ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№209/04
სარეგისტრაციო კოდი
220010000.18.011.017017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №209/04

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 და მე-16 პუნქტებისა და 525 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი თანდართულ დანართებთან ერთად. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა



ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი (შემდგომში – „წესი“) ვრცელდება იმ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე (შემდგომში – „პროვაიდერი“), რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – „ეროვნული ბანკი“) გაუუქმა რეგისტრაცია. ეს წესი არ ვრცელდება საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომელთაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.

2. ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერისთვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება პროვაიდერის ლიკვიდაცია.

3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომლის მიზანია პროვაიდერის აქტივების რეალიზაცია და პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.

4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

5. პროვაიდერის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ პროვაიდერთან დაკავშირებული პირი.

6. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) გამოცემიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge).

7. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვირტუალური აქტივის ანგარიში – ერთი ან ერთზე მეტი პირის სახელზე პროვაიდერთან არსებული ანგარიში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის (შემდგომში – „ვირტუალური აქტივი“) გადაცემის ტრანზაქციის განსახორციელებლად;

ბ) მრავალხელმოწერიანი დადასტურება – ვირტუალური აქტივით შესრულებული ტრანზაქციის დადასტურება, რომლისთვისაც საჭიროა სულ მცირე ორი პირის მონაწილეობა;

გ) სალიკვიდაციო ანგარიში – ფიატური სახსრების განსათავსებლად კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში გახსნილი ანგარიში, რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის და კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

დ) ვირტუალური აქტივის სალიკვიდაციო ანგარიში – ვირტუალური აქტივის ანგარიში, რომელიც განკუთვნილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ვირტუალური აქტივების დროებით განთავსებისა და შენახვისთვის. ვირტუალური აქტივის სალიკვიდაციო ანგარიში იხსნება ერთ-ერთ პროვაიდერთან;

ე) სალიკვიდაციო მასა – პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტისთვის, პროვაიდერის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივების ერთობლიობა. სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც პროვაიდერის საკუთრება არ არის და მისი მომხმარებლის აქტივებს მიეკუთვნება, მათ შორის, მომხმარებელების კუთვნილი ფიატური სახსრები, ვირტუალური აქტივები და მომხმარებლის კუთვნილი სხვა ქონება, რომლებიც პროვაიდერს გადაცემული აქვს მხოლოდ თავისი მომსახურების ფარგლებში, მათ შორის, მათზე წვდომის ყველა საშუალება, ასევე სარეზერვო აქტივები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ (შემდგომში – „პირველადი შეთავაზების წესი“) განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დღიდან პროვაიდერის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.

2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება პროვაიდერის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.

3. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ფიატური სახსრების განსათავსებლად, კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში გაიხსნება სალიკვიდაციო ანგარიში. 

4. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის კომერციულ ბანკებში ან/და მიკრობანკებში გახსნილი მისი ყველა არსებული ფიატური სახსრების ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში), ასევე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი ანგარიშები დაიბლოკება, რის შემდგომაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით განხორციელდება ანგარიშსწორება.  

5. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ფინანსურ ინსტიტუტში განთავსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტის (შემდგომში – „ემიტენტი“) სარეზერვო აქტივები, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, დროებით, განსაზღვრული ვადით და პირობით დაიბლოკება. აღნიშნული სარეზერვო აქტივები მიიმართება მხოლოდ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების მოთხოვნების დასაფარად და არ გაითვალისწინება სალიკვიდაციო მასაში.

6. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ერთ-ერთ პროვაიდერთან გაიხსნება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ვირტუალური აქტივის სალიკვიდაციო ანგარიშ(ებ)ი, სადაც განთავსდება პროვაიდერის ვირტუალური აქტივები. ლიკვიდატორი აღნიშნული ანგარიშ(ებ)იდან განახორციელებს ვირტუალური აქტივების გადაცემას კრედიტორებისთვის.

7. ლიკვიდატორის შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან/და რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მასთან განთავსებული ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ფიატური სახსრები გადარიცხოს შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასეთი ოპერაციის საკომისიო (არსებობის შემთხვევაში) გადაიხდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ნაშთიდან.

8. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით, ლიკვიდატორის შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, პროვაიდერის მომსახურე სხვა პროვაიდერი ვალდებულია მასთან განთავსებული ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ვირტუალური აქტივები გადასცეს შესაბამის ვირტუალური აქტივის სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასეთი ოპერაციის საკომისიო (არსებობის შემთხვევაში) გადაიხდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ნაშთიდან.

