საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №420 |
|
2026 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი), სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
3. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი, №140ა.
სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება), კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურასა და უფლებამოსილებას, სამსახურის დირექტორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს, ასევე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებებს.
სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემისა და საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა და უფასო იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება.
1. სამსახურის მიზანია მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უფასო იურიდიული დახმარების, კერძოდ, თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის მუდმივი გაუმჯობესება, სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრული პირებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს და თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
თავი III. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
1. სამსახურის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამსახურის დირექტორი;
ბ) სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე;
გ) სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირები;
დ) სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები – სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები;
ე) შრომითი ხელშეკრულებით (შტატგარეშე) დასაქმებული პირები.
2. სამსახურის შემადგენლობაში მყოფი თითოეული პირი არის სამსახურის თანამშრომელი.
3. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის აპარატისაგან (შემდგომში – აპარატი), იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.
4. სამსახურის ფარგლებში ფუნქციონირებს მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
5. სამსახურში საქმიანობის რისკების ეფექტიან მართვას, შიდა კონტროლის მექანიზმების სრულყოფას, ასევე შრომის დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვას უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მენეჯერი, რომელიც არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
6. სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
7. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მოადგილის, ასევე სამსახურის სხვა თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებსა და სამუშაო აღწერილობებს ამტკიცებს სამსახურის დირექტორი.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომლის ფუნქციები, თანამდებობაზე დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება კანონით.
2. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა შორის ფუნქციების განაწილების უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს შესაბამისი ბრძანებით.
3. დირექტორი უფლებამოსილია, სამსახურის ფარგლებში შექმნას კომისიები ან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1. დირექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე ექვემდებარებიან დირექტორს და ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დირექტორის დავალებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. დირექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის ფუნქციების შესრულება ეკისრება დირექტორის პირველ მოადგილეს. ამ შემთხვევაში დირექტორის პირველ მოადგილეს გააჩნია დირექტორის ყველა უფლებამოსილება.
3. დირექტორისა და მისი მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორის მოადგილეს.
4. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე:
ა) მონაწილეობენ სამსახურის მართვაში;
ბ) განსაზღვრავენ საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, უზრუნველყოფენ მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებასა და კოორდინაციას;
გ) უშუალოდ ხელმძღვანელობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს, გასცემენ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს და უზრუნველყოფენ სტრუქტურული ერთეულების გამართულ ფუნქციონირებასა და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურს წარმოადგენენ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ე) საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას, აგრეთვე ახორციელებენ მათ ვიზირებას, სამსახურის საქმისწარმოების წესის შესაბამისად;
ვ) დირექტორს წარუდგენენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ხარვეზების ან/და განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში;
თ) ასრულებენ დირექტორის დავალებებსა და კანონით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
5. სამსახურის თანამშრომლები ვალდებული არიან, შეასრულონ დირექტორის, კურატორი მოადგილეების მითითებები, დავალებები და წარუდგინონ მათ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
6. დირექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებული არიან დირექტორის წინაშე.
1. იურიდიული დახმარების ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის სამსახურის შემადგენელი პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც, კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.
2. ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფასა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე, რათა მათ შეძლონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით ჯეროვნად სარგებლობა.
3. ბიუროს შემადგენლობაში შედიან ბიუროს მენეჯერი, ადვოკატები, კონსულტანტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
4. სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროებია:
ა) თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო;
ბ) სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო;
გ) მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო;
დ) თელავის იურიდიული დახმარების ბიურო;
ე) გურჯაანის იურიდიული დახმარების ბიურო;
ვ) სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო;
ზ) რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო;
თ) გორის იურიდიული დახმარების ბიურო;
ი) ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო;
კ) ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო;
ლ) ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო;
მ) ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო;
ნ) ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო;
ო) ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო;
პ) ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო.
5. კანონით გათვალისწინებულ საკონსულტაციო მომსახურებას სამსახური უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.
