პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№440
სარეგისტრაციო კოდი
400000000.10.003.025990
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №440

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების

შეფასების შესახებ

მუხლი 1. მიზანი

„პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების (შემდგომში − დადგენილება) მიზანია ერთიანი წესებისა და პირობების დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) წყალდიდობის რისკების წინასწარ შეფასებას;

ბ) წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალების იდენტიფიცირებას;

გ) წყალდიდობის რისკების მართვის სამომავლო ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრას.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ეს დადგენილება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მდინარის სააუზო უბანზე.

2. საერთაშორისო ან ტრანსსასაზღვრო მდინარის სააუზო უბნის შემთხვევაში შეფასება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის ნაწილთან მიმართებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინების განმარტება

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასება − არსებული ან ადვილად ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე განხორციელებული საწყისი შეფასება, რომლის მიზანია იმ არეალების იდენტიფიცირება, სადაც არსებობს წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი ან გონივრულად მოსალოდნელია ასეთი რისკის წარმოშობა;

ბ) წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალი − ტერიტორია, რომელიც წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასების საფუძველზე იდენტიფიცირებულია როგორც ტერიტორია, სადაც შესაძლოა საჭირო გახდეს წყალდიდობის რისკის შემდგომი შეფასება და მართვის ღონისძიებების განხორციელება;

გ) ფლუვიალური (მდინარეული) წყალდიდობა − მდინარის, ხევის ან სხვა ზედაპირული ბუნებრივი წყალსადინარის კალაპოტიდან წყლის გადმოსვლის შედეგად ტერიტორიის დროებითი დატბორვა;

დ) ურბანული წყალდიდობა – ინტენსიური ატმოსფერული ნალექის შედეგად ურბანული ტერიტორიის დატბორვა, როდესაც წარმოქმნილი ზედაპირული ჩამონადენი აღემატება სანიაღვრე სისტემის გამტარუნარიანობას ან ასეთი სისტემა არ არსებობს;

ე) მიწისქვეშა წყლებით გამოწვეული დატბორვა − მიწისქვეშა წყლების დონის მატების შედეგად წყლის მიწის ზედაპირზე გამოსვლა და ტერიტორიის დროებითი წყლით დაფარვა;

ვ) სანაპირო წყალდიდობა – ზღვის წყლის დონის დროებითი მატებით ან/და ზღვისმიერი პროცესებით გამოწვეული სანაპირო ტერიტორიის დატბორვა;

ზ) ჰიდროდინამიკური ავარია – ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაზიანების, ავარიის ან გარღვევის შედეგად წყლის მასის უკონტროლო გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოები

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

ა) საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობს კომპეტენტურ ორგანოებთან მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით;

ბ) ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო):

ა) შეიმუშავებს წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისა და წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიას;

ბ) ახორციელებს, განიხილავს და განაახლებს წყალდიდობის რისკის წინასწარ შეფასებებს;

გ) ახდენს პოტენციური მნიშვნელოვანი წყალდიდობის რისკის მქონე არეალების იდენტიფიცირებასა და განსაზღვრას;

დ) აგროვებს, ინახავს და იყენებს წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისთვის აუცილებელ ჰიდროლოგიურ, მეტეოროლოგიურ, ჰიდრავლიკურ, გეომორფოლოგიურ, გეოლოგიურ და სხვა საჭირო ინფორმაციას;

ე) აწარმოებს წყალდიდობის რისკის შეფასებასთან დაკავშირებულ ეროვნულ მონაცემთა ბაზებს.

3. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტები და კერძო სამართლის სუბიექტები, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) ხელს უწყობენ წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას;

გ) თანამშრომლობენ წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ხელს უწყობენ ადგილობრივი ინფორმაციისა და შეფასების შედეგების დაზუსტებას.

მუხლი 5. წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასება

1. წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასება ეფუძნება წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისა და წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიას და ხორციელდება საქართველოს ყველა მდინარის სააუზო უბნისთვის.

