უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №123/ნ |
|
2026 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესი (შემდგომ – წესი) არეგულირებს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნით როგორც საქართველოში განხორციელებულ საზღვარგარეთ აღიარებულ პროგრამაზე, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.
1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
2. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დაწყებითი ან საბაზო განათლების აღიარების მიზნით სრულწლოვანი პირი ან არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგენს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი გათავისუფლებულია უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან.
3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაწყებით ან საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ატარებს გასაუბრებას და/ან ტესტირებას სწავლების ენის ფლობის დონის დადგენისა და სხვა საგნებში აკადემიური ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით;
ბ) სრულწლოვან პირთან ან არასრულწლოვანი პირის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით, სკოლისათვის წარდგენილი უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრავს დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასს ან არაუმეტეს 2 კლასით დაბალ კლასს. სკოლასა და მშობელს შორის კლასის განსაზღვრასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მშობლის გადაწყვეტილებას;
გ) მოსწავლეს ჩარიცხავს დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ექსტერნატის პროცედურების გავლის გარეშე;
დ) სწავლების ენის ფლობის დონისა და სხვა საგნებში/საგნობრივ ჯგუფებში აკადემიური ცოდნის გათვალისწინებით, მოსწავლის სოციალიზაციის ხელშეწყობისა და სასკოლო გარემოში ადაპტაციისთვის ადგენს რემედიაციის პროგრამას არაუმეტეს 2 სასწავლო წლის ვადით კონკრეტული სასწავლო წლისთვის ცალ-ცალკე.
4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით პირის ჩარიცხვა დასაშვებია საბაზო განათლების დამადასტურებული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
1. საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომელთაც საქართველოში მოსწავლის სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ არაუმეტეს ერთი სასწავლო წლით სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას უღიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო იმ საგნების დაძლევა, რომელთა სასკოლო სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენაც ვერ ხერხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, განხორციელდება ინდივიდუალური გეგმით ან ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების გზით.
2. ინდივიდუალური გეგმით იმ საგნების დაძლევა, რომელთა სასკოლო სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენაც ვერ მოხერხდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დასაშვებია განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი კლასისთვის სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილია არანაკლებ 10 სასწავლო დღე. სხვა შემთხვევაში ამ საგნების დაძლევა ხორციელდება ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების გზით.
1. საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასში მოსწავლის ამ წესის შესაბამისად ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა სწავლების ენის ფლობა, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად ჩატარებული შეფასების საფუძველზე იმ დონეზე, რომ მოსწავლემ შეძლოს საბაზო საფეხურის მისაღწევი შედეგების მინიმალურ დონეზე დაძლევა.
2. საქართველოს მოქალაქე დაბრუნებული მიგრანტი ოჯახების მოსწავლეებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ქართული ენის შემსწავლელ დისტანციურ კურსებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს ამ წესის შესაბამისად ჩარიცხული მოსწავლეების აკადემიური და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით.
4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი ირიცხება/შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი/შეწყვეტილი აქვს მოსწავლის სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პირის უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წარმოდგენილი დოკუმენტის სიყალბე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილება პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბათილია მისი ძალაში შესვლის დღიდან.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა ვრცელდება 2021-2022, 2022-2023, 2023-2024, 2024-2025, 2025-2026 და 2026-2027 სასწავლო წლებში ჩარიცხულ პირებზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №123/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.22.022.018900.
- სად არის „უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, №123/ნ, 10.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018900 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6997935/