6. საკონსულტაციო ცენტრი არის იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილი ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციის გაცემას, კერძოდ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იურიდიული კონსულტაციის მიცემას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში – იურიდიული დახმარების გაწევას, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.
7. საკონსულტაციო ცენტრი შედგება კონსულტანტისგან და საჭიროების შემთხვევაში – ადმინისტრაციული პერსონალისაგან. საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს შესაბამისი ბიუროს მენეჯერი, ტერიტორიულობის პრინციპის საფუძველზე, რაც განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
8. საკონსულტაციო ცენტრების ჩამონათვალი, აგრეთვე, ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების სამოქმედო ტერიტორიის ფარგლები და ქვემდებარე საქმეები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
სამსახურის აპარატი შედგება შემდეგი პირველადი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზანია სამსახურის საქმისწარმოების, დოკუმენტბრუნვისა და საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა, სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა და სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, აგრეთვე სამსახურის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამსახურის ელექტრონული სისტემების ადმინისტრირება.
2. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვისა და განვითარების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და განხორციელების დაგეგმვა;
გ) ერთიანი ორგანიზაციული კულტურის, ჯანსაღი სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა გუნდური ფორმირების მიზნით, წინადადებების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
დ) თანამშრომელთა მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) ადამიანური რესურსების მართვის მიზნით, სხვადასხვა წესის/ პროცედურის პროექტების შემუშავება;
ვ) სამსახურში კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
თ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების/დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
ი) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;
კ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, თანამშრომელთა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების პროცედურებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა;
ლ) სტაჟირების პროგრამების განვითარება, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომელთა დანიშვნის ბრძანებების ან მათთან გასაფორმებელი შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების, სტაჟიორების დანიშვნის/გათავისუფლების ბრძანებების, სტაჟირების ხელშეკრულების პროექტების, თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების, ფუნქცია-მოვალეობების დაკისრების, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და საკადრო სახის სხვა ბრძანებების პროექტების მომზადება;
ნ) ადამიანური რესურსების შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების/სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
ო) თანამშრომელთა სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა;
პ) თანამშრომლებისთვის საკადრო და საორგანიზაციო ხასიათის ბრძანებების, შრომის შინაგანაწესისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების გაცნობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ხელწერილების ჩამორთმევის ორგანიზება და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველთვიურად, თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის მომზადება და თანამშრომლებისათვის გაცნობა;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე დირექტორისა და დირექტორის კურატორი მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება.
3. სამსახურის საქმისწარმოების, დოკუმენტბრუნვისა და საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების საკითხების შესახებ სამართლებრივი აქტებისა და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (Eflow) დოკუმენტების დადგენილი წესითა და ფორმით წარმოება და მიმოცვლის ზედამხედველობა;
გ) სამსახურში შესული მატერიალური და ელექტრონული კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, განაწილება, შესრულებაზე კონტროლი;
დ) სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ადრესატისათვის გაგზავნა და ჩაბარების კონტროლი, შესაბამისი ელექტრონული რეესტრის კონტროლი;
ე) სამსახურსა და გარე უწყებებს/პირებს შორის კორესპონდენციის მიმოცვლა ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის (Eflow) საშუალებით;
ვ) სამსახურის ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშების პროექტების მომზადება;
ზ) არქივის წარმოებისა და მართვისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, არქივში დაცული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება, სამსახურის დოკუმენტების დაარქივებასთან დაკავშირებით სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და სამსახურის არქივში დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის საამისოდ უფლებამოსილ პირებზე გაცემა;
თ) სამსახურის ნაერთი ნომენკლატურის ბრძანების, საექსპერტო კომისიის დებულების, ასევე დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათ დამტკიცებასთან/მიღებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
ი) საექსპერტო კომისიის მუშაობის ორგანიზება და წარმართვა;
კ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების აღრიცხვა და გაფორმება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა და განხორციელება.
4. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ადმინისტრაციული შენობის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ავეჯით, საკანცელარიო და სამეურნეო ინვენტარით, საჭირო ტექნიკით, სატრანსპორტო მომსახურებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის შენობების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა, სამსახურის ქონების დაცვის ორგანიზება;
გ) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება, სამსახურის მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის დაგეგმვა და კონტროლი;
დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ჩატარება;
ვ) ექსპლუატაციიდან გამოსული არაფინანსური აქტივების ჩამოწერისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
ზ) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;
თ) სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება;
ი) სამსახურის სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვა და მართვა;
კ) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) სამსახურის ავტოპარკის მართვა და განაწილება, მათ შორის, მობილური საკონსულტაციო ცენტრის გადაადგილების ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. გარდა ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისა, დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვას;
ბ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
გ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოებას;
დ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და, კომპეტენციის ფარგლებში, მათ შესრულებას;
ე) სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მიზნებისთვის სამსახურის თანამშრომელთა ტრანსპორტირებას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებასა და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
1. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მიზანია სამსახურის საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, საფინანსო პოლიტიკის დაგეგმვა, ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა და შესყიდვების ორგანიზება.
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) შესაბამისად, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) სამსახურის ბიუჯეტის წლიური გეგმის პროექტის შემუშავება, დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების, საბიუჯეტო განაცხადისა და კვარტალური განწერის განხორციელება, წლიური ბიუჯეტის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მართვა;
გ) ბიუჯეტის წლიური გეგმის შესრულების შესახებ კვარტალური/წლიური ანგარიშების მომზადება/წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ბიუჯეტიდან მიღებული და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
ე) სამსახურის საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის ასახვა და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
ვ) წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და სხვა ფინანსური ინფორმაციის დადგენილი წესით მომზადება და წარდგენა შესაბამისი უწყებებისთვის;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, აღრიცხვა და შენახვა. ასევე, საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება კანონით გათვალისწინებული ორგანოებისათვის;
თ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების, აგრეთვე, სხვა გასაცემლების დარიცხვა და გაცემა;
ი) სტატისტიკური ანგარიშებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
კ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, საჭიროების იდენტიფიცირება და მიზანშეწონილობა, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნებისა და კოდის განსაზღვრა, ბაზრის კვლევა, სატენდერო პირობებისა და მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, ფინანსური სახსრების დაგეგმვა და ბიუჯეტირება, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, დამტკიცება და კორექტირება;
მ) სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესყიდვის პროცედურების განხორციელება და ანგარიშგება;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ხელშეკრულების პროექტებისა და საჭიროების შემთხვევაში – მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება, მათი გაფორმება, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
ო) ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის დაანგარიშება და შემდგომი საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
ბ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამსახურის წლიური ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
1. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიზანია სამსახურის სამართლებრივი ხასიათის საკითხებზე რეაგირება, ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელება, სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამსახურის სახელით წარმომადგენლობა, სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობა, საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება და მონიტორინგი, აგრეთვე მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადმინისტრირება.
