პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№436
სარეგისტრაციო კოდი
430060000.10.003.025986
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №436

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები“ განისაზღვროს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2

1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები
მუხლი 1. წესის მიზანი

ამ წესის მიზანია, განსაზღვროს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა და აღნიშნული პირების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის წესი და პირობები.

 

მუხლი 2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის/მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დაწესებული მოთხოვნები

ამ წესის შესაბამისად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს საბაზო ან/და სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს საბაზო ან/და სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.

 

მუხლი 3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაციის ვადებსა და პროცედურებს;

ბ) შერჩევის წესსა და პირობებს;

გ) წარსადგენი დოკუმენტების ფორმას;

დ) დოკუმენტების წარდგენის ვადებს;

ე) ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძვლებს;

ვ) ხელშეკრულების გაფორმების პირობებსა და ვადებს;

ზ) სხვა საკითხებს, დაწესებულების გადაწყვეტილებით.

2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებას წარუდგინოს:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი;

გ) უცხო ქვეყანაში მიღებული საბაზო ან/და სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების აღიარების ან საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული საბაზო ან/და სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად;

დ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის B1 დონეს, ან ჩააბაროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − გამოცდების ცენტრი)  მიერ ორგანიზებული გამოცდა (შემდგომ − ენის გამოცდა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში, ხოლო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა და წარადგინოს B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სხვა დოკუმენტები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენის მომენტში უნდა იყოს მოქმედი, ამ დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოქმედების ვადის გათვალისწინებით. იმ დოკუმენტის წარდგენისას, რომლისთვისაც გამცემი ორგანიზაციის მიერ მოქმედების ვადა დადგენილი არ არის, დოკუმენტის გაცემის თარიღიდან წარდგენის მომენტამდე არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი.

5. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა B1 დონეზე.

6. სახელმწიფო ენის გამოცდის დაგეგმვას და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ცენტრი „სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის №418 დადგენილების შესაბამისად.

7. ენის გამოცდა ტარდება გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:

ა) გამოცდა ტარდება წელიწადში რამდენჯერმე, წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით;

ბ) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ;

გ) ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. გამოცდების ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას;

დ) ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს გამოცდების ცენტრი. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე. საჭიროების შემთხვევაში გამოცდების ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება;

ე) ენის შესაბამისი დონის დაძლევა გულისხმობს ტესტში ენის შესაბამისი დონისათვის დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას. ქულათა ოდენობა მტკიცდება ტესტირების ჩატარებამდე;

ვ) ტესტირების ჩატარების მიზნით გამოცდების ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.

8. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აცხადებს მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის და გამოსცემს ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 1 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ან 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის და მის სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომ − სააგენტო), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.

10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება მთელი წლის განმავლობაში ვალდებულია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს:

ა) გააცნოს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები;

ბ) მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია პროგრამაზე ამ წესით გათვალისწინებულ რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით;

დ) მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო სერვისების, მათ შორის, პროგრამის თავისებურებების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების ფორმა, თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციები, დაფინანსების შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები) შესახებ.

11. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირთა პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის, აღდგენისა და მობილობის საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ მას საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეუჩერდა პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი და ამ სტატუსის შეჩერებიდან 90 დღე გავიდა ან მან შეწყვიტა/დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს წერილობით ან შესაბამისი პროგრამის მეშვეობით აცნობებს.

12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყვიტოს პროფესიული სტუდენტის სტატუსი, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

13. სააგენტო უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური ფორმით აცნობებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

14. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პროფესიულ სტუდენტთა საქართველოში დროებით ყოფნის უფლების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვოს სააგენტოდან.

15. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

2027 წლის პირველ თებერვლამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია თავად დაადასტუროს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა B1 დონეზე  მის მიერ შემუშავებული დადასტურების წესისა და პირობების შესაბამისად.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2026.
როდის იქნა მიღებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“?
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 08.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №436. სარეგისტრაციო კოდი — 430060000.10.003.025986.
სად არის „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №436, 08.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.025986 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6997448/