2. შეფასება ეფუძნება არსებულ ან მარტივად ხელმისაწვდომ ინფორმაციას და ითვალისწინებს:

ა) წარსულში მომხდარი წყალდიდობის მოვლენების შესახებ ჩანაწერებს;

ბ) წყალდიდობის შედეგებთან დაკავშირებულ ისტორიულ ინფორმაციას;

გ) არსებულ კვლევებსა და შეფასებებს წყალდიდობასთან დაკავშირებით;

დ) მდინარის აუზის მახასიათებლებს;

ე) ტოპოგრაფიულ ინფორმაციას;

ვ) ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ ინფორმაციას;

ზ) გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ ინფორმაციას;

თ) მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფორმაციას;

ი) დასახლებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილებს;

კ) ეკოლოგიურად მოწყვლად ტერიტორიებს;

ლ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს;

მ) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ხელმისაწვდომ ინფორმაციას;

ნ) სივრცითი განვითარების გეგმებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალში წყალდიდობის რისკებზე. 

3. შეფასებისას საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ტიპის წყალდიდობის რისკები:

ა) ფლუვიალური (მდინარეული) წყალდიდობა;

ბ) ურბანული წყალდიდობა;

გ) მიწისქვეშა წყლებით გამოწვეული დატბორვა;

დ) სანაპირო წყალდიდობა;

ე) ჰიდროდინამიკური ავარია.

4. წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისას საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვა ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული ან მათთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის, ღვარცოფული პროცესებითა და მყინვარული ტბების გარღვევით გამოწვეული წყალდიდობები.

მუხლი 6. წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალების იდენტიფიცირება

1. წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასების დასრულების შემდეგ სააგენტო აიდენტიფიცირებს წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალებს წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისა და წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის  მქონე არეალების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის საფუძველზე.

2. იმის დასადგენად, არის თუ არა წყალდიდობის რისკი პოტენციურად მნიშვნელოვანი, სააგენტო ითვალისწინებს:

ა) წყალდიდობის წარმოშობის ალბათობას;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე შესაძლო შედეგებს;

გ) შესაძლო ზიანს ქონებასა და ინფრასტრუქტურაზე;

დ) ეკონომიკურ საქმიანობაზე შესაძლო ზემოქმედებას;

ე) გარემოზე შესაძლო ზემოქმედებას;

ვ) კულტურულ მემკვიდრეობაზე შესაძლო ზემოქმედებას.

3. იდენტიფიცირებული არეალები წარმოადგენს საფუძველს წყალდიდობის საფრთხის რუკების, წყალდიდობის რისკის რუკებისა და წყალდიდობის რისკის მართვის ღონისძიებების შემდგომი განხორციელებისთვის.

მუხლი 7. განახლება

1. წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასება ექვემდებარება  გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში განახლებას არაუმეტეს ექვსწლიანი ინტერვალით.

2. ნებისმიერი განახლებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) წყალდიდობის მნიშვნელოვანი მოვლენები;

ბ) ახალი ინფორმაცია და მონაცემთა ბაზები;

გ) მიწათსარგებლობისა და სივრცითი განვითარების გეგმებში განხორციელებული ცვლილებები;

დ) განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები;

ე) განახლებული კლიმატური ინფორმაცია.

მუხლი 8. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზებთან დაკავშირებული წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასების განხორციელებისას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ კომუნიკაციასა და კოორდინაციას მეზობელი ქვეყნების პასუხისმგებელ უწყებებთან.

მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

1. 2027 წლის 1 ივნისამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უზრუნველყოს წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასებისა და წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის მქონე არეალების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დამტკიცება.

2. სააგენტომ პირველი ეროვნული წყალდიდობის რისკის წინასწარი შეფასება (რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იდენტიფიცირდება და განისაზღვრება წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის არეალები) განახორციელოს 2028 წლის 31 დეკემბრამდე.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2026.
როდის იქნა მიღებული „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე“?
„პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 08.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №440. სარეგისტრაციო კოდი — 400000000.10.003.025990.
სად არის „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე“, №440, 08.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.025990 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6997540/