9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორი ვალდებულია ლიკვიდატორს გადასცეს მისი და მისი მომხმარებლების ვირტუალურ აქტივებზე წვდომის ყველა საშუალება/ინსტრუმენტი, რომელიც ამ ვირტუალური აქტივების განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.

10. მრავალხელმოწერიანი დადასტურების შიდა პროტოკოლის შემთხვევაში, პროვაიდერის ყოფილმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს ტრანზაქციის დადასტურებაზე უფლებამოსილი ყველა მონაწილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ლიკვიდატორისთვის და მისთვის ერთპიროვნული დადასტურების უფლების გადაცემა.

11. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ დასაშვებია პროვაიდერის მიმართ არსებულ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა.

12. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, ფიატური სახსრების, ვირტუალური აქტივების და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია, დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის დოკუმენტაცია, ვირტუალურ აქტივზე წვდომის საშუალებები/ინსტრუმენტები, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები.

13. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს (პროვაიდერს) ეკრძალება ამ რეგისტრაციით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ის ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა/ვალდებულება.

14. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ და პროვაიდერის მარეგულირებელი სხვა აქტებით დადგენილი მოთხოვნები ლიკვიდაციის პროცესში მყოფ იურიდიულ პირზე (პროვაიდერზე) ვრცელდება ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე.

15. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო უცხოური პროვაიდერის ან ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი პროვაიდერის მიმართ, ეროვნული ბანკი ამის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის უცხოურ პროვაიდერს ან/და ფინანსურ ინსტიტუტს და მის/მათ ზედამხედველ ორგანოს.

16. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი პროვაიდერის მიმართ, რომელსაც შვილობილი პროვაიდერი/ფილიალი აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი ამის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის შესაბამის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს შვილობილი პროვაიდერი/ფილიალი.

17. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ემიტენტის მიმართ, რომელსაც გააჩნია ვალდებულება დააკმაყოფილოს პირველადი შეთავაზების წესით განსაზღვრული რეზერვების განთავსების მოთხოვნა, ეროვნული ბანკი ამის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებთანაც განთავსებულია/დაცულია ემიტენტის სარეზერვო აქტივები.

18. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი პროვაიდერის მიმართ, რომელსაც გააჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა ადგილობრივ ან/და საერთაშორისო საგადახდო სქემის ოპერატორთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან პროვაიდერთან, ლიკვიდატორი ამის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის აღნიშნულ პირებს.

19. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პროვაიდერის სალიკვიდაციო ანგარიშიდან.

20. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება დაიფარება ამ მუხლის მე-19 პუნქტის  შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ეროვნული ბანკის თანამშრომელს წარმოადგენს.

21. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის პროვაიდერის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.


მუხლი 4. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯი
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პროვაიდერს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც დაკმაყოფილდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს პროვაიდერის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ პროვაიდერს არ გააჩნია თანხა  ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა.

3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია, მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია პროვაიდერის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ.

5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე.


მუხლი 5. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. პროვაიდერის სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისთვის, პროვაიდერის ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია;

ბ) უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში ან/და ვირტუალური აქტივების მომსახურების სექტორში არანაკლებ 2 წლის სამუშაო სტაჟი.

3. პირს ეკრძალება, იყოს პროვაიდერის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე პროვაიდერში.

5. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. შრომით ხელშეკრულებაში განისაზღვრება ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა.


მუხლი 6. ლიკვიდატორის უფლებები
1. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებსა და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს (მათ შორის, ადმინისტრატორების, პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.

2. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია.

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს პროვაიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი, პროვაიდერის სახელით დადოს ახალი გარიგებები.

4. პროვაიდერის ლიკვიდატორს, დანიშვნის დღიდან, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ან შეწყვეტამდე უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი ცალმხრივად და ორმხრივად (ასევე, მრავალმხრივ) მავალდებულებელი გარიგება, მათ შორის:

ა) პროვაიდერსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება;

ბ) ხელშეკრულებები იმ მომსახურების შესახებ, რომელსაც ახორციელებდა ან/და რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობდა პროვაიდერი;

გ) პროვაიდერის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 30 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ პროვაიდერი აპირებს გამოიყენოს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო ქირაზე, გარდა იმ გადასახდელი თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი შეწყვეტის შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.

5. პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 (ერთი) წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირმა ამ პროვაიდერის ხარჯზე მიიღო ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლა რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია პროვაიდერისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

6. ლიკვიდატორს, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, უფლება აქვს:

ა) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან პროვაიდერის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;

ბ) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შექმნას სალიკვიდაციო კომისია;

გ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

7. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:

ა) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკებში, მიკრობანკებში  და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებში არსებული ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ანგარიშები;

ბ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისგან, მიკრობანკებისგან და პროვაიდერისგან;

გ) გადასცეს კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს ფინანსური აქტივები, მათ შორის სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება;

დ) გადასცეს პროვაიდერს ვირტუალური აქტივები და სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება;

ე) ორგანიზება გაუწიოს სხვა პროვაიდერებისთვის ვალდებულებათა გადაცემას, მათ შორის, ვირტუალური აქტივის შენახვა/ადმინისტრირების მომსახურების შემთხვევაში, ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით;

ვ) მართოს და გამოიყენოს სარეზერვო აქტივები მხოლოდ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;

ზ) განახორციელოს ვირტუალური აქტივების ურთიერთგადაცვლა ფიატურ სახსრებში ან სხვა ვირტუალურ აქტივში.

8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია პროვაიდერის აქტივები, გარდა ვირტუალური აქტივებისა, საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს პროვაიდერის აქტივების რეალიზაციის სხვა ფორმა,  ვირტუალური აქტივები გადაცვალოს ფიატურ სახსრებში ან სხვა ვირტუალურ აქტივში, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს და ორგანიზება გაუწიოს მათ გადაცემას.  

9. პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან წინასწარ შეთანხმებული ვადით და პირობით, დააყოვნოს ვირტუალური აქტივების ურთიერთგადაცვლა, შესაბამისი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.

10. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის სარეზერვო აქტივებზე წვდომა ენიჭება მხოლოდ ლიკვიდატორს.

11. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას, ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის და ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.

12. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან/და პროვაიდერს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები კომერციული ბანკი, მიკრობანკი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმღები კომერციული ბანკი, მიკრობანკი და პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს ლიკვიდატორის მიერ დადგენილ პირობებს.

13. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, პროვაიდერში ერთი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სხვადასხვა ვირტუალური აქტივის ანგარიშზე არსებული ერთი და იგივე სახის ვირტუალური აქტივი გააერთიანოს და ამ პირის ერთ ვირტუალური აქტივის ანგარიშზე გადაიტანოს.  პირის ვირტუალური აქტივის ანგარიშზე რიცხული ჯამური ვირტუალური აქტივები არის ამ პირის ერთი მოთხოვნა პროვაიდერის მიმართ.


მუხლი 7. ლიკვიდატორის ვალდებულებები
1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.

2. ლიკვიდატორმა პროვაიდერის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებული არიან, გადააბარონ პროვაიდერის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს პროვაიდერის საქმეები პროვაიდერის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ პროვაიდერის საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს პროვაიდერის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია (არსებობის შემთხვევაში) და ამავდროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

5. ლიკვიდატორი ვალდებულია პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან  არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში:

ა) წერილობითი ფორმით გაუგზავნოს შეტყობინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ გასხვისდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის კუთვნილი ქონება (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვა);

ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განხორციელდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე რიცხული სახსრების, ასევე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებულ ანგარიშზე, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მიერ წინასწარ განთავსებული თანხის ნაშთის გამოყენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) დაუგზავნოს შეტყობინებები სხვა პროვაიდერებს ან/და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განხორციელდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მიერ განთავსებული ვირტუალური აქტივის ნაშთის გამოყენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) რეზერვების განთავსების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე დაუგზავნოს შეტყობინებები ყველა იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელთანაც განთავსებულია რეზერვები, ამ სარეზერვო აქტივებზე ნებისმიერი ოპერაციის შეჩერების შესახებ;

ე) დაუგზავნოს შეტყობინებები უცხოურ პროვაიდერებს/შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს/ფინანსურ ინსტიტუტებს, იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ოპერირებს საზღვარგარეთ/წარმოადგენს უცხოური კომპანიის შვილობილ პროვაიდერს და იქ ინახავს თავის ან/და მომხმარებელთა აქტივებს;

ვ) დაუგზავნოს შეტყობინებები ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ყველა ყოფილ ადმინისტრატორს პროვაიდერისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

6. ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად (არსებობის შემთხვევაში), უნდა გაანადგუროს პროვაიდერისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი, ხოლო შესაბამისი განადგურების აქტი წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.

7. მოთხოვნის შემთხვევაში ლიკვიდატორმა კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენელს ან/და სხვა პროვაიდერს უნდა წარუდგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული თავისი ხელმოწერის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდის ნიმუშები.

8. ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საწყისი ბალანსის შედგენიდან 1 (ერთ) თვეში უნდა გაუგზავნოს შეტყობინებები:

ა) პროვაიდერის მსესხებლებსა და დებიტორებს და მოსთხოვოს პროვაიდერის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა;

ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ პროვაიდერის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად კრედიტორებს და მომხმარებელებს. შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა, მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად, შესაძლებელია წერილის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, შეტყობინება ეცნობებათ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით.

9. პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;

ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

გ) დანიშვნიდან ორი თვის ვადაში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს;

დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს პროვაიდერის ყველა აქტივის, მათ შორის, ვირტუალური აქტივის, ფიატური სახსრების, სარეზერვო აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;

ე) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით განახორციელოს ვირტუალური აქტივების ურთიერთგადაცვლა ფიატურ სახსრებში ან სხვა ვირტუალურ აქტივში, აღნიშნულის საჭიროების დასაბუთებით, მათ შორის, ვირტუალური აქტივების გაუფასურებისგან დასაცავად;

ვ) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეადგინოს პროვაიდერის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);

ზ) უზრუნველყოს პროვაიდერის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;

თ) პროვაიდერის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არ აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები, ვირტუალური აქტივები ან/და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დასაფარად;

ი) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;

კ) პროვაიდერის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე, შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;

ლ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა არახელსაყრელი იყოს პროვაიდერის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;

მ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ფინანსური ანგარიშგება, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ნ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;

ო) პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

პ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოუკითხავი აქტივების განცალკევებული აღრიცხვა. შეინახოს ისინი სხვა მომხმარებელთა და პროვაიდერის საკუთარი აქტივებისგან განცალკევებით, სხვა პროვაიდერთან, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ან ვირტუალური აქტივების ურთიერთგადაცვლის შემდეგად მიღებული ფულადი სახსრები განათავსოს ეროვნულ ბანკში, მოუკითხავი თანხების ანგარიშზე; ასევე, შექმნას მოუკითხავი აქტივების რეესტრი, რომელშიც აისახება აქტივების სახეობა და მოცულობა, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელებული ქმედებები. მომხმარებელთა მოუკითხავი აქტივები არ შედის სალიკვიდაციო მასაში და არ გამოიყენება კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

ჟ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს პროვაიდერის კრედიტორთა კუთვნილი ფიატური სახსრების და ვირტუალური აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;

რ) მოეპყროს პროვაიდერის მომხმარებელებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.

10. მოუკითხავი აქტივების მომხმარებლისათვის გადარიცხვის/გადაცემის ხარჯებს გაიღებს თავად მომხმარებელი.

11. ლიკვიდაციის პროცესში პროვაიდერის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და არსებობის შემთხვევაში ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საქმეები.

12. ლიკვიდატორი ვალდებულია  უზრუნველყოს პროვაიდერის ვირტუალური აქტივებზე ყველა წვდომის საშუალების, მათ შორის, მრავალხელმოწერიან ვირტუალური აქტივის ანგარიშებზე წვდომის საშუალების გამოყენების შეზღუდვა, ხოლო ტექნიკური შეუძლებლობის შემთხვევაში, ვირტუალური აქტივების დაუყოვნებლივი გადატანა (გადაცემა) ამ წესით განსაზღვრულ სხვა ვირტუალური აქტივის ანგარიშზე.


მუხლი 8. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა
1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:

ა) პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის;

ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირის, მათ შორის, პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორების ან/და ყოფილი ლიკვიდატორების მიერ პროვაიდერის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;

გ) კომერციული ბანკებისგან, მიკრობანკებისგან და პროვაიდერებისგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისთვის;

დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;

ე) პროვაიდერის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;

ვ) პროვაიდერის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის/ვირტუალური აქტივების ამოღების მიზნით, სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისთვის;

ზ) ფინანსური დარღვევებისათვის;

თ) პროვაიდერის მომხმარებლებთან არაეთიკური ან/და მათი არაკეთილსინდისიერი მოპყრობისათვის.

2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.


მუხლი 9. მოთხოვნების დაკმაყოფილება
1. მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მომხმარებელი.

2. მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია განხორციელდეს, მათ შორის, ფიატური სახსრებით ან/და ვირტუალური აქტივით, ლიკვიდატორსა და მომხმარებელს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

3. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია, გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.

4. ლიკვიდატორი ვალდებულია, მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.

5. ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს:

ა) სტაბილური ვირტუალური აქტივების მფლობელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სარეზერვო აქტივებიდან და/ან ამ რეზერევების რეალიზაციიდან მიღებული ფიატური სახსრებით;

ბ) დანარჩენ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ემიტენტის საკუთარი აქტივებიდან.


მუხლი 10. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მომხმარებელების აქტივების გადატანა
1. ლიკვიდატორი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მომხმარებელების ვირტუალური აქტივების გადატანის მიზნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა პროვაიდერს. ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს მიმღებმა პროვაიდერმა შესაბამისი ვირტუალური აქტივების მიღებაზე თანხმობა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები და აღინიშნება, რომ პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობის ვირტუალური აქტივების მიღებაზე არის თანახმა.

2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივები გადაიტანოს მხოლოდ იმ პროვაიდერებთან, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს, და ამავდროულად, მათ საქმიანობას, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო ან დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მათ შორის, ვირტუალური აქტივის შენახვა/ადმინისტრირების მომსახურების განხორციელება წარმოადგენს.

3. მომხმარებელის მფლობელობაში არსებული ვირტუალური აქტივების გადატანაზე რამდენიმე პროვაიდერის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს შენახვა/ადმინისტრირების მომსახურებას საკუთარ ინფრასტრუქტურაში და თანახმაა ვირტუალური აქტივების მთლიანი მოცულობის მიღებაზე.

4. თუ ვირტუალური აქტივების მთლიანი მოცულობის მიღებაზე არცერთი პროვაიდერი არ განაცხადებს თანხმობას, ლიკვიდატორი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივები გადაიტანოს სხვადასხვა პროვაიდერში იმ მოცულობით, რომელზეც მათ თანხმობა განაცხადეს. ამასთან, მიმღები პროვაიდერების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც თანხმობას განაცხადებს ვირტუალური აქტივების მეტი წილის მიღებაზე. ამასთან, დარჩენილი ვირტუალური აქტივების გადაცემა ხდება მოთხოვნილი ვირტუალური აქტივების წილის მოცულობით რიგით მეორე პროვაიდერისათვის.

5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვირტუალური აქტივების მიღებაზე ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მას, ვინც პირველი წარადგენს თანხმობას.

6. ამ მუხლის შესაბამისად გადასატანი ვირტუალური აქტივების ღირებულების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიმღები პროვაიდერის აქტივების 10%-ს.

7. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი პროვაიდერი არ განაცხადებს თანხმობას ვირტუალური აქტივების მიღების თაობაზე ან პროვაიდერი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, ან პროვაიდერი თანახმაა ვირტუალური აქტივების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, შესაბამის ვირტუალური აქტივის ანგარიშებზე განთავსებული აქტივები დაუბრუნდება მომხმარებლებს. თუ შეუძლებელია მომხმარებლისთვის დაბრუნება, მათ შორის, მფლობელის გამოვლენის შეუძლებლობის გამო ლიკვიდატორი განახორციელებს მომხმარებელების მფლობელობაში არსებული დარჩენილი ნაწილის ურთიერთგადაცვლას ფიატურ სახსრებში და საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი აქტივების ანგარიშზე გადარიცხვას.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვირტუალური აქტივის გადატანისას ლიკვიდატორი მიმღებ პროვაიდერს ან/და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს გადასცემს ამ აქტივებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. პროვაიდერი ან/და საფინანსო სექტორის წარმომადგენელი ვალდებულია, უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 11. სტაბილური ვირტუალური აქტივების და სარეზერვო აქტივების ადმინისტრირების უფლების სხვა პროვაიდერთან გადატანა 
1. ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ახალი სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვება;

ბ) შეაჩეროს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ზრდის ემიტენტის ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია სტაბილური ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან;

გ) დაადგინოს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობა და შეადაროს იგი არსებული სარეზერვო აქტივების მოცულობას;

დ) განახორციელოს გამოსყიდვის პროცესი: განსაზღვროს გამოსყიდვის წესი და ვადები, უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის განადგურება (burning) გამოსყიდვის შემდეგ;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ რეზერვების მოცულობისა და ხარისხის შესახებ დასკვნის მომზადება;

ვ) მოექცეს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელებს არადისკრიმინაციულად.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია, შეინარჩუნოს სტაბილური ვირტუალური აქტივები იმავე განცალკევებულ ვირტუალური აქტივის ანგარიშებზე, სადაც ისინი ინახებოდა ლიკვიდაციის დაწყების მომენტში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაიტანოს აქტივები მხოლოდ უსაფრთხო, მათ შორის, მრავალხელმოწერიან ვირტუალური აქტივის ანგარიშზე ან ვირტუალური აქტივის წვდომის ფიზიკურ მოწყობილობაზე (cold wallet).

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს რეზერვების გადატანა სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან, ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, თუ ეს აუცილებელია რეზერვების უსაფრთხოების ხელმისაწვდომობის ან სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. აღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს რეზერვების დანიშნულების ცვლილება და არ უნდა დაარღვიოს მათი სეგრეგაცია.   

4. ლიკვიდატორი ვალდებულია, უზრუნველყოს სარეზერვო აქტივების განცალკევებული განთავსება, სალიკვიდაციო მასისგან გამიჯნულად, რომელიც მიიმართება მხოლოდ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა გამოსყიდვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტიტუტისგან, სადაც ემიტენტს განთავსებული ჰქონდა სარეზერვო აქტივები;

ბ) მოითხოვოს წვდომა ყველა სარეზერვო აქტივზე, მათ შორის, წვდომის საშუალებებზე;

გ) მოითხოვოს რეზერვების გადაცემა საკუთარი კონტროლის ქვეშ.

6. ლიკვიდატორი ვალდებულია რეზერვებთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სრულ აღრიცხვასა და მათი მიზნობრივად განკარგვის კონტროლზე.

7. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდატორი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ემიტენტის გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივების რეზერვების გადატანის თხოვნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღნიშნული რეზერვების შენახვაზე. ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს სარეზერვო აქტივების მიღებაზე თანხმობა მიმღებმა პირმა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება ამ მუხლით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები და აღინიშნება, რომ პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობის სარეზერვო აქტივების მიღებაზე არის თანახმა.

8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, სარეზერვო აქტივები გადაიტანოს მხოლოდ იმ პირთან, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას და აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს. აღნიშნული შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან.

9. სარეზერვო აქტივების გადატანაზე რამდენიმე პირის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირს, რომელიც თანახმაა სარეზერვო აქტივების მთლიანი მოცულობის მიღებაზე.

10. თუ სარეზერვო აქტივების მთლიანი მოცულობის მიღებაზე არცერთი პირი არ განაცხადებს თანხმობას, ლიკვიდატორი უფლებამოსილია სარეზერვო აქტივები გადაიტანოს სხვადასხვა პირთან იმ მოცულობით, რომელზეც მათ განაცხადეს თანხმობა. ამასთან, მიმღები პირების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პირს, რომელიც თანხმობას განაცხადებს სარეზერვო აქტივების მეტი წილის მიღებაზე. ამასთან, დარჩენილი სარეზერვო აქტივების გადაცემა ხდება სარეზერვო აქტივების წილის მოცულობით რიგით მეორე პირისთვის.

11. ამ მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირების მიერ სარეზერვო აქტივების მიღებაზე ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც პირველი წარადგენს თანხმობას.

12. ამ მუხლის შესაბამისად გადასატანი სარეზერვო აქტივების ღირებულების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიმღები პირის აქტივების 10%-ს.

13. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი პირი არ განაცხადებს თანხმობას სარეზერვო აქტივების მიღებაზე ან პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს ან მიმღები პირი თანახმაა სარეზერვო აქტივების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, ლიკვიდატორი დატოვებს სარეზერვო აქტივებს იმ ფინანსურ ინსტიტუტთან, რომელთანაც ის განთავსებული იყო ლიკვიდაციის დაწყებამდე.   

14. ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო აქტივების გადატანისას ლიკვიდატორი მიმღებ ფინანსურ ინსტიტუტს გადასცემს ამ აქტივებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. აღნიშნული მიმღები პირი ვალდებულია, უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა.


მუხლი 12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების პროცედურა
1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია პროვაიდერის აქტივები (გარდა ვირტუალური აქტივებისა) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე (შემდგომში – „აუქციონი“) გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში პროვაიდერის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების აუქციონი წარიმართება აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და შემდეგი პირობების დაცვით:

ა) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო აქტივის მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ შესათანხმებლად, აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, წარუდგენს ეროვნულ ბანკს;

გ) აუქციონზე შეძენილი აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) აუქციონზე გამარჯვებულს აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს „ბე“ ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) აუქციონზე გაყიდული აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე;

ვ) თუ პირველი აუქციონის დროს არ განხორციელდა საწყის ფასში აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისთვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.

2. აუქციონზე გასაყიდი აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, პროვაიდერის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით აუქციონი დამატებით ჩაატაროს.

4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის მოთხოვნის უფლებები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან.


მუხლი 13. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა
1. ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აქტივების შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორი.

2. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხორციელდება ლიკვიდატორის მიერ და შერჩეული კანდიდატი წარედგინება ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად.

3. დამოუკიდებელი აუდიტორი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

4. დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს;

ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად;

გ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერთან, ეროვნული ბანკთან ამ მუხლის მე-11-მე-14 პუნქტების შესაბამისად.

5. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებისა და შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდატორი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი უარის თქმის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ხელახლა შეარჩევს სხვა კანდიდატს და კვლავ წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად.

6. ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელ აუდიტორს განესაზღვრება:

ა) შეფასების განხორციელების ვადა;

ბ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

გ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ.

7. შეფასების განხორციელების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროვაიდერის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეფასების დეტალურობის საჭიროების გათვალისწინებით.

8. შეფასების განხორციელებისას დამოუკიდებელი აუდიტორი:

ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს პროვაიდერისგან და ეროვნული ბანკისგან;

ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი პროვაიდერისგან და ეროვნული ბანკისგან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ისეთ ინსტრუქციებზე, მითითებებზე, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებაზე, რომელიც ლიკვიდატორის შეფასებით საჭიროა შეფასების მიზნებისთვის;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანაზღაურებისა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვაზე.

10. აუდიტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, რაც გულისხმობს შემდეგს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტორი არ უნდა იყოს პროვაიდერის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში იგი არ უნდა იყოს პროვაიდერთან დაკავშირებული პირი.

11. დამოუკიდებელ აუდიტორს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი პროვაიდერთან და ეროვნულ ბანკთან.

12. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს:

ა) პროვაიდერის ადმინისტრატორები;

ბ) პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან სხვაგვარად მაკონტროლებელი პირები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული პროვაიდერის მნიშვნელოვანი კრედიტორები.

13. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება პროვაიდერისთვის ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებთან; ამასთან, მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ პირმა, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის განახორციელა პროვაიდერის აუდიტორული შეფასება;

ბ) პირადი („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი) ან პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელ აუდიტორსა და პროვაიდერს ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ პირებს შორის;

გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა პროვაიდერის მიმართ დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან;

დ) სხვა გარემოება, თუ ლიკვიდატორის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.

14. თუ აუდიტორი იურიდიული პირია, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში.

15. პირი, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ აუდიტორად ვალდებულია:

ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ;

გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი.

16. ამ მუხლის მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება პროვაიდერის აქტივების და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.


მუხლი 14. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება ან შეწყვეტა
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პროვაიდერის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:

ა) სრულად არის დაფარული პროვაიდერის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;

ბ) უნდა განხორციელდეს საქმიანობის საგნის ცვლილება ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების შესაბამისად.

3. ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ პროვაიდერს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად. აღნიშნულ შემთხვევაში ლიკვიდატორი მოქმედებს ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

4. პროვაიდერს აქტივები აღარ აქვს, თუ:

ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;

ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.

5. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს პროვაიდერის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ პროვაიდერის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ პროვაიდერის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) პროვაიდერის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;

დ) ინფორმაციას პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;

ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.

6. ლიკვიდატორი, მისი ხელმოწერითა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებულ პროვაიდერის სალიკვიდაციო აქტს, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.

7. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

8. პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტებით დადგენილი პროცედურით საქმიანობის საგნის ცვლილებისას, რა შემთხვევაშიც პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით.

9. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას პროვაიდერს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს პროვაიდერის პარტნიორებს/აქციონერებს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით.

10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელ დასკვნასთან ერთად წარუდგენს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოიცემა პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

11. გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა პროვაიდერმა შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გააგრძელოს საქმიანობა ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს.

12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა პროვაიდერმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება საქმიანობის საგნის ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი.

13. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს პროვაიდერის ვალდებულებების გასტუმრებას, ან თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, იგი უნდა ემსახურებოდეს პარტნიორთა/აქციონერთა ინტერესების დაცვას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება და ყველა დარჩენილ კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში, იგი აღარ ექვემდებარება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და პროვაიდერის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

14. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს ლიკვიდირებული პროვაიდერის ბეჭედი და შტამპი (არსებობის შემთხვევაში), რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი.

15. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ლიკვიდატორს.


მუხლი 15. ეროვნული ბანკის უფლებები
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერი;

ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;

დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;

ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.



📎 დანართები (1)
დანართი1.docx ⬇

დანართი №1

I ეტაპის ხარჯები:
ლიკვიდატორის ბეჭდის დამზადება;
ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი) ლიკვიდაციაში მყოფი პროვაიდერის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
ცნობები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ლიკვიდაციაში მყოფი პროვაიდერის უძრავი ქონებისა და სხვა კომპანიებში წილის ფლობის შესახებ;
სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კრედიტორთა ვალდებულებების დაზუსტების თაობაზე განცხადების გამოქვეყნება;
თარჯიმნის, ნოტარიუსის, ტრანსპორტირების ხარჯი;
ბუღალტრის ხელფასი (დარიცხული) მინიმუმ 3 თვის;
იჯარის ხარჯი – მინიმუმ 3 თვის;
კომუნალური გადასახადები 3 თვის;
ფოსტის მომსახურება.
II ეტაპის ხარჯები:
უძრავი/მოძრავი ქონების და არამატერიალური აქტივის შეფასება;
სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადასახდელი თანხა (იმ შემთხვევაში, თუ აღსრულებას გადაეცემა სესხი, წინასწარ უნდა ჩაერიცხოს მოთხოვნილი თანხის – სასამართლოთი დაკისრებული თანხის 2%);
სასამართლო ბაჟი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე (მოთხოვნილი თანხის) (შეიძლება გადავადდეს, გადახდის დაკისრება მოხდება საქმის წაგების შემთხვევაში);
საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე მონაწილეობის გადასახადი;
საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდული ქონების გადასახადი (ქონების გაყიდვის ხარჯის %);
ლიკვიდაციაში მყოფი პროვაიდერის დოკუმენტების დაარქივება – აუცილებლობის ან/და მიზანშეწონილობის შემთხვევაში;
სხვა ხარჯი.


დანართი №2

დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასების კითხვარი

I. აუდიტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები

ა) ფიზიკური პირი

სახელი

 

გვარი
დაბადების თარიღი
ფაქტობრივი მისამართი
იურიდიული მისამართი
მოქალაქეობა (რეზიდენტობა)
პირადობის ნომერი/პასპორტის ნომერი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა

 ბ) იურიდიული პირი

დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი
რეგისტრაციის ადგილი
სათავო ოფისის მისამართი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა

 II. აუდიტორის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რესურსები

ა) გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილება (აუდიტორული საქმიანობისათვის რელევანტური). იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ კომპანიის სარეიტინგო შეფასება (არსებობის შემთხვევაში), ბოლო რეიტინგის მინიჭების თარიღი და სარეიტინგო კომპანიის დასახელება;
 
ბ) გთხოვთ, მიუთითოთ ინფორმაცია აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების შესახებ (ადამიანური და ტექნიკური რესურსი).

III. სტრუქტურული დამოუკიდებლობა

 

ა)

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხართ თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ხართ თუ არა ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერთან დაკავშირებული პირი?

□ 

კი

□ 

არა

 „კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 IV. არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი

 

ა)

განახორციელეთ თუ არა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აუდიტორული შემოწმება მიმდინარე წლის წინა საანგარიშო წლისთვის?

 

 

□

 კი

□

 არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

 

ბ)

გქონიათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა სახის პროფესიული ან სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) პროვაიდერთან/მის ადმინისტრატორთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან, მაკონტროლებელ პირებთან ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული პროვაიდერის მნიშვნელოვან კრედიტორებთან?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

გ)

გაქვთ ან გქონდათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში რაიმე სახის პირადი ურთიერთობა პროვაიდერის ადმინისტრატორებთან? ასევე პირ(ებ)თან, რომელიც პროვაიდერში ფლობს მნიშვნელოვან წილს, წარმოადგენენ მაკონტროლებელ პირებს ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ პროვაიდერის მნიშვნელოვან კრედიტორებს?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

დ) 

 

გაქვთ თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არსებითი ფინანსური ინტერესი (მაგალითად, როგორიცაა, საკუთრება, ინვესტიცია, სესხი, მნიშვნელოვანი ტრანზაქცია) ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერთან?

 

□ 

კი

□

არა

 

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ფინანსური ინტერესის დეტალები

ე)

 

 

არსებობს თუ არა რაიმე სხვა გარემოება, რომელიც არ არის წინამდებარე კითხვარში მოცემული, მაგრამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აუდიტორის დამოუკიდებლობაზე?

 

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (როგორიცაა, ურთიერთობის ბუნება, პერიოდი და ა.შ.)

 დამოუკიდებელი აუდიტორი ადასტურებს, რომ:

 

კითხვარში მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.

ის უზრუნველყოფს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და არსებობის შემთხვევაში ლიკვიდატორის დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

 

______________________________________________________________

ხელმოწერა თარიღი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №209/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.017017.
სად არის „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №209/04, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.017017 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6990034/