ხელშეუხებელია.

 

VI მუხლი

ოფისის ფონდები, აქტივები და სხვა ქონება

1. ფინანსური კონტროლის, რეგულაციების ან ნებისმიერი სახის მორატორიუმის შეზღუდვის გარეშე, ოფისს:

(a) შეუძლია ფლობდეს და გამოიყენოს ფონდები, ოქრო ან ნებისმიერი სახის მიმოქცევადი ინსტრუმენტები, ჰქონდეს და აწარმოოს ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში და გადაიყვანოს მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ვალუტა სხვა ვალუტაში;

(b) უფლება აქვს, თავისუფლად გადარიცხოს თავისი ფონდები, ოქრო ან ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ნებისმიერი ქვეყნის შიგნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვა ორგანიზაციებსა თუ სააგენტოებში;

(c) უნდა მიენიჭოს თავისი ფინანსური ტრანზაქციებისათვის ყველაზე ხელსაყრელი, კანონიერად ხელმისაწვდომი გაცვლითი კურსი.

2. ოფისი, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა ქონება:

(a) გათავისუფლებულია ყველა პირდაპირი გადასახადისგან, დამატებული ღირებულების გადასახადისგან, მოსაკრებლისგან, სატრანზიტო გადასახადისგან ან ბაჟისგან; თუმცა, იგულისხმება, რომ ოფისი არ მოითხოვს გათავისუფლებას იმ გადასახადებისაგან, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს მხოლოდ საჯარო კომუნალური მომსახურების საფასურს, რომელებსაც გასცემს მთავრობა ან სახელმწიფო რეგულირების ქვეშ მყოფი კორპორაცია, ფიქსირებული ტარიფით გაწეული მომსახურების მოცულობის შესაბამისად და რომელთა კონკრეტულად იდენტიფიცირება, აღწერა და დეტალურად დასახელება შესაძლებელია;

(b) გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადებისგან, აგრეთვე იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვებისა და შეზღუდვებისგან იმ ნივთებთან მიმართებით, რომლებიც ოფისის მიერ შემოტანილი ან გატანილია სამსახურებრივი გამოყენებისათვის. თუმცა, იგულისხმება, რომ ასეთი შეღავათებით შემოტანილი ნივთები არ გაიყიდება იმ ქვეყანაში, სადაც ისინი შემოიტანეს, გარდა მთავრობასთან შეთანხმებული პირობებისა;

(c) გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადებისა და იმპორტ-ექსპორტის აკრძალვებისა და შეზღუდვებისგან მისი პუბლიკაციების მიმართ.

 

VII მუხლი

ოფისის თანამდებობის პირები

1. ოფისის თანამდებობის პირები:

(a) სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო პროცესებისაგან, მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ზეპირად თუ წერილობით გამოთქმულ სიტყვებსა და ყველა ქმედებასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმუნიტეტი მოქმედებს ოფისში დასაქმების შეწყვეტის შემდეგაც;

(b) გათავისუფლებულნი არიან დაბეგვრისაგან ოფისის მიერ გადახდილ ხელფასებსა და გასამრჯელოებზე;

(c) გათავისუფლებულნი არიან ეროვნული სამსახურის ვალდებულებებისაგან.

2. გარდა ამისა, ოფისის საერთაშორისოდ დაქირავებული თანამდებობის პირები:

(a) სარგებლობენ იმუნიტეტით, თავიანთ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად, საიმიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციისაგან;

(b) სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით ვალუტის გაცვლის პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ მთავრობასთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს;

(c) თავიანთ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად საერთაშორისო კრიზისის დროს ენიჭებათ რეპატრიაციის იგივე პირობები, რაც დიპლომატიური წარმომადგენლებს;

(d) უფლება აქვთ, უბაჟოდ შემოიტანონ თავიანთი ავეჯი, პირადი ნივთები და ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ადგილსამყოფელ ქვეყანაში თანამდებობის დაკავებისთანავე.

3. ოფისის ხელმძღვანელი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მთავრობას შორის შეთანხმების შესაბამისად, სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რასაც მთავრობა ანიჭებს შესაბამისი რანგის დიპლომატიური მისიების წევრებს. ამ მიზნით, ოფისის ხელმძღვანელის სახელი შეიძლება შეყვანილ იქნეს დიპლომატიურ სიაში.