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტების მომზადება;
ბ) სამსახურის შესახებ ან სამსახურის მანდატიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადება, ცალკეული უწყებების მიერ მიწოდებულ კანონპროექტებზე სამსახურის პოზიციის მომზადება და გაზიარება;
გ) სამსახურის ინტერესების დაცვის მიზნით, სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე სხვა უწყებებთან სამსახურის სახელით ურთიერთობა;
დ) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით დასადები ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამსახურში შესული წერილებისა და განცხადებების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, წერილებისა და სხვა სახის კორესპონდენციის პროექტების მომზადება (გარდა სხვადასხვა უწყებიდან შესული საორგანიზაციო ხასიათის წერილებისა), აგრეთვე სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
თ) სამსახურის ოფისების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ორგანიზება;
ი) სამსახურის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, აგრეთვე სამსახურის მონაწილეობით წარმოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის ბუღალტრული აღრიცხვა და საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
კ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიულად გამოქვეყნება;
ლ) საზოგადოებრივი ადვოკატების, მათ შორის, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება სისხლის სამართლისა და სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით, დირექტორის მიერ დამტკიცებული ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად;
მ) იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობისა და მომსახურების ხარისხის შესწავლისა და შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, აგრეთვე ხარისხის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა და ანგარიშის დირექტორისთვის წარდგენა;
ნ) იურიდიული საქმისწარმოების მართვის სისტემაში (Case Bank) ადვოკატის მიერ რეგისტრირებული აქტივობების სასამართლოსა და სხვა ორგანოების მონაცემებთან შედარება/გადამოწმება, სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით განხორციელებული კონსულტაციების ხარისხის შეფასება;
ო) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წარმოება და რეესტრის ადვოკატების საქმიანობის ადმინისტრირება;
პ) რეესტრის ადვოკატებზე საქმეების გადაცემის, დასრულებისა და ანგარიშგების ზედამხედველობა, რეესტრის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების გამოანგარიშება, ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანაზღაურების მიზნებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის დირექტორისათვის წარდგენა;
ჟ) რეესტრის ადვოკატის საქმეში ჩართვის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელის მიმართვის მიზანშეწონილობისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, აგრეთვე რეესტრის ადვოკატების ადვოკატთა ასოციაციის წევრობის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
ბ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამსახურის წლიური ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
1. ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია სამსახურის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, კვლევების განხორციელება, სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე სამსახურის სტრატეგიის, პოლიტიკისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ანგარიშების შედგენა.
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის დაწესებულებებთან, მათ შორის, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია, ასევე მათთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
ბ) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებსა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, დანერგვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
გ) ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თემატური სახელმძღვანელოების შემუშავება, კვლევებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, გავრცელება, დანერგვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
ე) სამსახურის ხელმისაწვდომობასა და მანდატთან, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული, სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების საჭიროების, ლოკაციების ან/და თემატიკის ანალიზი, პრეზენტაციების უნიფიცირებული ფორმების მომზადება ან/და მათი მომზადების ორგანიზების ხელშეწყობა;
ზ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევა და შესაბამისი დასკვნის/რეკომენდაციის დირექტორისათვის წარდგენა;
თ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
ი) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა, სასწავლო მოდულების, სტაჟირების პროგრამებისა და იურიდიული კლინიკის სისტემის განვითარებისა და დანერგვის მიზნით, შესაბამისი მემორანდუმების გაფორმების ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;
კ) პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება, მათი წარდგენის ორგანიზება, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას შესაბამისი ხელშეკრულებების, ანგარიშების, მიღება-ჩაბარების აქტების ან სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, მათი ხელმოწერის ორგანიზება;
ლ) იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის (Case Bank), სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სხვა ელექტრონული პლატფორმების ადმინისტრირება, მართვა და გამართული ფუნქციონირების ორგანიზება;
მ) იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case Bank) ადვოკატების (რეესტრის ადვოკატების გარდა)/კონსულტანტების/ სპეციალისტების მიერ ინფორმაციის დროულად და სათანადოდ შეყვანაზე მონიტორინგი:
მ.ა) საზოგადოებრივი ადვოკატის/კონსულტანტის მიერ სავალდებულო აქტივობების შესრულების ზედამხედველობა;
მ.ბ) იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case Bank) საზოგადოებრივი ადვოკატის/კონსულტანტის მიერ შეყვანილი/დარეგისტრირებული აქტივობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
მ.გ) იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case Bank) საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაგეგმილი აქტივობების გაუქმებაზე/გადავადებაზე ზედამხედველობა;
ნ) სამსახურის ელექტრონული სისტემებიდან შესაბამისი ინფორმაციის/ სტატისტიკის დამუშავება;
ო) სამსახურის ელექტრონულ სისტემებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
პ) სამსახურის განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და პოლიტიკის დოკუმენტების პროექტების შემუშავება, ამ პროცესში სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის კოორდინაცია, აგრეთვე დამტკიცებული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ჟ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, მეთოდოლოგიებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომელთა მომზადებაც სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე, მათ შორის, პერიოდული და თემატური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების აღრიცხვა.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
ბ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამსახურის წლიური ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიზანია სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, სემინარების მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება;
გ) სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებებისა და განცხადებების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის მიწოდება;
დ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამსახურის საინფორმაციო კამპანიის წარმოება, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;
ე) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, მათი განხორციელების მხარდაჭერა, ასევე საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ზ) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
თ) სამსახურის მიერ ფოტო/ვიდეო მასალების მომზადება, დამუშავება და დაარქივება;
ი) სამსახურის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
კ) მედიის მონიტორინგი/ანალიზი და დირექტორის დროული ინფორმირება არსებული ტენდენციების შესახებ;
ლ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
ბ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამსახურის წლიური ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება და დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
1. ბიუროს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელიც თანამდებობრივად უთანაბრდება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. ბიუროს მენეჯერს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი.
