საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №417 |
|
2026 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 161 მუხლის შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) შემადგენლობისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესსა და პროცედურებს.
2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიყენება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესი.
3. კომისიის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1.
კომისია არის კანონის მე-15 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განმხილველი ორგანო.
1. კომისია შედგება 6 წევრისგან.
2. კომისიის წევრები არიან:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 2 თანამშრომელი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 თანამშრომელი.
3. კომისიის შემადგენლობას (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების წარმომადგენლებიდან – ამ დაწესებულებათა წარდგინებით) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარედ და მოადგილედ განისაზღვრება სააგენტოს წარმომადგენელი.
5. კომისიის წევრის იმ სამსახურიდან გათავისუფლება, რომელ დაწესებულებასაც წარმოადგენს, კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია.
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის საქმიანობას და უძღვება კომისიის სხდომებს.
3. კომისიის თამჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისია შესაძლოა, შეიკრიბოს ყოველ სამუშაო დღეს, საჭიროებისამებრ.
5. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მიგრაციის საკითხთა სამმართველო (შემდგომში – მიგრაციის საკითხთა სამმართველო). სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომელს (ან სააგენტოს სხვა თანამშრომელს) შესაძლებელია დაეკისროს კომისიის მდივნის ფუნქციების შესრულება.
6. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
7. კომისიის სხდომებზე, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად, განიხილება კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო საკითხებიც, რომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად კომისია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს.
8. კომისიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო.
1. კომისიის წევრის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან ისეთი ქმედების ან/და საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რამაც კომისიის დისკრედიტაცია შეიძლება გამოიწვიოს, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს კომისიის წევრის გაწვევის თაობაზე.
2. კომისიის თავმჯდომარის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისას ან ისეთი ქმედების ან/და საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რამაც კომისიის დისკრედიტაცია შეიძლება გამოიწვიოს, კომისიის არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება.
1. კომისია საქმისწარმოებას ახორციელებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
2. კომისიასა და სხვა დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
მიგრაციის საკითხთა სამმართველო საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის საქმისწარმოებისას, ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, საქმისწარმოების მასალას უგზავნის კომისიას განმცხადებლის მიერ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის 101 მუხლით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
1. ქორწინებაში მყოფი პირები საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად ვალდებული არიან:
ა) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში გასაუბრებაზე;
ბ) კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება;
გ) კომისიას წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი.
2. კომისია უფლებამოსილია, ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს გაესაუბროს ერთად ან ცალ-ცალკე. კომისია უფლებამოსილია, განმეორებით ჩაატაროს გასაუბრება ერთად ან ცალ-ცალკე.
3. კომისია, ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს გასაუბრებაზე იბარებს ოქმის საფუძველზე, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. გასაუბრებაზე დაბარების ოქმი ჩაბარებულად ითვლება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
4. ქორწინებაში მყოფ პირებთან გასაუბრების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე პირი.
5. დამსწრე პირის მიერ გასაუბრების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, რომელშიც განიმარტება ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
1. კომისია უფლებამოსილია, ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მოისმინოს ახსნა-განმარტებები და შეაფასოს ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. კომისიას უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.
1. კომისია უფლებამოსილია, გადაამოწმოს დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, რის შესახებაც დგება ადგილზე დათვალიერების ოქმი.
2. საცხოვრებელ ადგილზე გასვლას უნდა ესწრებოდეს კომისიის არანაკლებ 2 წევრი, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არანაკლებ ორი დაწესებულების თითო წარმომადგენელი.
3. კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმში უნდა აისახოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენისათვის. საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების ოქმს შესაძლებელია, დაერთოს ფოტო- ან/და ვიდეომასალა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს ადგილზე დათვალიერებულ გარემოებებს.
4. თუ განმცხადებელი არ თანამშრომლობს კომისიასთან და კომისიის წევრებს არ აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე გადაამოწმონ ინფორმაცია, აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი.
1. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას სააგენტო განიხილავს 90 კალენდარული დღის ვადაში.
2. კომისიის მიერ საგამოძიებო ორგანოში საქმის მასალების გადაგზავნის შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომისიას.
1. კომისია ოჯახურ კავშირსა და ოჯახის შექმნის ნამდვილობასთან დაკავშირებით ადგენს ერთ-ერთ შემდეგი სახის ოქმს:
ა) ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის თაობაზე, თუ საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფი პირების ოჯახური კავშირები და ოჯახის შექმნის ნამდვილობა დადგენილი იქნება კომისიის მიერ;
ბ) ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დაუდგენლობის თაობაზე, თუ საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფი პირები რაიმე ფორმით არ თანამშრომლობენ კომისიასთან ან დათქმულ ვადაში არ გამოცხადდებიან კომისიაში გასაუბრებაზე;
გ) საქმის მასალების საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნის თაობაზე, თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია.
2. კომისიის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოქმები, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განსახილველად, ეგზავნება მიგრაციის საკითხთა სამმართველოს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის ნებისმიერი ოქმი არის ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია, აღნიშნულის თაობაზე შეადგენს შესაბამის ოქმს და, მიგრაციის საკითხთა სამმართველოს მეშვეობით, შესაბამის საქმის მასალებს, საქართველოს შესაბამისი მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უგზავნის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო ასლს – საქართველოს პროკურატურას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №417. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.025966.
- სად არის „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №417, 26.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025966 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6986759/