4. ოფისის საერთაშორისოდ დაქირავებულ თანამდებობის პირებს ასევე უფლება აქვთ, ისარგებლონ შემდეგი შეღავათებით:

(a) შემოიტანონ საბაჟო და აქციზური გადასახადებისაგან თავისუფალი გარკვეული ნივთების შეზღუდული რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის, არსებული სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად;

(b) შემოიტანონ ავტომობილი საბაჟო და აქციზური გადასახადების, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, შესაბამისი რანგის დიპლომატიური მისიების წევრების მიმართ მოქმედი სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად.

 

VIII მუხლი

მისიაში მყოფი ექსპერტები

1. მისიაში მყოფ ექსპერტებს ენიჭებათ პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, როგორც ეს მითითებულია კონვენციის VI მუხლის 22-ე და 23-ე ნაწილებსა და VII მუხლის 26-ე ნაწილში.

2. მისიაში მყოფ ექსპერტებს შეიძლება მიენიჭოთ ისეთი დამატებითი პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, რომლებიც შეიძლება შეთანხმებული იყოს მხარეებს შორის.

 

IX მუხლი

პირები, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ოფისისათვის

1. პირები, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ოფისისათვის:

(a) სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო პროცესისაგან, მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ზეპირად თუ წერილობით გამოთქმულ სიტყვებსა და ყველა ქმედებასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმუნიტეტი მოქმედებს ოფისში დასაქმების შეწყვეტის შემდეგაც;

(b) თავიანთ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად საერთაშორისო კრიზისის დროს მათ ენიჭებათ რეპატრიაციის იგივე პირობები, რაც დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

2. იმისათვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი ფუნქციების დამოუკიდებლად და ეფექტიანად შესრულება, პირებს, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ოფისისათვის, შეიძლება მიენიჭოთ ისეთი სხვა პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები, როგორც ეს მითითებულია ზემოთ მოცემულ მე-7 და მე-8 მუხლებში, მხარეთა შორის შეთანხმების შესაბამისად.

 

მუხლი X

ადგილობრივად დაქირავებული პერსონალი, რომელიც დანიშნულია საათობრივი ანაზღაურებით

ადგილობრივად დაქირავებულ პერსონალს უნდა მიენიჭოს ყველა საჭირო შეღავათი, რაც აუცილებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის. ადგილობრივად დაქირავებული და საათობრივი ანაზღაურებით დანიშნული პირების დასაქმების ვადები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოების შესაბამის რეზოლუციებს, გადაწყვეტილებებს, დებულებებს, წესებსა და პოლიტიკას.

 

XI მუხლი

უარი პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე

წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტები გაიცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე და არა შესაბამისი პირების პირადი სარგებლისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აქვს უფლება და მოვალეობა, უარი თქვას მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებში მითითებული ნებისმიერი პირის იმუნიტეტზე ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, მისი აზრით, ასეთი იმუნიტეტი ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მასზე უარის თქმა შესაძლებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერესების შელახვის გარეშე.

 

XII მუხლი

წვდომის შეღავათები

1. ოფისის საერთაშორისოდ დაქირავებულ თანამდებობის პირებს, მისიაში მყოფ ექსპერტებსა და პირებს, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ოფისისათვის, უფლება აქვთ:

(a) საჭიროების შემთხვევაში, ვიზების, ლიცენზიებისა და ნებართვების დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ მიღებისა და გაფორმების;

(b) შეუფერხებლად შევიდნენ ქვეყანაში, დატოვონ ქვეყანა და გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით თანამშრომლობის საქმიანობის ყველა ადგილზე, თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ფარგლებში.

 

XIII მუხლი

მთავრობის კონტრიბუცია

1. მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

(a) შესაბამისი საოფისე შენობა-ნაგებობებით ოფისისათვის;

(b) ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის ხარჯებით სამსახურებრივი მიზნებისათვის;

(c) კომუნალური მომსახურებისა და ადგილობრივი მომსახურების ხარჯებით, როგორიცაა: აღჭურვილობა, მოწყობილობები და საოფისე შენობების მოვლა-პატრონობა;

(d) ტრანსპორტირებით მისიაში მყოფი ექსპერტებისათვის ქვეყანაში მათი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად.