2. ბიუროს მენეჯერი ზედამხედველობს იურიდიული მომსახურების განხორციელებას (უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება, კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვა, დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა და ა. შ.), ასრულებს ბიუროს მართვასთან დაკავშირებულ და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ადვოკატის ფუნქციებს.
3. ბიუროს მენეჯერის ფუნქციებია ბიუროს ხელმძღვანელობა, ადვოკატთა, კონსულტანტთა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ზედამხედველობა, იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად პირის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება, საქმიდან აცილების შესახებ ადვოკატის/კონსულტანტის მოთხოვნის დამუშავება, ორდერის გაცემა და ხელმოწერა, ასევე ბიუროს მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
4. ბიუროს ადმინისტრაციული მართვის ფარგლებში ბიუროს მენეჯერი უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუწიოს ბიუროს საქმიანობას და განსაზღვროს სამუშაო პროცესის შიდა წესრიგი;
ბ) დაგეგმოს სამუშაო და გაანაწილოს საქმეები, დირექტორის მიერ დადგენილი წესით;
გ) შეაფასოს ადვოკატების, კონსულტანტებისა და ბიუროს სხვა თანამშრომელთა მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების ადმინისტრაციული და ორგანიზაციული შესრულება;
დ) განახორციელოს საქმის წარმოების ადმინისტრაციული შემოწმება, საქმის შინაარსობრივ მხარეში ჩაურევლად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სიახლეების ინიციირება, უზრუნველყოს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა, იზრუნოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებასა და პროდუქტიულობის ზრდაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები;
ვ) განახორციელოს ზედამხედველობა თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვაზე, ხოლო დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, კანონითა და დირექტორის ბრძანებით დადგენილ ფარგლებში და მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და შიდა აუდიტის მენეჯერს.
5. ბიუროს მენეჯერი უფლებამოსილია, გასცეს სავალდებულო ადმინისტრაციული მითითებები ბიუროს საქმიანობის ორგანიზებასთან, დაგეგმვასთან, ვადების დაცვასთან, დოკუმენტაციის მომზადებასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით.
6. ბიუროს მენეჯერის არყოფნის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ბიუროს მენეჯერის უფლებამოსილების დროებით განხორციელება შეიძლება, დაევალოს ამავე ბიუროს ერთ-ერთ ადვოკატს, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
7. ბიუროს მენეჯერის სხვა უფლებამოსილებები, ვალდებულებები და საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
1. ბიუროს ადვოკატი არის სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის დაცვასა და წარმომადგენლობას და რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.
2. ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ბიუროს ადვოკატის საადვოკატო საქმიანობა მოიცავს იურიდიული კონსულტაციის მიცემას იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისთვის, მის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, დაკავების, გამოძიების ორგანოებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების შესრულებას.
4. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადვოკატი უფლებამოსილია:
ა) წარმოადგინოს და დაიცვას იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი, მისი უფლებები და თავისუფლებები საერთო სასამართლოებში, გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები;
გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა;
დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
5. ადვოკატს ეკრძალება კერძო საადვოკატო ან/და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება. იგი ვალდებულია დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობისას მიღებული პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია.
6. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამსახურის საქმიანობას, მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას. ინტერესთა შეუთავსებლობის ან კონფლიქტის, აგრეთვე მისი წარმოქმნის საფრთხის არსებობისას, ადვოკატი დაუყოვნებლივ წარუდგენს ბიუროს მენეჯერს დასაბუთებულ განცხადებას საქმიდან ჩამოცილების შესახებ და საქმიდან ჩამოსცილდება მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დააკმაყოფილებს ადვოკატის აცილების შესახებ შუამდგომლობას.
7. ადვოკატის სხვა უფლებამოსილებები, ვალდებულებები და საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და დირექტორის ბრძანებით.
1. ბიუროს ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი.
2. სისხლის სამართლის პროცესში ბიუროს ადვოკატის საქმეში ჩართვა ხორციელდება:
ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;
ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.
3. ბიუროს ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვა ხორციელდება:
ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას;
ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.
4. სისხლის სამართლის საქმეზე ბიუროს ადვოკატის საქმეში ჩართვის საკითხი უნდა გადაწყდეს დაუყოვნებლივ.
5. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, თუ საქმის გარემოებები არ მოითხოვს საქმეში ადვოკატის დაუყოვნებლივ ჩართვას, ბიუროს მენეჯერი ან საკონსულტაციო ცენტრი ადვოკატის დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების, მიმართვის ან განჩინების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ადვოკატი საქმეზე დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს.
6. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.
8. ბიუროს მენეჯერი ან საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნას განიხილავს კანონის, ამ დებულებისა და სამსახურის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მანდატისა და წესების შესაბამისად.
9. ბიუროს ადვოკატის საქმეში ჩართვის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
1. კონსულტანტი არის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ბიუროში ან საკონსულტაციო ცენტრში უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციის გაწევასა და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას.
2. ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტზე, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვრცელდება ამ დებულების მე-16 მუხლით დადგენილი ყველა ვალდებულება და უფლებამოსილება.
3. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონსულტანტი ვალდებულია:
ა) გაუწიოს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირს სრულყოფილი და სათანადო კონსულტაცია, მისთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხსა და საქმესთან დაკავშირებით. კონსულტაცია შესაძლებელია, გაიცეს როგორც ადგილზე ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან/და წერილობითი ფორმით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ბიუროს მენეჯერისა და დირექტორის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე, განახორციელოს საზოგადოებრივი ადვოკატის ფუნქციები;
გ) დირექტორის გადაწყვეტილებით დამტკიცებული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების თანახმად, მიიღოს ნებართვა შესაბამისი ბიუროს მენეჯერისგან იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისათვის სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების თაობაზე;
დ) განახორციელოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები, აგრეთვე შეასრულოს დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილისა და ბიუროს მენეჯერის მიერ გაცემული დავალებები და კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
4. კონსულტანტის სხვა უფლებამოსილებები, ვალდებულებები და საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
1. ბიუროებისა და საჭიროების შემთხვევაში საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის უწყვეტობას, ეფექტიანობასა და ორგანიზებულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პერსონალი.
2. ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, რეგისტრაცია და აღრიცხვა;
გ) ბიუროს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადმინისტრაციული, ტექნიკური და საორგანიზაციო ფუნქციების შესრულება.
3. ადმინისტრაციული პერსონალის სხვა უფლებამოსილებები, ვალდებულებები და საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
1. სამსახურს აქვს ქონება, რომელზეც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნია საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლებები.
2. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.
3. სამსახურის ქონება გამოიყენება მხოლოდ იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურის სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით.
4. სამსახურის ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციასა და დაცვას უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დირექტორის მიერ დადგენილი წესით.
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) შემოწირულებები და გრანტები, მათ შორის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული გრანტის გამცემის მიერ გაცემული გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. გრანტით მიღებული სახსრები იხარჯება მიზნობრივად, დონორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 31.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №420. სარეგისტრაციო კოდი — 160020020.10.003.025975.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №420, 31.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 160020020.10.003.025975 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6991586/