2. მთავრობა ასევე დაეხმარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას:

(a) საერთაშორისოდ დაქირავებული თანამდებობის პირების, მისიაში მყოფის ექსპერტებისა და პირებისათვის, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის, შესაფერისი საცხოვრებელი ფართის მოძიებაში;

(b) ოფისის შენობა-ნაგებობებისათვის კომუნალური მომსახურების, როგორიცაა წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მომსახურება და სხვა მომსახურებები, დამონტაჟებასა და მიწოდებაში.

 

XIV მუხლი

კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული შეღავათები

 

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავის ოფიციალურ კავშირგაბმულობასთან მიმართებით სარგებლობს არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობით, ვიდრე ეს მთავრობის მიერ ენიჭება ნებისმიერ დიპლომატიურ მისიას დაფუძნებისა და ფუნქციონირების, პრიორიტეტების, ტარიფების, საფოსტო და ტელეგრამების, ტელეპრინტერის, ფაქსის, ტელეფონისა და სხვა კავშირგაბმულობის, ასევე პრესისა და რადიოსათვის ინფორმაციის მიწოდების ტარიფების საკითხებში.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არცერთი ოფიციალური კორესპონდენცია ან სხვა კომუნიკაცია არ ექვემდებარება ცენზურას. ასეთი იმუნიტეტი ვრცელდება ბეჭდურ მასალაზე, ფოტოგრაფიულ და ელექტრონულ მონაცემთა კომუნიკაციებსა და კომუნიკაციის სხვა ფორმებზე, რაზედაც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს კოდები და გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია კურიერის მეშვეობით ან დალუქული პაკეტებით, რომელთაგან ყველა ხელშეუხებელი იქნება და არ დაექვემდებარება ცენზურას.

3. გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს რადიო და სხვა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგისტრირებულ და მთავრობის მიერ გამოყოფილ სიხშირეებზე მის ოფისებს შორის, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და კერძოდ, ნიუ-იორკში მდებარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან.

 

XV მუხლი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა, ემბლემა და აღნიშვნები

გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შეუძლია გამოფინოს თავისი დროშა და/ან ემბლემა თავის საოფისე შენობა-ნაგებობებზე, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებებზე და სხვაგვარად, მხარეთა შორის შეთანხმების შესაბამისად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებებს, გემებსა და საჰაერო ხომალდებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმასხვავებელი ემბლემა ან აღნიშვნები, რის შესახებაც ეცნობება მთავრობას.

 

XVI მუხლი

შეტყობინება

ოფისმა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა შეატყობინოს თავისი თანამდებობის პირების, მისიაში მყოფი ექსპერტების, პირების, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას, და ადგილობრივად დაქირავებული პერსონალის სახელები და კატეგორიები, ასევე მათ სტატუსში ნებისმიერი ცვლილება.

 

XVII მუხლი

იდენტიფიკაცია

1. მთავრობა, ოფისის ხელმძღვანელის მოთხოვნით, თითოეულ თანამდებობის პირზე, მისიაში მყოფ ექსპერტზე, პირზე, რომელიც ასრულებს მომსახურებას, და ადგილობრივად დაქირავებულ პერსონალზე (გარდა საათობრივი ანაზღაურებით დანიშნული პირებისა) გასცემს შესაბამის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს.

2. მთავრობის უფლებამოსილი პირის მოთხოვნისას, ზემოთ მოცემულ I პარაგრაფში მითითებულ პირებს მოეთხოვებათ, წარმოადგინონ, მაგრამ არ გადასცენ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

3. ოფისი, პერსონალის დასაქმების შეწყვეტის ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას, უზრუნველყოფს ყველა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მთავრობისათვის.

 

მუხლი XVIII

დამატებითი შეთანხმებები

1. UNDP-ს, UNICEF-ს, UNHCR-ს, UNEP-სა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებსა და პროგრამებს შეუძლიათ მთავრობასთან დადონ დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ეხება იმ პირობებს, რომელთა მიხედვითაც ისინი დაეხმარებიან მთავრობას მათი შესაბამისი პროექტების განხორციელებაში.

2. გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასა და მთავრობას შეუძლიათ დადონ ნებისმიერი სხვა დამატებითი შეთანხმება, რასაც ორივე მხარე მიიჩნევს მიზანშეწონილად.

 

XIX მუხლი

მოთხოვნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინააღმდეგ

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობა პროგრამებში წინამდებარე შეთანხმების ან ნებისმიერი სხვა დამატებითი შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია ქვეყნის მთავრობისა და ხალხის სასარგებლოდ და, შესაბამისად, მთავრობა იღებს ყველა რისკს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე.

2. მთავრობა, კერძოდ, პასუხისმგებელია ყველა იმ მოთხოვნის განხილვაზე, რომლებიც წარმოიშობა ან პირდაპირ მიეწერება წინამდებარე შეთანხმების ან ნებისმიერი სხვა დამატებითი შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას, და რომლებიც შეიძლება წამოყენებულ იქნეს მესამე მხარეთა მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი თანამდებობის პირების, მისიაში მყოფი ექსპერტებისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, და ასეთ მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა უზრუნველყოს მათი კომპენსაცია და ზიანისგან დაცვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მთავრობა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეთანხმდებიან, რომ კონკრეტული მოთხოვნა ან პასუხისმგებლობა გამოწვეული იყო უხეში დაუდევრობით ან განზრახი არამართლზომიერი ქმედებით.

 

XX მუხლი

დავების გადაწყვეტა

გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასა და მთავრობას შორის ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმების ან ნებისმიერი სხვა დამატებითი შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებას, და რომელიც არ გადაწყდება მოლაპარაკებით ან გადაწყვეტის სხვა შეთანხმებული საშუალებით, გადაეცემა არბიტრაჟს რომელიმე მხარის მოთხოვნით. თითოეული მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს მესამეს, რომელიც იქნება თავმჯდომარე. თუ არბიტრაჟის მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში რომელიმე მხარეს არ დაუნიშნავს არბიტრი, ან თუ ორი არბიტრის დანიშვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში მესამე არბიტრი არ დანიშნულა, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს არბიტრის დანიშვნა. არბიტრაჟის პროცედურას ადგენენ არბიტრები, ხოლო არბიტრაჟის ხარჯებს გაიღებენ მხარეები არბიტრთა შეფასების შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს იმ მოტივების დასაბუთებას, რომელსაც იგი ეფუძნება, და მხარეები მას მიიღებენ დავის საბოლოო გადაწყვეტად.

 

XXI მუხლი

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მთავრობის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერისთანავე.

 

XXII მუხლი

შეწყვეტა

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ექვსი თვის შემდეგ, რაც რომელიმე მხარე წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ თავისი გადაწყვეტილების თაობაზე. თუმცა, შეთანხმება ძალაში რჩება იმ დამატებითი პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის მოწესრიგებულად შეწყვეტისა და მხარეთა შორის ნებისმიერი დავის გადაწყვეტისათვის.

 

რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერებმა, მთავრობის სათანადოდ უფლებამოსილმა სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათანადოდ დანიშნულმა წარმომადგენელმა, მხარეთა სახელით ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წლის 27 იანვარს.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით:                          საქართველოს მთავრობის სახელით:

[ხელმოწერილია][2]                                                                                             [ხელმოწერილია][3]

 


1 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გენერალური ასამბლეის ოფიციალური ჩანაწერები, პირველი სესია, მეორე ნაწილი (A/64IAdd.I), გვ. 139.

2 ხელმოწერილია ფ. სტარჩევიჩის მიერ.

3 ხელმოწერილია ა. ჩიკვაიძის მიერ.


 

 

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.1993.
როდის იქნა მიღებული „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება?
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 27.01.1993. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29492. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016870.
სად არის „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.1993 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ოფისის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება, №29492, 27.01.1993, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016870 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.1993). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6985691/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.1993. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება